workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ატლეტიკო – ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ატლეტიკო – ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

calendar_month მატჩის დრო: 8 ნოემბერი, 23:55

“ბარსელონას” სანაკრებო პაუზამდე ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა ელის. ჰანსი ფლიკის გუნდი მადრიდში “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება. შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ერთმანეთს ლა ლიგის პირველ და მეორეადგილოსნები ხვდებიან, რომელთაც მხოლოდ 2 ქულა აშორებთ.

კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი გუნდითა და ბოლო პერიოდში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებებით მიდიან, თუმცა დიეგო სიმეონეს “ატლეტიკო” შესანიშნავ ფორმაშია და ლა ლიგაში ზედიზედ 7 მატჩი აქვს მოგებული. მადრიდელებს გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობის გადაბარების შესაძლებლობა ექნებათ.

ზოგადი ვითარება

“ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” დაპირისპირება 8 ნოემბერს, ლა ლიგის მე-12 ტურში, მადრიდში, “სივიტას მეტროპოლიტანოზე” (ამჟამად “რიად ეარ მეტროპოლიტანო”) გაიმართება.

11 ტურის შემდეგ “ბარსელონა” 30 ქულით პირველ ადგილზეა. ჰანსი ფლიკის გუნდმა 10 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო. კატალონიელებმა მეტოქეთა კარში 46 გოლი გაიტანეს და 12 გაუშვეს. საშუალოდ 4.18 გოლი თითო მატჩში ტურნირის საუკეთესო შედეგიანობის მაჩვენებელია.

“ატლეტიკო” 28 ქულით მეორე პოზიციაზეა. მადრიდელებს 9 მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი აქვთ. მათ 22 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 8 გაუშვეს. ამრიგად, მასპინძლები გაცილებით ნაკლებად შედეგიანები არიან, თუმცა დაცვაში უფრო საიმედოდ მოქმედებენ.

“ატლეტიკო” გამარჯვების შემთხვევაში 31 ქულას დააგროვებს და პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. თუ სამი ქულა “ბარსელონას” დარჩება, კატალონიელები “უშუალო კონკურენტს”როხიბლანკოს” უკვე 5 ქულით გაასწრებენ. ფრის შემთხვევაში კი ფლიკის გუნდი ორქულიან უპირატესობას შეინარჩუნებს.

მატჩს დამატებით მნიშვნელობას სანაკრებო პაუზა ანიჭებს. გუნდები ერთმანეთს ჩემპიონატის დროებით შეწყვეტამდე ხვდებიან და ორივე მათგანისთვის მნიშვნელოვანია, მომდევნო მონაკვეთს ლიდერის პოზიციიდან შეხვდეს.

სათამაშო ფორმა

ბარსელონა

“ბარსელონამ” ბოლო 5 ოფიციალური მატჩიდან 3 მოიგო და 2 წააგო. ამ პერიოდში კატალონიელებმა 17 გოლი გაიტანეს და 9 გაუშვეს.

ბოლო 5 მატჩის შედეგები:

  • 3 ნოემბერი, ჩემპიონთა ლიგა: ბარსელონა 3-0 ასტონ ვილა
  • 31 ოქტომბერი, ლა ლიგა: ბარსელონა 6-1 ალავესი
  • 25 ოქტომბერი, ლა ლიგა: ბარსელონა 1-2 რეალ მადრიდი
  • 20 ოქტომბერი, ჩემპიონთა ლიგა: პარი სენ-ჟერმენი 4-2 ბარსელონა
  • 17 ოქტომბერი, ლა ლიგა: რეალ ბეტისი 2-5 ბარსელონა

ორ ზედიზედ მარცხს ფლიკის გუნდმა ორი დამაჯერებელი გამარჯვებით უპასუხა. ჯერ “ალავესი” 6-1 გაანადგურა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე “ასტონ ვილა” 3-0 დაამარცხა.

ევროტურნირის ბოლო მატჩში ლამინ იამალმა ერთი გოლი გაიტანა, რაფინიამ კი დუბლი შეასრულა. ბრაზილიელი თავდამსხმელი ბრწყინვალე ფორმაშია. “ალავესთან” მატჩშიც მან ორჯერ გაიტანა და ბოლო ორ შეხვედრაში ოთხ გოლს მოუყარა თავი.

