workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალენსია-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

ვალენსია-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, ლა ლიგის 25-ე ტურში “ბარსელონა” “ვალენსიას” ესტუმრება.

ჩავის გუნდისთვის თებერვალი განსაკუთრებით დაძაბული თვე გამოდის. “ატლეტიკოსთან”, “ესპანიოლთან” და “ნაპოლისთან” გამართულ თამაშებს, კიდევ სამი რთული მატჩი მოსდევს (“ვალენსია”, “ნაპოლი”, “ბილბაო”). ჩემპიონთა ლიგის საგზურისა და ევროპა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება.

სათამაშო ფორმა

ევროპა ლიგის ჰიმნითა და სიმბოლიკით მორთული “კამპ ნოუ” უცნაური სანახავი იყო, თუმცა გუნდს მონდომება ეტყობოდა. ფეხბურთელების საბრძოლო განწყობა გულშემატკივარსაც გადაედო და კარგი თამაში ვიხილეთ. უნდა მოგვეგო, მაგრამ მომენტების გამოყენება ვერ მოვახერხეთ. 

ფერან ტორესი ყურადღების ცენტრში მოექცა. აქამდე, “ბილბაოსთან” გატანილ გოლს თუ არ ჩავთვლით, იგი მოედანზე, თითქმის, არ ჩანდა. “ნაპოლისთან” კი დავინახეთ, რომ ადაპტაციის პროცესი წინ მიიწევს. ნამდვილად, ბევრი მომენტი გააფუჭა, მაგრამ აშკარაა, რომ მოტივირებულია და აუცილებლად მოუმატებს, გოლების გატანასაც დაიწყებს.

დაცვაში სერიოზული საკადრო პრობლემებია. პიკე და ალვესი დისკვალიფიცირებულები არიან, არაუხოს თამაში კი გადაწყვეტილი არ არის. მისი ხასიათის გათვალისწინებით, შესაძლოა 100%-ით მზად არ იყოს, მაგრამ მაინც ითამაშოს. იმედია, რომ მძიმე ტრავმას არ მიიღებს. სეზონის გადამწყვეტი ნაწილი იწყება და არაუხო აუცილებლად გვჭირდება.

მეტოქე

ბორდალასის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა და მიმდინარე სეზონში ერთადერთი მოტივაციაღა დარჩა – კოპა დელ რეის მოგება. “ვალენსიას” 2 მარტს “ბილბაოსთან” ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი ელის.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ “ღამურები” რამეს დათმობენ. მიუხედავად იმისა, რომ “ვალენსია” თამაშს ცუდ ფორმაში ხვდება, “ბარსასთვის” ამ კლუბთან დაპირისპირება ყოველთვის რთული გამოდის. ლა ლიგაში “მესტალიაზე” “ბარსელონამ” 2-ბურთიანი სხვაობით მოგება ბოლოს 2007 წელს შეძლო.

საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა ვალენსიელთა კარში გიორგი მამარდაშვილს. 21 წლის მეკარემ ბოლო სამ შეხვედრაში ითამაშა და, სავარაუდოდ, ბორდალასი მას “ბარსელონასათანაც” ენდობა. მიმდინარე სეზონში მას ჯამში 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული (7 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი).

ასევე, გერმანული კარიერის კატასტროფული სტარტის შემდეგ, ილაიშ მორიბა იჯარით “ვალენსიაში” გადავიდა. მან “ვალენსიაში” გატარებულ 3 კვირაში უკვე იმაზე, თითქმის, სამჯერ მეტი ითამაშა, ვიდრე “ლაიფციგში” ბოლო 4 თვეში. შესაძლოა, იგი დღეს ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

მწვრთნელები მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი:

ვფიქრობ, უნდა დავადგინოთ რიტმის დონე და მაღალი პრესინგი. შევეცდებით, რაც შეიძლება ცოტა შეცდომა დავუშვათ. რთული, დაძაბული თამაში გველის.

ხოსე ბორდალასი:

“ბარსელონა”, ნამდვილად, შესანიშნავი გუნდია. ეს სეზონი გვაჩვენებს, რომ თამაში თითოეულ მეტოქესთან რთულია. “ბარსას” კარგი გუნდი ჰყავს და მათთან შეხვედრას განსაკუთრებული ინტერესით ვხვდებით. გვინდა, რომ კარგი მატჩი ჩავატაროთ და დარწმუნებული ვარ, რომ მოგების შანსი გვექნება.

დანაკლისი

ტრავმის გამო, ანსუ ფატი, კლემან ლანგლე, მემფის დეპაი, სამუელ უმტიტი და სერჟი რობერტო ვერ ითამაშებენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პიკე და ალვესი დისკვალიფიცირებულები არიან, არაუხო კი სრულ მწყობრში არ არის.

“ვალენსიას” მხრიდან, იასპერ სილესენისა და ტიერი კორეიას თამაში გამორიცხულია (ბორდალასმა განაცხადა, რომ კორეიამ ხუთშაბათს ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო), გაბრიელ პაულისტასი კი – საეჭვო. 

არბიტრი

დღევანდელ თამაშს 45 წლის კარლოს დელ სერო გრანდე განსჯის.

დელ სეროს მსაჯობით, “ბარსელონას” 37-ჯერ უთამაშია – 29 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება. 2018 წლის 14 აპრილს, მან “კამპ ნოუზე”, “ბარსელონასა” და “ვალენსიას” დაპირისპირებაში იმსაჯა. ის თამაში მასპინძლებმა ლუის სუარესისა და სამუელ უმტიტის გოლების წყალობით, ანგარიშით 2-1, მოიგეს.

მას “ბლაუგრანას” ფეხბურთელებისთვის 46 ყვითელი (მეტოქისთვის 74) და 4 წითელი (მეტოქისთვის 4) ბარათი აქვს ნაჩვენები. 11 წლის განმავლობაში, ლა ლიგაში მას 206 მატჩი აქვს ჩატარებული. საშუალოდ, თამაშში იგი 27 ჯარიმას ნიშნავს და ფეხბურთელებს 5-ჯერ აფრთხილებს.

ურთიერთშეხვედრები

“ვალენსიასა” და “ბარსელონას” ერთმანეთის წინააღმდეგ 223-ჯერ უთამაშიათ. აქედან, კატალონიელებმა 108 მოიგეს, 56 ფრედ დაასრულეს და 59 დათმეს, ბურთების შეფარდება – 434-330. “ბარსელონას” აქვს შანსი, “ვალენსია” ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ დაამარცხოს, რაც 2011 წლის შემდეგ არ მომხდარა.

კონკრეტულად “მესტალიაზე” “ბარსას” უარყოფითი ბალანსი აქვს – 39 მოგება, 29 ფრე და 41 წაგება. პირველ წრეში, “კამპ ნოუზე” “ბარსამ” 3-1 იმარჯვა. გაიას გოლს, რომელიც, შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან “ბარსას” შეუერთდეს, ფატიმ, დეპაიმ და კოუტინიომ უპასუხეს.

საინტერესო ფაქტები

  • “ვალენსიას” ლა ლიგაში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
  • 9 გოლით, გონსალუ გედეში “ვალენსიას” საუკეთესო ბომბარდირია.
  • 1999 წელს, “ბარსა” და “ვალენსია” ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ. ამ თამაშებში ვალენსიელებმა 18 გოლი გაიტანეს, კატალონიელებმა კი – 11.
  • “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშში 11 გოლი აქვს გაშვებული.
  • ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უსმან დემბელეზე მეტი გოლი შემდეგ ფეხბურთელებს აქვთ გატანილი: დანი ალვესი, სერხიო აგუერო, გარეთ ბეილი, ვარაზდატ ჰაროიანი, ხორხე მოლინა (39 წლის, 7 გოლი).
  • “ბარსელონამ” გოლის გატანა ბოლოს 9 დეკემბერს ვერ შეძლო.
  • “ბარსელონა” ლა ლიგის ბოლო 8 საგარეო მატჩში დაუმარცხებელია (3 მოგება, 5 ფრე).
  • კარლოს დელ სერო გრანდეს “ბარსელონას” 37 თამაშში აქვს ნამსაჯი, “რეალის” კი – არცერთში.

სავარაუდო შემადგენლობები

Whoscored:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი, მინგესა, გარსია, ალბა – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – ტრაორე, ტორესი, გავი

“ვალენსია” | 4-4-2

მამარდაშვილი – კორეია, დიახაბი, ალდერეტე, გაია – ფულკიე, სოლერი, გილამონი, ხილი – დურო, გედეში 

Marca:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, გარსია, ალბა – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – ტრაორე, ტორესი, გავი

“ვალენსია” | 4-4-2

მამარდაშვილი – კორეია, ალდერეტე, ქიომერთი, გაია – ფულკიე, სოლერი, გილამონი, ხილი – დურო, გედეში 

SofaScore:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, გარსია, ალბა – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – ტრაორე, ტორესი, გავი

“ვალენსია” | 4-4-2

მამარდაშვილი – კორეია, ალდერეტე, ქიომერთი, გაია – ფულკიე, სოლერი, გილამონი, ხილი – დურო, გედეში 

SportsMole:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი, მინგესა, გარსია, ალბა – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – ტრაორე, ტორესი, გავი

“ვალენსია” | 4-4-2

მამარდაშვილი – კორეია, დიახაბი, ქიომერთი, გაია – ფულკიე, სოლერი, მორიბა, ხილი – დურო, გედეში 

პროგნოზი

90min: ვალენსია 1-2 ბარსელონა

SportsMole: ვალენსია 1-2 ბარსელონა

Sportskeeda: ვალენსია 2-3 ბარსელონა

WhoScored: ვალენსია 1-1 ბარსელონა

ტრანსლაცია

შეხვედრა, თბილისის დროით, 19:15 საათზე დაიწყება, მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და silksport.ge შემოგვთავაზებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 20 თებ 2022, 18:02
    #2

    დელ სეროს თუ ბარსას 37 თამაშში იმსაჯა, რატომ არცერთი რეალის მონაწილეობით?!
    ანტი მადრიდისტაა და არ ენდობიან თუ კვალიფიკაციას უწუნებენ?!

  • nika 54
    schedule 20 თებ 2022, 15:12
    #1

    არც ვიცოდი მორიბა აქ თუ ეგდო, ხო ვიძახდი ეგ მოივლის ევროპას რიგით გუნდებში და კარიერას 0 ტიტულით დაამთავრებს თქო. საინტერესოა ხელფასი რამდენი აქვს იმაზე მეტი რასაც ბარსაში ითხოვდა?