2020 წლის შეჯამება

2020 წლის შეჯამება

2020 წელი ყველასთვის რთული გამოდგა, მათ შორის საფეხბურთო სამყაროსათვის, ეს წელი დახუნძლული იყო დასამახსოვრებელი მომენტებით, "ბარსას" გარშემო კი მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა.

კაცი, რომელიც იცინის

2020 წლის დასაწყისში ვიხილეთ ახალი ფორმატით ჩატარებული ესპანეთის სუპერ თასი, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სუპერ თასი შედგა ზამთარში, საუდის არაბეთში, ეს აქამდეც გვინახავს, მაგრამ არა ახალი ფორმატით, თასის მოსაპოვებლად მინი ტურნირში ოთხი გუნდი ჩაება, ჯერ ნახევარფინალური სტადია უნდა გაგვევლო, ხოლო შემდეგ ფინალის თამაში მოგვიწევდა.

წილისყრის შედეგად მეტოქედ "ატლეტიკო" გვერგო. როგორც ჩვენი, ისე გულშემატკივართა სრული უმრავლესობის სურვილი იყო, რომ ფინალში "კლასიკო" გვეხილა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. "ატლეტიკოსთან" დაპირისპირება "ბარსას" კოშმარის დასაწყისი გახდა. არადა, მანამდე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით ძლიერნი, ან იმიტომ, რომ ვალვერდეს "ბარსა" პროგრესირებდა, უბრალოდ კონკურენტებთან შედარებით მაინც კარგად გამოვიყურებოდით.

კარგი თამაში გამოვიდა. იყო მომენტი, როცა ტაბლოზე 3:1 ეწერა ჩვენს სასარგებლოდ და შეიძლებოდა კიდეც ამ ანგარიშის დატოვება, მაგრამ VAR-მა ყველაფერი მოატრიალა და დავმარცხდით.

ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ვალვერდეს ლიგაზე წარუმატებლობას პატიობდნენ იმიტომ, რომ მეორეხარისხოვან ტიტულებს იგებდა, ახლა კი ეგეც ხელიდან გამოგვეცალა და აბიდალის მოთხოვნით კარისკენ მიუთითეს.

ფეხბურთელები ამის წინააღმდეგნი იყვნენ, მათ შორის მესიც. კონფლიქტი მასსა და აბიდალს შორის აქედან დაიწყო და სეზონის ბოლომდე გასტანა.

ფეხბურთელების გარდა, ვალვერდე ტკბილი სიტყვით არავის გაუცილებია. ბოლო კადრი მანქანაში ყოფნის დროს აღიბეჭდა, მისთვის შეუფერებლად იღიმოდა, ვიღაცებს "ჯოკერიც" კი გაახსენა.

მე კი გუენპლენი გამახსენდა, მოგეხსენებათ, ჰიუგოს პერსონაჟი კომპრაჩიკოსებმა გაიტაცეს და პირი ყურებამდე ისე გაუხიეს, რომ სურდა თუ არა, მაინც იცინოდა. სწორედ ეს გახდა "ჯოკერის" დაბადების საწინდარი და აგერ ვალვერდემაც ასე ნაძალადევად გაგვიღიმა უკანასკნელ გზაზე.

თითქოს ჩვენი მომავალი განსაზღვრა და დაგვცინა.

დონ კიხოტი და სანჩო პანსა

მთელმა ხელმძღვანელობამ, აბიდალის თაოსნობით დიდი სისულელე ჩაიდინა, ახალი მწვრთნელი შეთანხმებული არ ჰყავდათ, ვალვერდე ისე გაუშვეს. ჩავისთან შეთანხმება არ შედგა, რადგან ბართომეუს მოსაზრებით ზედმეტად დიდ ძალაუფლებას ითხოვდა. კუმანმა უარი თქვა, რადგან ჩათვალა, რომ ამისთვის ცუდი დრო იყო, ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა და მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ჩემპიონატი გადაიდებოდა. საბოლოო ჯამში, ხელში შეგვრჩა ფერმერი! რომელსაც რატომღაც იოჰან კრუიფის მიმდევრად მოიაზრებდნენ, კიკე არ გვეყოფოდა და თანაშემწედ "რეალის" თავგადაკლული ქომაგი, მისი პერსონალური სანჩო პანსა, ედერ სარაბიაც მოაყოლა.

მწვრთნელებმა "ბარსას" მალევე დაატყვეს ხელი, უკვე მეორე-მესამე შეხვედრაში გამოჩნდა, რომ კიკე მეტოქის კარს საერთოდ არ აღიარებდა, მისთვის მთავარი იყო, რომ გუნდს ბურთი დაეჭირა, გამუდმებით ეგორავებინა და ჯანდაბას მეტოქის კარი, გოლის გატანა საერთოდ რა საჭიროა?!

ბოლო წლებში "ბერნაბეუზე" ყოველთვის წარმატებით ვთამაშობდით, რადგან იძულებულნი იყვნენ, რომ შეეტიათ, ეს სივრცეებს აჩენდა და ყოველთვის ვსარგებლობდით, მაგრამ სეტიენმა "რეალთანაც" ბურთის დაჭერა გადაწყვიტა, მისი უუნარო და უბადრუკი ტაქტიკის ფონზე, საშინლად კომიკური სანახავი იყო სარაბიას ხელ-ფეხის ქნევა და ფეხბურთელებისთვის ყვირილი, ამით საკუთარი უმეცრების გადაფარვას და ყველაფრის ფეხბურთელებზე გადაბრალებას ცდილობდა.

"ბერნაბეუზე" წაგებით ბევრი რამ გავაცნობიერეთ, მათ შორის ის, რომ ერნესტო ვალვერდე მსოფლიოს ყველაზე ცუდი მწვრთნელი ნამდვილად არ არის.  

მანამდე იყო რამდენიმე საოცრება, სუარესმა ოპერაცია გაიკეთა, მის ნაცვლად ერლინგ ჰოლანდის ყიდვა შეგვეძლო, მაგრამ ბრეითუეიტი ამჯობინეს და კაცი, რომელსაც სუარესი 6 თვით უნდა შეეცვალა, ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

დაბრუნებულმა დემბელემ კი ისევ ტრავმა მიიღო და "ფლეისთეიშენს" დაუბრუნდა.

ვირუსი

ამ დროს კი იფეთქა ვირუსმა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ უწყინარი ჩანდა და მთელი მსოფლიო მოიცვა. აქამდე ვერ წარმოვიდგენდი თუ მილიარდიან ბიზნესს რაიმე გააჩერებდა, მაგრამ ხანდახან წარმოუდგენელი ამბებიც ხდება.

ვირუსმა ყველაფერი გააჩერა.

ამ დროს ჩაკარანტირებულ "ფეოლას" დრო გამოუჩნდა და "ბარსამანიას" ერთ-ერთი რიგითი წევრობიდან გახდა მწერალი და დაწერა პირველი ბლოგი, რომელსაც დაუვიწყარი კომენტარი მოჰყვა - "ასეთი ს...ბა ამ საიტზე ჯერ არ წამიკითხავს!"

პანდემიამ ერთი უპირატესობაც მოიტანა, ლუის სუარესმა გამოჯანმრთელება მოასწრო და სეზონის დარჩენილი შეხვედრების ჩატარება მოახერხა, მაგრამ სეტიენის ხელში ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონია.

ლა ლიგა

სეზონი განახლებისას პირველ ადგილზე ვიყავით, მართალია ბევრად რთული კალენდარი გვქონდა, მაგრამ მაინც თავისუფლად შეგვეძლო ჩემპიონობა, თუმცა, ასე არ მოხდა. "რეალმა" დარჩენილ შეხვედრებში ერთი ქულაც არ დაკარგა და გაჩემპიონდა. ჩვენ კი დავრჩით ჩემპიონთა ლიგის იმედად, რომელიც კარგს არაფერს გვიქადდა.

სახლში ტიტული ვერ მოვიგეთ, მესის ეპოქაში ეს უიშვიათესი მოვლენაა. ლეოს ალბათ აღარც ახსოვდა რას ნიშნავს, როცა ტიტულის გარეშე რჩები. გუნდურ ტიტულზეა საუბარი, თორემ "პიჩიჩი" იმდენჯერ მოიგო, რომ წესით და რიგით უკვე მესის სახელობის უნდა იყოს და არა პიჩიჩის.

სპორტული მიმართულებით კრახს დაემატა ეკონომიკური კოლაპსი, პანდემიამ ყველაფერი უფრო დაამძიმა და ფეხბურთელებს ხელფასების შემცირება მოუხდათ, მერე კი დავიწყეთ ვაცის ძებნა, რომ მსხვერპლად შეგვეწირა და პირველი არტურს ჩავავლეთ ხელი. მერე ვიდალიც მიჰყვა და ბოლოს ალბათ ვერც ვიფიქრებდით, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ცხრიანსაც მიაყოლებდნენ.

სამარცხვინო მარცხი

კარგი იყო ის, რომ ჩემპიონთა ლიგამ ფორმატი შეიცვალა და ერთრაუნდიან დაპირისპირებაზე გადავიდა. გერმანელებმა დანდობა არ იციან, შედარებისთვის, როცა "ბარსა" ბევრად უკეთესი გუნდი იყო, ვიდრე "ბაიერნი" და როცა ყველაფერს პირველივე შეხვედრაში ამთავრდებდა, მეორე შეხვედრას ყოველთვის ძალების დაზოგვით თამაშობდა, ასე იყო 2008/09 წლების სეზონში და ასე იყო 2014/15 წლების სეზონშიც. აი "ბაიერნს" კი არ აინტერესებს საქმე მომთავრებულია თუ არა, დიდი სიამოვნებით გადაგივლიან მეორე შეხვედრაშიც, ერთი სიტყვით, გაგვიმართლა, რომ მეორედ არ მოგვიწია შეხვედრა.

ეს ისტორიული მარცხია. ამ სირცხვილს კლუბი დიდხანს ვერ მოიცილებს და მესისაც ბევრჯერ წამოაძახებენ, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობის პრეტენდენტმა 8:2 წააგო.

სკანდალი

მესიმ ბიუროფაქსი გაგზავნა და წასვლა მოითხოვა. აქედან დაიწყო პანიკური და ბინძური ბრძოლა, ეს რაც ღიად ვნახეთ, თორემ როგორც მოგვიანებით გაცხადდა, ბართომეუსა და მესის შორის დიდი ხნის განამვლობაში იყო ურთიერთობა გაფუჭებული. ამაზე ტროლების საქმეც მეტყველებდა, რომელსაც ნათელი ვერ მოეფინა.

მესის დატოვება ყველანაირი მეთოდით სცადეს, აგერ მცირე ხნის წინ ლეომ თქვა, რომ სასამართლოს მოვიგებდი, მაგრამ ასე წასვლა არ მინდოდაო და მართალიც გამოდგა. ერთი კლუბისთვის ამდენი პელეს შემდეგ არავის გაუკეთებია, იყო პელე და ახლა არის მესი. ერთ კლუბთან ასოცირებული ფეხბურთელები, რომლებიც თავის სიდიადით კლუბის სახელსაც კი გაუტოლდნენ.

აბა როგორ შეიძლებოდა ასეთი ფეხბურთელის სასამართლო დავით წასვლა?!

ბართომეუს არჩევანი მარტივი არ ყოფილა. მესიში აღებულ თანხას შეეძლო, რომ მისი ჩაგდებული ფინანსური მდგომარეობა გამოესწორებინა, მოგვიანებით აღნიშნეს კიდეც, რომ მესის წასვლა ერთადერთი გზა იყო მდგომარეობის გამოსასწორებლადო, მეორე მხრივ კი აცნობიერებდა, რომ ისტორიას დარჩებოდა, როგორც კაცი, რომელმაც მესი დაკარგა. ეს კი ძალიან დიდი ტვირთია, ნეიმარის დაკარგვის ფონზე, მით უმეტეს.

ნუნიესის ცოდვებსაც კი გადასწონიდა.

ამიტომ, ბოლომდე ჩამოეკიდა და დაიტოვა. ბინძური მეთოდებით, მაგრამ მაინც.

საბოლოოდ, მესის ინტერვიუს მიცემა დასჭირდა და ყველაფერს ნათელი მოეფინა, ბართომეუმ დიდხანს იჭიდავა, მაგრამ როგორც იქნა გადადგა, დაგვიტოვა დემორალიზებული კლუბი და ჩაინიშნა არჩევნები, რომელიც იანვრის მიწურულს გაიმართება.

კუმანი

მოვიდა კუმანი, გაუშვეს სუარესი, თანაც პირდაპირ კონკურენტში და მერე ჰოლანდიელმა თავი იმართლა, მე არაფერ შუაში ვარ, ლუისი ჩემ გარეშე გაყიდესო, არადა პირველი მან მისწერა, რომ აღარ მჭირდებიო. სუარესის დრო ნელ-ნელა მიდის, მაგრამ ორი ფაქტორია გასაგიჟებელი, პირველი ის, რომ "ატლეტიკოს" მიჰყიდეს, თანაც კაპიკებად, მეორე ის, რომ მის პოზიციაზე არავინ გვყავს, ხან ბრეითუეიტს ვაწვალებთ, ხანაც გრიზმანს, რომელიც კუმანს რატომღაც ცენტრფორვარდი ეგონა და მერე აღმოაჩინა, რომ არ არის საქმე ასე.

კუმანის მოთხოვნილი ტრანსფერებიდან მივიღეთ მხოლოდ ერთი, სერჟინიო დესტი, ვერ გავწვდით ვერც ვეინალდუმს, ვერც დე ბეეკს და ვერც მემფის დეპაის. ასევე ხელი ჩავიქნიეთ უპამეკანოზე, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება.

იმის ფონზე, რომ მესის თამაში აღარ სურდა, ჩანს, რომ თანაგუნდელებთან ვერ აქვს იდეალური ურთიერთობა, იმის ფონზე, რომ სუარესი დავკარგეთ და ვარსკვლავად წოდებული პარაზიტები გვყავს გუნდში, იმის ფონზე, რომ ახალი გუნდია ასაშენებელი, ყველაფერი არც ისე ცუდად არის. ჩანს რაღაც ნიუანსები, რომელიც იმედიანად განგვაწყობს, სტაბილურობა გვაკლია, რაც აბსოლუტურად გასაგებია, ახალი გუნდის შენებისას სტაბილურობის მიღწევა ძალიან რთულია.

ველით არჩევნებს და ფანების დაბუნებას!

საუკეთესო ფეხბურთელი

გასაკვირია, მაგრამ რთულია 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება. მესის ძალიან კარგი 2019 წელი ჰქონდა, მაგრამ 2020 არ იყო მისთვის გამორჩეული. ყველაზე კარგად ვალვერდეს უკანასკნელ შეხვედრაში ითამაშა. "ატლეტიკოსთან" მართლაც ჩვეული ფეხბურთი გვაჩვენა და გოლებიც შეყარა, (ერთი არ ჩაუთვალეს), აი მერე კი ტანჯვა დაიწყო სეტიენთან, ამას კი დაღვრემილობის პერიოდი მოჰყვა, მაგრამ აბა მის გარდა სხვა ვინ უნდა დავასახელოთ? ლეოს ერთადერთი კონკურენტი ტერ შტეგენია, მაგრამ იმ ავად სახსენებელ შეხვედრაში მასაც ბევრი შეცდომა ჰქონდა, ამიტომ ამ კონკურენციაში მაინც ლეოსკენ უნდა გადავიხარო.

ლეო მესი, მისთვის ყველაზე ცუდ წელს, არათუ "ბარსაში", ლა ლიგაშიც საუკეთესო იყო.

რაც შეეხება ანსუ ფატის, ჯერ მხოლოდ იწყებს და იწყებს ძალიან მაგრად! თუ სეზონის პირველ ნახევარში ფატიმ ჩაგვისახა იმედი, მეორე ნახევარში პედრიმ გაიბრწყინა და ყურების ჩამოყრის უფლებას არ გვაძლევს.

ტოპ 10 გოლი

აქაც უცნაური ამბავი გვაქვს, ათიდან სამი გოლი, ვალდებული ვარ, რომ გრიზმანს მივანიჭო, სხვანაირად ვერ ვიქნები სამართლიანი. სუარესმა 2019 წელს სამი ძალიან მაგარი გოლი შეაგდო, სეზონის მეორე ნახევარში კი ისეთივე მაგარი გოლები ვერ შეყარა, რაც ტრავმის გათვალისწინებით არც არის გასაკვირი, მიუხედავად ამისა, მისთვის მაინც მოიძებნა ადგილი ათეულში.

ეს არის უკიდურესად სუბიექტური ათეული!

ასეთი იყო 2020. 

მომილოცავს დამდეგი 2021 წელი!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #12 31 დეკემბერი 2020 22:36
    0
    DZALIAN magari statiaa.yochagh
    Culé [?]
    #11 31 დეკემბერი 2020 22:29
    0
    Დამდეგს გილოცავთ ყველა გულშემატკივარს. barca-1
    ფანი [?]
    #10 31 დეკემბერი 2020 22:24
    0
    ვირთხა ბართუშა გაყვა ვირთხის წელს, იმედია ხარის წელი იქნება ბარსასთვის აღმასვლის დასაწყისი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 31 დეკემბერი 2020 22:22
    1
    დამდეგ 2021 გილოცავთ ლურჯ-ბროწეულისფრებო!
    მრავალს დასეწარით და წამატებულ წელს გისურვებთ!
    barca-1 barca-1 barca-1
    ფანი [?]
    #8 31 დეკემბერი 2020 21:05
    1
    მაგარი სტატიაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 31 დეკემბერი 2020 20:57
    2
    9 ნომერი რომ ჩინურ კიჭას აცვია, სხვას რას უნდა დავლოდებოდით?!
    ეტოო-ჯეკას 9-იანი ბრაითვაიტს tired_face
    ვილია-პედროს 7-იანი გრიზმანს
    იოჰან კრუიფის 14-იანი კოურინიოს scream
    ჩავის 6-იანი ალენიას
    მოკლედ, მზეები არიან კუმანის თამადობით
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #6 31 დეკემბერი 2020 20:26
    4
    საღოლ ძმაო როგორ აკეთებ ასეთ მაგარ სტატიებს ბრავო იმედია მომავალი წელი ძან მაგარი იქნება ყველასთვის
    Culé [?]
    #5 31 დეკემბერი 2020 20:15
    4
    დილით დავწერე ეს სტატია გააძრეთთქო(ისედაც ვიცოდი რომ დაწერდით) და ასრულდა. ფეოლა ბრავო, მაგარი სტატიაა და იმ კომის ავტორიც ალბათ ახლა იგივეს იტყვის😉. 2020 იყო ძაან ნერვებდამგლეჯი წელი განსაკუთრებით კულეებისთვის და იმედია 2021 როგორც მინიმუმ უკეთესი იქნება. დიდი ხანია ამ გუნდის ფანი ვარ და ასე დაცემული ბარსა მე არ მახსოვს, თუმცა იმედი მართლა არის და კარგი რაღაცებიც მოხდა წელს. გავაგდეთ ბართომეუ, სიმართლეს საბოლოოდ გავუსწორეთ თვალი (ყველაფერში მარტო ერთი კაცი რომ არაა დამნაშავე), აღმოვაჩინეთ პედრი, რომელიც უეჭველად გუნდის მომავალია, დაემხო პელეს ხელშეუხებელი რეკორდი და კიდევ უფრო ხელშეუხებლად აქცია მესიმ. სხვა კარგი მე არ მახსენდება. ყველას გილოცავთ დამდეგს საუკეთესო გუნდის საუკეთესო ფანებო!!!🤗🥳
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 31 დეკემბერი 2020 19:59
    3
    შესანიშნავი სტატიაა, მადლობა ფეოლას
    Culé [?]
    #3 31 დეკემბერი 2020 19:55
    2
    იმედია მომავალი წელიც ასეთი უიღბლო არ იქნება.
    მწერალი [?]
    #2 31 დეკემბერი 2020 19:53
    4
    M10 S9 D11,
    მთელი დღე ვიდეოს ვაკეთებდი და იუთუბმა დამიბლოკა. წლის იდეალური დასასრულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 31 დეკემბერი 2020 19:41
    4
    მოკლედ და კონკრეტულად ამაზე ცენზურა წელი იმედია აღარ იქნება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued