კატალონიურმა გამოცემა El Periódico-მ ფრენკი დე იონგთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. “ბარსელონას” ნახევარმცველმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
ფეხბურთი როდის შეგიყვარდათ?
ფეხბურთი მცირე ასაკიდან შემიყვარდა. მამაჩემს, დედაჩემს, ბაბუაჩემს ის ძალიან უყვართ. ვფიქრობ, მეც სწორედ მათ გამო შემიყვარდა.
მოგვიყევით თქვენი ბებიისა და ბაბუის შესახებ.
ისინი ჩემს თამაშებს ყოველთვის უყურებდნენ. ბებია უკვე გარდაიცვალა. პირველ გუნდში, “ვილემ II”-ში, ბაბუამ მიმიყვანა. ჩემი მშობლები მუშაობდნენ, ბაბუა კი უკვე პენსიაზე იყო გასული, ამიტომ ის იყო ერთადერთი, ვისაც ფეხბურთზე ჩემი ტარება შეეძლო.
გიფიქრიათ, რომ მის (ბაბუის) გარეშე ამდენს ვერ მიაღწევდით?
ეს არავინ იცის, მაგრამ ჩვენ ერთად ბევრ დროს ვატარებდით. ის ჩემს ვარჯიშებსა და თამაშებს ესწრებოდა.
“ბარსაში” 22 წლის ასაკში მოხვედით, ახლა კი 26 წლის ხართ და მეხუთე სეზონს იწყებთ. რამდენად შეიცვალეთ?
არ ვფიქრობ, რომ როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება ძალიან შევიცვალე. რა თქმა უნდა, რაღაცები შეიცვალა, თუმცა გამოცდილების მიღებასთან ერთად ეს ნორმალურია, რადგან ცხოვრებაში უნდა განვითარდე. მე თავს კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ. “ბარსასთან” ერთად პირველი ლა ლიგა უკვე მოვიგე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა, გუნდთან ერთად ტიტულების მოგება გავაგრძელო.
რას გრძნობთ, როცა გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი ხართ?
კაპიტნებს შორის ყოფნა დიდი პატივია. “ბარსელონაში” თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო.
თავს უკვე ლიდერად გრძნობთ?
არ ვფიქრობ, რომ პიროვნულად ძალიან შევიცვალე. კაპიტნობის გამო გასახდელში მუდმივად ყვირილს არ ვაპირებ, ასეთი არ ვარ. თუმცა შემიძლია, ფეხბურთელებს მაგალითი ვაჩვენო, შენიშვნა მივცე და დავეხმარო.
თქვენი მშვიდი ხასიათის გამო ხშირად გაკრიტიკებენ. ფიქრობთ, რომ წარმატების მისაღწევად განსხვავებული თვისებებია საჭირო?
ხალხი ხშირად იბნევა, ისინი ფიქრობენ, რომ ლიდერის თვისებები მას აქვს, ვინც ბევრს ყვირის, თუმცა ხასიათი სხვა რამეა. მოედანზე საკუთარი საქმის კეთება და სხვებისთვის მაგალითის მიცემაც ძლიერ ხასიათს ნიშნავს.
საიდან მოდის “ბარსას” სიყვარული? ბაბუისგან თუ კრუიფის გავლენისგან?
მამაჩემი კრუიფის დიდი გულშემატკივარია. შვებულებისას ყოველთვის კოსტა ბრავაზე (კატალონიის ზღვისპირა რაიონი) დავდიოდით, ზოგჯერ “კამპ ნოუზე” “ბარსას” ამხანაგურ თამაშებს ვესწრებოდით ან კლუბის მუზეუმს ვათვალიერებდით. ნიდერლანდებსა და “ბარსელონას” ყოველთვის გამორჩეული კავშირი ჰქონდათ.
ყველაფერი ისე მიდის, როგორც წარმოგედგინათ (ტიტულების გარდა)?
დიახ, ეს ასეა. ნიდერლანდების მიღმა ჩემი ფავორიტი კლუბი ყოველთვის “ბარსელონა” იყო.
