ბოლოს როდის ველოდით სანაკრებო პაუზის დასრულებას ასე მოუთმენლად? ბოლო წლებში “ბარსელონა” სულ წვალობდა, ჩვენც ვწვალობდით და პაუზის შემდეგ თამაშებს ძველებური მოლოდინით აღარ ვხვდებოდით. ახლა კი, დღევანდელ მატჩში ლამაზი და მარტივი გამარჯვების იმედი გვაქვს, რაც გუშინ დამარცხებულ “ატლეტიკოსთან” სხვაობას 1 ქულამდე შეგვამცირებინებს; შემდეგ კი “კლასიკოა”, რომელსაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ ასევე იმედიანად ვხვდებით.
სათამაშო ფორმა
ბოლო დროს “ბარსელონამ” “აიშვა”. შედეგი ხომ ძალიან კარგი გვაქვს და თამაშსაც ისეთს ვაჩვენებთ, ყურება რომ შეიძლება. კორონავირუსის პირობებში ასეთი სტაბილური შედეგებით “ბაიერნი” და “მანჩესტერ სიტიც” კი ვეღარ დაიკვეხნიან.
“ბარსელონას” ლა ლიგაში 18 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლო 5 თამაში მარტივად მოვიგეთ და ლანგლეს ფეხების უშნოდ ქნევა რომ არ ჩვეოდეს, ზედიზედ 13 შეხვედრა გვექნებოდა მოგებული.
წაუგებელი სერია ეთქმის “ვალიადოლიდის” შედეგსაც. სერხიო გონსალესის შეგირდები 4 მატჩია არ დამარცხებულან, მაგრამ ამ 4 შეხვედრიდან მათ მხოლოდ 1 მოიგეს.
სტუმრად ჩატარებულ ბოლო 8 შეხვედრაში “ვალიადოლიდს” მხოლოდ 1 წაგება აქვს, მაგრამ ასევე მხოლოდ 1 მოგება.
ჩვენი დღევანდელი მეტოქე, ბოლო დროს, ცოტა გოლს უშვებს. უკანასკნელ 7 მატჩში “ვალიადოლიდი” ან კარს მშრალად ინახავდა, ან მხოლოდ 1 გოლს უშვებდა, ბოლო 8 გასვლით შეხვედრაში კი კასტილიელებმა 2 ბურთი მხოლოდ ერთხელ გაუშვეს.
დანაკლისი
“ბარსელონას” განაცხადი ცნობილი ჯერ არაა. დიდი ალბათობით არ ითამაშებს ჟერარ პიკე, რომელიც “კლასიკოსთვის” სრულად გამოჯანმრთელებას უმიზნებს. დანამდვილებით კი ის ვიცით, რომ დღეს ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო და სერჟი რობერტო არ გვეყოლება. ძალიან კარგია, რომ სანაკრებო პაუზა ტრავმების გარეშე ჩავატარეთ, მთავარი ამბავი კი ისაა, რომ კარგად დასვენებულია ლეო მესი, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.
“ვალიადოლიდის” საქმე ძალიან ცუდადაა. ტრავმირებულები არიან მარკოს დე სოუსა, რაულ გარსია, ჟოტა, ელ იამიქი, სან ემეტერიო და ვეისმანი, ლუის პერესს, კიკე პერესს, რობერტოს, კაპიტან მიჩელსა და ხოაკინს კორონავირუსი აქვთ, ხოლო ფაბიან ორელიანა დისკვალიფიცირებულია. ამათგან სასტარტო შემადგენლობის წევრები ლუის პერესი (მარჯვენა მცველი), ვეისმანი (თავდამსხმელი), სან ემეტერიო (ცენტრალური ნახევარმცველი) და ხოაკინი (ცენტრალური მცველი) არიან. თუმცა პრობლემას ის ქმნის, რომ ვერ ითამაშებს ვერც ელ იამიქი, რომელიც ხოაკინს შეცვლიდა. ასევე საეჭვოა გუნდის მე-2 მარჯვენა მცველის, პაბლო ერვიასიას თამაშიც.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუდნებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე 95-ჯერ უთამაშიათ. “ბარსელონას” 63 მოგება, 16 ფრე და 16 წაგება აქვს. კატალონიელებმა 221 გოლი გაიტანეს და 81 გაუშვეს. “ბლაუგრანამ” ბოლო 5, ასევე ბოლო 14-დან 13 თამაში მოიგო. მათ შორისაა მიმდინარე სეზონში ვალიადოლიდში 3-0 მოგება, როდესაც კუმანის გუნდის მხრიდან გოლები ლანგლემ, ბრეითუეიტმა და მესიმ გაიტანეს.
რაც შეეხება კატალონიაში ჩატარებულ შეხვედრებს – 39 მოგება, 6 ფრე და 2 მარცხი. “ბარსამ” “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 7 დაპირისპირება მოიგო, ბოლოს კი 1997 წელს წააგო.
არბიტრი
თამაშს 41 წლის სანტიაგო ხაიმე ლატრე განსჯის.
ლატრე 2002 წლიდან მსაჯობს, ლა ლიგაში დებიუტი კი მას 2014 წელს ჰქონდა. უმაღლეს დივიზიონში სანტიაგოს 128-ჯერ უმსაჯია.
კარიერის განმავლობაში ის თამაშში საშუალოდ 5.64 ყვითელ და 0.26 წითელ ბართს აჩვენებს. ლა ლიგაში მისი მაჩვენებელი თამაშში საშუალოდ 5.37 ყვითელი (მე-7 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) და 0.24 წითელი (მე-14 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) ბარათია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრიმერაში დაწინაურების შემდეგ ლატრემ ყვითელი ბარათების ჩვენებას აშკარად უკლო – პირველ სეზონში თამაშში ის საშუალოდ 7.21 ყვითელ ბარათს აჩვენებდა, მიმდინარე სეზონში კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 4.54 აქვს.
