არგენტინა-ბრაზილია - მატჩისწინა მიმოხილვა

არგენტინა-ბრაზილია - მატჩისწინა მიმოხილვა

ამაღამ დიდი მატჩია - კოპა ამერიკის საოცნებო ფინალი, არგენტინა ბრაზილიის წინააღმდეგ. თამაში, რომელსაც თან არაერთი ინტრიგა ახლავს და რომელიც ლეო მესისთვის სანაკრებო ტიტულის მოგების ერთ-ერთი ბოლო შანსია, თუ არა ბოლო.

თუ ვიტყვით, რომ არგენტინისა და ბრაზილიის შეხვედრა ყველაზე პრინციპული სანაკრებო დაპირისპირებაა, ეს სიმართლისგან დიდად შორს არ იქნება. "სუპერკლასიკო" - ასე მოიხსენიებენ სამხრეთ ამერიკული გიგანტების თამაშს.

მოგების შემთხვევაში არგენტინა კოპა ამერიკის ისტორიაში საუკეთესო გუნდი გახდება. "ალბისელესტე" ყველა მაჩვენებელში საუკეთესოა - მოგებული თამაშები, გატანილი გოლები, ბურთების სხვაობა, აღებული მედლები... ერთადერთი, რაშიც არგენტინა პირველი არაა, ეს ოქროს მედლებია. ურუგვაის კოპა ამერიკა 15-ჯერ აქვს მოგებული, არგენტინას კი - 14-ჯერ. მე-3 ადგილზე ბრაზილიაა მხოლოდ 9 მოგებით.

ბარსელონა

ფინალში "ბარსელონა" ოფიციალურად 2 ფეხბურთელით იქნება წარმოდგენილი, ორივე მათგანი მატჩს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ერთ-ერთი სკამზევე დაასრულებს. საუბარი ბრაზილიის მარჯვენა მცველ ემერსონსა და არგენტინის შემტევ სერხიო აგუეროზე გვაქვს. "ბარსამ" ორივე მათგანი ცოტა ხნის წინ დაიმატა, კატალონიურ კლუბში მათ ჯერ არც კი უვარჯიშიათ, მაგრამ ოფიციალურად "ბლაუგრანას" ფეხბურთელებად ითვლებიან.

სამაგიეროდ ოფიციალურად "ბარსელონას" მოთამაშედ აღარ ითვლება ლიონელ მესი, თუმცა ცნობილია, რომ მასსა და კლუბს შორის ახალი კონტრაქტის დეტალებზე სრული შეთანხმება არსებობს და ფინანსური ფეარ ფლეის მოგვარების შემდეგ ლეო ისევ "ბარსას" მოთამაშე გახდება. სწორედ მესია იმის მიზეზი, რომ "ბარსელონას" გულშემატკივრების დიდი ნაწილი არგენტინას გულშემატკივრობს.

სათამაშო ფორმა

ფინალში თამაში იმას ნიშნავს, რომ გუნდებს კარგი შედეგები აქვთ. არგენტინამ მიმდინარე გათამაშების პირველი თამაში ჩილესთან ფრედ ითამაშა, შემდეგ ზედიზედ 4 მატჩი მოიგო (აქედან 3 მშრალად), ნახევარფინალში გამარჯვებისთვის კი "ალბისელესტეს" თერთმეტმეტრიანების სერია დაჭირდა.

არგენტინას 19 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, საიდანაც გუნდმა 8 ფრედ დაასრულა.

ბრაზილიას კიდევ უფრო კარგი შედეგები აქვს. ბრაზილიელებმა კოპაზე გამართული 6 თამაშიდან 5 მოიგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს. "პენტაკამპეონებმა" ამ 6 შეხვედრიდან ოთხში კარი მშრალად შეინახეს, მათ შორის ფლეი ოფის ორივე თამაშში, რომლებიც 1-0 მოიგეს.

ბრაზილიის წაუგებელი სერია 13 თამაშს ითვლის, საიდანაც "სელესაომ" 12 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

ფორმა და თამაში არცერთს დაეწუნება...

მესი vs ნეიმარი

შეხვედრას თან დამატებითი ინტრიგა ახლავს - ლიონელ მესი ნეიმარის წინააღმდეგ. მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს პირველი სერიოზული სანაკრებო ტიტულისთვის შეერკინებიან. მესის მსგავსად სანაკრებო მიღწევებით დიდად ვერც ნეიმარი დაიკვეხნის. მის მონაგარში მხოლოდ ერთი კონფედერაციის თასია, რომელიც ნეიმ 2013 წელს მოიგო. კოპა ამერიკის წინა გათამაშებაში ბრაზილიამ კი იმარჯვა, მაგრამ ნეიმარის გარეშე.

