“ბარსელონას” ნახევარმცველმა ფერმინ ლოპესმა “ატლეტიკოსთან” 2-1 გამარჯვების შემდეგ გუნდის ხასიათი და მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაში გამოარჩია. ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელმაც მეტოქეს ორი გოლი გაუტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, აღნიშნა, რომ ამ გამარჯვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
ფერმინმა Movistar+-თან საუბარში აღიარა, რომ “ბარსელონას” მატჩის საწყის მონაკვეთში გაუჭირდა. მან გასული სეზონიც გაიხსენა, როდესაც “ატლეტიკომ” კატალონიურ გუნდს ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე აჯობა.
“რთული მატჩი იყო, მაგრამ შემოტრიალება შევძელით.”
ფერმინის განმარტებით, პირველ ტაიმში გუნდი საუკეთესო ფეხბურთს ვერ აჩვენებდა, თუმცა გამათანაბრებელმა გოლმა მოთამაშეებს დაძაბულობა მოუხსნა და მეტი თავისუფლება შესძინა. მან გამარჯვების გოლში შეტანილი წვლილისთვის ლამინ იამალსაც მადლობა გადაუხადა, რომელმაც საგოლე გადაცემა შეასრულა.
“ბარსელონას” ოფიციალურ მედიასთან საუბრისას ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს სანაკრებო პაუზამდე გამარჯვების მოპოვება და ჩემპიონატში ლიდერობის შენარჩუნება ძალიან სურდათ.
ფერმინის თქმით, დაახლოებით 20-25 წუთის შემდეგ “ბარსელონამ” თამაშზე კონტროლის დამყარება დაიწყო. მისმა პირველმა გოლმა გუნდის თავდაჯერება გაზარდა, ხოლო “ატლეტიკო” შედარებით ღრმად დაცვაში გადავიდა, რამაც კატალონიელებს ბურთის ფლობისა და თამაშის მართვის მეტი შესაძლებლობა მისცა.
შესვენებაზე ფეხბურთელები შეთანხმდნენ, რომ მეორე ტაიმში იმავე ინტენსივობით უნდა გაეგრძელებინათ თამაში, როგორითაც პირველი ნახევარი დაასრულეს.
“გუნდმა მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა.”
ფერმინმა ყურადღება გაამახვილა იმ კრიტიკაზეც, რომელიც “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან და ლა ლიგაში “რეალ მადრიდთან” მარცხების შემდეგ მოჰყვა.
ნახევარმცველის განცხადებით, ფეხბურთელებს კარგად ესმოდათ გულშემატკივრების იმედგაცრუება, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდათ. მისი თქმით, “ატლეტიკოსთან” გამარჯვება სწორედ იმის დასტური იყო, რომ გუნდს უმაღლეს დონეზე კონკურენცია შეუძლია.
“სერიოზული განაცხადი გავაკეთეთ: აქ ვართ და ყველა მატჩში ვიბრძოლებთ.”
აღსანიშნავია, რომ “ატლეტიკოსთან” შეხვედრა ფერმინისთვის ლა ლიგაში მე-100 იყო. მან საიუბილეო მატჩში დუბლი შეასრულა და “ბარსელონას” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ჰანსი ფლიკის გუნდი სანაკრებო პაუზას ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერის სტატუსით შეხვდა.




ფერმინი ფლანგზე გორდონის ნაცცლად და ცენტრში პედრი-როდრი-დეიონგი!!! ერთადერთი შანსია ეს, რომ ამოწეული დაცვით რამე შანსი გვქონდეს და რათქმაუნდა ცენტრალური მცველის მოსაყვანია ზამთარში და კუნდეც ფორმაში უნდა შევიდეეს