საკუთარ თავს ძალიან აკრიტიკებდით…
დიახ. ყოველთვის თვითკრიტიკული ვარ. როდესაც რაღაც ცუდად მიდის, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა შეხედო. ვფიქრობ, ეს განვითარებაში მეხმარება.
თქვენი აზრით, რისი გაკეთება შეგეძლოთ უკეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში?
ბევრი რამის. პირველ სეზონში შემეძლო, გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვცადე, მაგრამ შემეძლო, უფრო მეტი გავლენა მქონოდა.
ახლა ფიქრობთ, რომ ეს გავლენა გაქვთ?
დიახ. ვფიქრობ, რომ გასულ სეზონში ეს უკვე შევძელი. ეს იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა როლი მაქვს გუნდში. წინა სეზონში იმ პოზიციაზე ვთამაშობდი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ და სადაც საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას ვაჩვენებ.
პირველ წლებში საკმარისად თამამი ვერ იყავით?
შესაძლოა, ასე იყო. ამაზე ბევრს ვფიქრობდი. როდესაც “ბარსელონაში” მოდიხარ და მაღალი დონის ფეხბურთელებთან ერთად თამაშობ, ეს ნორმალურია. ბუნებრივია, რომ “აიაქსთან” შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი როლი მქონდა. ვიცოდი, რომ თავდაპირველად ასეთი სიტუაცია იქნებოდა.
სტატისტიკას უყურებთ?
დიახ, თუმცა ეს ნაკლებად მაინტერესებს.
გასულ სეზონში, რომელიც თქვენთვის საუკეთესო იყო, ოთხი გოლი გაიტანეთ და ორი ასისტი გააკეთეთ. ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც სტატისტიკას დიდ ყურადღებას აქცევს.
გოლები და ასისტები იმაზეა დამოკიდებული, თუ რა როლი გაქვს გუნდში. ვფიქრობ, 15 გოლის გატანა და 20 ასისტის გაკეთება ჩემი ფუნქცია არაა, თუმცა ამ კომპონენტებში მომატება შემიძლია. მიუხედავად ამისა, ჩემი თამაში გოლებითა და საგოლე პასებით არ ფასდება.
რა მოხდა შარშან, როდესაც კლუბს თქვენი გაყიდვა სურდა?
“ბარსელონას” რთული სიტუაცია ჰქონდა. კლუბს ეკონომიკურად საუკეთესო პერიოდი არ აქვს და ჩემი გაყიდვით დიდი თანხის მიღება შეეძლოთ. შესაძლოა, კლუბმა ჩათვალა, რომ ჩემი გაშვება და ფულის მიღება სწორი იყო, თუმცა მე წასვლა არ მსურდა, რის გამოც მშვიდად ვიყავი. გადაწყვეტილება მიღებული მქონდა.
რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც დარჩენა გსურდათ?
მე ყოველთვის “ბარსაში” თამაში მსურდა. საწყის წლებში ლა ლიგა ვერ მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგაზე კი შორს ვერ გავედით, მხოლოდ კოპა დელ რეის დავჯერდით, ამიტომ წარმატების მისაღწევად ბევრი რამ მქონდა გასაკეთებელი. ასევე დავინახე, რომ კლუბი ვითარდებოდა, გუნდს მაღალი დონის ფეხბურთელები შემოუერთდნენ და დარჩენა სწორედ ამიტომ მსურდა. “ბარსა” ჩემი ოცნების კლუბია და მინდა, აქ მთელი ცხოვრება გავატარო.
კლუბი რომ დაგეტოვებინათ, ბევრი იტყოდა, რომ “ბარსაში” წარმატებას ვერ მიაღწიეთ…
დიახ, ასე იქნებოდა, თუმცა ხალხის აზრს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
რა გირჩიათ თქვენმა მეუღლემ, მიკიმ?
მიკი ყოველთვის მიმეორებდა, რომ ჩემს კარიერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მე უნდა მიმეღო. ის მხოლოდ იმას მეუბნებოდა, რომ ბარსელონაში ცხოვრებით ბედნიერი იყო. მას ქალაქი ძალიან უყვარს, ისევე, როგორც ყველას, ვინც აქ ცხოვრობს.