ეს ფეხბურთელები ერთმანეთს აქამდე 5-ჯერ შეხვედრიან, აქედან 4-ჯერ სანაკრებო დონეზე. პირველი 3 დაპირისპირების მესის მიერ მოგების შემდეგ ბოლო 2 შემთხვევაში გამარჯვებული ნეიმარი გამოდგა. ერთადერთი ფინალი კი მესიმ მარტივად მოიგო - მისმა "ბარსელონამ" ნეიმარის "სანტოსი" 4-0 გაანადგურა. ამ 5 მატჩში მესიმ თავი 6 გოლით გამოიჩინა, ხოლო ნეიმარმა 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით.

ბრაზილია მესის ერთ-ერთი საყვარელი მეტოქეა. "პენტაკამპეონების" წინააღმდეგ ლეოს 11 მატჩში 5 გოლი დაუგროვდა. ცოცხალ ადამიანთა შორის ბრაზილიის კარში ამდენი გოლი არავის აქვს გატანილი, მესის კი ამაზე მეტჯერ მხოლოდ ეკვადორის კარი აუღია.

ცუდი სტატისტიკა არც ნეიმარს აქვს - არგენტინასთან ჩატარებულ 10 მატჩში 3 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა. მოქმედ ფეხბურთელთა შორის ეს მე-2 საუკეთესო შედეგია ბოლივიელ მარსელო მორენოს შემდეგ.

რაც შეეხებათ მესისა და ნეიმარს, როგორც თანაგუნდელებს. "ბარსელონაში" მათ ერთად 161 თამაში აქვთ ჩატარებული, საიდანაც 120 მოიგეს, 19 ფრედ დაასრულეს და 22 წააგეს. მესიმ და ნეიმარმა მონაწილეობა 56 გოლში მიიღეს. მესის კარიერაში ეს მე-2 შედეგია ლუის სუარესის (99 გოლი) შემდეგ, ხოლო ნეიმარისთვის მესი კარიერაში საუკეთესო პარტნიორია.

ლიონელ მესი მიმდინარე გათამაშების გამოკვეთილად საუკეთესო ფეხბურთელია. მას აქვს ყველაზე მეტი გოლი, საგოლე გადაცემა, Key პასი (პასი, რომელსაც დარტყმა მოჰყვა) და დრიბლინგი. ნეიმარი დრიბლინგებში, Key პასებსა და საგოლე გადაცემებში მე-2 ადგილზეა, სამაგიეროდ ის პირველია შექმნილ საგოლე მომენტებში.

დანაკლისი

გადაწყვეტილი მხოლოდ ისაა, რომ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ბრაზილიელი შემტევი გაბრიელ ჟეზუსი დააკლდება. ის "სელესაოს" სასტარტო შემადგენლობის წევრად მოიაზრებოდა.

მთავარი კითხვა კი ისაა, ითამაშებს თუ არა არგენტინელთა ცენტრალური მცველი კრისტიან რომერო. 23 წლის უკანახაზელმა მიმდინარე გათამაშებაში 2 მატჩი ჩაატარა და მისმა გუნდმა ორივე შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა. ლიონელ სკალონი რომეროს სასტარტოს წევრად მოიაზრებს, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, მოასწრებს თუ არა ფეხბურთელი ფინალისთვის გამოჯანმრთელებას.

ურთიერთშეხვედრები

არგენტინა და ბრაზილია ერთმანეთს 108-ედ დაუპირისპირდებიან. წინა 107 შეხვედრაში უპირატესობა ბრაზილიას აქვს - 43 მოგება, 25 ფრე და 39 მარცხი. "სელესაოს" უპირატესობაა გოლების შეფარდებაშიც - 177-161. ცნობისთვის, არგენტინას ბურთების ასეთი ცუდი ბალანსი სხვა არცერთ ნაკრებთან არ აქვს.

მოგების სერია არცერთ გუნდს აქვს. ბოლო თამაში არგენტინამ მოიგო, მანამდე 2 ბრაზილიამ. ამ გუნდების ბოლო 5 შეხვედრაში გატანას მხოლოდ ერთი გუნდი ახერხებდა - 3-ჯერ ბრაზილია და 2-ჯერ არგენტინა. ბოლო შემთხვევა, როდესაც გოლი ორივე გუნდმა გაიტანა, 2015 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაფიქსირდა.

ბოლო შემთხვევა, როდესაც "სუპერკლასიკოში" სტუმარმა გუნდმა გაიმარჯვა, 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბრაზილიამ არგენტინაში 3-1 მოიგო. არგენტინამ კი ბრაზილია მისსავე მოედანზე ბოლოს 1998 წელს, ამხანაგურ მატჩში დაამარცხა, რომელიც ასევე მარაკანაზე გაიმართა.

კოპა ამერიკაზე ამ გუნდებს ერთმანეთთან 33-ჯერ უთამაშიათ. აქ უპირატესობა არგენტინას აქვს - 15 მოგება, 8 ფრე, 10 მარცხი, 52 გატანილი და 40 გაშვებული გოლი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ "ალბისელესტემ" "სელესაოსთან" კოპაზე გამართული ბოლო 5 თამაში წააგო, აქედან ბოლო 2 მშრალად. არგენტინელთა უკანასკნელი მოგება 1993 წლით თარიღდება, როდესაც 1/4 ფინალის ბედი თერთმეტმეტრიანებმა გადაწყვიტა. საინტერესოა, რომ სწორედ ისაა არგენტინელთა ჯერჯერობით ბოლო ტიტული.

არბიტრი

შეხვედრას 39 წლის ურუგვაელი არბიტრი ესტებან ოსტოიჩი განსჯის, რომელსაც ასეთ დონეზე მსაჯობის დიდი გამოცდილება ნამდვილად არ აქვს.

ოსტოიჩი ურუგვაის ჩემპიონატში 2013 წლიდან მსაჯობს, FIFA-ს არბიტრის წოდება კი მან 2016 წელს მიიღო. ესტებანი, ბოლო წლებში, საერთაშორისო დონეზე ძირითადად ვიდეორეფერის ფუნქციას ასრულებდა.

ოსტოიჩს როგორც არგენტინის, ასევე ბრაზილიის მატჩში თითოჯერ უმსაჯია და თავიანთი შეხვედრები ორივე გუნდმა მოიგო. 2018 წელს არგენტინამ მექსიკა ამხანაგურ შეხვედრაში დაამარცხა, მიმდინარე გათამაშებაში კი ბრაზილიამ ვენესუელას 3-0 სძლია.

მწვრთნელების კომენტარები

ლიონელ სკალონი

ფინალს საუკეთესო ფორმაში ვხვდებით. ძალიან მიხარია, რომ ვხელმძღვანელობ ფეხბურთელებს, რომლებმაც აჩვენეს, რომ ნამდვილად იციან, თუ როგორ უნდა დაიცვან ქვეყნის ღირსება. მათ გამო ძალიან ამაყი ვარ. ყველა არგენტინელმა რომ იცოდეს, რას ფიქრობენ ფეხბურთელები, ისინიც ამაყები იქნებოდნენ.
მარაკანაზე თამაში? ეს ფინალია. ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც ვითამაშებდით ბუენოს აირესში, სანტიაგოში ან სადმე სხვაგან. ეს ლეგენდარული სტადიონია და უნდა ვიფიქროთ, რომ შეხვედრა ნეიტრალურ არენაზე ტარდება.
მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა მესი ტიტულს, ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად დარჩება. მას ამის დასამტკიცებლად მოგება არ ჭირდება.

ტიტე

ჩვენ ვიცით, თუ რამდენად დიდი ფეხბურთელები არიან მესი და ნეიმარი. როდესაც მათზე ვსაუბრობთ, ვსაუბროთ ბრწყინვალებაზე, ტექნიკაზე, მენტალურ და ფიზიკურ სიძლიერეზე და კრეატიულობაზე.
ვაპირებთ თუ არა მესისთვის პერსონალური მეურვის მიჩენას? მე ვიცი, როგორ უნდა ვითამაშოთ მესის წინააღმდეგ, მაგრამ არ გეტყვით, თუ არგენტინელები არ გვეტყვიან, როგორ აპირებენ ნეიმარის წინააღმდეგ თამაშს.

საინტერესო ფაქტები

  • ამ გუნდების ბოლო 7 ურთიერთშეხვედრიდან ექვსში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 6 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4-ზე მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • ამ გუნდების ბოლო 5 შეხვედრაში გუნდები 10-ზე ნაკლებ კუთხურს აწოდებდნენ;
  • არგენტინას ბოლო 19 თამაშში წაგება არ აქვს;
  • ბოლო 9 თამაშში არგენტინა ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • ბოლო 7 თამაშში არგენტინა პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
  • ბრაზილიას ბოლო 13 თამაშში წაგება არ აქვს;
  • ბოლო 10 თამაშიდან 9-ში ბრაზილია ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • ბოლო 7 თამაშიდან ხუთში ბრაზილია პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
  • ბრაზილიის ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწოდებდნენ.

