დღეს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ ილქაი გიუნდოგანი “ბარსელონას” უფასოდ შემოუერთდება.
“მანჩესტერ სიტის” აწ უკვე ყოფილი კაპიტანი “ქალაქელებს” The Players Tribune-ზე გამოქვეყნებული ემოციური და ძალიან საინტერესო ღია წერილით გამოეხმაურა. გთავაზობთ ამ წერილის თარგმანს.
ძვირფასო სიტი,
როდესაც აქ პირველად მოვედი, ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, რომელსაც შვილებიც არ ჰყავდა რომელიც ბევრს ოცნებობდა. რთულია, დავიჯერო, მაგრამ 7 წლის შემდეგ, როდესაც მივდივარ, უკვე მამა ვარ, რომელმაც აისრულა უკლებლივ ყველა ოცნება, რომელიც ჰქონდა.
დღევანდელი დღე ტკბილმწარეა. დამშვიდობება ადვილი არასდროსაა, მაგრამ კიდევ უფრო რთულია ამ გუნდის შემთხვევაში. როდესაც ბიჭებს საერთო ჩატში ვეუბნებოდი, რომ მივდიოდი, ძალიან ემოციური ვიყავი. ისინი ყველანი ძალიან მომენატრებიან. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა, ჩემპიონად მივდივარ. ეს კლუბი გულით მიყვარს. რამდენ ფეხბურთელს შეუძლია, წავიდეს კაპიტნის რანგში მოგებული ტრებლით?
დაუჯერებელია, რასაც მივაღწიეთ. 5 პრემიერ ლიგა ჩემს 7 წელიწადში. 2 ასოციაციის თასი. ჩემპიონთა ლიგა. ტრებლი. მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ ტიტულებია. ყველაზე მეტად კი დამამახსოვრდება გუნდში არსებული გარემო, განსაკუთრებით ამ სეზონში. ფეხბურთში მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია.
როგორც წესი, ძალიან თავდაჭერილი ადამიანი ვარ. იმისათვის, რომ ადამიანებთან გავიხსნა, დრო მჭირდება. მაგრამ ამ გუნდში ყველაზე კარგი ისაა, რომ ერთმანეთზე ხუმრობის დროს თავს ყველანი კომფორტულად ვგრძნობდით, რამხელა ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ვყოფილიყავით. ვარჯიშების დროს ჩემი საყვარელი საქმიანობა რუბენ დიაშთან ხუმრობები იყო. მე ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვარ, თანაგუნდელები კი ხალისობდნენ, როდესაც ტექნიკურად თამაშის შემდეგ დიაში ზიდანად მომიხსენიებდა ხოლმე.
კარგად ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ რუბენი დამიძახებდა: “ზიდან“. მე კი ვუპასუხებდი: “არა, არა, დღეს მე პირლო ვიყავი. ხვალ ისევ ზიზუ ვიქნები“.
ჩვენ ყოველდღე ვიცინოდით და ფეხბურთში ეს იშვიათობაა. მადლობა უნდა გადავუხადო ჩვენს მეუღლეებსა და პარტნიორებს იმისათვის, რომ ამ სეზონში ერთმანეთთან ასე დაგვაახლოვეს. ისინი საერთო ჩატში ბარბექიუზე შეკრებებს ხშირად აორგანიზებდნენ, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ეს იყო ყველაზე მეტად შეკრული გუნდი, რომლის ნაწილიც მე ვყოფილვარ და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, როგორც იქნა, ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა ჩემთვის აკვიატებული აზრი იყო. როდესაც 2013 წელს “დორტმუნდთან” ერთად ფინალში “ბაიერნთან” დავმარცხდი, განადგურებული ვიყავი. ეს 10 წლის განმავლობაში სერიოზულად მაწუხებდა. მას შემდეგ ჩემს კარიერაში მიღებული ყველა გადაწყვეტილება ამ ტიტულის მოგებისკენ იყო მიმართული. სწორედ ამიტომ მოვედი “სიტიში”. ორი წლის წინ, როდესაც ფინალი “ჩელსისთან” წავაგეთ, ტრაგედია იყო. წინა სეზონში კი, ნახევარფინალში “რეალ მადრიდთან” გამართულ მატჩში “ეტიჰადზე” სათადარიგოთა სკამზე დავრჩი და ეს, ალბათ, კიდევ უფრო რთული იყო. როდესაც პეპმა შემადგენლობა გამოაცხადა, ჩემს ოთახში მარტო გავედი და… უბრალოდ განადგურებული ვიყავი.