“ბარსელონას” შეტევის შედეგიანობა ისტორიულ მასშტაბებს აღწევს. გუნდმა სეზონის პირველ 15 ოფიციალურ მატჩში 60 გოლი გაიტანა. ეს საშუალოდ 4 გოლია შეხვედრაში, რაც კატალონიელებისთვის საუკუნის განმავლობაში საუკეთესო სტარტია.

ამასთან, გასათვალისწინებელია დაცვის პრობლემებიც. “ასტონ ვილასთან” შეხვედრამდე “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 18 მატჩში ჰქონდა გოლი გაშვებული. ინგლისურ გუნდთან მშრალი ანგარიშით გამარჯვებამ ეს არასასიამოვნო სერია დაასრულა.

ლა ლიგაში კატალონიელებმა 11-დან 10 შეხვედრა მოიგეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია გასვლითი ფორმა: 5 მატჩი, 5 მოგება და 22 გატანილი გოლი. ფლიკის გუნდი ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში მეტოქის მოედანზე ჯერ არ დამარცხებულა.

ატლეტიკო

“ატლეტიკოს” ბოლო 5 ოფიციალურ მატჩში 3 მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი აქვს. მადრიდელებმა 5 გოლი გაიტანეს და 3 გაუშვეს.

ბოლო 5 მატჩის შედეგები:

  • 3 ნოემბერი, ჩემპიონთა ლიგა: ატლეტიკო 0-2 ბაიერნი
  • 31 ოქტომბერი, ლა ლიგა: ლევანტე 0-2 ატლეტიკო
  • 24 ოქტომბერი, ლა ლიგა: ატლეტიკო 1-0 დეპორტივო
  • 20 ოქტომბერი, ჩემპიონთა ლიგა: შტუტგარტი 1-1 ატლეტიკო
  • 17 ოქტომბერი, ლა ლიგა: ესპანიოლი 0-1 ატლეტიკო

სიმეონეს გუნდის მთავარი იარაღი ორგანიზებული დაცვა და მიღწეული უპირატესობის შენარჩუნების უნარია. მადრიდელებმა ლა ლიგის ბოლო სამ შეხვედრაში გოლი არ გაუშვეს, ხოლო ბოლო 7 ტურში ქულათა მაქსიმუმი, 21 ქულა მოიპოვეს.

ამ სერიის განმავლობაში “ატლეტიკომ” “რეალ მადრიდიც” დაამარცხა, ანგარიშით 2-1. რაც შეეხება საშინაო თამაშებს, გუნდს “მეტროპოლიტანოზე” ლა ლიგის ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოგებული აქვს და ერთი ფრედ დასრულებული.

სიმეონეს ფეხბურთელებმა ბოლო ტურში “ლევანტე” 2-0 დაამარცხეს. ანგარიში კარგ ფორმაში მყოფმა ალეხანდრო გრიმალდომ გახსნა, საბოლოო შედეგი კი ჯულიანო სიმეონემ დააფიქსირა.

მადრიდული გუნდის კარგი სერია ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნთან” მარცხმა შეაჩერა. მიუხედავად ამისა, ესპანეთის ჩემპიონატში “ატლეტიკო” კვლავ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდია.

საყურადღებოა ალექს ბაენას შედეგიანობაც. ესპანელ ფეხბურთელს ლა ლიგის 11 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს. ალეხანდრო გრიმალდოს აქტიურობა მარცხენა ფლანგზე კი სიმეონეს შეტევებს დამატებით მრავალფეროვნებას სძენს.

“ატლეტიკოს” შეტევა ძირითადად სწრაფ გადასვლებს, ფლანგების აქტიურობასა და მეტოქის შეცდომების გამოყენებას ეყრდნობა. “ბარსელონასთან” კი მადრიდელებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რადგან მაღალი პრესინგისა და სწრაფი კომბინაციების გამო კატალონიელებს მცირე სივრცეებიც ჰყოფნით საგოლე მომენტების შესაქმნელად.