სავარაუდო შემადგენლობები

Ole

არგენტინა: მარტინესი, მოლინა/მონტიელი, პესელია, ოტამენდი, ტალიაფიკო/აკუნია, დე პაული, პარედესი/როდრიგესი, ლო სელსო, მესი, ლაუტარო, ნიკო გონსალესი

ბრაზილია: ედერსონი, დანილო, მარკინიოსი, ტ. სილვა, ლოდი, ფრედი, კაზემირო, ევერტონი, პაკეტა, ნეიმარი, რიშარლისონი

პროგნოზი

  • Sportskeeda: 1-2
  • Sportsmole: 1-2
  • Squawka: 2-1

ტრანსლაცია

თამაში თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს აჭარასპორტი გვთავაზობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #9 10 ივლისი 2021 22:41
    3
    მესი, აჭარულად რომ ვთვათ, ამ "სიბერეში თლა გადელდა დაა..., იმფერი გახტაა და ეიწყვიტა კანჭებში, რომ ვინმე გეესხრიკოს, ან ბურთი აართვან მისი გამჩერებელი ჰადმე არ ალიი და..." მესი ფინალს დადებს და მეიგებს უპრობლემოდ!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 10 ივლისი 2021 18:27
    1
    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    ცნობილი ესპანური გამოცემა Marca იუწყება, რომ მადრიდის "რეალმა" ტრანსფერზე კიდევ ერთი ფეხბურთელი დააყენა.

    საქმე, 26 წლის მარცხენა მცველს, ფერლან მენდის ეხება, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება აქვს.

    ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი ხელფასის გაზრდას ითხოვს, რაც "ბლანკოსისთვის" პრობლემას წარმოადგენს.

    ამიტომაც "სამეფო კლუბმა" ფრანგი ამომავალი ვარსკვლავის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

    ამომავალი ვარსკვლავი 😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂

    ფრანგები და ზოგადად შავები ვერ გაძღნენ.
    Culé [?]
    #7 10 ივლისი 2021 17:48
    3
    ერთი თავით მაღლა დგას ბრაზილია ძალიან გაუჭირდება არგენტინას ისევ მესი თუ რამეს იზაამს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 ივლისი 2021 15:39
    5
    ჰაჰა გადაახევს ლეო თავზე ბურთს ამ თავდაჯერებულ კვერცხებს.დროა ძმაო მოიგოს თასი ყველაფერი ისე მიდის,რომ უნდა მოიგოს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #5 10 ივლისი 2021 15:33
    2
    არგენტინას დაცვაში ოტამენდი და შეტევაში გონსალესი უფუჭებს საქმეს, დი მარია და რომერო უკეთესი იქნებოდა თუ მოასწრებენ გამოჯანმრთელებას, მარა თავს თუ შეაკლავენ მაინც მოიგებენ ჩემი აზრით. პირველმა თუ ბრაზილიამ გაუტანა არამგონია მერე რამე გააწყონ, ასე რომ დაცვაში მესის ჩათვლით ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
    Culé [?]
    #4 10 ივლისი 2021 15:10
    1
    ♛BaRcElOnA♛,
    Gamovicnob ჰალამადრიდმა დადო ხო?
    Culé [?]
    #3 10 ივლისი 2021 15:02
    1
    ცნობილი ესპანური გამოცემა Marca იუწყება, რომ მადრიდის "რეალმა" ტრანსფერზე კიდევ ერთი ფეხბურთელი დააყენა.

    საქმე, 26 წლის მარცხენა მცველს, ფერლან მენდის ეხება, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება აქვს.

    ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი ხელფასის გაზრდას ითხოვს, რაც "ბლანკოსისთვის" პრობლემას წარმოადგენს.

    ამიტომაც "სამეფო კლუბმა" ფრანგი ამომავალი ვარსკვლავის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

    ამომავალი ვარსკვლავი 😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂
    Culé [?]
    #2 10 ივლისი 2021 14:56
    5
    დღეს მეფე აიღებს თავის სანაკრებო პირველ ტიტულს ❤❤❤
    ფანი [?]
    #1 10 ივლისი 2021 14:48
    7
    წარმატებები ალბისელესტეს✊✊