ბოიანი: ”გვარდიოლა მენდობა”

ბოიანი: ”გვარდიოლა მენდობა”

ბევრი საუბარი იყო იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლოს ბოიანი კლუბს გამოიცვლიდა, თუმცა თავად ფეხბურთელს კარიერის ”ბარსელონაში” გაგრძელება და წარმატებების მიღწევა სურს.

”ხეტაფეს” წინააღმდეგ მატჩი ბოიანისთვის მე-100 იყო და ის გახდა რაულისა და ეჩებერიას შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც პრიმერაში 100 მატჩი გამართა. ბოლო 2 ტურში 2 გოლის გატანის შემდეგ ბოიანი აცხადებს, რომ კარიერის გაგრძელება მხოლოდ ”ბარსაში” სურს.

 - რას ნიშნავს თქვენთვის პრიმერაში ნათამაშები 100 მატჩი?

 - ეს ჩემითვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის რომ ამ ასაკში ამდენი მატჩის ჩატარება მოვასწარი საკუთარი თავის რწმენას მიმატებს. მე უნდა გავაგრძელო იმის დამტკიცება, რომ ”ბარსაში” თამაშის ღირსი ვარ. იმედი მაქვს, რომ აქ დიდი ხნის განმავლობაში დავრჩები.

 - მაგრამ  ნათამაშები წუთები ამ რიცხვს არ შეესაბამება...

 - იყო მატჩები სადაც მოედანზე გამოვდიოდი და იყო ისეთი მატჩებიც, სადაც საერთოდ არ მითამაშია. 4 წლის განმავლობაში, რაც მე ”ბარსაში” ვარ ბევრი რამ ვისწავლე და ამას არასოდეს დავივიწყებ.  კმაყოფილი ვარ იმით, რაც უკვე მოხდა.

 - ძალიან ადრე ხომ არ გადმოხვედით ”ბარსა ატლეტიკიდან”?

 - არ ვიცი. ალბათ მოვიდა დრო და ბედმა ასე გადაწყვიტა. მე მოვედი, რათა მეჩვენებინა რომ მაქვს დიდი პოტენციალი და რომ ბევრი რამ შემიძლია. ის ფაქტი, რომ 100 მატჩიან ბარიერს მივაღწიე იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერმა სწრაფად გაიარა. ამით ვამაყობ და ყოველი მომენტით ვტკბები, რომელსაც აქ ვატარებ.

 - გვარდიოლაზე ბრაზდებით?

 - ყოველთვის მადლიერი ვიქნები ”მისტერის” იმის გამო, რასაც მე მიკეთებს. ამ ცხოვრებაში მადლობა მხოლოდ იმათ არ უნდა უთხრა, ვისთანაც დროს კარგად ატარებ. დიახ, ის საწყენია, რომ არ თამაშობ ან თამაშობ ძალიან ცოტას. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ეს ბარიერები უნდა გადალახო. ვამაყობ, რომ ამ ბარიერების გადალახვას ვახერხებ.

 - როდესმე გქონიათ გრძნობა, რომ ხალხი სერიოზულად არ აღიქვამთ?

 - დიახ, ამ სეზონში ასეთი რამ ვიგრძენი... საოცარი სიტუაციაა. ეს გრძნობა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც შარშანდელი სეზონი მაღალ დონეზე დავამთავრე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აი ამ სეზონში კი... ვიცი, რომ ცხოვრებაში ყოველთვის ბედნიერი მომენტები არ იქნება. ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც გაგაკრიტიკებენ. ამ სეზონში ჩემში ეჭვი პირველად შეეპარათ, მაგრამ ცხოვრება ასეთია და მას ვერაფერს მოუხერხებ. საჭიროა კრიტიკაზე არ გაბრაზდე.

 - იყო მომენტები, როცა ”ნოუ კამპი” გისტვენდათ. ამას მართებულად მიიჩნევთ?

