ასეთი რამ 2008 წლის შემდეგ პირველად ხდება – “ბარსელონაში” ახალი ერა იწყება!
13 წლის წინ რონალდინიო გავაცილეთ, ახლა კი კიდევ უფრო დიდი ათიანის ჯერია. სხვაობა ისაა, რომ რონალდინიოს გუნდიდან გაშვება წინასწარ დაგეგმილი, მომზადებული და კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯი იყო, მესის წასვლა კი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა და სამწვრთნელო შტაბი ამისთვის მზად არ ყოფილა. ამას ისიც ემატება, რომ ლეო არა მხოლოდ “ბარსელონას”, არამედ ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მოთამაშეა.
თუმცა ფეხბურთელი ფეხბურთელია, კლუბი კი კლუბი. “ბარსელონას” ყველაფრის ნულიდან დაწყება კიდევ ერთხელ მოუწევს. ეს აქამდეც გაგვიკეთებია, ახლაც გავაკეთებთ და მომავალშიც! “ბლაუგრანას” ამაზე რთული პერიოდებიც ჰქონია, მაგრამ მაინც მოხერხდა და ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კლუბის გულშემატკივრები ვართ.
ახალი ერა კი დღეს, ერთი მესამედით შევსებულ “კამპ ნოუზე” დაიწყება. 2020 წლის მარტის შემდეგ “კამპ ნოუ” ქომაგებს პირველად უმასპინძლებს. მეტოქე მაშინაც “სოსიედადი” იყო.
სათამაშო ფორმა
“ბარსელონას” კარგი წინასასეზონო თამაშები ჰქონდა. რონალდ კუმანის გუნდმა ჯერ კატალონიურ “ჟიმნასტიკსა” და “ჟირონას” 4-0 და 3-1 სძლია, შემდეგ “შტუტგარტს” გაუსწორდა იოლად – 3-0. შემდეგ იყო ავსტრიულ “ზალცბურგთან” 1-2 მარცხი, მაგრამ გამპერის თასზე “იუვენტუსის” 3-0 განადგურებამ გაგვიჩინა იმედი, რომ “ბარსელონა” მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ამ 5 თამაშიდან უნდა გამოვყოთ რეი მანაის 4 გოლი, დეპაის 3 გოლი და 1 ასისტი, ასევე ახლაგაზრდების – დემირის, ნიკოსა და გავის კარგი თამაში.
დღევანდელ თამაშამდე “სოსიედადმაც” 5 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. სან სებასტიანელებმა “ალავესს”, “მონაკოსა” და “ეიბარს” სძლიეს, ხოლო “ალკმაართან” და “ოსასუნასთან” დამარცხდნენ.
დანაკლისი
დანაკლისი “ბარსელონას” რომ აქვს, ეგეთი სხვა გუნდს არასდროს ჰქონია – კატალონიელებს ლიონელ მესი აკლიათ. არგენტინელის გუნდიდან წასვლა ნებისმიერ შემთხვევაში აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნებოდა, განსაკუთრებით კი მაშინაა, როდესაც მწვრთნელი ახალ სეზონს მასთან ერთად გეგმავდა. “ბარსელონას” წინ რთული პერიოდი ელის, მაგრამ სხვა გზა არაა – ეს სირთულეც უნდა დაიძლიოს!
რონალდ კუმანს ასევე არ ეყოლებიან ტრავმირებული მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, უსმან დემბელე, ანსუ ფატი, ოსკარ მინგესა და სერხიო აგუერო. გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსამ” მემფის დეპაი და ერიკ გარსია დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალწვეულებს თამაშის უფლება ექნებათ.
კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფრენკი დე იონგის საკითხი. ნიდერლანდელი ტრავმირებული იყო, მაგრამ გუშინ კუმანმა განაცხადა, რომ დღევანდელი თამაშისთვის ის მზად იქნება.
ზაფხულის განმავლობაში “რეალ სოსიედადში”, “ბარსელონასგან” განსხვავებით, დიდი ცვლილებები არ მომხდარა. სან სებასტიანელებს თითქმის იგივე გუნდი ჰყავთ. გუშინ ცნობილი იყო, რომ დღეს მათ ნაჩო მონრეალისა და კარლოს ფერნანდესის გარეშე თამაში მოუწევდათ. ბოლო მომენტში კი დანაკლისს გუნდის შეტევის ლიდერი ისაკიც დაემატა.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ. სულ გამართული 187 დაპირისპირებიდან 108 “ბარსელონამ” მოიგო, 36 “სოსიედადმა”, ხოლო 43 ფრედ დასრულდა. კატალონიელებს აქვთ დიდი უპირატესობა ბურთების შეფარდებაშიც – 384-189.
