ლამინ იამალის ყველა რეკორდი

ლამინ იამალის ყველა რეკორდი

ლამინ იამალი “ბარსელონას” გასული სეზონის მთავარი აღმოჩენაა, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. კატალონიელთა სკოლის აღზრდილმა პირველ გუნდში ჩატარებულ სრულ სადებიუტო სეზონში არაერთი ისტორიული მიღწევა დააფიქსირა.

თითქმის ყოველ ჯერზე, როდესაც იამალი საგოლე მოქმედებას აკეთებდა, ახალ რეკორდს ამყარებდა. “ბარსას” ოფიციალური ვებგვერდი ესპანელი ტალანტის ყველა რეკორდს ჩამოთვლის:

“ბარსელონას” ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი

იამალის დებიუტი “ბარსას” პირველ გუნდში ჯერ კიდევ 2022/23 წლების სეზონში შედგა. ეს 2023 წლის 29 აპრილს “ბეტისთან” შინ გამართულ მატჩში (4-0) მოხდა, როდესაც ესპანელი “ბლაუგრანას” ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში ძირითადში ითამაშა

იამალი 16 წლისა და 38 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ეს ფაქტი გასული წლის 20 აგვისტოს “კადისთან” საშინაო მატჩში (2-0) დაფიქსირდა.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში ასისტი გააკეთა

პირველი რეკორდის დამყარებიდან რამდენიმე დღეში იამალი 16 წლისა და 45 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს “ვილიარეალთან” მოგებულ შეხვედრაში (4-3) მოხდა, როდესაც ლამინმა გავის გაატანინა.

“ბარსელონას” ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ჩემპიონთა ლიგაზე

ლა ლიგიდან დროებით ჩემპიონთა ლიგაზე გადავერთვებით. 16 წლისა და 68 დღის ასაკში იამალმა 19 სექტემბერს “ანტვერპენთან” მატჩში (5-0) ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა და ტურნირის ისტორიაში “ბარსას” ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. ესპანელმა ტალანტმა ანსუ ფატის მიღწევა გააუმჯობესა.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტოში ითამაშა

16 წლისა და 83 დღის ასაკში იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ეს გასული წლის 4 სექტემბერს “პორტუსთან” სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (1-0) მოხდა.

ყველაზე ახალგაზრდა გამტანი ლა ლიგაში

2023 წლის 8 ოქტომბერს “გრანადასთან” სტუმრად გამართულ მატჩში (2-2) იამალმა “ბარსაში” პირველი გოლი მიითვალა და 16 წლისა და 87 დღის ასაკში ლა ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი “ელ კლასიკოების” ისტორიაში

იმავე წლის 28 ოქტომბერს იამალი ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც “ელ კლასიკოში” მონაწილეობა მიიღო.

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ასისტენტი

16 წლისა და 153 დღის ასაკში იამალი 14 დეკემბერს “ანტვერპენთან” სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ასისტი გააკეთა. მან ფერან ტორესს გაატანინა.

ესპანეთის სუპერ თასის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი

იამალი 16 წლისა და 182 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის სუპერ თასზე ითამაშა. ეს 11 იანვარს “ოსასუნასთან” 1/2-ფინალურ მატჩში (2-0) მოხდა.

ესპანეთის სუპერ თასის ყველაზე ახალგაზრდა გამტანი

“ოსასუნასთან” შეხვედრაში ლამინმა გოლიც მიითვალა და ბუნებრივია, ტურნირის ისტორიაში ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც გოლი გაიტანა.

ყველაზე ახალგაზრდა გამტანი ესპანეთის თასზე

25 იანვარს “ბილბაოსთან” სტუმრად წაგებულ მატჩში (2-4) იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის თასზე გოლი გაიტანა.

ყველაზე ახალგაზრდა დუბლის ავტორი ლა ლიგაში

11 თებერვალს “გრანადასთან” თამაშში (3-3) იამალმა 2 გოლი მიითვალა და 16 წლისა და 213 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა.

17-წლამდელთა შორის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში 3 გოლი გაიტანა

“გრანადასთან” თამაშის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში იამალის ანგარიშზე 3 ბურთი იყო. 17 წლის ასაკამდე ასეთი შედეგი სხვა არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია. ლა ლიგის გასული სეზონი ლამინმა 5 გოლით დაასრულა.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ითამაშა

21 თებერვალს “ნაპოლისთან” სტუმრად ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში (1-1) 16 წლისა და 223 დღის ასაკში იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ტურნირის ფლეი ოფში ითამაშა.

ორი არასრულწლოვანი ჩემპიონთა ლიგური მატჩის სასტარტო შემადგენლობაში

“ნაპოლისთან” 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში იამალთან ერთად ძირითადში კიდევ ერთი არასრულწლოვანი პაუ კუბარსი იმყოფებოდა. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, როდესაც სასტარტოში ორმა 18-წლამდელმა ფეხბურთელმა ითამაშა.

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტი

“ბარსამ” “ნაპოლის” ბარიერი დაძლია და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა. ეს ნიშნავს, რომ იამალი გახდა ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტი.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 10 მატჩი ჩაატარა

16 აპრილს პსჟ-თან 1/4-ფინალში გამართული განმეორებითი მატჩი იამალისთვის 16 წლისა და 278 დღის ასაკში ჩემპიონთა ლიგაზე მე-10 აღმოჩნდა. ამ შედეგით ლამინი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მონაწილეობა 10 შეხვედრაში მიიღო.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც “ბარსელონაში” 50 შეხვედრა ჩაატარა

19 მაისს იამალმა “ბარსაში” რიგით 50-ე მატჩი ჩაატარა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ეს შედეგი დააფიქსირა. ლამინმა ბოიან კრკიჩის 16-წლიანი რეკორდი მოხსნა.

ესპანეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი

“ბარსელონას” შემდეგ დროა, ესპანეთის ნაკრებზე გადავერთოთ. 8 სექტემბერს საქართველოსთან “დინამო არენაზე” გამართულ მატჩში იამალი 16 წლისა და 57 დღის ასაკში “ფურია როხას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა.

ყველაზე ახალგაზრდა გამტანი ესპანეთის ნაკრებში

იამალი, სამწუხაროდ, ასევე საქართველოსთან შეხვედრაში ესპანეთის ნაკრების ისტორიაში გახდა აგრეთვე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც გოლი გაიტანა.

ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი

ესპანეთის ნაკრებისთვის ევრო 2024-ის პირველ მატჩში 15 ივნისს ხორვატიასთან იამალმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ის 16 წლისა და 339 დღის ასაკში ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო.

ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ასისტენტი

იამალი ასევე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ხორვატიასთან დანი კარვახალს გაატანინა.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფში ითამაშა

30 ივნისს საქართველოსთან მატჩში ლამინი 16 წლისა და 354 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფში მონაწილეობა მიიღო.

ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გამტანი

იამალი 16 წლისა და 362 დღის ასაკში ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა. ეს 9 ივლისს საფრანგეთთან 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში მოხდა, როდესაც ლამინმა “ლურჯების” კარი ბრწყინვალე დარტყმით აიღო.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    13 ივლ 2024, 18:52

    ვახხ დავიღალე კითხვით, მალადეც იამალ.

  • me da barca
    13 ივლ 2024, 11:21

    დღეს გახდა 17 წლის. 13.07

  • mari
    12 ივლ 2024, 17:07

    რომელ საათზე ხდება 17 წლის, ეგება მოასწროს მანამდე გოლის გატანაააა!!!:::DDD
    joy joy joy joy joy

  • nika 54
    12 ივლ 2024, 15:03

    ციტატა: DaviD_ViLLa_7

    ციტატა: CHEPE
    და ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი იქნება სადაც გაუბაბანებს ბელინგემს და აწევს თას 16 წლის ასაკში😜😅😅


    17 წლის ხდება ხვალ smile


    საჩუქარსაც გაუკეთებს ალბათ თავის თავს ფინალში.

  • Don Vinton
    12 ივლ 2024, 13:48

    რა უბედურებაა ამდენი რეკლამა ტო,? იმენა შემძულდა შემოსვლა და სტატიის კითხვა ,ხან რა გვერდზე გადავყავართ ხან სად ,მერე რომელი ერთი რეკლამა გავთიშო აღარ ვიცი ,სტატიას ხო ვაფშე ვეღარ კითხულობ ნორმალურად -_-

  • La Pulga10
    12 ივლ 2024, 13:32

    ევრო რო მორჩება ერთი სტატია უნდა ხეთქოს ამაზე ფეოლამ.

  • DaviD_ViLLa_7
    12 ივლ 2024, 12:16

    ციტატა: CHEPE
    და ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი იქნება სადაც გაუბაბანებს ბელინგემს და აწევს თას 16 წლის ასაკში😜😅😅


    17 წლის ხდება ხვალ smile

  • CHEPE
    12 ივლ 2024, 12:15

    და ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი იქნება სადაც გაუბაბანებს ბელინგემს და აწევს თას 16 წლის ასაკში😜😅😅