
უკანახაზელებიდან, სიმბოლურ ნაკრებში ბლაუგრანას ფეხბურთელები ჭარბობენ. შარშანდელ სეზონთან შედარებით, დაცვაში საიმედო თამაშის კუთხით, კატალონიელებმა საგრძნობლად მოუმატეს, გაუშვეს რა 11 გოლით ნაკლები, ვიდრე გვარდიოლას სადებიუტო სეზონში.
“ბარსამ” მხოლოდ 24 გოლი გაუშვა, რაც “ლა ლიგაში” ბოლო 16 წელიწადში საუკეთესო შედეგია. აქამდე გაუვალი დაცვის ხაზით არსენიო იგლესიასის “დეპორტივო” იკვეხნიდა, რომელმაც 199394 წლების სეზონში მხოლოდ 18 გოლი გაუშვა, მაგრამ ჩემპიონი მაინც ვერ გახდა.
ოქროს მედლები ბლაუგრანას ერგო, რაშიც კატალონიელებს მიროსლავ ჯუკიჩი დაეხმარა. გალისიელთა სერბმა მცველმა უკანასკნელი ტურში “ვალენსიასთან” მატჩში 90-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა.
“ლა ლიგას” 200910 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ნომერ პირველი პოსტი ვიქტორ ვალდესს ერგო, რომელმაც მართლაც საუკეთესო სეზონი ჩაატარა კარიერაში – აქ ვიზუალური შთაბეჭდილებაც იგულისხმება და სტატისტიკური მონაცემებიც. ბლაუგრანას კარის დარაჯი ეფექტური სეივებით დაგვამახსოვრდა და რაც ყველაზე მთავარია, მეტოქეთათვის უწყინარ სიტუაციებში საგოლე მომენტების ჩუქებას გადაეჩვია.
შედეგად ვალდესმა “სამორას” ტიტული მოიგო, ბოლო 30 წელიწადში საუკეთესო მაჩვენებლით – მატჩში საშუალოდ 0,63 გაშვებული გოლი. ვიქტორისთვის ეს ჯილდო რიგით მესამეა კარიერაში, მაგრამ ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, მაშინ უნდა აღვნიშნოთ, რომ “სამორა” მეკარის კლასის განსაზღვრისთვის იდეალური კრიტერიუმი არ არის, რადგან “ბარსელონასა” და “რეალის” კარის მიმართულებით, ბევრად ნაკლებს ურტყამენ, ვიდრე საშუალო გუნდებისა და აუტსაიდერების კარში. უფრო საინტერესო მაჩვენებელი მეკარის მიერ გაკეთებული სეივების რაოდენობაა. აღსანიშნავია, რომ ვალდესი ამ კრიტერიუმითაც პირველია, მეორე საპატიო ადგილი “ალავესის” კარის დარაჯს, დიეგო ალვეშს უკავია, ხოლო მესამეზე “ვალენსიელი” სესარი გავიდა.
“ბარსას” კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში საგრძნობლად მოუმატა, კარლეს პუიოლია. ვეტერანი მცველის პოტენციურ შემცვლელს, კატალონიური გრანდი, თითქმის ყოველწელს ყიდულობს, მაგრამ ისინი მიდიან და მოდიან, პუიოლი კი რჩება.

პირველი წრის მონაცემებით, “ლა ლიგას” საუკეთესო ცენტრალური მცველი “ბარსელონას” 32 წლის კაპიტანი იყო, რომელთან მიახლოვებაც ჟერარ პიკემ, ბლაუგრანას მომავალმა კაპიტანმა შეძლო მეორე წრეში. ცენტრალური მცველების ასეთი საიმედო წყვილის არსებობისას, მარკესი და ჩიგრინსკი სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის არიან განწირულნი.
პუიოლის მრავალფუნქციონალურობას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც პერიოდულად დაცვის ფლანგებზე არსებულ ვაკანსიებს ფარავს, რანგით მესამე ცენტრალურ მცველს, მილიტოს შეუძლია მომავალს ოპტიმიზმით უყუროს. აი, დანი ალვესმა კი გასულ სეზონებთან შედარებით საგრძნობლად უკლო.
მისმა მადრიდელმა კოლეგამ, სერხიო რამოსმაც შარშანდელზე უარესად ჩაატარა ჩემპიონატი, მაგრამ მისი რეგრესი ისეთი თვალშისაცემი არ იყო, როგორიც ბრაზილიელის. თანაც, რამოსმა დაცვის ცენტრში იძულებით მივლინებებს თავი კარგად გაართვა.