დანაკლისი

ბარსელონა

ჰანსი ფლიკს “ატლეტიკოსთან” მატჩისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია. ყველაზე ახალი დანაკლისი როდრია. ესპანელმა ნახევარმცველმა “ასტონ ვილასთან” შეხვედრაში მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა. გამოკვლევამ ტრავმა დაადასტურა და მისი მადრიდში თამაში გამორიცხულია.

როდრის არყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის “ბარსელონას” ნახევარდაცვის ერთ-ერთ ძირითად მოთამაშედ ჩამოყალიბდა. გერმანელ მწვრთნელს მისი შეცვლის ორი მთავარი ვარიანტი აქვს: მარკ ბერნალი და ფრენკი დე იონგი. ფლიკმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. დე იონგი სრულად გამოჯანმრთელებულია, ბერნალი კი დაცვისა და შეტევის დაკავშირების თვალსაზრისით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ლაზარეთშია ჟიულ კუნდეც. ფრანგი მცველი მარცხენა კოჭის დაჭიმულობას იშუშებს, რის გამოც ბოლო შეხვედრებიც გამოტოვა. მისი არყოფნის შემთხვევაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე კვლავ ბრიან ფარინიასის თამაშს უნდა ველოდოთ. ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველ გუნდში მიღებული შანსი საკმაოდ კარგად გამოიყენა.

ტრავმირებულები არიან აგრეთვე დანი ოლმო, რუნი ბარდჯი და ჩავი ესპარტი. ოლმოს საზარდულის კუნთის დაზიანება აქვს და მისი დაბრუნება სანაკრებო პაუზის შემდეგაა მოსალოდნელი. ბარდჯი მუხლის ჯვარედინი იოგის მძიმე ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის, ესპარტს კი კოჭის დაზიანება აწუხებს.

სამაგიეროდ, “ბარსელონას” დაცვის ცენტრში მდგომარეობა გაუმჯობესდა. ერიკ გარსიამ და ანდრეას კრისტენსენმა 7 ნოემბრის ვარჯიშში გუნდთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. ფლიკმა დაადასტურა, რომ ორივე ფეხბურთელი მადრიდში გუნდთან ერთად გაემგზავრება. მისი თქმით, ერიკ გარსიას სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაც შეუძლია, თუმცა გადაწყვეტილება მატჩის დღეს მიიღება.

ატლეტიკო

დიეგო სიმეონეს ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისი კრისტიან რომეროა. არგენტინელ ცენტრალურ მცველს კუნთის დაზიანება აწუხებს და “ბარსელონასთან” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

რომეროს არყოფნა დაცვაში სიმეონეს არჩევანს ამცირებს. სავარაუდოდ, დაცვის ცენტრში მარკ პუბილი და დავიდ ჰანცკო ითამაშებენ. მათ ალტერნატივად რობინ ლე ნორმანი რჩება.

გაურკვეველი იყო ჯონი კარდოსოს მდგომარეობაც. ამერიკელმა ნახევარმცველმა კუნთის ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა. სიმეონეს განცხადებით, ის გუნდთან ერთად იქნება, თუმცა ითამაშებს თუ არა და რა დატვირთვით, მოგვიანებით გადაწყდება.

მადრიდელთათვის დადებითი სიახლეა კოკეს დაბრუნება, რომელმაც ტრავმის შემდეგ “ბაიერნთან” უკვე ითამაშა. სიმეონეს განკარგულებაში კვლავ არის მორტენ ჰიულმანიც, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის წინა შეხვედრა გამოტოვა.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ისტორიული დაპირისპირება 1925 წლიდან იწყება. მას შემდეგ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 254 ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული.

საერთო ბალანსში მნიშვნელოვანი უპირატესობა კატალონიელებს ეკუთვნით:

  • მატჩი: 254
  • “ბარსელონას” მოგება: 116
  • ფრე: 57
  • “ბარსელონას” მარცხი: 81
  • გოლები: 476-372

ლა ლიგაში გუნდები ერთმანეთს 178-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქაც “ბარსელონა” ლიდერობს: 83 მოგება, 42 ფრე და 53 მარცხი. გატანილი და გაშვებული გოლების შეფარდება 342-255-ია.