ამ სეზონში რაღაც შეიცვალა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ამას შევძლებდით. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგას არ ვგულისხმობ. პრემიერ ლიგას, ასოციაციის თასს – ყველაფერს. კვირიდან კვირამდე ვგრძნობდი, რომ ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. მაშინაც კი, როდესაც “არსენალს” 10 ქულით ჩამოვრჩებოდით, ვიცოდი, რომ ჩემპიონატს მოვიგებდით. წლების განმავლობაში ერთად ვთამაშობდი კევინთან, კაილისთან, ჯონთან, ფილთან, ბერნარდუსთან და ედერსონთან, შემდეგ კი ისეთი ფეხბურთელები დავიმატეთ, როგორებიც ერლინგი და ჯეკი არიან, რამაც დამატებითი შესაძლებლობები მოგვცა.
მინდა, ვთქვა, რომ ჯეკის შესახებ მედიას ბევრი არასწორი ინფორმაცია აქვს. ის ერთ-ერთ ყველაზე კარგი ბიჭია, ვისაც ფეხბურთში შევხვედრილვარ. ის ძალიან მხიარული, თავმდაბალი და სუფთა ადამიანია. ამ სეზონში მისი წარმატებებით ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც დიდ კლუბში დიდი ფულის სანაცვლოდ მოდიხარ, თუ რამხელა ზეწოლაა ამ დროს შენზე. მიმდინარე სეზონში უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ ის თავდაუზოგავად შრომობდა და ის ძალიან დაგვეხმარა.
და ერლინგ ჰოლანდი… სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, რა მოლოდინები უნდა მქონოდა მისგან, როდესაც ჩვენთან მოვიდა. უყურებ მის გოლებს და მთელ იმ აურზაურს, რომელიც “დორტმუნდში” გამოიწვია და გიჩნდება კითხვა, შეეწყობა თუ არა კარგად შენს გუნდს. მაგრამ როდესაც გავიცანი, გაკვირვებული დავრჩი იმით, რომ შესაძლებელია, არსებობდეს ასეთი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ასე ცდილობს, ყოველ დღე უფრო და უფრო უკეთესი გახდეს. ის მიღწეულით კმაყოფილი არასდროსაა. მაქვს განცდა, რომ მისთვის ლიმიტი არ არსებობს. მესი და რონალდუ არის ის ერთადერთი საზომი იმ დონისთვის, რომლის მიღწევაც ერლინგს შეუძლია.
კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც ჩემ ცხოვრებაში პიროვნულ დონეზე დიდი გავლენა მოახდინა, იყო შტეფან ორტეგა, ჩვენი მეორე მეკარე. როგორც გერმანელებს, ერთმანეთთან ბევრი საერთო გვქონდა, ხოლო გასული ერთი წლის განმავლობაში მასთან ერთად უბრალოდ დღეში ერთი ჭიქა ესპრესოს დალევამ უფრო გამხსნა. ის რომ ჩვენთან არ ყოფილიყო, არა მგონია, ასეთი სეზონი მქონოდა. ფეხბურთში ასეთი მხარდაჭერა საჭიროა და შტეფანი ჩემთვის სწორედ ასეთი იყო. გარდა ამისა, ამ სეზონში კიდევ უფრო დავუახლოვდი კევინ დე ბრუინს. მქონდა განცდა, რომ მასთან ნებისმიერ თემაზე შემეძლო საუბარი და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გრძნობ, რომ თანაგუნდელს შეგიძლია ენდო უფრო მეტად, ვიდრე უბრალოდ კოლეგას.