დაცვის მარცხენა ფლანგზე დანარჩენებზე დამაჯერებლად აბიდალი და ფილიპე გამოიყურებოდნენ, მაგრამ ნახევარი სეზონი ორივემ ლაზარეთში გაატარა. ჩემპიონატის მთავარი ნაკრებისთვის მაინც ისეთი ფეხბურთელია საჭირო, რომელსაც გადამწყვეტი მატჩები არ გამოუტოვებია.
ასეთი მოთამაშე “მალიორკას” 27 წლის მარცხენა მცველი აიოსე გახლდათ. კანარის კუნძულებზე დაბადბულმა ფეხბურთელმა კარიერის დიდი ნაწილი “რასინგში” გაატარა, “მალიორკაში” კი ორი წლის უკან გადაბარგდა, “სევილიაში” წასული ნავაროს შემცვლელად. აიოსეს ბალეარული კარიერის დასაწყისი საშინელი გამოდგა – სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის კორალესთან წააგო ბრძოლა, “მალიორკა” კი ცხრილის ფსკერზე დაეშვა. ამ მომენტში, 2009 წლის თებერვალში, აიოსემ კორალესი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო და მას შემდეგ, “მალიორკას” საქმეები წინ წავიდა. საუკეთესო დაცვის მქონე გუნდების ოთხეულში ბალეარელები დიდწილად აიოსეს დამაჯერებელი თამაშის წყალობით მოხვდნენ.

საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველის წოდება ხაბი ალონსომ მოიპოვა. ბასკი ფეხბურთელი მთელი სეზონის განმავლობაში კოლოსალური მოცულობის სამუშაოს ასრულებდა და სატრანსფერო ფასისა და თამაშის ხარისხის შეფარდებით, პერესის საუკეთესო საზაფხულო შენაძენად იქცა.
ალონსოში მადრიდელებს პატარა ფული არ გადაუხდიათ, მაგრამ 30 მლიონად ნაყიდ ხაბი ალონსოსთან პრეტენზიები მადრიდში არავის აქვს, არც თავდადებისა და არც თამაშის ხარისხის თვალსაზრისით.
სიმბოლური ნაკრების შემტევი ნახევარმცველების ტრიო მთლიანად კატალონიურია. საშემოდგომო ჩავარდნის შემდეგ, ლიონელ მესიმ ჩემპიონატის მეორე წრე უმაღლეს დონეზე ჩაატარა, 34 გოლით “პიჩიჩის” ჯილდოც მოიგო და “ოქროს ბუციც”. თანაც, რონალდოს ცამეტიწლისწინანდელი რეკორდი გაიმეორა.
სხვა საკლუბო ტურნირებსაც თუ ჩავთვლით, ლეოს 47 გოლი მოუგროვდება. მოედნის ცენტრში არგენტინელის პერიოდულ გადაადგილებას, “ბარსელონას” შემტევი პოტენციალი არ დაუქვეითებია. ეს დიდწილად მესის თანატოლის, პედროს დამსახურებაა, რომელიც სამხრეთამერიკელის არყოფნაში მარჯვენა ფლანგზე ბრწყინავდა. როდრიგესმა ექვს ტურნირში მოახერხა გოლების გატანა, რაც აქამდე ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო.
მართალია, პედოს მეტწილად მარცხენა ფლანგზე უწევდა ბურთაობა, სადაც ნაკლებად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, მაგრამ მთავარ გუნდში ადგილი მაინც დაიმსახურა. ისევე როგორც ჯადოსნური გადაცემების გენიოსმა, ხავიმ რომელმაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ერნანდესი თავის საქმესაც აკეთებდა და იმ ბიჭისასაც, ვისაც ანდრესი ჰქვია და ტრავმებმა გატანჯეს. მადრიდული კლასიკო, ალბათ საუკეთესო მატჩი იყო ხავის კარიერაში, თუმცა, თამაშ-შედევრებს, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის შესრულებით, ალბათ, ვერ დავითვლით.
“ლა ლიგას” სიმბოლურ ნაკრებს მადრიდელი ფორვარდების წყვილი აგვირგვინებს. რონალდომ და იგუანმა ჯამში ბლანკოსის მიერ გატანილი 102 გოლიდან 53 შეაგდეს. პარალელურად, პორტუგალიელი “რეალის” საუკეთესო მეპასეც გახდა 9 გადაცემით. არგენტინელი კი ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა და რაული და ბენზემა სათადარიგოთა სკამს მიაჯაჭვა. გოლების ორმა მანქანამ კასტილიურ კლუბს 31 მატჩი მოაგებინა პრიმერაში, რაც “რეალის” ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.
www.sports.ru