მადრიდში ჩატარებულ მატჩებში ვითარება განსხვავებულია. ლა ლიგის ფარგლებში “ატლეტიკოს” საშინაო მოედანზე გუნდები 89-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. “ბარსელონამ” 29 მატჩი მოიგო, 21 ფრედ დაასრულა და 39 წააგო. გოლების შეფარდებაც მადრიდელების სასარგებლოდაა – 147-132.

ბოლო წლებში მადრიდში ლა ლიგის შეხვედრებში სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა. “ბარსელონამ” “ატლეტიკოსთან” ბოლო ოთხი გასვლითი მატჩი მოიგო:

  • 8 იანვარი, 2023: ატლეტიკო 0-1 ბარსელონა
  • 17 მარტი, 2024: ატლეტიკო 0-3 ბარსელონა
  • 16 მარტი, 2025: ატლეტიკო 2-4 ბარსელონა
  • 4 აპრილი, 2026: ატლეტიკო 1-2 ბარსელონა

ეს იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებმა მადრიდში ჩატარებული ბოლო ოთხი საჩემპიონატო მატჩიდან 12 ქულა მოიპოვეს, 10 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 3 გაუშვეს.

თუმცა გასული სეზონის სათასო დაპირისპირებებმა აჩვენა, რომ სიმეონეს გუნდს “ბარსელონას” დამარცხებაც შეუძლია. 2025/26 წლების სეზონში “ატლეტიკომ” კატალონიელები ორივე ორმატჩიანი დაპირისპირებიდან გამოთიშა: ესპანეთის თასის ნახევარფინალიდან საერთო ანგარიშით 4-3, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან – 3-2.

განსაკუთრებით მტკივნეული იყო თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი, რომელიც “ატლეტიკომ” 4-0 მოიგო. საპასუხო შეხვედრაში “ბარსელონამ” 3-0 გაიმარჯვა, თუმცა ფინალში გასასვლელად ერთი გოლი დააკლდა.

ჩემპიონთა ლიგაზე კი მადრიდელებმა პირველ შეხვედრაში სტუმრად 2-0 მოიგეს, საპასუხო მატჩში საკუთარ მოედანზე 1-2 დამარცხდნენ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდნენ.

ბოლო 5 ოფიციალურ შეხვედრაში “ბარსელონას” 3 მოგება და 2 მარცხი აქვს. ლა ლიგის მხრივ, კატალონიელები უფრო წარმატებულები არიან, მაგრამ ბოლო სეზონის სათასო მატჩები ამ დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას მატებს.

მსაჯი

“ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” შეხვედრას ხავიერ ალბეროლა როხასი განსჯის. 35 წლის ესპანელი არბიტრი ლა ლიგაში 2017 წლიდან მუშაობს და ფიფას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია. მიმდინარე სეზონში მას ჩემპიონთა ლიგაზეც ჰქონდა დებიუტი.

ვიდეოასისტენტი მსაჯი ხავიერ იგლესიას ვილიანუევა იქნება.

ალბეროლა როხასს ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში 177 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ამ მატჩებში მან ფეხბურთელებს 627 ყვითელი და 31 წითელი ბარათი უჩვენა.

მისი ლა ლიგის სტატისტიკა ასეთია:

  • მატჩი: 177
  • ყვითელი ბარათი: 627, საშუალოდ 3.54 მატჩში
  • წითელი ბარათი: 31, საშუალოდ 0.18 მატჩში
  • მასპინძელთა გამარჯვება: 80 მატჩი, 45.2%
  • ფრე: 48 მატჩი, 27.1%
  • სტუმართა გამარჯვება: 49 მატჩი, 27.7%

მიმდინარე სეზონში ალბეროლა როხასმა ლა ლიგის ექვსი შეხვედრა განსაჯა. ამ მონაკვეთში საშუალოდ 4.67 ყვითელი ბარათი აჩვენა.

