ფოტოამბავის ჯერია. ცენტრალური მატჩების დროს ვუბრუნდებით ხოლმე ამ რუბრიკას და ახლაც ასეთი ამბავია, კოპა დელ რეის ნახევარფინალში ბარსა “ატლეტიკოს” ხვდება და გასახსენებელი ძალიან ბევრია. პირველი რაც ამ გუნდების დაპირისპირებაზე მახსენდება იოჰან კრუიფის გოლია და ამაზე მაგარი ფოტო ამ გუნდების შეხვედრაში არასდროს გადაუღიათ, მაგრამ სხვა ამბებსაც გავიხსენებთ ბუნებრივია. ჰოდა, დავიწყოთ.
იოჰანმა ეს გოლი თავის სადებიუტო სეზონში, 1973 წელს შეაგდო “ატლეტიკოს” კარში. მას მერე მსგავს სტილში კი გასულა გოლები, მაგრამ იშვიათად, აი, კრუიფამდე კი არასდროს უნახავთ. რაღაც ძალიან უცნაური ნახეს, ვერც გაიგეს რა დაინახეს და ზედმეტსახელიც აქედან გაჩნდა – “გოლი მოჩვენება”, ან, კიდევ – El Gol Imposible (შეუძლებელი გოლი). სხვადასხვა წყაროების ცნობით იოჰანს “მფრინავი ჰოლანდიელი” სწორედ ამ გოლის მერე შეარქვეს. ლოგიკურია, თუმცა, დაუზუსტებელი. გამოხმაურება კი დიდი ჰქონდა. “კრუიფი სხვა ფეხბურთს თამაშობს” – წერდა მარკა. “ინსტიქტი ამარცხებს ლოგიკას”, – წერდა As, “ახალი ეპოქის სიმბოლო”, – წერდა მუნდო დეპორტივო. ფოტო კი რესტავრირებულია, სავარაუდოდ ვიდეოდან არის კადრი აღებული.
დიეგოს შოუ! – გადაჭრელდა ჟურნალები, რადგან მარადონამ “ბარსელონური” კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. თასის ნახევარფინალში შეხვდა “ატლეტიკოს” და არ ჩაუგდია კარგ დღეში. გადაუარეს მადრიდელებს, დაფრინავდა მარადონა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ორივე დიდებული. ერთი ლამაზი ჯარიმაც შეაგდო. ოთხი ჯარიმა დაარტყა ამ შეხვედრაში, ერთი ხარიხას გაარტყა, ერთი ძელს, ერთი გოლად აქცია და ერთიც მეკარემ მოიგერია გაჭირვებით. ბარსამ 5:2 დაამარცხა მეტოქე. მადრიდელთა მხრიდან ორივე გოლი ლეგენდარულმა უგო სანჩესმა შეაგდო. გავიდა ბარსა ფინალში სადაც მადრიდის “რეალს” აჯობეს და იქაც რა თქმა უნდა მარადონა იყო მთავარი კაცი.
რომარიო მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ალბათ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ისე თამაშობდა როგორც არავინ დედამიწის ზურგზე. რით გაამწარეს მადრიდელებმა არ ვიცი, მაგრამ საშინელ დღეში აგდებდა, ხანმოკლე “ბარსელონური” კარიერის განმავლობაში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა მათ წინააღმდეგ და საერთო ჯამში რვა გოლი გაუტანა. სადებიუტო სეზონის ორივე შეხვედრაში ჰეთთრიქი მიითვალა, ბოლო სეზონში კი დუბლი იკმარა. თუმცა, სტატისტიკა აქ მეორე ხარისხოვანია, რომარიოს “ატლეტიკოს” კარში ზღაპრული გოლები გაჰქონდა.
“ამუნიკე ახტა და სავარაუდოდ დახტება” – დიმა ობოლაძე
ჩამოვიდა რონალდო ბარსაში და პირდაპირ ფინალში შეაგდეს სათამაშოდ. მაშინ ხომ სეზონის წინ იმართებოდა სუპერ თასის ფინალები? ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის ჩასული იყო, დაიჩემა რობსონმა რონალდო ძირითადში უნდა დავაყენოთ, მერე რა რომ ახალი ჩამოსულიაო?! წინააღმდეგი იყო მისი თანაშემწე და თარჯიმანი ვინმე ჟოზე, მაგრამ ბობიმ თავისი გაიტანა და სწორადაც მოიქცა. რონალდომ ორი გოლი შეაგდო და ერთი საგოლე პასი მიითვალა. მადრიდელები კი მიხვდნენ, რომ რომარიოს მერე არც რონალდოსგან დაადგებოდათ კარგი დღე.
აი, ეს კიდევ სულ სხვა ამბავია, სულ სხვა მატჩია, მოლინა გდია და რონალდო ატყუებს. კოპა დელ რეის მეოთხედფინალია, სადაც ბარსა 0:3 აგებდა, მაგრამ 5:4 მოიგო და ფინალში გავიდა. ეს მატჩი პსჟ-სთან მატჩამდე კლუბის ისტორიაში საუკეთესოდ ითვლებოდა. რონალდომ ჰეთთრიქი შეასრულა, უდიდესი როლი ითამაშა რემონტადაში.
იგივე მატჩი და მეორე გმირი, სერ ბობი რობსონი ლუიშ ფიგუს ცვლის 89-ე წუთზე და ეუბნება, რომ ამას მისთვის აკეთებს, რათა პუბლიკის ოვაციები მოისმინოს. (აფერისტი კაცი იყო ბობი, ეგ რომ ნდომოდა რონალდოს შეცვლიდა და არა ფიგუს). პორტუგალიელმა ამ შეხვედრაში კარიერის ერთ-ერთი, (ჩემი აზრით კი კარიერის საუკეთესო) გოლი შეაგდო.
ნამდვილი გმირი კი აქ არის, მადლობას კაპიტნისგან ისმენს. ამ ფოტოს შემხედვარე კაცი იფიქრებს რომ ყველას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა დიდი კაპიტნისა და უდიდესი გოლეადორის შესანარჩუნებლად, მაგრამ გარემოებათა გამო, პირველი მომდევნო სეზონშივე წავა, მეორე კი იტალიაში იმოგზაურებს. ეს ხომ ბარსელონაა, დიდი პოლიტიკისა და ინტრიგების საუფლო.
რივალდო თავის სტიქიაში

2000 წლის კოპას ნახევარფინალში ფიფას გაუგებარმა კალენდარმა დიდი პრობლემა შექმნა. ნიდერლანდების ნაკრებში ექვსი “ბარსელონელი” გამოიძახეს, კლუბს ისედაც ჰყავდა ტრავმირებულები და დისკვალიფიცირებულები, ამიტომ, სულ რაღაც ათნი დარჩნენ. პირველი შეხვედრა 0:3 ჰქონდათ წაგებული და ასე თამაშს აზრიც აღარ ჰქონდა. ამიტომ, თამაშზე უარი თქვეს და ისევ 0:3 წაგება ჩაეთვალათ.
“მომავალი კაპიტნები” – კარლესს უკვე აქვს სამკლავური, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ლუის ენრიკე ტოვებს შეხვედრას. “ატლეტიკო” როგორც იქნა დაბრუნდა ლა ლიგაში და ახალგაზრდა ფერნანდო ტორესი დააწინაურეს, რომელმაც მაშინვე დიდი სიყვარული დაიმსახურა და ამ შეხვედრაშიც შეძლო გატანა, მადრიდელებმა ბარსა 3:0 დაამარცხეს. ფერნანდო მალევე გახდა თავისი კლუბის კაპიტანი. ბარსას კარში ყოველთვის ბევრი გაჰქონდა, რასაც “რეალზე” ვერ ვიტყვით.
ბარსას ლეგენდები – სერხი ბარჟუანი და ჩავი ერნანდესი. უკვე სხვადასხვა მხარეს აღმოჩდნენ. მატჩი 0:0 დასრულდა, მსაჯმა ფეხბურთელებს 14 ყვითელი და ორი წითელი ბარათი აჩვენა. ორივეჯერ ბარსას ფეხბურთელი გააძევეს – კოკუ და მოტა. მიუხედავად ამისა, რაიკაარდის გუნდმა შეძლო და მადრიდიდან ქულა წამოიღო. აგერ, სერხიმ მეგობარიც კი არ დაინდო.
მადრიდში უკვე სხვა ამბავი იყო, რონალდინიოს აწყვეტილი აქვს, ვეღარ აჩერებენ, ტორესს უკვე კაპიტნის სამკლავური აქვს, მაგრამ მის გუნდს ვერაფერი შველის. ბარსამ 3:1 მოიგო. პირველი სავიოლამ შეაგდო, მეორე რონალდინიომ, მესამე ლუის გარსიამ. ედგარ დავიდსი კი მოედნიდან გააძევეს.
2005/06 წლების სეზონში რონალდინიოც ბარსაც საუკეთესო სეზონს ატარებდნენ, მაგრამ “ატლეტიკოსთან” ორივე შეხვედრა დათმეს. ეს გასვლითი მატჩია სადაც ბარსამ 1:2 წააგო. ანგარიში მეოთხე წუთზე ეტო’ომ გახსნა, ფერნანდო ტორესმა გაათანაბრა და კეჟმანმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო. რონალდინიოს გაჩერება კი ასე სცადას – სამი კაცით ფეხზე.
2007 წელს ბარსა “ატლეტიკოს” ესტუმრა და მიწასთან გაასწორა. ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს. ბრწყინავდა ტრიო – რონალდინიო, ეტო’ო, მესი. ლეომ ორი შეაგდო, რონიმ და ეტო’ომ ერთი. ერთი ლამაზი გოლი ძამბროტამ შეაგდო და ერთიც შეცვლაზე გამოსულმა ანდრეს ინიესტამ. ფერნანდო ტორესი კი ხედავთ რა დღეშიც ჩავარდა.
ამ დროს ჯერ კიდევ ძალაში იყო ლეგენდა, რომ კუნ აგუეროს მესის დონეზე შეეძლო თამაში. ეგ კი არა, არგენტინაში იმასაც კი ამბობდნენ ფერნანდო გაგო მესის არაფრით ჩამორჩებაო. გადამეტებულად აფასებდნენ იმ ფეხბურთელებს, რომელთაც არგენტინაში გაითქვეს სახელი, მესი კიდევ ბარსელონას აღზრდილი იყო. ახლა ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი.
ეტო’ო ზეიმობს მადრიდელთა კარში გატანილ გოლს
ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, ბარსა 3:0 -ს ამარცხებს “ატლეტიკოს”. რონალდინიო ზეიმობს მესის გოლს, ლეომ მისი პასით შეაგდო. ტრიო ეტო’ოს ტრავმის შემდეგ შეიცვალა და ადგილი ტიერი ანრიმ შეავსო. სეზონის მიმდინარეობისას კი ყველაფერი შეიცვლება – ტრავმებით, კონფლიქტებით და ქაოსით. ლაპორტა გადაყენებას გადარჩება, რონალდინიო წასვლას ვერ გადაურჩა, სეზონის ბოლოს გვარდიოლა მასზე უარს იტყვის.
კაპიტანი ხვდება, რომ რაღაც შესაცვლელია. ასე ვერ გაგრძელდება. ბარსა გასვლით შეხვედრას აგებს “ატლეტიკოსთან”, სადაც რონალდინიოს ბოლო გოლი გააქვს ბარსას მაისურით. პუიოლმა ჯერ არ იცის, რომ წინ ევროპის ჩემპიონობა, კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონობა და უამრავი ტიტული ელის.
პრეტენზიები მსაჯთან – ლეო მის სასტვენს არ დაელოდა, ჯარიმა სასტვენამდე შეასრულა და გოლად აქცია. კამათი გვიანია, გოლი უკვე 90’000 ზე მეტმა ადამიანმა აღიარა.
დიეგო მარადონა ესწრება კოპა დელ რეის მერვედფინალს. მატჩამდე ლეოს შეტყობინება გაუგზავნა, რომ ტრიბუნაზე იქნებოდა, ლიონელ მესიმ კი დიეგო ჰეთთრიქით გაახარა. მეოთხეც შეეძლო და მეხუთეც, ზღაპრული მატჩი ჩაატარა და მატჩის მერე დიეგოს ათქმევინა ეს ბიჭი ჩემზე უკეთესიაო.
კუნ აგუეროს თრილერის ბოლო გოლი გააქვს 89-ე წუთზე, “ატლეტიკომ” 4:3 მოიგო. აგუერომ და ფორლანმა 2-2 გოლი შეაგდეს. ბარსას მხრიდან თავი მესიმ და ანრიმ (დუბლი) გამოიჩინეს. დიდებული მატჩი იყო და დასანანი მარცხი, რადგან ბარსას კიდევ ბევრი გოლის შეგდება შეეძლო. აგუერო კი ვარსკვლავად ამ თამაშში მოინათლა.

მატჩის დამატებით დროში უიფალუში იყო ძალიან ახლოს დაეღუპა სრულიად ფეხბურთი, გამხდარიყო გოიკოეჩეაზე მეტად საძულველი ფეხბურთელი, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა. მესის ძლიერი სახსარის გამო. გაიმეტა ფეხის მოსატეხად, ლეოს ფეხი მაშინვე გაუსივდა, ვიფიქრე, რომ მორჩა, დამთავრდა, მაგრამ გადავრჩით! ერთ კვირაში მოედანზე იყო.
ლეო ზეიმობს ჰეთთრიქს “ატლეტიკოს” კარში. საერთო ჯამში მათ კარში 32!!! გოლი აქვს გატანილი, უფრო მეტი მხოლოდ “სევილიას” შეუგდო.
რადამელ ფალკაო ათანაბრებს ანგარიშს “ბარსელონასთან”. კოლუმბიელი ბრწყინვალე ფორმაშია და სადღაც რუსეთში ერთი ქართველი ფეხბურთელი იმასაც ამბობს, რომ მესი ხელშეუხებელია, მეორე-მესამე ადგილებზე შეიძლება ფალკაო და რონალდუ შევადაროთ ერთმანეთსო. საღოლ ჭანტურ!
ლეოს კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ჯარიმა გააქვს მატჩის მიწურულს და ბარსა თამაშს იგებს. პეპიც შოკშია. გვარდიოლა ხვდება, რომ მესი უკვე ჯარიმებსაც მაგრად ურტყამს, იმაზე უკეთ, ვიდრე ბაჯო “ბრეშაში”.
დიეგო რიბასი ზეიმობს ვალდესის კარში გატანილ გოლს, ბრაზილიელმა შორი მანძილიდან მოულოდნელად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან “ატლეტიკომ” ტატა მარტინოს ბარსა გააგდო.
დავიდ ვილია “კამპ ნოუზე” ზეიმობს ჩემპიონობას. ბოლო ტურში ბარსას მოგების შემთხვევაში კატალონიელები იზეიმებდნენ, მაგრამ მსაჯმა ერთი გოლი რატომღაც არ ჩათვალა და “ატლეტიკო” გაჩემპიონდა. დავიდ ვილიამ სხვა კლუბის მაისურით გაიხარა.
ასე დაიბადა MSN





























ძალიან რთული თამაში იქნება
ორშაბათობის (ოქტოპუსის) მაყურებლები ხართ ვინმე ? ვგონებ ფეოლა (არმაზი) ძალიან კარგი სტუმარი იქნებოდა, წესით ბარსამანიას სასტავთან მეგობრობს ტატო და ეგ არ განიხილება? ეს კითხვა ფეოლასთანაა :დ
"ამუნიკე ახტა და სავარაუდოდ დახტება" – დიმა ობოლაძე. დიმა მხეცია, მაგრამ ნუგზარ ჯუღელს ვერ აჯობებს:
"დღეს თბილისის სპორტის სასახლეში მშვენიერი საკალათბურთო ამინდია"
და მერე თამაშის დროს: "გინდა ახტი გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა" (ტკაჩენკო საჭოთა კავშირში ყველაზე მაღალი კალათბურთელი იყო 221სმ)
აი ინტერთან წაგება საშინელება იყო, იმ ვულკანის გამო, სახელი რო ვერ დავიმახსოვრეთ, მილანში ავტობუსით წავიდნენ დარწმუნებულები რო მოვიგებდით. და ვიგებდით წყნარად 1-0. არსად არ ეჩქარებოდათ, მაგრამ მერე დაღლა ნამდვილად შეეტყოთ და 3-1 ამოქაჩვა მოურინიოს ავტობუსთან ძალიან ძნელია. ბოლო საკონტროლო მოურინიოს მოედანზე შევარდნა თამაშის შემდეგ და მისი ისტერიკები იყო. ბევრს ეცადა პიკე მაგრამ ვერ გამოათრია მოედნიდან.
ჩემთვის ყველაზე გულდასაწყვეტი წაგება, რაც მახსენება და რასაც კინაღამ დავაკვდი, რისი გახსენებაც დღესაც მზარავს, ესაა ლივერპულთან 4:0 და შარშან ინტერთან 4:3 დამატებითში. იყო კიდევ რომასთან და მოურინიოს ინტერთან წაგება ვულკანის და მსაჯების წყალობით, მაგრამ ამ ორმა მომკლა რასაც ქვია და დიდი ალბათობიტ 2 ლიგაც დავკარგეთ ამ წაგებებით.
ეჰ იზრდის ის საცოდავი თმებს კიდე მგონი
ფრე კარგი შედეგი იქნება. მეორე მატჩში თუ დაბრუნდა პედრი,კამპ ნოუზე დავადუღებთ.
რაფინია იქნება იმედია
მაგ ატლეტიკომ ორჯერ გამოგვაგდო ლიგიდან რაც ყველაზე გულ დასაწყვეტია, მაგრამ ლივერპულის და რომას ქამბექები რო მახსენდება მკლავს რასაც ქვია, როგორ შეიძლება ამხელა უპირატესობით მოწინააღმდეგე გუნდს მაგის საშუალება მისცე როცა ბარსელონა ხარ, ერნესტო ვალვერდეს დედაც, კიკე სეტიენის დედაც, ვილანოვას ვერ შევაგინებ, მაგრამ როცა ვინმე გვანადგურებდა მთავარ ჩემპიონატებში ყოველთვის მწვრთნელის კრიზისი იყო, ყოველთვის გამოუცდელი ადამიანი ედგა მაგ დროს გუნდს გვერდში და ამიტომაა რო ეხლა ისევ 5 ტიტულზე ვართ გაჩერებულები თორე მსნ ს ეპოქაში ორი ლიგის ტიტული მანც უნდა მოგვეგო, ძაან მაგარი შანსები გაგვინიავეს იტოკში რა
კარგი კოლექციაა, ძალიან ბევრი გვაქვს გასახსენებელი ატლეტიკოსთან შეხვედრებში, ვილას და სუას ამბებიც როგორ დაემსგავსა ერთმანეთს, ურუგვაელს არ უზეიმია ატლეტიკოს ჩემპიონობა ნოუკამპზე მაგრამ განვლილი გზა ბარსადან ატლეტიკომდე თითქმის ერთნაირი ჰქონდათ. რთული თამაშები იქნება, ატლეტიკოს რეალური შანსი მხოლოდ კოპაზე აქვს, ჩვენ კიდევ ამ დრომდე სამ ფრონტზე ვიბრძვით, თუმცა კოპას გაწირვას რამე აზრი აქვსო იმასაც ვერ ვიტყვით ჩვენი დაცვის პორობებში ლიგაზე შანსები არ გვაქვს მაინც სახარბიელო, ასე რომ უნდა შეაკლან ატლეტიკოს თავი სხვა გზა არაა