“სოსიედადთან” საკუთარ კედლებში გამართულ 95 შეხვედრაში “ბარსელონას” ძალიან კარგი შედეგები აქვს – 81 მოგება, 11 ფრე და მხოლოდ 3 მარცხი. “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 25 შეხვედრა “ბლაუგრანას” გამარჯვებით დასრულდა, სან სებასტიანელებმა კი ამ სტადიონზე ბოლოს 1991 წელს მოიგეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს კატალონიელებს “სოსიედადთან” “კამპ ნოუზე” მოგება უჭირთ – ბოლო 5 დაპირისპირება მასპნიძლების მინიმალური სხვაობით გამარჯვებით დასრულდა.
უკვე დიდი ხანია, “სოსიედადს” ბარსელონა არც საკუთარ კედლებში დაუმარცხებია. “ბლაუგრანამ” ამ გუნდთან ბოლოს 2016 წელს წააგო, მას შემდეგ კი გუნდებმა 13-ჯერ ითამაშეს, საიდანაც “ბარსამ” 10 მოიგო.
კუმანის გუნდისთვის ფეერიული გამოდგა “სოსიედადთან” ბოლო შეხვედრა – 6-1 მოგება სან სებასტიანში.
გასათვალისწინებელია მწვრთნელების ფაქტორიც. იმანოლ ალგუასილს “ბარსელონასთან” არასდროს მოუგია. ბასკ სპეციალისტს 7 თამაშში 6 წაგება აქვს. კუმანის შედეგი საპირისპიროა – სამიდან სამი მოგება როგორც “სოსიედადის”, ასევე ალგუასილის წინააღმდეგ.
არბიტრი
შეხვედრას ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი განსჯის.
38 წლის არბიტრის სამსაჯო კარიერა 2004 წელს დაიწყო. 2007 წელს ის სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდა, 2012 წლიდან კი პრიმერა დივიზიონის მატჩებში მსაჯობს. 2 წლის შემდეგ ის FIFA-ს არბიტრი გახდა. 2014/15 წლების სეზონში ერნანდესს Marca-სგან საუკეთესო მსაჯის ჯილდო გადაეცა.
ერნანდეს ერნანდესის კარიერის სტატისტიკა ასეთია: 352 თამაში (168 ლა ლიგაში), თამაშში საშუალოდ 5.74 ყვითელი და 0.44 წითელი ბარათი.
ერნანდესს “ბარსელონას” მატჩში 27-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა 12 შეხვედრა მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს. ამ არბიტრმა “ბარსას” ფეხბურთელი მოედნიდან მხოლოდ ერთხელ გააძევა (სერჟი რობერტო), მეტოქისა კი 7-ჯერ, აქედან 2-ჯერ მან პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა. “ბარსას” სასარგებლოდ ერნანდესმა 8 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, კატალონიელთა კარში კი – მხოლოდ 2.
“რეალ სოსიედადმა” ერნანდესის მონაწილეობით გამართული 18 თამაშიდან 9 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 6 წააგო. ამ მსაჯს სან სებასტიანელთა ფეხბურთელი არ გაუძევებია, მეტოქეს კი წითელი ბარათი 3-ჯერ უჩვენა. ერნანდესმა ბასკებს 3 პენალტი დაუდო, მეტოქეებს კი – 4.
საინტერესო ფაქტები
- “ბარსელონასა” და “სოსიედადს” შორის “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 25 თამაში მასპინძლებმა მოიგეს;
- “სოსიედადმა” “კამპ ნოუზე” ბოლოს 1991 წელს მოიგო;
- “სოსიედადს” “ბარსელონა” სტუმრად ისტორიაში სულ 3-ჯერ ჰყავს დამარცხებული;
- “კამპ ნოუზე” ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 დაპირისპირება მასპინძლებმა ერთბურთიანი სხვაობით მოიგეს;
- “სოსიედადის” მთავარ მწვრთნელს, იმანოლ ალგუასილს “ბარსელონას” წინააღმდეგ კარიერაში გამართულ 7 თამაშში 1 ფრე და 6 წაგება აქვს;
- კუმანისა და ალგუასილის სამივე დაპირისპირება “ბარსელონას” დამრიგებელმა მოიგო;
- რონალდ კუმანს “სოსიედადის” წინააღმდეგ კარიერაში ჩატარებული სამივე თამაში მოგებული აქვს;
- “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 4 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს;
- ლა ლიგაში საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 3 დაპირისპირებიდან “ბარსამ” 1 ფრედ დაასრულა და 2 წააგო;
- ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 13 შეხვედრიდან 11-ში “ბარსა” მინიმუმ 2 გოლის გატანას ახერხებდა;
- “სოსიედადის” მოგების კოეფიციენტი არის დაახლოებით 5.0. სტატისტიკურად ასეთი კოეფიციენტის მქონე გუნდები მოგებას 20%-ის შემთხვევაში ახერხებენ, მაგრამ “სოსიედადის” შემთხვევა განსაკუთრებულია – ბასკური გუნდი ასეთი თამაშების მხოლოდ ერთ პროცენტს იგებს;
- “ბარსელონას” მოგების კოეფიციენტი არის დაახლოებით 1.62. სტატისტიკურად ასეთი კოეფიციენტის მქონე გუნდები მოგებას 62%-ის შემთხვევაში ახერხებენ, “ბარსელონა” კი, ასეთ მდგომარეობაში ყოფნის დროს, თამაშების 65% იგებს. ეს ნიშნავს, რომ რა დონის ფავორიტიც დღეს “ბარსაა”, იმ დონის ფავორიტის სტატუსს კატალონიელები უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე სხვა გუნდები;
- ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან ხუთში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან ექვსში გოლი ორივეს გაჰქონდა;
- ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან ექვსში 10 ან ნაკლები კუთხური წოდდებოდა;
- “ბარსელონამ” ბოლო 8 თამაშიდან შვიდში ანგარიშს გახსნა მოახერხა;
- “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “სოსიედადს” ბოლო 6 თამაშში კარი მშრალად არ შეუნახავს;
- “სოსიედადის” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
- “სოსიედადის” ბოლო 7 თამაშში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ.
მწვრთნელები მატჩის წინ
რონალდ კუმანი
ტრიბუნებზე გულშემატკივრების დაბრუნება საუკეთესო სიახლეა, რაც კი შეიძლებოდა, გვქონოდა.
წარსულში ვერ ვიცხოვრებთ. მესი ყველას მოგვენატრება, მაგრამ ასეთებიც ხდება. ამ გუნდის იმედი მაქვს და კარგი იქნება, თუ ფანების მხარდაჭერაც გვექნება.
იმანოლ ალგუასილი
“ბარსელონას” დონე ისევ ძალიან მაღალია.
მოგების შანსი, როგორც ყოველთვის, ახლაც არსებობს. რთული იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი ყოველთვის მოგებაა.
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ნეტუ, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, გრიზმანი, ბრეითუეიტი, მემფისი
სოსიედადი (4-3-3): რემირო, გოროსაბელი, ელუსტონდო, ნორმანი, მუნიოსი, სუბიმენდი, მერინო, სილვა, პორტუ, ოიარსაბალი, იანუზაი
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ნეტუ, დესტი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, გრიზმანი, ბრეითუეიტი, მემფისი
სოსიედადი (4-3-3): რემირო, გორასაბელი, ელუსტონდო, ნორმანი, მუნიოსი, სუბიმენდი, სილვა, მერინო, იანუზაი, ოიარსაბალი, პორტუ
Marca
ბარსელონა (4-3-3): ნეტუ, დესტი, პიკე, არაუხო, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, გრიზმანი, მემფისი, ბრეითუეიტი
სოსიედადი (4-3-3): რემირო, გორასაბელი, ელუსტონდო, ნორმანი, მუნიოსი, ილიარამენდი, სილვა, მერინო, იანუზაი, პორტუ, ოიარსაბალი
პროგნოზი
- WhoScored: 2-0
- Sportskeeda: 2-0
- Sportsmole: 1-1
ტრანსლაცია
თამაში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.
კომენტარებშიდაწერეთ, რაკომპონენტისდამატებასისურვებდითმატჩისწინამიმოხილვებშიდადავამატებთ.
Ohio State University of o
"სოსიედადს" ბოლო 6 თამაშში კარი მშრალად არ შეუნახავს
წარსულში ვერ ვიცხოვრებთ. მესი ყველას მოგვენატრება, მაგრამ ასეთებიც ხდება.
ხო სუარესი რო გააგდე, მაშინაც ასე ამბობდი, და იმიტომ დაიხუნძლე ტიტულებით.
ნეტუ
ემერსონი-არაუხო-პიკე-ალბა
დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
ბრაითვაიტი-გრიზმანი-დეპაი
ბრაითვაიტი-დემირი
ემერსონი-დესტი
დე იონგი-პედრი
.ბუსკეტსი-კოუტინიო
გრიზმანი-მანაი