საინტერესოა მისი სტატისტიკა უშუალოდ დღევანდელი მეტოქეების მატჩებში. ქვემოთ მოყვანილი ბალანსი მხოლოდ ლა ლიგის შეხვედრებს მოიცავს.

  • ბარსელონა: 13 მატჩი, 10 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი.
  • ატლეტიკო: 21 მატჩი, 12 მოგება, 4 ფრე, 5 მარცხი.

“ბარსელონას” ერთადერთი მარცხი ალბეროლა როხასის მსაჯობით 2023 წლის 20 მაისს, “რეალ სოსიედადთან” დაფიქსირდა. კატალონიელები მაშინ საკუთარ მოედანზე 1-2 დამარცხდნენ.

რაც შეეხება “ატლეტიკოს”, მადრიდელებმა არბიტრის ხელმძღვანელობით ჩატარებული ბოლო საჩემპიონატო შეხვედრა მოიგეს. მიმდინარე სეზონის მესამე ტურში მათ “სევილია” სტუმრად 3-1 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ ალბეროლა როხასს “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” დაპირისპირება აქამდე არ განუსჯია. ეს მისთვის ამ წყვილის პირველი შეხვედრა იქნება.

მწვრთნელების მატჩისწინა კომენტარები

ჰანსი ფლიკი

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სატურნირო მდგომარეობაზე. მისი თქმით, მიმდინარე სეზონში ლა ლიგის რამდენიმე ძლიერი გუნდი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იმყოფება, ამიტომ პირდაპირ კონკურენტთან შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

“ატლეტიკო” ფანტასტიკური გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

გერმანელმა სპეციალისტმა გასულ სეზონში “ატლეტიკოსთან” წაგებული ორი სათასო დაპირისპირებაც გაიხსენა, თუმცა აღნიშნა, რომ წარსული შედეგები დღევანდელ შეხვედრაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს.

წარსულს მნიშვნელობა არ აქვს. სანაკრებო პაუზას პირველ ადგილზე გვინდა შევხვდეთ. ამისთვის ბევრი ვიმუშავეთ.

ფლიკს როდრის შემცვლელზეც ჰკითხეს. მან დაადასტურა, რომ არჩევანს მარკ ბერნალსა და ფრენკი დე იონგს შორის გააკეთებს. მწვრთნელის შეფასებით, ნიდერლანდელს მეტი გამოცდილება აქვს, ბერნალი კი კარგად მოქმედებს როგორც ბურთით, ისე მის გარეშე.

ფლიკმა აღნიშნა, რომ დე იონგი სრულად მზადაა სათამაშოდ, მაგრამ სასტარტო შემადგენლობის საბოლოო ვარიანტს მატჩის წინ შეარჩევს.

ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია სრულად.

დიეგო სიმეონე

“ატლეტიკოს” მწვრთნელმა “ბარსელონას” განსაკუთრებული შეფასება მისცა. არგენტინელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ერთ-ერთ ყველაზე რთულ მეტოქესთან მოუწევს თამაში.

ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებით, შესაძლოა, საუკეთესოსაც. ამაში ეჭვი არ მეპარება. რთული შეხვედრა იქნება.

სიმეონემ აღნიშნა, რომ ფლიკმა “ბარსელონაში” საკუთარი სათამაშო იდეები წარმატებით დანერგა. მან განსაკუთრებით გამოყო მაღალი პრესინგი, ბურთის სწრაფად დაბრუნება და შეტევის შედეგიანობა.

არგენტინელმა ყურადღება გაამახვილა რაფინიას ახალ როლზეც. მისი თქმით, გასულ სეზონში რობერტ ლევანდოვსკი უფრო პოზიციური ცენტრფორვარდი იყო, ახლა კი რაფინიას მოძრაობა და ნახევარდაცვაში ჩართვა მეტოქისთვის დამატებით პრობლემებს ქმნის.

სიმეონემ აღიარა, რომ მისი ფეხბურთელები შეხვედრის მნიშვნელოვან ნაწილში ზეწოლის ქვეშ იქნებიან.

ვიცით, რომ მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში გაგვიჭირდება. იმედია, იმ თამაშის ჩატარებას შევძლებთ, რომელიც ჩაფიქრებული გვაქვს.

