დღეს 8 მარტია – ქალთა საერთაშორისო დღე. ამიტომაც, “ბარსელონამ” მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს პატივი მიაგო.
კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, “ბარსამ” “კამპ ნოუზე”, “ესტადი იოჰან კრუიფზე”, სიუტატ ესპორტივასა და “პალაუზე”, – მოედნის ცენტრში არსებული რგოლის, მისი გამყოფი ხაზის დახმარებითა და დამატებითი პერპენდიკულარული ხაზის გასმით, – ქალთა სიმბოლო გამოსახა, რომელსაც შემდეგი სლოგანი დაურთო: “ხაზი, რომელიც არ გვყოფს, არამედ – გვაერთიანებს”.
ეს იდეა ალექსია პუტელიასის, პედრი გონსალესისა და ალექს აბრინესის დახმარებით განხორციელდა – მათ მონაწილეობა მოედანზე ზემოაღნიშნული ხაზის დატანაში მიიღეს, რითაც “ბლაუგრანამ” ყურადღება სპორტში ქალთა მნიშვნელობაზე გაამახვილა.
გარდა ამისა, მხარდაჭერა ბარსელონას ქუჩებშიც გავრცელდა. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გზატკეცილზე – ვია ლაიეტანაზე – მდებარე შენობის ფასადზე მდედრობითი სქესის წარმომადგენლების სიმბოლო გამოსახეს. ამ ადგილზე თავს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იყრის. ამით “ბარსელონა” სტადიონიდან გაგზავნილი მესიჯის გაძლიერებას ცდილობს.
მხარდაჭერისა და აღიარების ისტორია
სპორტულ სამყაროში ქალების როლის გაძლიერებაზე “ბარსელონას” ინტერესები მტიცე და ნათელია – ეს ყველაფერი იმ მუშაობაში ჩანს, რომელსაც კლუბი მდედრობითი სქესის წარმომადგენლების დასახმარებლად ყოველწლიურად ახორციელებს: კონკრეტულად კი საუბარია ქალთა ფეხბურთისთვის ყურადღების მიქცევაზე, რაც 50 წელზე მეტს ითვლის.
ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ შეიქმნა თანასწორობისა და ინკლუზიურობის დეპარტამენტი, რომელიც მრავალფეროვნებასა და გენდერულ თანასწორობაზე მიუთითებს. ასევე არსებობს სხვა კოლექტივები, რომლებიც “ბარსას” ოჯახს ქმნიან.
კიდევ ერთი ახალი დეტალი, რომელიც, შესაძლოა, ქალთა სპორტის მუდმივ განვითარებასა და სერვისებს ინვესტიციის სახით დაემატოს, სავარჯიშო ბაზაზე – სიუტატ ესპორტივაზე ახალი ბუნებრივი საფარის დაგებაა, რათა გოგონებმა ვარჯიში ოპტიმალურ პირობებში შეძლონ.
აგრეთვე, ზაფხულში ვიხილეთ 2 მნიშვნელოვანი რამ, რაც ხაზს ქალთა სპორტის მიმართ კლუბის ხედვას უსვამს:
- ქალთა გუნდმა ჟოან გამპერის თასზე მონაწილეობის უფლება ისტორიაში პირველად მიიღო;
- “ბარსელონას” გამორჩეულმა აკადემიამ, “ლა მასიამ” კარი გოგონებისთვისაც გააღო.
30 მარტს კლუბის მიერ კიდევ ერთი მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართება: ქალთა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები (ცოტა ხნის წინ მათზე (“ბარსელონას” ქალთა გუნდზე) დოკუმენტური სერიალი – ‘Matchday – Queens of the Pitch”-ს (“მოედნის დედოფლები”) გამოვიდა, სადაც გულშემატკივრებს შეეძლებათ, “ბარსას” გოგონების ისტორიული სეზონი გაიხსენონ – სეზონი, როდესაც მათ ტრებლი დაისაკუთრეს და საფეხბურთო სამყარო დაიპყრეს) ამავე ტურნირის მეოთხედფინალში მადრიდის “რეალთან” ფანების თვალწინ “კამპ ნოუზე” პირველად ითამაშებენ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2021-22 წლების სეზონის გასვლითი ფორმის დიზაინით “ბარსელონას” ქალებისთვის მხარდაჭერა სურდა – მაისური სწორედ ამ მიზეზის გამო იისფრად იყო გადაწყვეტილი – ფერი, რომელიც ლურჯისა და წითელის შერევით მიიღება და რომელიც გენდერული თანასწორობისათვის ბრძოლაში ყველაზე პოპულარულია. ამასთან, ფორმის გვერდითა მხარეზე “ბარსას” ჰიმნიდან ფრაზა – ‘Tots units fem força’ – ქალური ვერსიითაა დატანილი: ‘Totes unides fem força’ (“ჩვენ ერთად ვმუშაობთ”).
გოგონების სპორტისადმი “ბლაუგრანას” მხარდაჭერას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ კლუბს 600 ქალი ათლეტი ჰყავს, რომლებიც “ბარსელონას” კალათბურთში, ფრენბურთში, ციგურაობაში, რაგბსა და მინდვრის ჰოკეიში წარმოადგენენ. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ქალთა საკალათბურთო გუნდი საკუთარი ლიგის ლიდერია და უმაღლეს დივიზიონში დასაწინაურებლად იბრძვის. მათ “პალაუ ბლაუგრანაზე” პირველი მატჩი “ალკობენდას” წინააღმდეგ გამართეს და ისტორია დაწერეს.

ქალთა სპორტი ერთ-ერთი ის საყრდენია, რომელზეც “ბარსელონას” იდენტობა და მთელ მსოფლიოში ცნობილი სლოგანი “მეტი, ვიდრე კლუბი” დგას. ასევე სახსენებელია დევიზი – “მეტი, ვიდრე სქესი”, რომლითაც, სპორტში ქალთა როლის გამოსაკვეთად, კლუბი თავის ყველა საქმიანობას აერთიანებს.
ჩვენც ვულოცავთ!
ყველა ქალბატონს გილოცავთ! თქვენ ალამაზებთ სამყაროს!