მალიორკა-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

მალიორკა-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

სეზონის ყველაზე რთული მონაკვეთი იწყება – ძალიან შემჭიდროებული კალენდარი, ძალიან რთული თამაშები და ძალიან დიდი დანაკლისი. თუმცა ამის მიუხედავად მაინც კარგ განწყობაზე ვართ, რადგან “ბარსელონას” თამაშს ისევ ვიხილავთ. რამდენი ხანია, აღარ გვყოლია გუნდი, რომლის თამაშსაც ასე მოუთმენლად ველით.

გასულ ზაფხულში “ბარსელონამ” სატრანსფერო ფანჯარაზე ორი მიმართულებით იმუშავა – 1) მოიყვანა მაღალი დონის ფეხბურთელები; 2) გუნდი დატვირთული გრაფიკისთვის მოამზადა. ამდენი ხანი ის გვაძლევდა იმედს, რომ ძალიან ღრმა შემადგენლობა გყავს, თითო პოზიციაზე მინიმუმ 2 მაღალი დონის ფეხბურთელით. დროა, ეს მოლოდინები საქმეში გამოიცადოს. მართალია, დაცვის მარჯვენა ფლანგზე 2 კი არა, 3 ფეხბურთელი გამოგვაკლდა, მაგრამ გათვლა სწორედ ის იყო, რომ ასეთი რთული პერიოდებისთვის გაგვეძლო. ახლა გამოჩნდება, რა ბიჭები ვართ!

სათამაშო ფორმა

სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდების სათამაშო ფორმაზე საუბარი ძნელია. “ბარსელონას” ასეთი პაუზების შემდეგ ყოველთვის უჭირდა, მაშინაც კი, როდესაც კატალონიელებს მსოფლიოში ულაპარაკოდ საუკეთესო გუნდი ჰყავდათ. მაგრამ მაინც გავიხსენოთ, როგორ მივიდნენ გუნდები სანაკრებო პაუზამდე.

“ბარსელონას” ლა ლიგაში წაგება არ აქვს. კატალონიელების ანგარიშზე ყველაზე მეტი გატანილი და ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლია. ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში კი “ბლაუგრანა” 2021 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ, ანუ თითქმის ერთი წელია, არ აგებს. ჩავის ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში წაგება საერთოდ არ აქვს; მისმა გაწვრთნილმა “ბარსამ” 17 შეხვედრიდან 5 ფრედ დაასრულა, ხოლო 12 მოიგო, მათ შორის მიმდინარე სეზონის სამივე თამაში.

ლა ლიგის პირველ ტურში ქულების დაკარგვის შემდეგ “ბარსა” ყველა მეტოქეს დიდი ანგარიშით ამარცხებს: 4-1, 4-0, 3-0, 4-0, 3-0. აღსანიშნავია ისიც, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს გოლი უკვე 4 თამაშია, არ გაუშვია.

“მალიორკა” ლა ლიგის 6 ტურის შემდეგ 8 ქულით ცხრილის შუაში, მე-10 პოზიციაზეა. კუნძულელებს მიმდინარე სეზონში საკუთარ კედლებში გამართულ 3 თამაშში თითო მოგება, ფრე და მარცხი აქვთ. ხავიერ აგირეს გუნდს გოლის გატანა უჭირს, ამ მხრივ “მალიორკა” ლა ლიგაში ბოლოდან მე-5 ადგილზეა. მიმდინარე სეზონში ამ გუნდმა ერთზე მეტი გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ მოახერხა.

დანაკლისი

“ბარსელონას” დანაკლისზე უკვე ყველამ ყველაფერი იცის. ჩავის არაუხო, კუნდე, ბელერინი, დე იონგი და დეპაი არ ეყოლება. კარგი ამბავია სერჟი რობერტოს დაბრუნება, მაგრამ მისი სასტარტოში ხილვა მოსალოდნელი მაინც არაა.

მასპინძლებს ნდიაიე, გრეიფი და კადევერე არ ეყოლებიან, მაგრამ სერიოზულ დანაკლისს ვერცერთ მათგანს ვუწოდებთ.

ურთიერთშეხვედრები

ურთიერთშეხვედრებში, რა თქმა უნდა, “ბარსელონას” დიდი უპირატესობა აქვს. 69 თამაშიდან კატალონიელებმა 40 მოიგეს, 12 ფრედ დაასრულეს და 17 დათმეს, გაიტანეს 138 და გაუშვეს 75 გოლი.

“ბარსელონას” “მალიორკასთან” გამართულ ბოლო 12 თამაშში წაგება არ აქვს, ხოლო უკანასკნელი 9 შეხვედრა კატალონიელებმა მოიგეს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ წინა სეზონში “ბარსას” გაუჭირდა და ორივე თამაში მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით მოიგო.

“მალიორკამ” “ბარსელონა” ბოლო 2009 წელს, ლა ლიგის 36-ე ტურში დაამარცხა. იმ მატჩში, წაგების მიუხედავად, “ბარსა” ესპანეთის ჩემპიონი გახდა, რადგან იმავე ტურში მდევარი “რეალ მადრიდიც” დამარცხდა.

