იტალია-ესპანეთი - მატჩისწინა მიმოხილვა

იტალია-ესპანეთი - მატჩისწინა მიმოხილვა

ევროპის რიგით მე-16 ჩემპიონატის დასრულებამდე ძალიან ცოტაა დარჩენილი. კონტინენტის პირველობას შემორჩენილ ოთხ გუნდს ტიტულამდე 2 ნაბიჯი აშორებს - ნახევარფინალი და ფინალი.

პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება. ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ესპანეთი და ამ ტიტულს დანატრებული იტალია დაუპირისპირდებიან. ესპანელებს შანსი აქვთ, ევროპის პირველობის ისტორიაში საუკეთესო გუნდი გახდნენ. თუ წელს მათ მოიგეს, ეს მე-4 ტიტული იქნება და ამ მხრივ "ფურია როხა" ერთპიროვნულად გალიდერდება. ამჟამად ესპანეთი პირველობას გერმანიასთან იყოფს. იტალიას კი, იმის მიუხედავად, რომ ბრწყინვალე ნაკრები არაერთხელ ჰყავდა, ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ ერთხელ, ისიც 44 წლის წინ აქვს მოგებული.

ისტორიის მიუხედავად დღეს ფავორიტად იტალია ითვლება.

ბარსელონა

"ბარსელონას" წარმომადგენლები ესპანეთის ნაკრებში ჰყავს. "ფურია როხაში" ჟორდი ალბა, ერიკ გარსია, პედრი გონსალესი და სერხიო ბუსკეტსი თამაშობენ. პედრის, ბუსკეტსა და ალბას დღეს სასტარტოში ვიხილავთ, ერიკ გარსიას კი პაუ ტორესთან კონკურენცია მოუწვს.

სათამაშო ფორმა

არავინ დავობს, რომ მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი იტალიაა. მეორე ნახევარფინალის მონაწილე ინგლისი კი იმუქრება, ტიტული სახლში უნდა წავიღოთო და არცთუ უსაფუძვლოდ - ინგლისს ჯერ გოლიც კი არ გაუშვია, მაგრამ მაინც აშკარაა, რომ ჯერჯერობით საუკეთესო გუნდი იტალიაა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ "სკუადრა აძური" ტიტულს აუცილებლად მოიგებს.

იტალია ერთადერთია, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატზე ყველა თამაში მოიგო. რობერტო მანჩინის გუნდს მხოლოდ ერთხელ, 1/8 ფინალში ავსტრიასთან გაუჭირდა, როდესაც "ლურჯებმა" დამატებითი ტაიმების დახმარებით იმარჯვეს.

ესპანეთის შემთხვევაში საქმე პირიქითაა - "ფურია როხამ" იოლად მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, ჯგუუფურ ეტაპზე, სლოვაკეთთან (5-0). ჯგუფის დანარჩენი 2 მატჩი ფრედ დაასრულა, ფლეი ოფის ორივე შეხვედრაში დამატებითი დრო, ერთხელ კი სულაც პენალტების სერია დასჭირდა.

გუნდების მიერ აქამდე ნაჩვენები შედეგები იტალიის უპირატესობაზე მეტყველებს.

დანაკლისი

იტალია მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. 1/4 ფინალში მძიმე ტრავმა მიიღო ტურნირის ერთ-ერთმა საუკეთეს ფეხბურთელმა, ლეონარდო სპინაცოლმა, რომელსაც დაცვის მარცხენა ფლანგზე ემერსონი შეცვლის.

იტალიელთა რიგებში ასევე საეჭვოა ალესანდრო ფლორენცის თამაში, ესპანეთში კი იგივე სიტუაციაში პაბლო სარაბიაა.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე 37-ჯერ შეხვედრიან. მცირე უპირატესობა ესპანეთს აქვს - 13 მოგება, 13 ფრე, 11 წაგება. ბურთების შეფარდებაში კი სრული თანაფარდობაა - 51-51.

ეს ევროპის ზედიზედ მე-4 ჩემპიონატია, რომელშიც იტალია და ესპანეთი ერთმანეთს ხვდებიან. 2008 წელს 1/4 ფინალში ესპანელებმა პენალტების სერიის წყალობით მოიგეს; 2012 წელს გუნდებმა ჯგუფში 1-1 ითამაშეს, ფინალში კი ესპანეთმა მეტოქე 4-0 გაანადგურა; 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში კი უფრო ძლიერი იტალია აღმოჩნდა - 2-0. უფრო ადრე ევროპის  ჩემპიონატებზე გამართული კიდევ 2 დაპირისპირებიდან 1 "სკუადრა აძურიმ" მოიგო და ერთიც ფრედ დასრულდა.

ცნობისთვის, იტალია-ესპანეთი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხშირი წყვილია. არცერთ სხვა ორ გუნდს ერთმანეთთან 7-ჯერ არ უთამაშია, დღეს კი ეს გუნდები ერთმანეთს მერვედ დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იტალიას ესპანეთი სულ 2-ჯერ ჰყავს დამარცხებული და აქედან ერთხელ ამხანაგურ შეხვედრაში.

გუნდების ბოლო დაპირისპირებები 2016-2017 წლებში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაიმართა. იტალიაში გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, ესპანეთში კი მასპინძლებმა 3-0 მოიგეს.

არბიტრი

შეხვედრას 45 წლის ცნობილი გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი განსჯის.