იმ თვისებების გამო, რომლებიც ჩვენს გუნდს გააჩნდა, ყოველთვის, როდესაც მოედანზე შევაბიჯებდით, მქონდა შეგრძნება, რომ მოვიგებდით. როდესაც თანაგუნდელებს ნამდვილად ენდობი, მარტივად თამაში შეგიძლია – შიშის, ზედმეტი ფიქრის გარეშე. ამის შემდეგ ჯადოსნობა თავისით ხდება. შესაძლოა, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ამ სეზონში ამდენი გადამწყვეტი გოლი გავიტანე.
(და ვისაც აინტერესებს – დიახ, ვგულისხმობ “ევერტონთან” ბურთზე იმ “მირტყმას”. ცოტა ტექნიკა მაქვს. შეგიძლიათ, რუბენ დიაშს ჰკითხოთ!)
მთელი ეს სეზონი ფილმს ჰგავდა. არა მგონია, ამ ფილმს უფრო კარგი დასასრული ჰქონოდა, ვიდრე ეს სტამბულის ფინალი იყო. ეს, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, გარკვეულწილად, სახლში დაბრუნებას ჰგავდა. მახსოვს, როდესაც თვითმფრინავი დასაჯდომად ემზადებოდა, ქალაქს ზემოდან დავყურებდი და ვაანალიზებდი, რომ ჩემი წინაპრების სამშობლოში ჩემპიონთა ლიგის ფინალში “სიტის” ვუკაპიტნებდი.
ავტობუსში სკოტ კარსონის გვერდზე ვიჯექი, ის კი იმ “ლივერპულის” წევრი იყო, რომელმაც ამ ქალაქში ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მილანს” 0-3-დან ამოუქაჩა. მან თქვა: “არ ინერვიულოთ, ბიჭებო. ყოველთვის, როდესაც სტამბულში ჩამოვდივარ, ჩემპიონთა ლიგას ვიგებ“. როდესაც გუნდში სკოტი გყავს, არ წააგებ.
ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ფინალი ადგილობრივი დროით 22 საათზე იწყებოდა და სასტუმროში ყოფნისთვის და უბრალოდ ფიქრისთვის მთელი დღე გვქონდა. მახსოვს, რომ ტელეფონი გავთიშე, რადგან არ მინდოდა, შეტყობინებები წამეკითხა. ცოტა ხნით დაძინებაც კი ვერ მოვახერხე. ტელევიზორს ვერ ვუყურებდი. ძალიან ვნერვიულობდი. სასტუმროს ნომერში ყოფნის დროს ჩემს გონებაში ეს თამაში 500-ჯერ მაინც ვითამაშე. უბრალოდ ძალიან მინდოდა, რომ თამაშის დრო მალე მოსულიყო.
ერთი რამ არასდროს დამავიწყდება – გახურების შემდეგ პეპმა გასახდელში ცალკე გამიყვანა და მთხოვა, კაილი უოკერისთვის ბიჭებთან სასაუბროდ დრო მიმეცა. ვფიქრობ, ეს ჩვენს გუნდზე ძალიან ბევრ რამეს ამბობს, იმ გრძნობებზე, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გვაკავშირებს. რადგან კაილი იმ დღეს სასტარტო შემადგენლობაში არ იყო.
მახსოვს, კაილი გვიხსნიდა, როგორ ვუყვარვართ თითოეული ჩვენგანი, შემდეგ კი თქვა: “ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. ახლა კი გადით მოედანზე და ამიხდინეთ ოცნება“.
თამაშზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი გაბლარულად მახსოვს. ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, უნდა ვაღიარო. ვფიქრობ, ცოტათი გამბედაობა გვაკლდა. მაგრამ მოგებისკენ მიმავალ გზას მაინც მივაგენით, როგორც ამას ჩემპიონი უნდა აკეთებდეს.
