წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
14 სექტემბერს “ბარსელონამ” 21 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 16 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1958 წელი
“ბარსელონამ” “ვალენსია” 6-0 გაანადგურა. ლა ლიგაში თავის სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა ზოლტან ციბორმა. თავი ასევე გამოიჩინეს ევარისტომ (2), მარტინესმა (2) და კუბალამ.
1966 წელი
ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონა” “სარაგოსასთან” საკუთარ კედლებში 0-1 დამარცხდა.
1969 წელი
“ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” შორის მიმდინარე შეხვედრის 50-ე წუთზე მადრიდელთა მცველმა, პედრო დე ფელიპემ მატჩში 2 გოლის გამტან მიგელ ანხელ ბუსტილიოს მძიმე ტრავმა მიაყენა და შეიძლება ითქვას, რომ 23 წლის ფეხბურთელს კარიერა დაუმთავრა. ტრავმის მორჩენის შემდეგ ბუსტილიოს ძველებურ დონეზე აღარ უთამაშია.
იმ დროს ბარათები ფეხბურთში ოფიციალურად დანერგილი ჯერ კიდევ არ იყო, მაგრამ მსაჯს ამ ეპიზოდში ჯარიმაც კი არ დაუნიშნავს.
1989 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ოიერ ოლასაბალი. მან პირველი გუნდის მაისურით 6 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და კლუბთან ერთად, სხვა ტიტულებთან ერთად, ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
2003 წელი
დაიბადა მარკ კასადო.
2017 წელი
“ბარსელონამ” “იოჰან კრუიფის სტადიონის” მშენებლობას ოფიციალურად ჩაუყარა საფუძველი – სწორედ 14 სექტემბერს დაიდო სიმბოლური პირველი ქვა. ეს დღე “ესპაი ბარსას” პროექტის მატერიალურად განხორციელების დასაწყისად ითვლება. სტადიონი 2019 წელს გაიხსნა.
2025 წელი
“ბარსელონამ” “ვალენსია” 6:0 გაანადგურა. ფერმინ ლოპესმა, რაფინიამ და რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლები შეასრულეს. მატჩი “იოჰან კრუიფის სტადიონზე” გაიმართა; რუნი ბარდჯის ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, მარკ ბერნალი 382-დღიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ლევანდოვსკიმ კი “ბარსელონას” მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა. რაფინია და ლევანდოვსკი ასევე ლა ლიგის ისტორიაში პირველი თანაგუნდელი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები გახდნენ, რომლებმაც ერთ მატჩში ორივემ დუბლი შეასრულა.
მადრიდისგან რა გიკვირთ, ყველანი მომსწრენი ხართ რაებს აკეთებდნენ პეპე და რამოსი, რამდენი სისხლი ადინეს ლეოს და რამდენი კბილი გაუტეხეს? როგორ ურტყა პეპემ წიხლები თავის მიერ წაქცეულ მცველს, რაზეც 9 მატჩიანი(სასაცილოა არა 9) დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა თავიდან 10 თამაში დაუნიშნეს მაგრამ რეალის პროტესტის მერე 1(ერთი) მატჩი ჩამოაკლეს. https://www.youtube.com/watch?v=qkfuVVxY3Ws
მაგრამ ერთიც იყო ჩვენთვის მწარე მოსაგონებელი, როცა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, 1981 წელს მადრიდის რეალთან-თბილისის დინამოს ამხანაგურ მატჩში, რეალის მცველმა, რომელსაც დავით ყიფიანმა სისხლი გაუშრო მოედანზე, გვარიც მახსოვს ანხელი(ანგელოზი) უკნიდან ნახტომში წვივი ორ ადგილას გადაუმტვრია და ფაქტიურად დაუმთავრა კარიერა ჩვენს უსაყვარლესს ფეხბურთელს. არ იყო მედიცინა მაშინ იმ დონეზე როგორც დღესაა და ვერც დავითი დააბრუნეს საბჭოთა ექიმებმა. დათოს მაგივრად კი 1982 წლის მსოფლიოზე ესპანეთში, რუსი გავრილოვი წავიდა.