რონალდინიო, ანუ იგივე რონალდო დე ასის მორეირა, არის ფეხბურთელი, რომელმაც სპორტის ამ ჯადოსნური სახეობით ყველაზე მეტი სიამოვნება მიიღო. მისმა ღიმილმა და ბურთთან თამაშის უნარმა მსოფლიო მოხიბლა, ხოლო “ბარსელონაში” გატარებული წლები ჩამოყალიბდა, როგორც მისი კარიერის პიკად, ისე “ბლაუგრანას” ხელახალი აღორძინების დასაწყისად.
2003 წელს, როდესაც “ბარსელონამ” რონალდინიო პსჟ-დან გადაიბირა, კლუბი კრიზისში იმყოფებოდა. შედეგები არასახარბიელო იყო, იმედები – დაბალი. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ბურთს რონალდინიო შეეხო. მისი სადებიუტო სეზონიდანვე ნათელი გახდა, რომ ის არა უბრალოდ ვარსკვლავი, არამედ კლუბის მომავალი ლეგენდა იყო.
რონალდინიო არასტანდარტული მოთამაშე იყო და ბურთს ისე ეპყრობოდა, როგორც მუსიკოსი თავის საკრავს. ბრაზილიელი გამოირჩეოდა ელეგანტური დრიბლინგით, რომლითაც მეტოქის დაცვის ხაზში დანავარდობდა და პუბლიკასაც ართობდა. გარდა ამისა, ჰქონდა გასაოცარი პასები, რომლითაც თანაგუნდელებს უდიდეს სივრცეს უქმნიდა. გვახსოვს მისი ფანტასტიკური გოლებიც, განსაკუთრებით კი, შოუ “სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც “რეალ მადრიდის” ქომაგებმა “ათიანი” ტაშით დააჯილდოვეს.
რონალდინიომ “ბარსასთან” ლა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო, ერთხელ კი, ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა. ამავე პერიოდში, ბრაზილიელი “ოქროს ბურთს” ერთხელ დაეუფლა.
ტიტულების გარდა, რონალდინიო შთაგონება იყო ახალგაზრდა ლა მასიელებისთვისაც. მხოლოდ ერთი მაგალითიც კმარა: “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, ლიონელ მესიმ, პირველი გოლი სწორედ ჯადოქარი ბრაზილიელის პასით გაიტანა.
რონალდინიომ “კამპ ნოუ” 2008 წელს დატოვა და “მილანში” გადაბარგდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს მისი კარიერული დაღმასვლის დასაწყისი გამოდგა, მაგრამ ბრაზილიელმა არაერთი დაუვიწყარი მომენტი ტიფოზებსაც აჩუქა.
რონალდინიო იყო ფეხბურთელი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ფეხბურთი მხოლოდ ტაბლო არაა. ეს არის სიხარული, შთაგონება და თავისუფლება. “ბარსელონამ” ხელახალი აღმასვლა რონალდინიოსთან ერთად დაიწყო და მას შემდეგ, ევროპული ფეხბურთის მწვერვალიდან აღარც ჩამოსულა.
10 საინტერესო ფაქტი რონალდინიოს შესახებ
- 13 წლის ასაკში, რონალდინიოს გუნდმა ერთ-ერთი მატჩი 23:0 მოიგო, საინტერესო კი ისაა, რომ ყველა გოლი მოღიმარმა ბრაზილიელმა გაიტანა.
- ბავშვობაში მას Nike-ის ბუცები არ ჰქონდა, ამიტომ თავის ფეხსაცმელებს ლოგოს თავისი ხელით ახატავდა. წლების შემდეგ, Nike გაუჩოს ერთ-ერთი მთავარი სპონსორი გახდა.
- რონალდინიოს თითოეულ მოძრაობაში იგრძნობოდა ბრაზილიური სამბა. ის ხშირად ცეკვავდა გოლის აღნიშვნისას, რაც ბრაზილიური სიხარულისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
- რონალდინიოს ინტელექტის დონე ბევრად მაღალია საშუალოზე – მისმა სამწვრთნელო ტესტებმა ეს არაერთხელ დაამტკიცა.
- რონალდინიო ერთ-ერთი იშვიათია იმ ფეხბურთელთაგან, ვინც მსოფლიო ჩემპიონატიც, ოქროს ბურთიცა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
- ფეხბურთელი, რომელსაც “სანტიაგო ბერნაბეუმ” ტაში დაუკრა. “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 3:0 დაამარცხა, რონალდინიომ კი, ორი ფანტასტიკური გოლი გაიტანა და პუბლიკის პატივისცემაც დაიმსახურა.
- რონალდინიო ხშირად სვამდა მატეს და უკრავდა გიტარაზე, რაც მისი განტვირთვის საუკეთესო საშუალება და განწყობის შენარჩუნების საიდუმლო იყო.
- როცა რონალდინიო ბრაზილიის ეროვნულ გუნდში გამოიძახეს, იქ ერთი რონალდო უკვე თამაშობდა – “ფენომენი”. სწორედ ამიტომ, გაუჩოს რონალდინიო, იგივე “პატარა რონალდო” დაარქვეს.
- 2020 წელს, ყალბი პასპორტის გამო, რონალდინიო პარაგვაიში დააკავეს და რამდენიმე კვირა ადგილობრივ ციხეში გამოკეტეს. ბრაზილიელმა იქაც მიიღო საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, მოიგო კიდეც!
- გარდა ფეხბურთისა, რონალდინიო აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში და რამდენიმე წლის წინ UNESCO-ს კეთილი ნების ელჩიც გახდა, განათლებისა და სპორტის ხელშეწყობისთვის.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, თბილისს “ბარსელონას” ლეგენდების გუნდი ეწვევა, რონალდინიო კი, ჩვენს დედაქალაქში ფეხს პირველად დადგამს. “ბარსელონა” საქართველოს ნაკრების ლეგენდებს დაუპირისპირდება, მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა კი, tkt.ge-ზე შეგიძლიათ: https://tkt.ge/event/469834/legendebis-seria-geo11-vs-barca-legends
საქართველოს კალაძის თამადობით, სხვა რა ვარიანტია? ბილეთი რა ღირს ნეტავ?
ვის ეთამაშებიან?
მეც ვიყიდე და მეც სტადიონიდან ვუყურებ მატჩს!
მაინცდამაინც მაშინ დავიწყე აქტიურად ყურება ეს რომ მილანში წავიდა. საბედნიეროდ გუარდიოლას ბარსა მახსოვს კარგად და ის განსხვავებული "კაიფი" განვიცადე.
ნახევარი სტადიონი ცარიელი იქნება ტეხავს. მე კი ვიყიდე მაგრამ ძვირია და ცუდია მაინც ეგეთ გარემოში ყურება თამაშის. ნაკლებ ფასებში დაიყიდებოდა და ბევრი შეძლებდა ნახვას საყვარელი ფეხბურთელების. იმედია მთლიანად რომ დაიდება შემადგენლობაზე ინფორმაციები მერე უფრო მეტი ადამიანი მოვა.
ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო