სელტა-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

სელტა-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს ახალი იმედების დღეა. უმეტესობა თქვენგანი დღეს გაიგებს, რომ ჩავის “ბარსელონაში” დაბრუნება გაოფიციალურდა. ჩავი ის კაცია, რომელსაც უკვე დიდი ხანია იმედებით შევცქერით. არ ვიცით, რა გამოვა ამ ამბისგან, შესაძლოა, დიდი იმედი დიდ იმედგაცრუებადაც იქცეს, მაგრამ დღეს მაინც იმედიანად ვართ.

ჩავის დებიუტი 20 ნოემბერს შედგება, მანამდე კი კიდევ ერთი თამაში გვაქვს. დღეს “სელტას” სტუმრად ვეთამაშებით და თუ გვინდა, რომ ჩავის “ბარსამ” საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნება მოახერხოს, “ბალაიდოსზე” 3 ქულა უნდა ავიღოთ.

სათამაშო ფორმა

ბოლო 3 კვირის განმავლობაში “ბარსელონა” მხოლოდ ერთ გუნდს უგებს – კიევის “დინამოს”. კატალონიელებმა კიეველებთანაც იწვალეს, მაგრამ ორივე შეხვედრა მოიგეს და ჩემპიონთა ლიგაზე მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. ახლა ლა ლიგის ჯერია, სადაც “ბარსას” ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აქვს აღებული, სტუმრად კი მიმდინარე გათამაშებაში ჯერ არ მოუგია. მეტოქის მოედანზე გამართულ 4 შეხვედრაში “ბარსელონას” მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი, ისიც აგვისტოში.

კარგ მდგომარეობაში არც “სელტაა”. ვიგოელებს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 1 ქულა აშორებთ. ედუარდო კოუდეტის გუნდს ლა ლიგის ბოლო 2 ტურში გოლი არ აქვს გატანილი, საკუთარ კედლებში კი, მიმდინარე სეზონში, 1 მოგება და 5 წაგება აქვს. თუ “სელტასთან სტუმრად მოგება გვინდა, საუკეთესო დრო ახლაა.

დანაკლისი

აქამდე “ბარსას” ლაზარეთში ერთ ფეხბურთელს მეორე ცვლიდა, ახლა კი ისე მოხდა, რომ უსმან დემბელე უსმან დემბელემ შეცვალა – ჯერ მოედანზე დაბრუნდა, შემდეგ ლაზარეთში. მარადტრავმირებული ფრანგის გარდა დღეს დესტი, პიკე, ბრეითუეიტი, ნეტუ, პედრი, აგუერო და რობერტო არ გვეყოლება.

“სელტას” ერთადერთი ფეხბურთელი აკლია – ძირითადი შემადგენლობის ნახევარმცველი ბრაის მენდესი დისკვალიფიცირებულია. კითხვის ნიშნის ქვეშაა სანტი მინას თამაშიც, მაგრამ ის განაცხადში მაინც მოხვდა.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს ერთმანეთთან აქამდე 126-ჯერ უთამაშიათ. კატალონიელებმა 69 შეხვედრა მოიგეს, 30 ფრედ ითამაშეს და 27 წააგეს, გაიტანეს 275 და გაუშვეს 144 გოლი.

ვიგოში გამართულ 63 შეხვედრაში “ბარსელონას” 22 მოგება, 18 ფრე და 23 წაგება დაუგროვდა.

ბოლო წლებში “ბარსას” “სელტასთან” უჭირს. კატალონიელები ვიგოელების ზედიზედ 2-ჯერ დამარცხებას 2014 წლის შემდეგ ვერ ახერხებენ და ამას ვერც ამჯერად შეძლებენ, რადგან ბოლო თამაში წაგებული აქვთ, თანაც “კამპ ნოუზე”. სტუმრად “ბლაუგრანას” დიდი ხნის განმავლობაში უჭირდა და “სელტას” დამარცხებას ზედიზედ 6 შეხვედრაში ვერ ახერხებდა, მაგრამ გასული სეზონის სტარტზე რონალდ კუმანის გუნდმა მეტოქე მისსავე მოედანზე 3-0 გაანადგურა.

“ბარსელონასა” და “სელტას” თამაშები თვალსასეირო და უხვგოლიანი გამოდის ხოლმე. ბოლო 14 თამაშში 2 ან მეტი გოლი გადის, გვახსოვს ერთ თამაშში 5, 6 და 7 გოლის გატანაც კი.

არბიტრი

შეხვედრის მთავარი მსაჯი ცნობილი არბიტრი ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი იქნება. “ბარსელონას” შეხვედრებში მისი სტატისტიკა შეგიძლიათ ამ გვერდზე ნახოთ.

საინტერესო ფაქტები

  • “ბარსელონას” მიერ ლა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 5 გასვლით შეხვედრაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • “სელტამ” ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 7 საშინაო თამაშიდან 6 წააგო;
  • “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 3 გასვლით შეხვედრაში გოლი არ აქვს გატანილი;
  • “სელტას” მიერ ლა ლიგაში გამართული ბოლო 7 თამაშიდან ექვსში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან ოთხში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონასა” და “სელტას” ბოლო 10 დაპირისპირებიდან რვაში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ამ გუნდების ბოლო 9 თამაშიდან რვაში ანგარიში “ბარსელონამ” გახსნა;
  • “სელტას” ბოლო 9 თამაშიდან რვაში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 4  ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ.

მწვრთნელები მატჩის წინ

სერჟი ბარჟუანი

 განსხვავებული მატჩი იქნება. ისინი ეცდებიან, რომ პირველივე წუთებიდან წნეხის ქვეშ მოგვაქციონ და ჩვენი შეცდომებით ისარგებლონ, ამიტომ ბურთით უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ. ვარჯიშის დროს ამ კომპონენტს ყურადღებას ვაქცევთ. “სელტა” კიევის “დინამოსგან” განსხვავებულ პრესინგს თამაშობს.  

სერჟი ბარჟუანის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Marca

სელტა (4-1-3-2): მატიასი, მალიო, არაუხო, აიდუ, გალანი, ტაპია, სუარესი, ბელტრანი, ნოლიტო, გალარდო, ასპასი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ნიკო, დე იონგი, გავი, მემფისი, ფატი

AS

სელტა (4-4-2): მატიასი, მალიო, მურილიო, არაუხო, გალანი, ტაპია, სუარესი, სოლერი, ნოლიტო, გალარდო, ასპასი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, გარსია, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, ნიკო, დე იონგი, გავი, მემფისი, ფატი

SofaScore

სელტა (4-1-3-2): მატიასი, ვასკესი, აიდუ, მურილიო, გალანი, ტაპია, სერვი, სუარესი, ნოლიტო, სოლარი, ასპასი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, გარსია, არაუხო, ალბა, ბუსკეტსი, გავი, დე იონგი, კოუტინიო, მემფისი, ფატი

პროგნოზი

  • WhoScored: 1-3
  • Sportskeeda: 1-3
  • Sportsmole: 1-2

ტრანსლაცია

თამაში 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 2 და Silksport.ge გთავაზობთ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • nika 54
    06 ნოე 2021, 17:41

    ირბენენ როგორც კიევთან მოიგებენ, დადგებიან ჩაძინებულები წააგებენ. ამას არ უნდა დიდი მარჩიელობა.

  • me da barca
    06 ნოე 2021, 12:23

    დაწყების დრო შეასწორეთ, 19:15

  • EL MAESTRO 6
    06 ნოე 2021, 11:51

    ჩავის მოსვლა მოთივაციას მისცემდა ალბათ ფეხბურთელებს და ეს თამაში უნდა მოვიგოთ

  • Andria
    06 ნოე 2021, 11:47

    ჩავის კომენტარი ვნახე და აი ეგეთი ყვერებიანი მწვრთნელი გვინდოდა არიტყვის თამაშს ვაკონტროლებდით და მაინც წავაგეთო მომთხოვნი და ჟილკიანი