მისი ცხოვრება ნოემბერში შეიცვლება, როდესაც პირველი შვილი გეყოლებათ.
ვფიქრობ, ის უკეთესობისკენ შეიცვლება.
გაშინებთ ის პასუხისმგებლობა, რაც მამობას მოჰყვება?
არა. ზოგი ამბობს, რომ როდესაც მშობლები იყვნენ, ძალიან ეშინოდათ, რადგან არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. არც მე ვიცი, რადგან მამა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვფიქრობ, პასუხისმგებლობის აღება შემიძლია. ჩემი მეუღლეც მზადაა დედობისთვის.
ფეხბურთის გამო გიტირიათ?
არ მახსენდება. შესაძლოა, ბავშვობაში მარცხის გამო მიტირია, რადგან ფეხბურთის თამაშისას ემოციური ვხდები. მაგრამ ტირილი? არა მგონია.
როგორ იღებთ წაგებას?
საკმაოდ ცუდად. ამ დროს გაღიზიანებული ვარ. ვფიქრობ, რისი გაკეთება შემეძლო უკეთ.
ვისთან გამოხატავთ ამ გრძნობებს?
მეუღლესთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ხანდახან თანაგუნდელებთანაც.
რომელმა წაგებამ დაგწყვიტათ გული ყველაზე მეტად?
“ბაიერნთან” 2-8 წაგებამ. ზიხარ და განიცდი. ამის ახსნა რთულია. არ ვიცი, იყო თუ არა ეს ყველაზე ცუდი დღე “ბარსაში”, მაგრამ როგორც კულეები ძალიან შერცხვენილები ვიყავით. მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2-8 არ უნდა წააგოს. მაგრამ “ტოტენჰემთან” მარცხი (“აიაქსის” რიგებში, 2018/19 წლებში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში) და არგენტინასთან პენალტების სერიაში წაგება (2022 წლის მუნდიალის 1/4 ფინალში) უფრო მოულოდნელი იყო, ამიტომ უფრო იმედგაცრუებული ვიყავი.
ამბობთ, რომ კრიტიკას არ უსმენთ, თუმცა სოციალურ ქსელში საერთოდ არ აკვირდებით, რას ამბობენ თქვენზე? ბაბლში (ვიწრო გარემოცვაში) ცხოვრება ძალიან რთულია.
ეს შეუძლებელია. რა თქმა უნდა, კომენტარებს ვკითხულობ, რადგან საფეხბურთო სიახლეებს თვალს ვადევნებ. ცხადია, დადებითი შეფასებების კითხვა უფრო გსიამოვნებს, ვიდრე კრიტიკის, თუმცა ეს ჩემზე დიდ გავლენას არ ახდენს.
ფიქრობთ, რომ ცხოვრების იმ ეტაპზე ვართ, როდესაც კრიტიკას გაცდენა და ხშირად შეურაცხყოფის მიყენება ძალიან მარტივია?
ვფიქრობ, ხალხი რაღაცებს ძალიან აზვიადებს. როდესაც კარგად თამაშობ, ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, ხოლო როდესაც ცუდად ასპარეზობ, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მოთამაშედ გთვლიან. ხალხს ერთი მატჩით ან მოქმედებით დასკვნები გამოაქვს. თუ გეტყვიან, რომ “ბარსაში” თამაშს არ იმსახურებ, ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ სოციალურ ქსელში აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია. ისიც სიმართლეა, რომ სათაურებსაც ის არჩევს, ვინც ყველაფერს ყველაზე მეტად აზვიადებს.
რა არის თქვენი ოცნება?
მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად და ჩემპიონთა ლიგის მოგება “ბარსელონასთან” ერთად.
25მდე რო ახანგრძლივებს კონტრაქტს შემდეგის შემდეგ ზაფხულამდე აქვს ვადა?
25-დან უფასო აგენტი გახდება, 2024-ის ბოლოს კი გაყიდიან რო უფასოდ არ გაუშვან.
ფრენკი მიყვარხარ