25 აგვისტოს მონაკოში გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა, სადაც გაირკვევა, თუ რომელ ჯგუფში და რომელ გუნდებთან მოხვდება ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი “ბარსელონა”. გარდა ამისა, გაირკვევა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაც.
52 სპორტული ჟურნალისტისაგან შემდგარმა ჟიურიმ, 2010/11 სეზონის მიხედვით სამი ფეხბურთელი გამოჰყო. ლიონელ ანდრეს მესი (“ბარსელონა”), ჩავი ერნანდესი (“ბარსელონა”) და კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო მოთამაშის წოდების მოპოვებისთვის იბრძოლებენ.
ჩავი და მესი გუნდს ლა ლიგისა (ესპანეთის ჩემპიონატი) და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარნენ. უკანასკნელმა კლუბის შემადგენლობაში შარშან 55 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა, აქედან 31 ესპანეთის ჩემპიონატში და 12 ჩემპიონთა ლიგაში. რაც შეეხება რონალდუს, მან ლა ლიგაში 40 გოლის გატანა შესძლო და შესაბამისად “ოქროს ბუცის” მფლობელიც გახდა.
25 აგვისტოს, გრიმალდის ფორუმზე, ევროპის დროით 17:45 საათზე დაიწყება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა. კენჭისყრისმსვლელობისას გაირკვევა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა.