“ატლეტიკოს” მწვრთნელმა გულშემატკივრების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც “მეტროპოლიტანოზე” შეკრებილი ქომაგების აქტიურობა ფეხბურთელებამდე აღწევს, გუნდის რეაქცია ყოველთვის განსაკუთრებულია.

განსაკუთრებული ყურადღება: ალეხანდრო გრიმალდო

ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ალეხანდრო გრიმალდოსთვის. “ატლეტიკოს” მარცხენა მცველი “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ის კატალონიური კლუბის ახალგაზრდულ სისტემაში 2008-2015 წლებში თამაშობდა, თუმცა პირველ გუნდში ოფიციალური დებიუტი არ ჰქონია.

შემდეგ გრიმალდომ კარიერა “ბენფიკასა” და ლევერკუზენის “ბაიერში” გააგრძელა, 2026 წლის ზაფხულში კი “ატლეტიკოს” შეუერთდა.

ესპანელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში სიმეონეს გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ის აქტიურად ერთვება შეტევებში, კარგად აწვდის ბურთს საჯარიმოში და სტანდარტული მდგომარეობებიდანაც საფრთხეს ქმნის.

გრიმალდოსთვის ეს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ განსაკუთრებული მატჩი იქნება, თანაც ლამინ იამალთან მოუწევს დაპირისპირება. მათი ორთაბრძოლა შეხვედრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტაქტიკურ დეტალად შეიძლება იქცეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-2-3-1): ჟოან გარსია – ბრიან ფარინიასი, პაუ კუბარსი, ჟერარ მარტინი, ჟოაუ კანსელუ – მარკ ბერნალი, პედრი – ლამინ იამალი, ფერმინ ლოპესი, ენტონი გორდონი – რაფინია.

ატლეტიკო (4-4-2): იან ობლაკი – მარკოს ლიორენტე, მარკ პუბილი, დავიდ ჰანცკო, ალეხანდრო გრიმალდო – ჯულიანო სიმეონე, პაბლო ბარიოსი, მორტენ ჰიულმანი, ალექს ბაენა – ლი კან ინი, ხულიან ალვარესი.

“ბარსელონას” შემადგენლობაში მთავარი კითხვები საყრდენი ნახევარმცველისა და მარჯვენა მცველის პოზიციებს უკავშირდება. როდრის არყოფნის ფონზე მარკ ბერნალი სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, თუმცა ფრენკი დე იონგიც სრულად მზადაა. ასევე შესაძლებელია ბრიან ფარინიასის ნაცვლად ერიკ გარსიას გამოჩენა.

“ატლეტიკოს” ნახევარდაცვაში კი მორტენ ჰიულმანისა და კოკეს შორის კონკურენციაა მოსალოდნელი. სიმეონეს შეუძლია თამაშის მიმდინარეობისას თავდასხმაში ალექსანდერ სორლოთი, ჯონათან დავიდი და ადემოლა ლუკმანიც გამოიყენოს.

პროგნოზი

“ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” მატჩისთვის გამოქვეყნებულ პროგნოზებში უპირატესობას კატალონიურ გუნდს ანიჭებენ. გამოცემების უმრავლესობა სტუმართა გამარჯვებას ვარაუდობს, თუმცა მოსალოდნელია დაძაბული და შედეგიანი შეხვედრა.

სხვადასხვა გამოცემის პროგნოზები ასეთია:

  • WhoScored: 2-3
  • Sports Mole: 1-2
  • Eurosport: 1-2
  • Mundo Deportivo: 1-2
  • MatchAngle: 2-2

განსაკუთრებით საინტერესოა Sports Mole-ის შეფასება. გამოცემის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად 1-1 ან 2-2 ფრეს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ მოქმედი ჩემპიონის მინიმალურ გამარჯვებაზე შეჩერდა.

ამგვარად, ხუთი პროგნოზიდან ოთხი “ბარსელონას” გამარჯვებას ვარაუდობს, ერთი კი ფრეს. საერთო მოლოდინი ისაა, რომ ორივე გუნდი გაიტანს, თუმცა სტუმართა შეტევის მაღალი შედეგიანობა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი