workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2021-ის ჰორიზონტზე | გვიხაროდენ?

2021-ის ჰორიზონტზე | გვიხაროდენ?

XXI საუკუნის განმავლობაში “ბლაუგრანას” მიერ მიღწეული პროგრესის ფონზე ძნელი დასაჯერებელი და ასევე მძიმე აღსაქმელია ის ზიანი, რომელიც კლუბმა 2020 წელს მიიღო. ზიანი, რომელიც რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, მაგრამ მძლავრი სისტემის ჩამოშლას დრო სჭირდება, ის რამდენიმე წელი კი სწორედ ნგრევას დასჭირდა. 

2020 უკვე საკმარისად განვიხილეთ, გასული წლის მთავარი მონაპოვარი კი სწორედ იმ დამანგრეველი ძალის მოშორება აღმოჩნდა, რომელიც ყველაზე შესამჩნევ ადგილას დიდხანს იმყოფებოდა. თუმცა, საბოლოოდ თითი მისკენ მაშინ გაიშვირეს, როცა დაგვიანებას ბევრი აღარ ეკლდა. ბართომეუ “წაეთრა, წაშავდა, წაბნელდა”. ახლა კი ყველაფრის ნულიდან დაწყება არა, მაგრამ ძალიან დაბალი საფეხურებიდან აგებაა საჭირო.

2021 წლის ავკარგიანობაზე და კოსმოსში გაგზანილ პოზიტიურ სურვილებზე დიდი იმედები რომ არ დავამყაროთ და უბრალოდ ხელჩასაჭიდი ფაქტებით ვისაუბროთ, ურიგო არ იქნება. შესაბამისად, ქვემოთ ვეცდები ის უმთავრესი დასახული მიზნები ჩამოვთვალო, რომელიც კლუბს გათვლილი უნდა ჰქონდეს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, უნდა შესრულდეს კიდეც.

24.01 – არჩევნები| ფონტი vs ლაპორტა

მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ვიქტორისა და ჟოანის გარდა კიდევ არიან, ორ უმთავრეს სუბიექტს სწორედ ეს ორი პიროვნება წარმოადგენს.

ერთ მხარეს არის წარსულში “ბარსას” პრეზიდენტი, რომლის დროსაც კატალონიელები არა მარტო კლუბის ისტორიაში, არამედ ბევრის აზრით, ყველა დროის საუკეთესოებად იწოდებოდნენ. ლაპორტას პიროვნება რომ უფრო თამამი და ეპატაჟურიც კია, ის ბანერიც მიუთითებს, რომელიც მან “სანტიაგო ბერნაბეუსთან” გამოფინა. კრუიფის რჩეულ პრეზიდენტს ბევრი მომხრე ჰყავს, მათ შორის ის კაცი, ვისი დანგრეულის შენებაც გამარჯვების შემთხვევაში მას მოუწევს.

მეორე მხარეს კი – კაცი, რომელსაც შექმნილი აქვს პროექტი. ამ პროექტის ქვაკუთხედად კი ჩავი ერნანდესს თვლის. 

ჩავის “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელის რანგში გამწესება დროის ამბავია, თუმცა, ვიქტორ ფონტი, როგორც თავად აცხადებს, ისეთი პროექტის დანერგვას გეგმავს, რომელიც მოკლევადიანი წარმატების ნაცვლად, ძირეულ რეფორმებს მოიცავს. ამ რეფორმების შემდეგ კი წარმატების გზა უფრო მყარი და ხანგრძლივი უნდა აღმოჩნდეს.

ამ ორი ადამიანის გარდა სხვები უფრო მეტად ორიგინალური დაპირებებით თუ დაგვამახსოვრდებიან. არც ჟორდი ფარეს მიერ მესის საპატიო პრეზიდენტად დანიშვნა და არც აგუსტი ბენედიტოს მიერ ახალი სტადიონის აშენება ამომრჩევლისათვის ხმის მიცემის საბაბს როგორც ჩანს, არ იძლევა. შესაბამისად, ნახსენები კანდიდატები ასეთი დაპირებების შედეგად, შესაძლოა, MD-ის ან Sport-ის პირველ გვერდებზე აღმოჩნდნენ, მაგრამ ბიულეტინში მათთვის ხმის მინიჭების იმედი ნაკლებად თუ ექნებათ.

მოკლედ, 24 იანვარს ბევრი რამ გადაწყდება. ამ დღიდან კლუბს უკვე ყველა სახის რეფორმის განხორციელების საშუალება ექნება და იმ ვაკუუმიდან, რომელში ყოფნის პერიოდშიც, არც ტრანსფერის და არც მწვრთნელის გაშვება-დანიშვნის უფლება აქვს, საბოლოოდ გამოვა.

კორონავირუსის და რა თქმა უნდა, უსუსური მენეჯმენტის გამო გასაფლანგი და უაზროდ დასახარჯი ფინანსების რესურსი აღარ არსებობს. ახალ პრეზიდენტს საქმის კეთება და არც თუ ისე მარტივი მდგომარეობიდან გამოსავლის გზის ძიება მოუწევს.

17.02| უძღები შვილის დაბრუნება

სერია A-ს მე-6 ადგილოსანთან 3-ბურთიანი მარცხი საშინაო კედლებში, გუნდებს შორის სხვაობის რეალურ სურათს რომ არ ასახავს, ეს თქვენც მოგეხსენებათ, მაგრამ “ბებერ ქალბატონთან” ერთად ჯგუფიდან მეორე ადგილით გასვლა ალბათ მხოლოდ იმიტომაა საინტერესო, რომ 2017 წელს რეკორდულ ფასად წასული, კარნავალების მოყვარული ბრაზილიელი “კამპ ნოუზე” ისევ დაბრუნდება.

რთული სათქმელია, ჩრდილიდან გამოვიდა თუ არა ნეიმარი, ან თუ გამოვიდა სხვის ჩრდილქვეშ ხომ არ აღმოჩნდა პარიზში, მაგრამ ფაქტი ერთია – თუ ასეთ კრიზისში მყოფი “ბარსა” პსჟ-ს ბოლო 4 წელიწადში მესამედ მერვედფინალიდან გამოთიშავს, უმეტესობა დარწმუნდება, თუ რაოდენ მცდარი პროექტია პარიზული გუნდი და რამხელა შეცდომა დაუშვა “ნეიმ” იქ გადასვლით.

ამასთანავე იქ “ბარსელონას” მოძულე მაურისიო პოჩეტინო მივიდა. მას კატალონიელების წინააღმდეგ პირადი ამბიციები აქვს და ჩემპიონთა ლიგის ამ ცენტრალურ საფლეიოფო შეხვედრაში, შესაძლოა, იმაზე მეტი ინტრიგა ამოვიკითხოთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

11.04| ელ კლასიკო სატურნირო მოტივაციის გარეშე?

მარტის თვე არ ვახსენეთ, მაგრამ რეალურად მარტის თვის სტაბილურობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გრადუსი და ფასი ექნება “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართ შეხვედრას. კორონავირუსის ვაქცინაც, დიდი ალბათობით, ისე იქნება გავრცელებული, რომ მადრიდულ ტრიბუნებს მხოლოდ აუდიო ხმა არ უნდა ამშვენებდეს. გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნების გაჩუმება კი “ლა პულგას” როგორ უყვარს, კარგად მოგეხსენებათ. 

“ბარსელონას” ამჟამინდელი არასტაბილურობა თუ არ აღმოიფხვრა, გუნდს ლა ლიგის ტიტულზე ფიქრის შეჩერება, დიდი შანსია, რომ ნაადრევად მოუწიოს. ამ შემთხვევაშიც, “ლურჯ-ბროწეულისფერები” სხვაზე არიან დამოკიდებულნი. სიმეონეს მანქანა ისეთ ფორმაშია, რომ ჩატარებული 14 შეხვედრიდან მხოლოდ 3-ში დაკარგეს ქულები. “ბარსას” მსგავსად, “რეალიც” ვერ დაიკვეხნის უდანაკარგო ასპარეზობით, მაგრამ “ლოს ბლანკოსი” შედარებით უკეთეს სიტუაციაში მაინც იმყოფება.

23.05| ლა ლიგის ფინიში

როგორც ელ კლასიკოს ნაწილში ვახსენეთ, გუნდმა სტაბილურობას უნდა მოუმატოს, ლა ლიგის მეორე წრის შუა ნაწილში შემადგენლობას ტრავმირებული ფეხბურთელები უნდა დაუბრუნდნენ. ანსუ ფატის სახით, შეტევებში სიმწვავე და ჟერარ პიკეს სახით, დაცვაში სტაბილურობა კი გუნდს ნამდვილად აკლია. 

ფატის ტრავმის შემდეგ აშკარად ჩანს, რომ “ბარსა” მხოლოდ მესის იმედადაა დარჩენილი და ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც თავს დიდი ძალებით იცავს, შეტევაში ფაქტობრივად უფანტაზიოა. 

ანსუს კი სწორედ იმის უნარი აქვს, რომ არგენტინელის ინერტულობის შემთხვევაში გუნდს მხსნელადაც მოევლინოს და თამაშში გარდატეხა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეიტანოს. ახალგაზრდა ესპანელის ანგარიშზე ტრავმის მიღებამდე ყველაზე მეტი დამაწინაურებელი გოლი იყო. იმ შეხვედრებში კი სადაც “ბლაუგრანა” წინ გადის, კონტროლი კარგად გამოსდის და იშვიათად კარგავს ქულებს. 

რაც შეეხება პიკეს, მის არყოფნაში მინგესამ და არაუხომ საკმაოდ დიდი დრო მიიღეს. გასაგებია, რომ ახალგაზრდების განვითარებისათვის სათამაშო დრო აუცილებელია, მაგრამ ერთბაშად ამდენი დატვირთვა, პასუხიმგებლობისა და წნეხის ქვეშ აქტიურად მოქცევა, შეიძლება, უკურეაგენტი აღმოჩნდეს კარიერულ წინსვლაში. ურუგვაელი და ესპანელი მცველების საწყისმა სტაბილურობამ გულშემატკივარში პოზიტიური განწყობა შექმნა, თუმცა, იყო შეხვედრებიც, სადაც უშუალოდ მათ გამო დაშვებულმა შეცდომებმა “ბარსელონას” ქულები დააკარგინა. 

ამავე თვეში ერთ-ერთი უკანასკნელი ტურის მატჩი “როხიბლანკოსის” წინააღმდეგ “კამპ ნოუზე” გაიმართება და ვინ იცის, იქნებ “ბარსას” 2014 წლის მსგავს ლა ლიგის “ფინალში” რევანშის აღების საშუალება მიეცეს.

31.06| მესი თავისუფალი აგენტია

ისტორიაში იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც კლუბს ასეთი ფეხბურთელი ჰყავს და ხელმძღვანელობა მაქსიმალაურად ცდილობს მას გუნდში თამაშის სურვილი გაუქროს. ერთადერთი გარემოება და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანიც, რამაც ლეოს “ბარსაში” დარჩენა აიძულა, მისი ერთგული გულშემატკივარი და ოჯახია. 

ბოლო 3 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მესიმ აშკარად უკან დაიხია და თამაშის სხვა პოზიციიდან გამწვავება სცადა, შესაძლოა, მისი საუკეთესო ვერსიაც კი ვიხილეთ. “ახალი მესი” ალბათ აღარ იყო შეტევაში ისეთი ცივსისხლიანი, როგორც გვარდიოლას ან ენრიკეს დროს, მაგრამ თანაგუნდელებთან ერთად მეტოქე კარისაკენ უფრო მეტ ხიფათს ქმნიდა, ვიდრე ოდესმე. ჯერ მხოლოდ ლა ლიგის ბოლო სეზონში დაფიქსირებული ორმაგი ლიდერობა ასისტებსა და გოლებში გამოდგება ნათელ მაგალითად და ახსნა-განმარტება აღარ უნდა სჭირდებოდეს, თუ რატომაა ის საუკეთესო. 

