სეზონის ბოლომდე ყველაზე რთული და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში დღეს გველის. სეზონის ბოლო “ელ კლასიკოს” “კამპ ნოუ” უმასპინძლებს და ეს თამაში ესპანეთის თასის ფინალისტს გამოავლენს.
ბოლო დროს “ბარსას” “კლასიკოებში” საქმე კარგად მისდის, მაშინაც კი, როდესაც დღევანდლის მსგავსად სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. ამის ნათელი დასტური პირველ შეხვედრაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” ანგარიშით 1-0 მოგებული თამაშია. სწორედ იმ მატჩის წყალობით დღეს “ბარსას” ფრეც აწყობს. დღეს არწაგების შემთხვევაში ჩავის გუნდი ესპანეთის თასის ფინალში ითამაშებს.
სათამაშო ფორმა
ლა ლიგის ბოლო ტურში ორივე გუნდმა ისეირნა და დაისვენა, განსაკუთრებით კი ეს “რეალ მადრიდზე” ითქმის. დედაქალაქელებმა “ვალიადოლიდთან” გამართული შეხვედრის პირველივე ტაიმში ანგარიში 4-0 წაიყვანეს და შემდეგ თავს დასვენების უფლება მისცეს, საბოლოოდ კი 6-0 მოიგეს.
მარტივად მოიგო “ბარსელონამაც”. კატალონიელებმა ბოლო ადგილზე მყოფ “ელჩეს” 4-0 სძლიეს, მაგრამ გამანადგურებელი ანგარიშის დასაფიქსირებლად მეორე ტაიმიც დასჭირდათ.
“ბარსელონას” ბოლო 5 თამაში მოგებული აქვს, აქედან 4 მშრალად. ამ 5 მატჩიდან კატალონიელებმა 2 სწორედ “რეალ მადრიდთან” გამართეს.
“ბლანკოსმა” ბოლო 7 შეხვედრიდან მხოლოდ 3 მოიგო, რაშიც თავისი წვლილი “ბლაუგრანასაც” მიუძღვის. დანარჩენი 4 თამაშიდან 2 მადრიდელებმა სწორედ კატალონიელებთან ჩაატარეს და ორივე წააგეს.
მადრიდულ გუნდს დასასვენებლად ერთი დღით ნაკლები ჰქონდა, თუმცა კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ბოლო მატჩი საკუთარ მოედანზე ჩაატარეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეტოქისგან განსხვავებით მათ მგზავრობა არ მოუხდათ.
დანაკლისი
“ბარსელონას” საკადრო პრობლემები უფრო და უფრო უმძაფრდება. დღევანდელ მატჩს ტრავმების გამო უსმან დემბელე, პედრი, ანდრეას კრისტენსენი და ფრენკი დე იონგი დააკლდებიან.
კარგი ამბავი ისაა, რომ ლა ლიგაში დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გვიბრუნდება კარგად დასვენებული რაფინია. დღეს “რეალ მადრიდი” იძულებული იქნება, შეუტიოს, რაც “ბარსას” კონტრშეტევების შანსს მისცემს, ასეთ დროს კი სწრაფი გარემარბი ძალიან მნიშვნელოვანია.
სტუმართა ერთადერთი დანაკლისი ფერლან მენდის არყოფნაა.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” ერთმანეთის პირისპირ სულ 290-ჯერ უთამაშიათ. “ბლაუგრანას” 120 მოგება, 62 ფრე, 105 მარცხი, 499 გატანილი და 463 გაშვებული გოლი დაუგროვდა.
თუ მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებს ჩავთვლით, ძალიან მცირე უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა – 251 თამაშში 101 მოგება, 52 ფრე, 100 მარცხი, 420 გატანილი და 415 გაშვებული გოლი. დღეს მოგების შემთხვევაში “ბარსელონა” “რეალ მადრიდს” ოფიციალურ მატჩებში მოგებებით გაუთანაბრდება.
ესპანეთის თასზე გამართულ 36 შეხვედრაში “ბარსელონას” 16 მოგება, 8 ფრე და 12 წაგება აქვს.
ბარსელონაში 120 “ელ კლასიკო” გამართულა, საიდანაც 64 მასპინძლებმა მოიგეს, 29 სტუმრებმა, ხოლო 27 თამაში ფრედ დასრულდა.
ბოლო წლებში “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” “რეალ მადრიდის” დამარცხებას ვერაფრით ახერხებდა. ბოლო 8 წლის განმავლობაში ამ სტადიონზე 9 “ელ კლასიკო” იყო გამართული, საიდანაც “ბარსას” მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული. ეს 2018 წელს მოხდა, როდესაც მასპინძლებმა სტუმრები 5-1 გაანადგურეს. მას შემდეგ გამართულ 4 თამაშში “ბლაუგრანას” 2 ფრე და 2 მარცხი ჰქონდა. თუმცა ნავსი 2 კვირის წინ გატყდა, როდესაც ლა ლიგის “კლასიკოში” “ბლაუგრანამ” “ბლანკოსი” 2-1 დაამარცხა.
არბიტრი
შეხვედრას ხუან მარტინეს მუნუერა განსჯის.
მარტინეს მუნუერა 40 წლისაა. მან მსაჯობა 2006 წელს დაიწყო. 2010 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2013 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.
კარიერის განმავლობაში მუნუერა თამაშში საშუალოდ 26.7 ჯარიმასა და 0.30 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.6 ყვითელ და 0.2 წითელ ბარათს უჩვენებს. მარტინეს მუნუერას მიერ განსჯილი თამაშების 49%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 29%-ში – სტუმრები.
“ელ კლასიკოში” მუნუერას 2-ჯერ უმსაჯია. 2020 წელს ბარსელონაში “რეალ მადრიდმა” 3-1 მოიგო, 2022 წელს კი კატალონიელებმა მადრიდში მეტოქე 4-0 გაანადგურეს.
ხუან მარტინეს მუნუერას სტატისტიკა “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდის” თამაშებში:
| ბარსელონა | რეალ მადრიდი | |
| თამაში | 32 | 32 |
| მოგება | 22 | 19 |
| ფრე | 6 | 6 |
| წაგება | 4 | 7 |
| მოგების % | 69% | 59% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 6 | 7 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 3 | 4 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 3 | 2 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 1 |
გამორჩეული ფეხბურთელები
დღესაც რონალდ არაუხოსა და ვინისიუს ჟუნიორის დაპირისპირება უნდა გამოვარჩიოთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წინა “კლასიკოში” “რეალ მადრიდი” ბრაზილიელის აქტიურობითა და ურუგვაელის ავტოგოლით დაწინაურდა.
რონალდ არაუხოსა და ვისინისიუს ჟუნიორის დაპირისპირება “ელ კლასიკოს” ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა. ბრაზილიელი მარცხენა გარემარბი დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, კარლო ანჩელოტი კი მას სულაც საუკეთესოდ მიიჩნევს, თუმცა არაუხოს წინააღმდეგ მას არაფერი გამოსდის.
ბოლო “ელ კლასიკოებში” ჩავი ურუგვაელს დაცვის მარჯვენა ფლანგზე აყენებს, მიზეზი კი სწორედ ვინისიუსის განეიტრალებაა. ასეთი რამ სულ 4-ჯერ მოხდა და “ბარსამ” სამივე ეს თამაში მოიგო. შუალედში ერთი “ელ კლასიკო” იყო, რომელიც ურუგვაელმა მცველმა ტრავმის გამო გამოტოვა და ეს შედეგზეც აისახა – ბოლო 5 “კლასიკოდან” ეს ერთადერთია, რომელიც “რეალ მადრიდმა” მოიგო.
ბოლო 4 “კლასიკო”, რომელშიც არაუხომ ითამაშა, “ბარსელონამ” მოიგო, ხოლო ბოლო 4, რომელიც ურუგვაელმა გამოტოვა – წააგო.
სტატისტიკა
- ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 20 თამაშიდან 17-ში სამი ან მეტი გოლი გადიოდა;
- “ბარსელონამ” ბოლო 5 “ელ კლასიკოდან” 4 მოიგო;
- “ბარსელონამ” ბოლო 3 “ელ კლასიკო” მოიგო;
- “რეალ მადრიდი” ბოლო 10 “ელ კლასიკოში” კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
- ბოლო 9 “ელ კლასიკოდან” რვაში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- ბოლო 6 “ელ კლასიკოდან” ხუთში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ბარსელონას” ბოლო 5 თამაში მოგებული აქვს;
- “ბარსელონა” ბოლო 21 თამაშიდან 19-ში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ბარსელონამ” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში პირველი ტაიმის მოგება მოახერხა;
- “რეალ მადრიდის” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 2.4 ანიჭებენ, რაც მოგების 42%-იან შანსს უდრის, “ბარსელონა” კი ასეთი თამაშების 60%-ს იგებს;
- ტოტალიზატორები “რეალ მადრიდის” მოგებას კოეფიციენტს 2.9 ანიჭებენ, რაც მოგების 34%-იან შანსს უდრის, “რეალ მადრიდი” კი ასეთი თამაშების 67%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
რთული თამაში გველის. ჩვენ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებს ვეთამაშებით.
ჩვენთვის სამაგალითო “რეალ მადრიდთან” სუპერ თასის ფინალსა და ლა ლიგაში “კამპ ნოუზე” გამართული თამაში უნდა იყოს.
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, ალონსო, ბალდე, ბუსკეტსი, რობერტო, კესიე, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
რეალ მადრიდი (4-3-3): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, ნაჩო, კამავინგა, მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, ალონსო, ბალდე, ბუსკეტსი, რობერტო, კესიე, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
რეალ მადრიდი (4-3-3): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, ნაჩო, კამავინგა, ჩუამენი, მოდრიჩი, ვალვერდე, ვინისიუსი, ბენზემა.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, ალონსო, ბალდე, ბუსკეტსი, კესიე, რობერტო, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
რეალ მადრიდი (4-2-3-1): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, ნაჩო, კამავინგა, კროოსი, მოდრიჩი, ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, ალონსო, ბალდე, ბუსკეტსი, კესიე, რობერტო, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
რეალ მადრიდი (4-3-3): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, ნაჩო, კამავინგა, ვალვერდე, მოდრიჩი, როდრიგო, ბენზემა, ვინისიუსი.
პროგნოზი
- WhoScored: 2-1
- Sportsmole: 1-1
- Sportskeeda: 1-1
- 90min: 1-2 (პენალტების სერიაში რეალ მადრიდის მოგება)
ფრე მგონია იქნება, შტეგენისთვის უკეთესია თუ 0-0 დამთავრდება.
დემბელე-პედრის არ ყოფნას მივეჩვიეთ, მაგრამ დე იონგის გარეშე ბოლოს როდია ვითამაშეთ გახსოვთ?
საშინლად გაგვიჭირდება. ოთხი ძირითადის ფეხბურთელი გვაკლია. უსტაბილურესი კრისტენსენი,რომელიც დაცვაში არაუხოს და კუნდე არაფრით ჩამოუვარდება. პედრი,რომლიც კრეატივის მთავარი შემიმტანია+ბურთის კონტროლი,ამოტანა,პრესინგი. დე იონგი ბურთის დაცვიდან ამომტანი,ასევე კრეატიული და მუშა ფეხბურთელი და ბოლოს დრმბელე,რომელიც კლუბის საუკეთესო გარემარბია. ამ ფეხბურთელების გარეშე თუ მოვიგეთ იქნება ძალიან მაგარი,ჩათვალეთ განაცხადი იქნება,რომ ესპანეთში მეფეები ჩვენ ჩვენ ვართ.
დღეს რაფინია გაიტანს,2-2 ან 0-0 ეს თამაში
მინდოდა ამ თამაშს ყველაზე ოპტიმალური ფორმით შევხვედროდით და ყველაზე სუსტი გამოგვდის მგონი :(( აქ კრახი, უბრალოდ დასანანი კიარა, გულის ამოსაგლეჯად საწყენი იქნება. დიდი დღეა დღეს დიდიიიი, სასტვენის ბოლო წამამდე უნდა ვიომოთ ლომფხვებო !!!!
ეს არის ისეთი თამაში რის გამოც ბევრი რამ წყდება. ვიტყვი რომ ეს ჟანგიანი თასი დიდად ორივეს კიდია აქ უფრო სხვა რამე წყდება.. ბარსამ რომ მოიგოს გამოდის რომ რეალს ყველაფერი მოუგო და რეალმა ამ წაგებით არაა გამორიცხული სეზონი ტასების გარეშე დარჩეს რაც საშინელი სეზონი გამოუვა. ასე რომ აქ უბრალო თასის თამაში კი არა არამედ პრინციპის თამაში უფრო არის
ფინალია ჩათვალეთ რა, ვინც მოიგებს ის იგებს კოპასაც. ჩავის სტილიდან გამომდინარე მერჩივნა წინა თამაში 0-0 მორჩენილიყო. ეხლა ხოვიცი ჩააყენებს დაცვაში გუნდს და არც გაიხედება წინ.
2-0 თუ წავიყვანეთ მერე ჩააყენოს გუნდი დაცვაში კიბატონო მაგრამ 1-0 ზეც არ უნდა გაბედოს ეგ
ყველაზე მთავარი მომენტი უნდა მოვიგოთ ძაან მნიშვნელოვანი მატჩია