21 თებერვალს, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, გასვლაზე “ნაპოლის” დაუპირისპირდება. მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი თავისი ქვეყნის ჩემპიონია, 2023/24 წლების სეზონი კარგად არცერთისთვის მიმდინარეობს: “ბარსა” მესამე ადგილზეა და ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება, “პარტენოპეი” კი უარეს მდგომარეობაშია და სერია ა-ში მე-9 პოზიციას იკავებს. ამასთან, ქვეყნის თასიდან ორივე გუნდი გავარდა – კატალონიელებმა “ბილბაოსთან” წააგეს, ნეაპოლური კლუბი კი “ფროზინონესთან” განადგურდა.
გარდა ამისა, ორივე გუნდს მწვრთნელთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ჩავი ერნანდესი სეზონის ბოლოს “ბარსელონას” ტოვებს, “ნაპოლიმ” კი “ბლაუგრანასთან” მატჩამდე 2 დღით ადრე ვალტერ მაცარი გაათავისუფლა და მის ნაცვლად სლოვაკეთის ნაკრების თავკაცი – ფრანჩესკო კალცონა დანიშნა.
ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგა ორივე გუნდისთვის სეზონის გადარჩენის მთავარი გზაა, მაგრამ მეოთხედფინალში მხოლოდ ერთი გავა.
ნაცნობი მეტოქეები
რამდენიმე წლის წინ, სანამ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ხშირი ბინადარი იქნებოდა, ამ გუნდებს ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია არ ჰქონდათ. 2020 წელს “ბარსელონამ” “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგაზე ორი მატჩის ჯამში 4-2 დაამარცხა, 2 სეზონის შემდეგ კი ისინი ერთმანეთს ევროპა ლიგაზე შეხვდნენ და კვლავ “ბარსამ” იმარჯვა.
ამ სეზონში, “ბლაუგრანამ” ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, “ნაპოლი” კი “რეალ მადრიდს” ჩამორჩა, მაგრამ “ბრაგასა” და “უნიონ ბერლინს” აჯობა.
სიახლეები
“ბარსელონას” ჟოაუ ფელიში და სერჟი რობერტო დაუბრუნდნენ, მაგრამ გავი, ალეხანდრო ბალდე, მარკოს ალონსო და ფერან ტორესი კვლავ ლაზარეთში არიან.
“ნაპოლის” ასეთი პრობლემები არ აქვს. იტალიელებს სრული შემადგენლობა ჰყავთ და თანაც, ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდათ, რომელიც ნიგერიის ნაკრებთან ერთად აფრიკის ერთა თასზე თამაშობდა.
კომენტარები
“ბარსელონადან” პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესი და ფრენკი დე იონგი იმყოფებოდნენ. ჩავიმ თქვა, რომ მერვედფინალში დაბრუნების შემდეგ გუნდს გამარჯვება ძალიან სურს, ფრენკიმ განაცხადა, რომ ძალიან მოტივირებულნი არიან.
“ნაპოლიდან” ჟურნალისტებთან ფრანჩესკო კალცონამ და ჯოვანი დი ლორენცომ ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ “ბარსას” დიდებული ფეხბურთელები ჰყავს და ძლიერი მეტოქეა.
ჰოდა უბედურებაც ეგაა, ამათ რო ეზარებათ. დაიწყებენ ეხლა გორებას ნელ-ნელა და აზრზე რო მოვლენ უკვე გოლი გვექნება გაშვებული.
წესით მარტივად უნდა დავძლიოთ ამ ნაპოლის ბარიერი რა. ვისაც არ ეზარება ყველა უგებს მაგათ.