ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის ცენტრალური შეხვედრის წინ ლუის ენრიკეს გუნდი შეაფასა, დაცვის ხაზში არსებულ საკადრო პრობლემებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ არ აპირებს მაღალი დაცვის ხაზზე უარის თქმას.
ლუის ენრიკეს შეფასება და პარიზული გამოცდა
პრესკონფერენციის დასაწყისში ფლიკმა მეტოქის დამრიგებლის მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატა:
“მან ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მისი გუნდი ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს. ის შესანიშნავი მწვრთნელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მომწონს მათი დინამიზმი, ინტენსივობა, როგორ აპრესინგებენ, როგორ თამაშობენ და აკეთებენ როტაციას. ფეხბურთელები პოზიციებს ხშირად იცვლიან – ძალიან მოქნილები არიან, რაც აღმაფრთოვანებს. წარმოუდგენელია, როგორ განვითარდა ეს გუნდი, ის ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს”.
კითხვაზე, არის თუ არა ეს დაპირისპირება ნაადრევი ფინალი თუ სერიოზული გამოცდა, გერმანელმა აღნიშნა:
“ეს ჩვენთვის კარგი ტესტი იქნება, რათა დავინახოთ, სად ვიმყოფებით. მსურს, ჩემმა გუნდმა თავდაჯერებულად, გაბედულად და შეკრულად ითამაშოს – ზუსტად ისე, როგორც ბოლო მატჩებში ვაკეთებდით. ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ბოლო ორ წელიწადში, სავარაუდოდ, მსოფლიოში საუკეთესოა. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ვაჩვენოთ ჩვენი დონე და გავიგოთ, რისი გაუმჯობესება შეგვიძლია. მატჩის შემდეგ ბევრ რამეს გავიგებთ”.
საკადრო ვითარება: როდრი, დე იონგი და რაფინიას სასტარტო შანსი
ფლიკმა დეტალურად ისაუბრა დაცვის ხაზში შექმნილ ვითარებაზე, სადაც გუნდს ერიკ გარსია, ჟიულ კუნდე და ანდრეას კრისტენსენი აკლია:
“ვარიანტები გვაქვს. როდრისა და ფრენკის დაცვაში თამაში შეუძლიათ. ალექს კამპოსი ჩვენთან ერთადაა, მან ჩვენთან პირველად ივარჯიშა. პოზიტიურად ვარ განწყობილი. ეს ჩვენთვის საუკეთესო მომენტი არაა, თუმცა რეალობას უნდა შევეგუოთ. ჟიული მალე დაბრუნდება, შესაძლოა ის შაბათ-კვირისთვის ხელმისაწვდომი იყოს. უნდა დაველოდოთ”.
რაც შეეხება რაფინიას, რომელმაც “რეალ ბეტისთან” ტრავმის შემდეგ 20 წუთი ითამაშა, მწვრთნელმა მოკლედ დაადასტურა: “დიახ, მას სასტარტოში თამაში შეუძლია”.
სტილის ევოლუცია, გუნდების სიმწიფე და პრიორიტეტები
გასულ სეზონთან შედარებაზე საუბრისას გერმანელმა სპეციალისტმა გუნდის პროგრესი გამოყო:
“გასული წელი რთული იყო. წელს კი თავიდანვე იმ სტილით ვითამაშეთ, რომელიც გვსურს და რასაც გუნდისგან ველით. ბურთთან ერთად დიდი თავდაჯერებულობა გვაქვს, უამრავ მომენტს ვქმნით – ვითარება სრულიად განსხვავებულია. ხვალ მხოლოდ ერთი მატჩია, ერთი დღე. ვნახოთ, რა მოხდება. მზად ვართ. ყველა ფეხბურთელი ბედნიერია, რომ ‘პარი სენ-ჟერმენს’ დაუპირისპირდება – გუნდს, რომელსაც შესანიშნავი საფეხბურთო იდეა აქვს”.
კითხვაზე, თუ რომელი მატჩია უფრო მნიშვნელოვანი – პსჟ თუ მომდევნო უქმეებზე გასამართი ელ კლასიკო “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ, ფლიკმა მკაფიოდ უპასუხა: “ყოველთვის მომდევნო მატჩი, ანუ ხვალინდელი შეხვედრა”.
ორ გრანდს შორის განსხვავებებზე საუბრისას მან მეტოქის გამოცდილებას გაუსვა ხაზი:
“ისინი უფრო მოწიფულები არიან. ბოლო წლებში ერთად გაიზარდნენ. რასაც მათ მიაღწიეს, წარმოუდგენელია. ჩემპიონატის ბოლო მატჩში მათ თამაშის ბედი ბოლო ათ წუთში შემოატრიალეს. მათ უდიდესი ხარისხი აქვთ, მათ შორის სათადარიგოთა სკამზეც. შთამბეჭდავი გუნდია”.