მსაჯის საფინალო სასტვენის დროს მახსოვს, რომ კართან ჩავიკეცე და თავი ბალახს დავადე. ვცდილობდი, ეს ყველაფერი გადამეხარშა. როდესაც თავი ავწიე, დავინახე ჩემ გარშემო მყოფი “ინტერის” ფეხბურთელები, რომლებიც ტიროდნენ. ეს გრძნობა ძალიან კარგად ვიცოდი, ამიტომ მათთან მივედი და ვუთხარი, რომ ამ სეზონით ამაყები უნდა იყვნენ და ბრძოლა განაგრძონ. ფინალის დროს სხვაობა ძალიან მცირეა. თავისუფლად შეიძლებოდა, ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო.
ბრძოლა ყოველთვის რაღაცად ფასობს.
წარუმატებლობის წლებმა ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა მიანიჭა და კიდევ უფრო ტკბილი გახადა.
მახსოვს, მოედნის მეორე ბოლოში ბიჭებთან ვბრუნდებოდი და პირველი, ვინც დავინახე, შტეფანი იყო. ერთმანეთს დიდხანს ვეხუტებოდით. ტირილი დავიწყე. მანაც დაიწყო. ეს იყო უდიდესი ბედნიერებისა და შვების განცდა.
ერთადერთი, რაც პეპმა გვითხრა: “ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ ეს შევძელით“.
ხალხში ჩემი მეუღლე და ოჯახის წევრები მოვძებნე. მათ მითხრეს: “შენ ეს შეძელი. შენ ეს შეძელი. შენ ეს შეძელი“.
მაგრამ არა, ზუსტად ისე იყო, როგორც პეპმა თქვა. ჩვენ ეს შევძელით.
ყველა ოცნების უკან ოჯახი დგას და მას არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თავად ფეხბურთელს. ჩემი მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისათვის, რომ ჩვენ კარგი ცხოვრება გვქონოდა. მამა ლუდის კომპანიაში სატვირთოს მძღოლი იყო. დედა საცურაო აუზის კაფეს მზარეული. პაპაჩემი გერმანიაში მაღაროში სამუშაოდ ჩამოვიდა. ჩემთვის, ვიდგე აქ, მთელი მსოფლიოს წინაშე, და ვიყო ჩემპიონი გიუნდოგანის გვარით, ძალიან ემოციური იყო.
მინდა ვთქვა, რომ პეპის გარეშე არაფერი მოხდებოდა. არის პერიოდები, როდესაც ის იმდენად მომთხოვნია და ჩვენგან იმდენად ინტენსიურ თამაშს ითხოვს, რომ ეს მენტალურად რთულია. მაგრამ როგორც კი მოედანზე ერთმანეთთან ჰარმონიას ვიპოვით, მისი სისტემა იმდენად ეფექტიანად მუშაობს, რომ გვიჩნდება განცდა, თითქოს ყველაფერს მარტივად ვაკეთებთ.
პეპთან სიახლოვეს ყოველთვის ვგრძნობდი.
ერთხელ მან მითხრა: “ვისურვებდი, რომ 11 ნახევარმცველით ვითამაშო. თქვენ მოედანს ბევრად უკეთ ხედავთ“.
ყველაზე მეტად პეპისთვის გამიჭირდა მეთქვა, რომ გუნდიდან მივდიოდი. მინდა, მას ყველაფრისთვის მადლობა ვუთხრა. არა მხოლოდ ამ სეზონისთვის, არა მხოლოდ ტიტულებისთვის, არამედ ჩემი აქ მოყვანისთვის. არ დამავიწყდება ის დრო, როდესაც “დორტმუნდში” გატარებული სეზონის ბოლოს მუხლის ტრავმა მივიღე, ოპერაცია უნდა გამეკეთებინა და ვშიშობდი, რომ “სიტი” შეთავაზებას უკან წაიღებდა. მაგრამ პეპმა ტელეფონზე დამირეკა და მითხრა: “არ ინერვიულო, ეს არაფერს ცვლის. ჩვენ შენ აქ გვჭირდები. დაგელოდებით იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება“.