“ბარსელონას” მატჩში ხაიმე ლატრეს 11-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა 9 თამაში მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. ასეთი კარგი შედეგი ლატრეს მატჩებში სხვა არცერთ გუნდს არ აქვს. ამ 11 მატჩში სანტიაგომ 1 წითელი ბარათი აჩვენა (მეტოქეს), ხოლო თითო კარში თითო თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
მიმდინარე სეზონში ლატრეს “ბარსელონას” შეხვედრაში ჯერ არ უმსაჯია.
საინტერესო ფაქტები
- ამ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო 14 თამაშიდან 13 “ბარსელონამ” მოიგო;
- “ვალიადოლიდს” “კამპ ნოუზე” 21-ე საუკუნეში მოგება არ აქვს;
- “ვალიადოლიდთან” გამართული ბოლო 13 თამაშიდან 10-ში “ბარსელონამ” პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანი შეხვედრაც;
- “ვალიადოლიდმა” ბოლო 3 გასვლითი შეხვედრა ფრედ დაასრულა;
- ლა ლიგის ბოლო 12 თამაშიდან 11-ში “ბარსელონას” მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- ლა ლიგის ბოლო 7 გასვლითი შეხვედრიდან 5-ში “ვალიადოლიდმა” პირველი ტაიმიც ფრედ დაასრულა და მთლიანად თამაშიც;
- “ვალიადოლიდის” მიერ ლა ლიგაში სტუმრად ჩატარებული ბოლო 9 თამაშიდან 8-ში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო 5 თამაშში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ბარსელონასა” და “ვალიადოლიდს” შორის გამართული ბოლო 6 თამაშიდან 5-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო 5 თამაშში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
- “ბარსელონას” ლა ლიგაში 18 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- ბოლო 3 თამაშში “ბარსელონა” კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს;
- ბოლო 10 თამაშიდან 9-ში “ბარსელონამ” ანგარიშის გახსნა მოახერხა;
- “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან 7-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ვალიადოლიდის” ბოლო 7 თამაშში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ვალიადოლიდის” ბოლო 6 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ.
რონალდ კუმანი მატჩის წინ
ვიცით, რომ “რეალ ვალიადოლიდს” ტრავმებისა და კორონავირუსის ფონზე, დანაკლისი აქვს. სანაკრებო პაუზის მიუხედავად, კარგად ვართ. ჩვენი სიტუაცია ვიცით და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ.
სავარაუდო შემადგენლობები
Marca
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, ლანგლე, დესტი, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, ალბა, მესი, დემბელე
ვალიადოლიდი (4-4-2): მასიპი, ხანკო, ხავი სანჩესი, ბრუნო, ოლასა, პლანო, ალკარასი, მესა, ტონი, კოდრო, გვარდიოლა
Sport
ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, ლანგლე, დესტი, ბუსკეტსი, პედრი, ალბა, დემბელე, მესი, გრიზმანი
ვალიადოლიდი (4-4-2): მასიპი, ხანკო, ხავი სანჩესი, ბრუნო, ოლასა, მესა, ალკარასი, პლანო, ვილია, გვარდიოლა, კორდო
პროგნოზი
- WhoScored: 2-1
- Sportskeeda: 4-1
- Sportsmole: 3-0
- Squawka: 2-0
ტრანსლაცია
თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.
კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.
"სტატისტიკის" მიხედვით უნდა მოვიგოთ. ოღონდ დიდი ანგარიშით.
წესით უნდა გავაპოთ შუაზე
დღეს უეჭველი დიდი ანგარიშით მოვიგებთ 👌 მესის დუბლი და დემბელეს გოლი პლიუს დეიონგი გაიტანს 🙂
სტატისტიკურად, საქმე კარგადა გვქონია, იმედია მსაჯიც ჭკუით მოიქცევა და ობიექტურად იმსაჯებს.
ეს კარგი იყო: "ბარსელონას" ლა ლიგაში 18 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლო 5 თამაში მარტივად მოვიგეთ და ლანგლეს ფეხების უშნოდ ქნევა რომ არ ჩვეოდეს, ზედიზედ 13 შეხვედრა გვექნებოდა მოგებული". ჩემის მხრივ დავამატებდი ასევე დემბელეს რომ ფეხების უაზროდ ქნევა არ ჩვეოდეს ზედიზედ 13 შეხვედრა ნაღდად გვექნებოდა მოგებული.
მინიმუმ 2 ბურთით უნდა მოვუგოთ, ძალიან რო არ გართულდეს ჩემპიონის გამოვლენა.
დე იონგმა აუცილებლად უნდა დაისვენოს ჯერ იმიტომ რომ გადამწვარია დებურმა 7-0 ზეც კი არ გაიყვანა მეორე კიდე დისკვალიფიკაციის საშიშროებაა ასერომ უნდა დაისვენოს ყველავარიანტში
მოსაგები თამაშია ნაღდად და ატლეტიკოსთან 1 ქულაში ვიქნებით.ისეთ საზიზღარ ფორმაში არიან კამპ ნოუზე უეჭველი მოვუგებთ.მთავარია უაზროდ არ ვკარგოთ ქულები
პირველი გთხოვთ რომ ეს რეკლამა მოაცილოთ,მეორე რა თქმა უნდა ნორმალური ლინკი თამაშის,მოგებაზე აღარაფერს ვიტყვი იმიტომ რომ ისედაც ვიცით ასე იქნება.