 - არ მინდა ვიფიქრო იმაზე, ეს მართებული იყო თუ არა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ თუ რას ვაკეთებ გუნდში, ის რომ შემიძლია გოლების გატანა და გუნდისთვის ტიტულების მოგებაში დახმარება. ”მინი ესტადიზე” ყოველთვის ოვაციებით მხვდებოდნენ. იმედი მაქვს, რომ ”ნოუ კამპზე” ჩემს მიმართ სტვენა აღარ მოხდება.

 - ის ფაქტი, რომ თავიდან ვერ აჩვენებდით თამაშში საკუთარ დონეს იმის გამო ხდებოდა, რომ საკუთარ თავში რწმენა არ გქონდათ?

 - ახლა მე 20 წლის ვარ და გუნდთან  ერთად 4 სეზონი ჩავატარე. ყოველ ჯერზე ახალ რაღაცას ვსწავლობ. რა თქმა უნდა ეს სიმართლეა, რომ მე მჭირდება მეტი ძალის დახარჯვა, ვიდრე ადრე. თუკი ფეხბურთელი, მითუმეტეს თავდამსხმელი არ თამაშობს საკუთარი თავის რწმენა ეკარგება. გოლის გარეშე თავს კომფორტულად ვერ გრძნობ.

 - როგორ ფიქრობთ, გვარდიოლა კმაყოფილია თქვენით?

 - ვფიქრობ, რომ კი. არის მომენტები, როდესაც მას რაღაც არ მოსწონს, რადგან კონკრეტულ მომენტში ჩემგან მეტს ელოდა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მას ჩემთვის მხოლოდ კარგი სურს. გვარდიოლამ იცის, რომ ბოლომდე ვცდილობ და ვიბრძვი როცა ვთამაშობ.

 - ფსიქოლოგიურად სუსტი ადამიანი ხართ?

 - ეგეთი რომ ვიყო, არ ვიქნებოდი იქ, სადაც ახლა ვარ. ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია და თუკი ადამიანები გაანალიზებენ იმ გზას, რაც მე გავიარე მიხვდებიან როგორიც ვარ. სუსტი რომ ვიყო სხვა გზას ავირჩევდი, გაცილებით ადვილს. ყოველთვის ვიბრძვი, რომ ”ბარსაში” ადგილი მოვიპოვო.

 - ინიაკი საესმა თქვა, რომ თუკი შენ ძირითადში ითამაშებ სეზონში 30 გოლზე მეტს გაიტან...

 - ინიაკი ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი, ისევე როგორც ხუან სანტისტებანი და ხინეს მელენდესი. მათ ბევრი რამ მასწავლეს, როცა ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი. მათთან ერთად მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი და დავიკავეთ მე-3 ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე. მათ ჩემზე კარგი მოგონებები აქვთ. მათ ახსოვთ როგორ ვთამაშობდი პატარაობის ასაკში და იციან რა შემიძლია. ალბათ ამიტომ თქვა მან ეს ჩემზე.

 - კლუბის შეცვლაზე არასოდეს გიფიქრიათ?

 - ახლა ჩემი მიზანი ამ სეზონზე კონცენტრირებაა. მსურს მაქსიმუმი წარმოვაჩინო, მერე კი ვნახოთ რა მოხდება. გასული სეზონის ბოლოს კარგად ვითამაშე და ამიტომ დავრჩი აქ. ჩემი სურვილი ”ბარსელონაში” თამაშია. როცა მესმის, რომ ჩემით გრანდები ინტერესდებიან ვხვდები, რომ ისინი მაფასებენ როგორც ფეხბურთელს და ეს სასიამოვნოა. ახლა მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში  ვთამაშობ და არსად წასვლა არ მსურს. ყოველ დღე ვიბრძვი, რომ დავამტკიცო ის, რომ აქ  უნდა ვითამაშო და რომ აქ თამაშის ღირსი ვარ და რომ შევესაბაბემი ამ დონის გუნდს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.