ბრიხი 1999 წლიდან მსაჯობს, 2004 წლიდან კი ის ბუნდესლიგის შეხვედრებს უძღვება. FIFA-ს არბიტრი ის 2007 წელს გახდა.

მიმდინარე ჩემპიონატზე ბრიხმა უკვე 4 შეხვედრაში იმსაჯა. მას არც წითელი ბარათი უჩვენებია და არც თერთმეტმეტრიანი დაუნიშნავს. ყვითელი ბარათი გერმანელმა მხოლოდ 6-ჯერ ამოიღო, აქედან 5-ჯერ ერთ შეხვედრაში - ბელგია-პორტუგალია. შესაბამისად 4-დან 2 მატჩში ბრიხს ფეხბურთელები საერთოდ არ გაუფრთხილებია.

ამ გუნდების შეხვედრაში ბრიხს ერთხელ უმსაჯია. 2016 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამართული თამაში 1-1 დასრულდა.

იტალიის შეხვედრაში ბრიხს 5-ჯერ უმსაჯია. აპენინელებმა 3 თამაში მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. გერმანელს იტალიის მატჩებში წითელი ბარათები არ უჩვენებია, თერთმეტმეტრიანი კი ერთხელ დანიშნა - ზემოთ ხსენებულ მატჩში, ესპანელთა წინააღმდეგ.

ესპანეთის ნაკრების მონაწილეობით ჩატარებულ შეხვედრაში ფელიქს ბრიხს 2-ჯერ უმსაჯია და ორივე ეს დაპირისპირება ფრედ დასრულდა. წითელი ბარათი არც ამ შემთხვევაში გვიხილავს, თერთმეტმეტრიანი კი 2-ჯერ ვნახეთ - ერთხელ ესპანეთის სასარგებლოდ, ერთხელ კი საწინააღმდეგოდ.

მთელი კარიერის განმავლობაში ფელიქს ბრიხის შედეგები ასეთია: საშუალოდ 28 ჯარიმა თამაშში, საშუალოდ 0.31 პენალტი, საშუალოდ 3.67 ყვითელი ბარათი და საშუალოდ 0.22 წითელი ბარათი.

საინტერესო ფაქტები

  • იტალია და ესპანეთი ევროპის ჩემპიონატებზე აქამდე ერთმანეთს 7-ჯერ შეხვედრიან, რაც რეკორდია;
  • იტალიას 32 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამ 32 შეხვედრიდან "სკუადრა აძურიმ" 27 მოიგო, მათ შორის ბოლო 13;
  • ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან ესპანეთმა ძირითად დროში მხოლოდ 1 მოიგო;
  • ესპანეთის ნაკრებს 13 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • ამ გუნდების ბოლო 6 შეხვედრიდან ხუთში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 10 თამაშიდან 8-ში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • იტალიამ ანგარიშს გახსნა ბოლო 10 თამაშში მოახერხა;
  • იტალიამ ბოლო 7 თამაშიდან ხუთში პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანად მატჩიც;
  • იტალიის ბოლო 7 თამაშში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • იტალიის ბოლო 7 თამაშიდან ექვსში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწოდებდნენ;
  • ესპანეთს ბოლო 7 თამაშიდან ექვსში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • ესპანეთის ბოლო 6 თამაშიდან ხუთში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწოდებდნენ.

სავარაუდო შემადგენლობები

AS

იტალია (4-3-3): დონარუმა, დი ლორენცო, კიელინი, ბონუჩი, ემერსონი, ჟორჟინიო, ბარელა, ვერატი, კიეზა, იმობილე, ინსიენიე

ესპანეთი (4-3-3): სიმონი, ასპილიკუეტა, ლაპორტი, პაუ ტორესი, ალბა, ბუსკეტსი, კოკე, პედრი, ფერან ტორესი, მორატა, ოლმო

Sport

იტალია (4-3-3): დონარუმა, დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი, ჟორჟინიო, ბარელა, ვერატი, კიეზა, იმობილე, ინსინიე

ესპანეთი (4-3-3): სიმონი, ასპილიკუეტა, გარსია, ლაპორტი, ალბა, ბუსკეტსი, კოკე, პედრი, ფერან ტორესი, მორატა, ოლმო

WhoScored

იტალია (4-3-3): დონარუმა, დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი, ვერატი, ჟორჟინიო, ბარელა, კიეზა, იმობილე, ინსინიე

ესპანეთი (4-3-3): სიმონი, ასპილიკუეტა, ლაპორტი, პაუ ტორესი, ალბა, ბუსკეტსი, კოკე, პედრი, ფერან ტორესი, მორატა, ოლმო

Sofascore

იტალია (4-3-3): დონარუმა, დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი, ჟორჟინიო, ბარელა, ვერატი, კიეზა, იმობილე, ინსინიე

ესპანეთი (4-3-3): სიმონი, ასპილიკუეტა, გარსია, ლაპორტი, ალბა, ბუსკეტსი, კოკე, პედრი, მორენო, მორატა, ოლმო

პროგნოზი

  • WhoScored: 2-0
  • Sportskeeda: 2-1
  • Sportsmole: 2-1
  • Squawka: 2-1

ტრანსლაცია

თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გვთავაზობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 6 ივლისი 2021 21:57
    0
    უხ რა პროგნოზებია!!!
    laughing laughing laughing თუ დაგისვათ ესპანეთმა უკუღმა თქვენი კუშები, მერე იზეიმეთ ტოტალიზატორებო!!!
    ლუჩო მიდი, არ გაამდიდრო ეს სანაგვეთი!!!