წარმომიდგენია, რას ფიქრობდნენ გულშემატკივრები, როდესაც ეს მორიდებული ბიჭი სასაცილო სახელით დიდი ფულის სანაცვლოდ აქ ჩამოვიდა და პრეზენტაციაზე ყავარჯნებით გამოცხადდა.
მე აქ კოჭლობით მოვედი, მაგრამ ღრუბლებში ფრენით მივდივარ.
ტრებლის მოგებისა და მანჩესტერულ წვიმაში დაუვიწყარი აღნიშვნის შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი: “ამაზე უკეთესი რა უნდა მომხდარიყო? კიდევ რისი მიღწევა შეგეძლო? უფრო მეტი სრულყოფილება როგორ უნდა დაწერო?“
და პასუხი იყო, რომ ეს შეუძლებელია.
ვფიქრობ, ალბათ პეპს იმედი ჰქონდა, რომ მანჩესტერში ერთად მოსულები აქედანაც ერთად წავიდოდით, მაგრამ ვიცი, რომ მას ჩემი გადაწყვეტილების ესმის. ამაში მას ის ფაქტი დაეხმარება, რომ მის მშობლიურ კლუბში მივდივარ. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მალე შევხვდებით.
თუ უნდა წავსულიყავი, იყო ერთადერთი კლუბი, რომელში წასვლასაც აზრი ექნებოდა. ან “ბარსელონა”, ან არაფერი. იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, ამ ფორმით თამაშზე ვოცნებობდი. დარწმუნებული ვარ, უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ რამდენიმე წელი შემიძლია და მინდა, “ბარსელონას” იმ სიმაღლეზე დაბრუნებაში დავეხმარო, რომელსაც ეს გუნდი იმსახურებს. კვლავ შევხვდები ჩემ ძველ მეგობარს, ლევანდოვსკის. მოუთმენლად ველი იმ მწვრთნელთან ერთად მუშაობას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვაღმერთებდი. როდესაც მე და ჩავი სპორტულ პროექტზე ვსაუბრობდით, ეს ყველაფერი ისეთი ბუნებრივი იყო. ხასიათისა და თამაშის ხედვის მხრივ ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს.
ვიცი, რომ “ბარსელონაში” ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ ვიქნები. თუმცა ზეწოლა მომწონს. მიყვარს, როდესაც კომფორტის ზონიდან გავდივარ. იოლ გამოსავალს არ ვეძებ ხოლმე. ახალი გამოწვევა მინდა. სწორედ ამას ეძღვნება ჩემი კარიერის ახალი თავი.
“ბარსელონას” მაისურით თამაშს მოუთმენლად ველი. თუმცა მანამდე მინდა, “მანჩესტერ სიტის” ბოლო სიტყვა ვუთხრა. მინდა, ჩემ თანაგუნდელებს, სტაფის წევრებსა და განსაკუთრებით გულშემატკივრებს მივმართო…
მინდა, იცოდეთ, რომ მე ყოველთვის თქვენიანი ვიქნები. ამ კავშირს ვერაფერი დაარღვევს. ეს არის სიყვარულის მაქსიმუმი.
მადლობის მეტს ვერაფერს გეტყვით.
ამ ოცნებებით ვცხოვრობდი იმ მწვრთნელების გამო, რომლებიც ყოველთვის მიბიძგებდნენ (ზოგჯერ ძალიან ძლიერადაც!); იმ თანაგუნდელების გამო, რომლებმაც ულამაზესი ფეხბურთის საჩვენებლად ყველაფერი გაიღეს, რაც გააჩნდათ; იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ჩვენს მხარდასაჭერად ათასობის მილს გადიოდნენ; იმ კლუბისთვის, რომელმაც მომცა შანსი, ვყოფილიყავი ამ ამბიციური პროექტის ნაწილი; იმ ექიმებისა და ფიზიოთერაპევტებისთვის, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის დაუჯერებელ საქმეს აკეთებდნენ.