კლუბის ყოფილმა ხელმძღვანელობამ საბოლოოდ იმდენი მოახერხა, რომ ლეო ახლა თავისუფალი აგენტი გახდება და სხვა კონკურენტ კლუბში, შესაძლოა, უფასოდ გადავიდეს. მესის წასვლა კი არა მარტო კლუბის იდენტობაზე, არამედ ისედაც კრიზისულ ფინანსურ მდგომარებაზე სავალალოდ იმოქმედებს.

მისი ბოლო ინტერვიუდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ახლა უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე წინა ზაფხულში, თუმცა “ბარსელონას” გულშემატკივრების დამაიმედებელ სამხილად მხოლოდ ინტერვიუს დროს ღიმილი უნდა დავიტოვოთ.

ახალი პრეზიდენტის მოსვლა ლეოს გადაწყვეტილებაზე, რა საკვირველია, იმოქმედებს. თითოეული კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაც სწორედ იმას ეფუძნება, რომ არჩევის დღიდან ისინი ლეოსთან კონსულტაციებს დაიწყებენ და კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც დაითანხმებენ. შეიძლება ვიდავოთ, თუ რომელ მათგანს ექნება მისი გადმობირების ყველაზე დიდი შანსი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მომავალი პრეზიდენტი მას, როგორც გუნდის ლიდერს, კაპიტანს და მთავარ ძალას აღიქვამს, ესმის მისი ღირებულება და არ ცდილობს იმიჯის შელახვას.

ჩავი ერნანდესი – გაჭირვების ტალკვესი

ჩავი ერნანდესის “ბარსელონაში” დაბრუნების ამბავი რომ ახალი არაა, ეს თავადაც მოგეხსენებათ. მისი ამ ზაფხულს დანიშვნის იდეა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც რონალდ კუმანმა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტარტი აჩვენა. პირველ 15 თამაშში მხოლოდ 7 გამარჯვება ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად ტოვებს. 

ჩავის მოსვლის შესახებ ვიქტორ ფონტის სურვილზე ვისაუბრეთ, ჟოან ლაპორტამ კი მას შემდეგ, რაც გვარდიოლამ “სიტისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა, მთავარი მწვრთნელობის მომავალ კანდიდატად სწორედ “ბარსას” 6-იანი დაასახელა.

ყატარული “ალ სადის” წარმატება არა მარტო მოგებულ ტიტულებში აისახება, არამედ გუნდის სათამაშო სტილში. პეპ გვრდიოლას “ტიკი-ტაკას” გამეორება ბევრმა სპეციალისტმა სცადა, მაგრამ მარტივად ჩანს ყველა მათგანში, რომ ეს ორიგინალი ვერსია არ არის. “ტიკი-ტაკა” ბურთის გორება და უაზრო, სტატისტიკისთვის პასების კეთებას არ გულისხმობს. ჩავის მიერ დანერგილ სათამაშო სქემაში კი იგრძნობა ის ელფერი, რომელიც მხოლოდ ოსტატის მოწაფეს უნდა ჰქონდეს მემკვიდრეობით მიღებული.

გარდა ტაქტიკური ხედვისა, ჩავიში არსებობს გამარჯვებულის მენტალიტეტი. გრძნობა, რომელიც მას კარიერის დასრულებისას თან გაჰყვა. დატოვა “ბარსელონა” მაშინ, როდესაც კლუბი იყო პიკში. სწორედ ის კაპიტნობდა ბოლოს გუნდს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მოგება “ბარსამ” უკანასკნელად შეძლო. ახლა კი “ბლაუგრანას” ფსიქოლოგიურად მოტივირება ყველაზე მეტად სჭირდება, რაც რონალდ კუმანს დავინახეთ, რომ აშკარად არ გამოსდის.

გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ასეთი ლაბირინთიდან გამოსავლის ძიებას კი ნამდვილად აქვს აზრი მაშინ, როდესაც “ბარსელონა” ხარ და ზურგს უდიდესი ისტორია და უამრავი გულშემატკივარი გიმაგრებს. 

ალბათ არაფერია იმაზე მძიმე სანახავი, ვიდრე დაცარიელებული “კამპ ნოუს” ტრიბუნები და სიჩუმე, რომელსაც ედერ სარაბიას თამამი მითითებები არღვევს იქამდე, სანამ გულშემატკივრის აუდიო შეძახილები არ ჩაახშობს მას. 

2020-ში “ბარსამ” ბევრი დაკარგა, მაგრამ ამისდა მიუხედავად დიდი კლუბები ასე მარტივად არ ინგრევიან. ოპტიმიზმის საფუძველი ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სრული ერთიანობა სუფევს. საფუძვლიანი ეჭვი და ასევე იმედი მაქვს, რომ “ბარსელონაში” ისევ არსებობს ხალხი, ვისთვისაც კლუბი ბევრ ღირებულებაზე მაღლა დგას და მათთვის წარმატება ძალზე ფასეულია. გუნდის მისაკუთრება და ერთპიროვნული ჰეგემონია კი ვინც მოისურვა, მათთვის წარმატებულად არასდროს დასრულებულა.

არავინაა იმაზე დიდი, ვიდრე “ბარსელონა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • mesi_10
    schedule 03 იან 2021, 01:42

    საღოლ ავტორ ძალიან მრავლის მთქმელი სტატიაა და როგორც ჩამოაყალიბე ასე ლოგიკურათ თუ წარიმართება ბარსას შემდგომი არსებობა იმედიც იქნება იმის რომ გუნდი თავს დააღწევს ყველანაირ კრიზისს ნუ მეტნაკლებათ მარა მაინც.. ისე კი ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევა ალბათ ყველაზე ხანგრძლივი და რთული იქნება გუნდისთვის ვინც არ უნდა მოვიდეს პრეზიდენტათ მარა მთავარი ის იქნება რო შესაძლებელია ეს ყველაფერი თუ თითოეული შემოსული ცენტიც კი ბარსას ხაზინაში ჩაირიცხება და არა კონკრეტულათ რომელიმე მაღალჩინოსანის ანგარიშზე როგორ იმ ავად სახსენებელი ბაღტომეუს დროს იყო გაისქელეს ჯიბეები და გააცარიელეს ხაზინა. მოკლეტ იმასაც დიდი მნიშვნელობა აქ ასევე როგორ დაიხარჯება ტანხა ასე რო ვნახოთ ლაპორტა თავს რითი დაგვამახსოვრებს..

  • Ansu_fati_22
    schedule 02 იან 2021, 22:15

    ძაან მაგარი სტატიაა

  • BEQA BARCA
    schedule 02 იან 2021, 21:13

    კაი სტატიაა სააღოლ იმედია კაი წელი წავაა

  • პატარა პრინცი
    schedule 02 იან 2021, 21:05

    კარგი სტატიაა! მომეწონა smiley ავტორს მადლობა relaxed ამ ტიპის სტატიები კარგად იკითხება და უფრო საინტერესოა.

  • ბასქუ10
    schedule 02 იან 2021, 20:43

    ძალიან საინტერესო და მაგრი სტატია გამოვიდა, იმედია ლაპორტა გაიმარჯვებს და დააბრუნებს ამ კლუბს იქ სადაც ბარსას ადგილია

  • M10 S9 D11
    schedule 02 იან 2021, 20:34

    ლაპორტამ უნდა მოიგოს სხვა ვერავინ უშველის ამ კლუბს

  • BARCELONA FOREVER
    schedule 02 იან 2021, 20:26

    ყოჩაღ მაგარი სტატიაა

  • ჯერემი რენერი
    schedule 02 იან 2021, 20:11

    @Kraken ყოჩაღ !