ჟერარ პიკე - მოგზაურობა ორგზად

ჟერარ პიკე - მოგზაურობა ორგზად

 

ბარსელონას გარდა, კიდევ ერთი ადგილია, რომელიც ბავშობიდან მიყვარს – სანტ ჟიმ დე ფრეიშენეტი. ეს დაბა, სეგარის რაიონში მდებარეობს და მასში 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. იქ მამაჩემი დაიბადა და დედაჩემიც სწორედ იქ გაიცნო. დედა სანტ ჟიმის ერთ-ერთ რაიონში, ალტადილში ისვენებდა, რომელიც დღეს მიგდებულია.

მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი ფრეიშენეტში ხშირად დავდიოდი, რადგან მამაჩემი შაბათ-კვირას ადგილობრივ გუნდში ბურთაობდა. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარდა. ბუცებითა და ფორმებით სავსე ტომრის ტარებაც არ მეზარებოდა. მამა თავდამსხმელი იყო და ბევრი გოლები გაჰქონდა.

როდესაც წამოვიზარდე მეგობრებთან ერთად მეც ვთამაშობდი ფეხბურთს. ბურთს დავავლებდით ხელს და კა ლა მარიაში მივდიოდით ჟაუმე ნოგესის საძებნელად. მე ვურტყამდი, ის კი იგერიებდა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გახდა მეკარე. ამჟამად, ბალაგერში "ტერსერას” ღირსებას იცავს.

კიდევ ერთ ადამიანს ვემადლიერები, ჟორდი დურანზე ვსაუბრობ. ყოველთვის ვიძახდი ბიძაშვილები ვართ-თქო, თუმცა, მთლად ასეც არ არის. ბავშვობიდან, ოჯახებთან ერთად დავდიოდით თხილამურებზე სასრიალოდ და ფეხბურთსაც ვთამაშობდით. მოკლედ, სულ ერთ კამპანიაში ვიყავით. როცა შესაძლებლობა მაქვს ყოველთვის ჩავდივარ სერვერაში, რათა მასთან ერთად გავაგორო ბურთი.

სანტ ჟიმეში მამაჩემის მშობლები პეტერი და ლინა ცხოვრობდნენ, მათთან სტუმრობა ძალიან მიყვარდა. ბებიას და ბაბუას სახლი მაგრად მომწონდა, რადგან პირველ სართულზე უზარმაზარი ტერასა ჰქონდათ, სადაც ბურთის გორება თავისუფლად შეიძლებოდა. თუმცა, როცა ძლიერად მომივიდოდა დარტყმა, ფანჯრები იმსხვრეოდა, მაგრამ ამის გამო არ მსჯიდნენ.

რამდენიმე წელში ბაბუა პეპეტი კიბოთი გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ გული ძალიან დამწყვიტა. მამა ხშირად მეუბნებოდა: "ეხლა ბაბუაშენი თუ გხედავს, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იქნება, რადგან ფეხბურთი უზომოდ უყვარდა, ის ნამდვილი კულე იყო”. ამ სიტყვების გაგონებისას ცოფებს ვყრი ხოლმე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს, თვალყურს გვადევნებს და ისეთივე სიამოვნებას იღებს, როგორსაც ჩვენს გვერდით ყოფნისას მიიღებდა. 

ამ დღიდან ბებია მარტო დარჩა სანტ ჟიმეში. პირველი შესაძლებლობისთანავე ჩავდივარ ხოლმე მასთან, რადგან ძალიან ვუყვარვარ და ამაყობს იმით, რომ პიკეს ბებიაა. ყველა იმ სტატიას ინახავს, რომელიც ჩემს შესახებაა. კატალონიურ ტორტს, "პა დე პესიკსაც” მიცხობს ხოლმე. ისეთ გემრიელს აკეთებს, თითებს ჩაიკვნეტ.

ერთ-ერთი დღე როდესაც ქალაქში გავლა სასარგებლოა, დიდი ფიესტის დღეა. ხალხი ერთ დიდ ოჯახად იქცევა ხოლმე, ქუჩებში გამოდიან და ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნიან. სამწუხაროდ, ამ ზეიმზე დასწრებას ვერასდროს ვახერხებ, რადგან საფეხბურთო სეზონს ემთხვევა. მიუხედავად ამისა, მაინც იმედიანად ვარ, მჯერა როდესმე მოვხვდები ფიესტაზე. 

ეხლა გამახსენდა, რომ მშობლებზე და ძმაზე არაფერი მითქვამს. ჩემთვის ისინი საუკეთესო მშობლები არიან მსოფლიოში. ყველაფერი რაც ჩემშია, მათგან მაქვს. მიხარია, რომ ყოველთვის მხარში მიდგანან. ცხოვრებაში მქონია ისეთი მომენტები, როცა არ ვიცოდი რა მეკეთებინა და სწორედ ამ დროს, ისინი ჭეშმარიტ გზაზე მაყენებდნენ. ალბათ, ვერასდროს გადავიხდი იმ ამაგს, რომელიც მათ ჩემზე გასწიეს, მაგრამ ცდას მაინც არ დავაკლებ.

ბავშვობაში დედა მეუბნებოდა, კარგად ისწავლეო, მამა კი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დიდ ფეხბურთში მოვხვედრილიყავი. მახსოვს, ერთ ღამეს გამოცდებისთვის ვემზადებოდი, თან მაგრად მეძინებოდა. ბოლოს მაინც ჩამეძინა და რომ გამეღვიძა, უკვე დილის 6 საათი იყო. დედასთან მივედი და დახმარება ვთხოვე, იმ დღეს მუშაობდა, მაგრამ ჩემი გულისთვის სახლში დარჩა და მამეცადინა. ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი, რადგან ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ კარგად მესწავლა.

ვინც კარგად მიცნობს, ყველა აღნიშნავს, რომ ხასიათებით მამას ვგავარ, ხოლო ფიზიკურად დედაჩემის ასლი ვარ. და ეს სრული სიმართლეა. ჩვენს ოჯახში ყოველთვის უყვარდათ სპორტი, რაც მამაჩემის დამსახურებაა და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ჩვენი ტელევიზორი ყველაფერს აჩვენებდა, ფეხბურთით დაწყებული და ველოსპორტით დამთავრებული. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხდებოდა ჩვენს სახლში კვირაობით. 

რაც შეეხება ჩემს ძმას, სპორტით გატაცებული არასდროს ყოფილა. თუმცა, ფეხბურთი უყვარს. მეგობრებთან ერთად ჭაბუკთა ლიგაში ბურთაობდა. მის გუნდს GP3 ერქვა, ჩემი ინიციალები და ჩემი ნომერი. მეამაყება, რომ გუნდს ასეთი სახელი დაარქვეს. ყოველთვის მზად ვიყავი მათ დასახმარებლად – როცა დრო მქონდა GP3-ის მაისურით ვაგორებდი ბურთს.

მარკი "კამპ ნოუზეც” ხშირად მოდის და ერთად ვთამაშობთ. უყურადღებოდ მეგობრებსაც არ ვტოვებ და მათთვის ბილეთებს ვშოულობ ხოლმე. მატჩის შემდეგ სახლში მისვლა და მათგან მოლოცვების მიღება ძალიან მსიამოვნებს. ყოველთვის მეუბნებიან, ჟერი შენ ლიდერი, ჩემპიონი ხარო!

ცხოვრებაში ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ჩემი ძმის გვერდით არ ვიყავი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მისი ბავშვობიდან ბევრი მომენტი გამომეპარა. საზღვარგარეთ რომ წავედი მარკი ბავშვი იყო, ხოლო როცა დავბრუნდი უკვე ბიჭი იყო. ვიცი, რომ ვჭირდებოდი, ისევე როგორც ის მე. მარკი ძალიან მაკლდა.

გაგრძელება იქნება...

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.