დღეს ლონდონის “არსენალის” თავკაცი, არსენ ვენგერი თავისი გუნდის კაპიტანს შეხვდება, ან შესაძლოა, უკვე შეხვდა. უდავოა, რომ ეს შეხვედრა გადაწყვეტს კატალონიელის ბედს, ყოველ შემთხვევაში, წელს მაინც. თუმცა ყველამ იცის, რომ ამ ორ ახლობელ ადამიანს სრულიად განსხვავებული ინტერესები ამოძრავებენ.
დღეს ლონდონის “არსენალი” აზიური ტურნედან დაბრუნდა. გუნდმა ბოლო მატჩი არც ისე წარმატებით, ანგარიშით 1-1 დაასრულა აზიურ კლუბთან. კლუბის თვითმფრინავი დედაქალაქში დილით ადრე დაეშვა. “არსენალის” სპორტულ კომპლექსში სესკ ფაბრეგასი იმყოფება, რომელიც კლუბის მთავარ მწვრთნელს ელოდება, არსენ ვენგერს, რომელთანაც ბოლოს ერთი კვირის წინ ისაუბრა, თუმცა იმ შეხვედრას არაფერი არ გადაუწყვეტია. სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბულია, მას შემდეგ რაც კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებმა სესკის სურვილის შესახებ ისაუბრეს, ხოლო ფრანგმა სპეციალისტმა კაპიტნის შენარჩუნების სურვილი გამოთქვა.
სესკ ფაბრეგასი თავის მხრივ ხვდება, რომ ამჟამინდელი კლუბისთვის მოთხოვნების წაყენება შედეგს ნაკლებად გამოიღებს, რადგან მას “არსენალთან” გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს. ამიტომ ფეხბურთელი აპირებს მის მწვრთნელთან მეგობრულად საუბარსა და მისი გულის წადილის განდობას. ყველაფერი კი არსენ ვენგერის ხელში. ფრანგი მწვრთნელი ან მისივე გაზრდილ ფეხბურთელს თავის ცხოვრების ოცნებას აუსრულებს, ან აიძულებს კიდევ ერთხელ დარჩეს კლუბში, სადაც კაპიტნისთვის შესაფერისი ტიტულების მოგების შანსი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შანსი იმისა, რომ ლონდონელებმა რომელიმე მძიმე წონიანი ტიტული მოიგონ.