“მილანს” ჯერ კიდევ არ გადაუხდია “ბარსელონასთვის” ის 24 მილიონი ევრო, რომელიც მათ მართებთ იბრაჰიმოვიჩის მომსახურების მიღებისთვის. როგორც ესპანური გამოცემა AS იუწყება, მილანელებს ფინანსური გარღვევები აქვთ, ამიტომ მათთვის ხსენებული თანხის გადახდა დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.
“როსონერი” იბრას მომსახურებით წელზე მეტია სარგებლობს. იტალიელებისთვის შვედი ფორვარდი გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. ამასთან, თავად ფეხბურთელს სურს, რომ ოფიციალურად გაწევრიანდეს “მილანელთა” რიგებში. შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჯერ კიდევ “ბარსელონას” საკუთრებაა და იგი “მილანში” იჯარის წესით არის განათხოვრებული.
ფინანსური თვალსაზრისით არც კატალონიელები არიან დალხენილები, თუმცა სანდრო როსელის ბოლო გამოსვლისას გამოჩნდა, რომ კლუბის ეკონომიკური სიტუაცია პროგრესულია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” სერიოზული პრობლემები აქვს დაცვის ხაზში. პიკე და პუიოლი თითქმის მთელი სეზონია განაცხადს მიღმა რჩებიან ტრავმების გამო. აქედან გამომდნარე, გვარდიოლა იძულებული შეიქმნა, სათამაშო სქემა შეეცვალა და სამი მცველით გამოეყვანა გუნდი მოედანზე.
AS-ის ინფორმაციით კატალონიელები სიამოვნებით იხილავდნენ თავიანთ რიგებში ტიაგო სილვას. ისინი თანახმანი არიან, რომ სილვასა და იბრაჰიმოვიჩის სატრანსფერო თანხის ნაწილის სანაცვლოდ, შვედი ფორვარდი “მილანელებს” დაუთმონ. თუ ყველაფერი ასე მოხდება, მაშინ “ბარსელონა” ტიაგო სილვას 24 მილიონ ევროზე ნაკლებად შეიძენს.



