კატალონიის “ბარსელონას” დამრიგებელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, “ალ სადთან” შეხვედრის წინ პრეს კონფერენცია გამართა და ისაუბრა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც იაპონიაში იმართება. პეპის თქმით, “ბარსამ” ხელი არ უნდა აიღოს სამუშაოზე და სწორი გზით იაროს ფინალამდე: “ჩვენ ყოველთვის იმ გრძნობით ვთამაშობდით თითოეულ მატჩში, რომ გვსურდა ყველაფრის მოგება. ვფიქრობ, ყველაფერი იდეალურად გამოვიდა. ვეცდებით, ვუპოვოთ გასაღები “ალ სადს”. ის, რაც გვმართებს არის მატჩზე ფოკუსირება. წინა წელს ამ ტურნირზე ბევრი სიურპრიზი იყო და არც ახლა იქნება გასნხვავება. სპორტში არასდროს არაფერი გაქვს განაღდებული, ყოველთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო. ბრწყინვალე შანსი გვაქვს ფინალში გასვლისა, მაგრამ ჯერ “ალ სადს” უნდა შევხვდეთ. უდიდესი პატივია მსოფლიოს ჩემპიონობა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”.
საშიშროება “ალ სადისგან”
“ნახევარ-ფინალი ისევე მნიშვნელოვანია “ბარსასთვის”, როგორც “ალ სადისთვის”. ისინი ძალიან სპორტულები, ძლიერები და სწრაფები არიან. ასევე კარგად თამაშობენ მეორე სართულზე, რადგანაც მაღლები არიან. მოგვიწევს იმ გუნდთან თამაში, რომელსაც კარგად გამოსდის ბურთი გორაობა და ძლიერი ნახევარმცველები ჰყავს. ვეცდებით გავიხსნათ იმ მოედანზე, რომელიც ძალიან დიდია. შესაძლოა ისინი კომბინაციურ თამაშს არ თამაშობენ, თუმცა კონტ-შეტევებზე ძალიან კარგად გამოიყურებიან და ეს უდიდესი პრობლემებს შეგვიქმნის. ინტენსიურობა და სისწრაფე სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება”.
გვარდიოლას თქმით, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი საკმაოდ ამაღელვებელია “იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ძალიან, ძალიან რთული გზა გავიარეთ აქ მოსახვედრად…”. პეპის თქმით, ყველაზე დიდ პრობლემას მის გუნდს უქმნის დროის სხვაობა ევროპასთან შედარებით: “ეს მართლაც რთულია და ნამდვილად არ ვიცი როგორ აისახება ჩვენზე. სხვა გუნდებისგან განსხვავებით, ძალიან ცოტა ხანია რაც აქ ვიმყოფებით და ჩვენს ზოგ ფეხბურთელს დილის 3 ან 4 საათზე ეღვიძება.უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავები, რომ კარგად გამოვიძინოთ და შესანიშნავი თამაში ვაჩვენოთ”.
როგორც იცით, მასკერანომ განაცხადა, რომ დაცვის ბურჯები სწორედ პიკე და პუიოლი არიან, რაზეც გვარდიოლამ შემდეგ განაცხადა: “ეს მისი აზრია, მე კი ვთვლი, რომ ასე არაა. ყველამ უნდა დაიმკვიდორს თავისი ადგილი მოედანზე. თამაშიდან გამომდინარე ვცდილობ, რომ ყველას მივცე შანსი. ეს საუკეთესო გზაა და მე მჯერა თითოეული ჩემი შეგირდის. დარწმუნებული ვარ, ყველა აქ მყოფი ფეხბურთელი მომავალშიც “ბარსას” მაისურით გამოვა მოედანზე”.
დავიდ ვილია
ხოსეპ გვარდიოლა გამოეხმაურა იმ განცხადებას, რომელიც ესპანური გაზეთის, “მარკას”, ყდაზე განთავსდა. გაზეთში შემდეგი ეწერა: “ვილია იყიდება!” პეპმა კი ამ ჰედლაინს ასეთი პასუხი გასცა: “მარკა” იტყუება!“.