“მალიორკასთან” სტუმრად გამართულ 34 თამაშში “ბარსელონას” 17 მოგება, 4 ფრე და 13 წაგება დაუგროვდა. “ბლაუგრანას” პალმა დე მალიორკაზე თამაში მე-20 საუკუნეში ძალიან უჭირდა და უმეტესად აგებდა კიდეც, მაგრამ 21-ე საუკუნეში გამართულ 15 მატჩში “ბარსას” 12 მოგება, 2 ფრე და მხოლოდ ერთი, უკვე ნახსენები წაგება აქვს. ამ სერიამდე კი მე-20 საუკუნის ბოლოს ზედიზედ 4 მარცხი იყო.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” “მალიორკასთან” სტუმრად გამართული ბოლო 6 თამაში მოიგო და აქედან 5 ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

“მალიორკას” მთავარი მწვრთნელისთვის, ხავიერ აგირესთვის “ბარსელონა” კარიერაში ყველაზე რთული მეტოქეა. 25 თამაშიდან მან “ბლაუგრანას” მხოლოდ 2 მოუგო, 19-ჯერ კი გამარჯვებულები კატალონიელები გამოვიდნენ. აგირემ “ბარსა” ბოლოს 2008 წელს, “ატლეტიკოში” მუშაობის შემდეგ დაამარცხა, მას შემდეგ კი მექსიკელს “ბლაუგრანასთან” ზედიზედ 13 მარცხი აქვს.

არბიტრი

თამაშს 38 წლის არბიტრი ხესუს ხილ მანსანო განსჯის.

ხილ მანსანომ მსაჯობა 2001 წელს დაიწყო. 2006 წელს ის ესპანეთის მე-3 დივიზიონში დაწინაურდა, 3 წლის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში, ხოლო 2012 წელს პრიმერაში.

მოქმედ მსაჯებს შორის ის ლა ლიგაში მე-3 ყველაზე გამოცდილია, თუმცა წლის საუკეთესო არბიტრად არასდროს დასახელებულა.

კარიერის განმავლობაში ხილ მანსანო თამაშში საშუალოდ 27.1 ჯარიმასა და 0.43 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.1 ყვითელ და 0.24 წითელ ბარათს უჩვენებს.

ხესუს ხილ მანსანოს სტატისტიკა “მალიორკასა” და “ბარსელონა” თამაშებში:

მალიორკა ბარსელონა
თამაში 4 31
მოგება 1 18
ფრე 2 7
წაგება 1 6
მოგების % 25% 58%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 0 6
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 3 5
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 1 6
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 0 8

სტატისტიკა

  • “ბარსელონას” “მალიორკასთან” ბოლო 9 თამაში მოგებული აქვს;
  • “ბარსელონას” “მალიორკასთან” 21-ე საუკუნეში სტუმრად გამართულ 15 თამაშში მხოლოდ 1 წაგება აქვს;
  • “ბარსელონამ” “მალიორკას” ბოლო 6 გასვლითი თამაში მოუგო, აქედან 5 მშრალად;
  • “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 18 გასვლით თამაშში წაგება არ აქვს;
  • ჩავის ლა ლიგის გასვლით თამაშში არასდროს წაუგია;
  • “ბარსელონამ” ლა ლიგის მიმდინარე სეზონის სამივე გასვლითი თამაში მოიგო;
  • ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონას” წაგება არ აქვს;
  • ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონამ” ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ყველაზე ნაკლები გაუშვა;
  • “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 5 თამაში 3 ან მეტი ბურთის სხვაობით აქვს მოგებული;
  • “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 4 თამაშში გოლი არ აქვს გაშვებული;
  • ლა ლიგაში “ბარსელონას” ბოლო 11 გასვლითი თამაშიდან ცხრაში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებიდან რვაში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “მალიორკას” “ბარსელონასთან” გამართულ ბოლო 20 თამაშში კარი მშრალად არ აქვს შენახული;
  • ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებაში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
  • “მალიორკა” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “მალიორკას” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “მალიორკას” ბოლო 8 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.36 ანიჭებენ, რაც მოგების 74%-იან შანსს უდრის,  “ბარსა” კი ასეთი თამაშების 79%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

რთული მატჩი გველის, რადგან სტუმრად ვთამაშობთ, ხავიერ აგირეს კი თავისი გუნდებით მაქსიმუმის ჩვენება შეუძლია. მარტივი არ იქნება, რადგან მეტოქე ბევრ გოლს არ უშვებს. გარდა ამისა სანაკრებო პაუზების შემდეგ ისტორიულად გვიჭირს. 

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, კრისტენსენი, პიკე, გარსია, ბუსკეტსი, პედრი, გავი, ბალდე, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.

Mundo Deportivo

ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, გარსია, პიკე, ალონსო, ბუსკეტსი, გავი, პედრი, ბალდე, რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალონსო, პიკე, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, გავი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კრისტენსენი, გარსია, ალონსო, ბუსკეტსი, პედრი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.

პროგნოზი

  • WhoScored: 1-3
  • Sportsmole: 1-2
  • Sportskeeda: 1-3
  • 90min: 0-2
  • Squawka: 0-2

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (12)

  • me da barca
    26 სექ 2023, 20:42

    სულ 2 მატჩი ჩაატარა სახლში (0:0 – 0:1) იმედია ამ მშრალ სერიას დღესაც არ დაარღვევენ და მერე გინდა 8 გოლი გაიტანონ 1 მატჩში.

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: PavleG
    ვირცზე დაიწერა რამდენიმე წყაროსგან რომ ბარსელონას სურს შეძენა და აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას, საიტზე კიდე არაფერი წერია ამის შესახებ 😁


    ლო ჩელსოზეც დაიწერა და გვიდოზეც იანვარშივეო, მარა აქ აღარაფერი იწერება. ინერციით შემოვდივარ თორე მკვდარია ეს საიტი რა ხანია


    ერთი პერიოდი დღეში იმდენი სიახლე იდებოდა, რამდენიც ახლა 2 კვირაში.
    საკმარისია 3 დღეში ერთხელ შემოხვიდე, წაიკითხო 4-5 ნიუსი და მორჩა.

  • Rolex
    26 სექ 2023, 18:04

    ციტატა: araujo4
    არავის ტრავმა არაა სასიხარულო, მაგრამ არდა გიულერზე ალალი მგონია კიდე რო დაიმტვრა. ცოდვები))


    პერესი დამანახა ერთი სიამოვნება იქნება დაჭეჭყილი სიფათის ყურება😃

  • DesmondHume
    26 სექ 2023, 17:24

    ციტატა: araujo4
    არავის ტრავმა არაა სასიხარულო, მაგრამ არდა გიულერზე ალალი მგონია კიდე რო დაიმტვრა. ცოდვები))


    ზუსტად ერთი საათის წინ მეგობარს ვეუბნები გიულერი დაბრუნდა ტრავმიდან და იმედია პირველივე თამაშში შეაგდებენ რო ადაპტაცია ვერ გაიაროს მეთქი. ისე აგიხდა ყველაფერი, შეაგდებენ კიარა კიდე დაილეწა ეგ საწყალი :დდდ

  • araujo4
    26 სექ 2023, 17:14

    არავის ტრავმა არაა სასიხარულო, მაგრამ არდა გიულერზე ალალი მგონია კიდე რო დაიმტვრა. ცოდვები))

  • nika 54
    26 სექ 2023, 16:32

    საკუთარ კედლებში გამართულ ორ შეხვედრაში "მალიორკას" ჯერ გოლი არ გაუტანია.
    იმედი მაქვს ვერც დღეს გაიტანს.

  • Rick Sanchez
    26 სექ 2023, 15:44

    დაცვის ცენტრის გადახალისებას ველი.

  • Don_Andresito
    26 სექ 2023, 15:35

    ციტატა: PavleG
    ვირცზე დაიწერა რამდენიმე წყაროსგან რომ ბარსელონას სურს შეძენა და აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას, საიტზე კიდე არაფერი წერია ამის შესახებ 😁


    ლო ჩელსოზეც დაიწერა და გვიდოზეც იანვარშივეო, მარა აქ აღარაფერი იწერება. ინერციით შემოვდივარ თორე მკვდარია ეს საიტი რა ხანია

  • C.PC5
    26 სექ 2023, 13:51

    ახლა რეალთან ჰანდიკაპის შენარჩუნება ცხრილში მნიშვნელოვანია, გაუჭირდებათ ფრენკის გარეშე მაგრამ უნდა მოახერხონ და მოიგონ რამენაირად, ალბათ ისევ გავი შეითავსებს ბურთის ამოტანას, გუნდოგანი ისევ წინ იქნება ბოლო პასზე, თან მეტნაკლებად კარგად გამოუვიდა გავის წინა თამაშში ფრენკის ჩანაცვლება.

  • Griezzy7
    26 სექ 2023, 13:19

    ციტატა: PavleG
    ვირცზე დაიწერა რამდენიმე წყაროსგან რომ ბარსელონას სურს შეძენა და აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას, საიტზე კიდე არაფერი წერია ამის შესახებ 😁


    ოღონდ ეგ ბიჭი მოიყვანონ და მეტი არაფერი მიინდა. დე იონგი გავი პედრი ვირცი და ერთი საყრდენი ნახევარმცველი რომ მოგვაყვანინა, მინიმუმ 8 წელი ნახევარმცველის შეძენა არც მოგვიწევს .

  • PavleG
    26 სექ 2023, 12:50

    ვირცზე დაიწერა რამდენიმე წყაროსგან რომ ბარსელონას სურს შეძენა და აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას, საიტზე კიდე არაფერი წერია ამის შესახებ 😁

  • cruyff9
    26 სექ 2023, 11:41

    უეჭველი მოსაგებია

  • nika 54
    01 ოქტ 2022, 19:49

    ასეა თუ ისე, წაგება არაფრის დიდებით არ შეიძლება. რეალს ვეღარც დავინახავთ ისე გაიქცევა.