“ბარსელონას” ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი, ებრიმა ტუნკარა, ინგლისური კლუბების ყურადღების ცენტრში მოექცა. “Mundo Deportivo”-ს ინფორმაციით, 16 წლის შემტევი ნახევარმცველის გადაბირებით განსაკუთრებით “ასტონ ვილა” და “ევერტონი” ინტერესდებიან.
ინგლისელი საფეხბურთო შუამავლები, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ “ბარსელონას” საწვრთნელ ბაზას, ტუნკარას შესაძლებლობებს დადებითად აფასებენ. გავრცელებული ცნობებით, პრემიერ ლიგის კლუბები ფეხბურთელის დარწმუნებას ცდილობენ, რომ განვითარება ინგლისში გააგრძელოს, თუმცა მისი გარემოცვა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
წარმოშობით გამბიელი ტუნკარა “ბარსელონას” აკადემიაში 2018/19 წლების სეზონიდან ირიცხება. 2026 წლის თებერვალში, 15 წლის ასაკში, მას “ბარსა ატლეტიკში” დებიუტი ჰქონდა, მოგვიანებით კი ჰანსი ფლიკის პირველი გუნდის ყურადღებაც მიიპყრო. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მთავარ გუნდთან ერთად წინასასეზონო მომზადება გაიარა და რამდენიმე ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.
საინტერესოა, რომ 3 ნოემბერს ტუნკარამ სწორედ “ასტონ ვილას” წინააღმდეგ ითამაშა. უეფას ახალგაზრდული ლიგის შეხვედრაში, რომელიც ფრედ, 3-3 დასრულდა, მან მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა.
მიუხედავად ინგლისური კლუბების ინტერესისა, “ბარსელონაში” ტუნკარას მომავალთან დაკავშირებით არ ღელავენ. კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელს 2026 წელს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუხანგრძლივა და მას გრძელვადიანი პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავს.
თავის მხრივ, ჰანსი ფლიკი ახალგაზრდა ნახევარმცველის განვითარებას ყურადღებით აკვირდება. ტუნკარა პერიოდულად პირველი გუნდის ვარჯიშებშიც მონაწილეობს, რაც მისი შესაძლებლობებისადმი სამწვრთნელო შტაბის ინტერესზე მიუთითებს.




forum კომენტარები (0)