დარწმუნებული ვარ, ადამიანების უმრავლესობას ამ ეპოქიდან დაამახსოვრდება გოლები, ასისტები და ფინალები. მაგრამ მე აქცენტს სხვა რამეზე გავაკეთებ.
დიახ, ჩვენი ფეხბურთი ზოგჯერ დაუჯერებელი იყო.
მაგრამ ადამიანები კიდევ უფრო უკეთესები იყვნენ.
სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრებით.
მადლობა ყველაფრისთვის.
პატივისცემით,
ილქაი.
ვეფხისტყაოსანი დაუწერია. ბოლომდე კითხვა დამეზარა.
აი საკამათო საკითხია, ჯერ რომ ლევანა უფრო ასაკოვანია და თან ამ ასაკში როცა ბუ დეს ლიგას არ იყო გამცდარი შეიცვალა ლოგა,თან ესპანეთი სრულიად განსხვავდება გერმანიისგან, პირველი სეზონი ზოგადად რთულია ფეხბურთელისთვის მითუმეტეს ამ ასაკში და ლევანდოვსკიმ ჩემი აზრით ის გააკეთა რისთვისაც მოიყვანეს, შეყარა გოლები, შემოიტანანგამარჯვებულის მენტალიტეტი და გამოცდილებაც თავისთავად, ყველაფრის გათვალისწინებით რობერტს რომ შეეგდო 40-45 იქნებოდა ძაან გასაკვირი,და ალბათ შეუძლებელიც
აი საკამათო საკითხია, ჯერ რომ ლევანა უფრო ასაკოვანია და თან ამ ასაკში როცა ბუ დეს ლიგას არ იყო გამცდარი შეიცვალა ლოგა,თან ესპანეთი სრულიად განსხვავდება გერმანიისგან, პირველი სეზონი ზოგადად რთულია ფეხბურთელისთვის მითუმეტეს ამ ასაკში და ლევანდოვსკიმ ჩემი აზრით ის გააკეთა რისთვისაც მოიყვანეს, შეყარა გოლები, შემოიტანანგამარჯვებულის მენტალიტეტი და გამოცდილებაც თავისთავად, ყველაფრის გათვალისწინებით რობერტს რომ შეეგდო 40-45 იქნებოდა ძაან გასაკვირი,და ალბათ შეუძლებელიც
იქნება შეეგდო კიდეც მაგდენი, გვერდით რო ნამდვილი გარემარბები ყოლოდა.
ხავიმ მემგონი ორიხელით ქნა… ამ კაცმა ამოწურა თავისი არსენალი რის გამოც რაკიტიჩი გავუშვით, ინიესტა, ეს არაფრის გამკეთებელი არ იქნება გუნდში ბებერია უკვე
ძალიან მომწონს კრისტენსენის ჩამშლელად დაყენების იდეა👍 მგონია რომ გაამართლებს, პოზიციური თამაში კარგი აქვს, პასი უვარგა, ჯანზე არის, როგორც გასულ სეზონზე გამოჩნდა შეტევებშიც კარგად ერთვება. პარეხოსნაირ ბებრების უფასოდ მოუვანას ეგ ჯობია აშკარად. კუნდეც დაუბრუნდება თავის ბუნებრივ პოზიციას და არაუხოსთან შეთამაშდება. მოკლეთ იმედია ჭორი არ არის და ამ იდეას განაბითარებენ. სადაც დეგენერატ გარსიას მიცეს შანსი ამ პოზიციაზე იქ კრისტენსენი ახალი მაკელელე შეიძლება დადგეს.
აი საკამათო საკითხია, ჯერ რომ ლევანა უფრო ასაკოვანია და თან ამ ასაკში როცა ბუ დეს ლიგას არ იყო გამცდარი შეიცვალა ლოგა,თან ესპანეთი სრულიად განსხვავდება გერმანიისგან, პირველი სეზონი ზოგადად რთულია ფეხბურთელისთვის მითუმეტეს ამ ასაკში და ლევანდოვსკიმ ჩემი აზრით ის გააკეთა რისთვისაც მოიყვანეს, შეყარა გოლები, შემოიტანანგამარჯვებულის მენტალიტეტი და გამოცდილებაც თავისთავად, ყველაფრის გათვალისწინებით რობერტს რომ შეეგდო 40-45 იქნებოდა ძაან გასაკვირი,და ალბათ შეუძლებელიც
მაინც გვადიოლას მოსწავლეა და ვფიქრობ არ გაუჭირდება ბარსას სტილის მორგება პირიქით კიდევაც გაუადვილდება ვინაიდან კონბინავიური ფეხბურთი მისთვის უცხო არ არის..
დავაი აბა ილქაი დაგვანახე შენი კლასი კატალონიაში❤️❤️
მერატომღაც მგონია რომ ამისი საუკეთესო წლები სოტოში დარჩა ბოდიში ვისაც გული შეტკივა გუნდოზე ლევანასაც 40 45 გაქონდა ბავარიაში მაგრამ 30 ვერ აცდა მემგონი წელს აქ რიიიიავიცი აბა ღმერთმა ქნას გაამართლოს კაი შენძრეულია.გვარდიოლაც
კლასნი კაცი და ადამიანი😍
ძალიან პროდუქტიული სეზონი ჰქონდა სიტიში, განაკუთრებით ის მომწონს, რომ დიდ თამაშებში არ იკარგება და მებრძოლი სული აქვს რაც ბარსას ზოგიერთ ფეხბურთელს ცოტა არ იყოს… აკლია. დაამშვენებს გუნდს და დარწმუნებული ვარ ეს ტრანსფერი გაამართლებს
ისე სასიამოვნოდ უწერია ბოლომდე წავიკითხე. საოცარ ფეხბურთელთან ერთად საოცარი ადამიანიც ყოფილა 👌💜 იმედია გაგვახარებს და მართლაც შევხვდებით პეპს ფინალში!
სადაც ჰალანდი გააჩერეს იქ ილქაი იყო ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარე წლევადელი სეზონი🙃
ამ სეზონში განსაკუთრებით დავაფასე, ისეთ რაღაცებს აკეთებდა რომ ყბა ჩამოგივარდებოდა, ძაან კლანსი და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელია, წარმატებები ბარსელონურ კარიერაში💙❤
ასე მთელი გულით სულით გაიხსენებს პეპს ყველა მისი გაწვრთნილი ფეხბურთელი.რაც შეეხება ილქაის ასეთი კაცის ყოლა გუნდში ფუფუნებაა.პედრის ერთი ორად კიდე გაზრდის და მისი კლასი როგორ გამოგვადგება ყველამ ვიცით.წარმატებები გუნდოგანს ახალ კლუბში კლუბთან ერთად😁🙃
ეს კაცი კლოპის დორტმუნდიდან მოყოლებული ძაან მევასებოდა და პეპმა აიყვანა უმაღლეს დონეზეე💘გუნდში გვაკლია ლიგაზე გამოცდილი ფეხბურთელებიი,პიკე,ბუსკეცი,ალბა წავიდნენ,მესი ვერ დაბრუნდა და შემადგენლობაში გვყავს სულ რაღაც 5 ლიგის მომგები ფეხბურთელი,აქედან 2 სათადარიგოა(რობერტო და ალონსო) და ეს კაცი ამ მხრივაც ძაან საჭიროა💘გამოცდილებას,რომ დავანებოთ თავიი,ტიპი ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია ამჟამად,საოცარი მოედნის ხედვით და გოლის ალღოთი და ჩემი აზრით ყველაზე მეტად გოლის გამტანი ნახევარმცველი გვაკლდა ზუსტაად