არდა გიულერის გარშემო აგორებულ ბოლოდროინდელ სადავო ეპიზოდზე დასმულ შეკითხვას ფლიკმა მოკლედ აარიდა თავი: “ეს კითხვა ჩემთვის არაა, ამ ვითარებაზე სხვას უნდა ჰკითხოთ. მომენტი ვნახე, თუმცა პასუხის გაცემა არ მსურს”.
მე-100 გამარჯვების ზღვარი და გუნდური სულისკვეთება
პარიზში შესაძლო საიუბილეო, მე-100 გამარჯვების პერსპექტივაზე ფლიკმა ემოციურად ისაუბრა:
“როდესაც აქ ჩემს შტაბთან ერთად მუშაობა დავიწყე, მჯეროდა, რომ მზად ვიყავით და დიდი გზაც დავიწყეთ. ამჟამად ძალიან ვაფასებ იმას, თუ როგორ მიდის ყველაფერი და რა გზასაც გავდივართ. ძალიან ვაფასებ პატივისცემასა და სითბოს, რომელსაც კულეებისგან, ბარსელონასგან, ხალხისგან ვგრძნობთ. ეს წარმოუდგენელია, თუმცა ეს იმის დამსახურებაცაა, თუ როგორ ვთამაშობთ, როგორი მენტალიტეტი და დამოკიდებულებაა გუნდში. რა თქმა უნდა, ხარისხიც არის და საქმე გამარჯვებებს ეხება. როდესაც იგებ, ყველა ბედნიერია.
ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ, რადგან რასაც ისინი აკეთებენ და რაც ბოლო ორ კვირაში გააკეთეს, დაუჯერებელია. ხანგრძლივი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოვდივართ და ყველა ფიქრობს, რომ ყველაფერი გაიღოს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა 100%-ით მზად არ იყვნენ. წარმოუდგენელია იმის ნახვა, როგორ ვარჯიშობენ, როგორ მოქმედებენ ერთად – ეს ატმოსფერო საოცარია. სწორედ ეს გჭირდება გუნდში: ატმოსფერო, ვარჯიშების ხარისხი და დამოკიდებულება უმაღლეს დონეზე უნდა იყოს. ამას ახლა ვხედავ და ვგრძნობ, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ”.
მაღალი დაცვის ხაზის რისკები და ბრძოლა ცენტრისთვის
პრესკონფერენციის დასკვნით ნაწილში ფლიკი ტაქტიკურ დეტალებს შეეხო. დაცვის მაღალ ხაზზე მან განაცხადა:
“დაცვის მაღალი ხაზით თამაში ყოველთვის რისკია, თუმცა მთავარია, როგორ ვრეაგირებთ და ვაპრესინგებთ ბურთის დაკარგვისას, როგორ ვინარჩუნებთ დისტანციას ერთმანეთთან. თუ ამას სწორად ვაკეთებთ, მაღალი დაცვის ხაზით თამაშში უდიდესი ძალა დევს. მხოლოდ ერთ მატჩში შევინახეთ კარი მშრალად, თუმცა უამრავი გოლი გავიტანეთ”.
მატჩის მთავარ ბრძოლის ველად კი გერმანელმა ნახევარდაცვა დაასახელა:
“მოედნის ცენტრი მნიშვნელოვანია, ეს თამაშის ყველაზე ძლიერი კომპონენტია და ორივე გუნდში უმაღლესი ხარისხის, ფანტასტიკური ნახევარმცველები არიან. ბურთის ფლობა – როდესაც ის გაქვს, მეტოქე გოლს ვერ გაიტანს, თუმცა სწორედ მაშინ შეიძლება დაუშვა შეცდომები, პსჟ-ს კი ერთ-ერთი მთავარი კოზირი სწრაფი გარდამავალი ფაზაა (ტრანზიცია). შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ვითამაშოთ გაბედულად და უდიდესი კონცენტრაციით”.
როდრი უნდა იყოს x ფაქტორი აქ უკვე. პირველი თამაშია ჩავთვალოთ ამ სეზონში რისთვისაც ვიყიდეთ , არც ესპანეთს ყავდა განსაკუთრებული დაცვა მაგრამ ვნახეთ რამდენი გოლი გაუშვეს , როდრი ბელინგემის დონის მოთამაშე თუ გააჩერებს ნევეში ვიტიანიას დუეტს და პედრიც გალათასარაის ვერსია უნდა იყოს .უკან არ გავიხედოთ 😆 წინ კიდე ვისიამოვნოთ🔥
ნუ დაცვას გაარღვევენ მაგაში ორი აზრი არაა. ჩვენ მეტი უნდა გავიტანოთ სხვა გზა არაა. ზამთარში მცველი უეჭველი გვჭირდება.