“ბარსელონას” მემკვიდრეობა | ფეხბურთელები, რომლებიც 8 ნომრით ასპარეზობდნენ

“ბარსელონას” მემკვიდრეობა | ფეხბურთელები, რომლებიც 8 ნომრით ასპარეზობდნენ

“იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველს, მირალემ პიანიჩს, “ბარსელონას” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მან ახალ კლუბში 8-ნომრიანი მაისური მოირგო, რომელსაც ფრანგულ “მეცსა” და “ლიონში” ატარებდა. 

პიანიჩმა ეს ნომერი არტურ მელოსგან მიიღო – 24 წლის ფეხბურთელი “ბარსამ” “იუვეს” სწორედ ბოსნიელ ნახევარმცველში გაუცვალა. 

8 ნომერს “ბლაუგრანასთვის” დიდი დატვირთვა აქვს. შეგვიძლია, გავიხსენოთ ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდში ეს ნომერი 1995 წლის შემდეგ ეკუთვნოდათ (იქამდე, მაისურები რეგულარულად დანომრილი არ იყო). 

გილერმო ამორი (1995-96)

ესპანელი ნახევარმცველი, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი “ბარსელონაში” გაატარა, ძირითად გუნდში 10 წლის განმავლობაში (1988-98) ირიცხებოდა. ამორი 8 ნომერს კატალონიური კარიერის ბოლოს ატარებდა, ძირითადად კი 7, 9, 10 და 18 ნომრებით თამაშობდა. 

გილერმო “ბარსას” შტაბის მოქმედი წევრია – ის კლუბს ინსტიტუციურ და სპორტულ საკითხებში ხელმძღვანელობს. 

ხრისტო სტოიჩკოვი (1996-98)

ლეგენდარული ბულგარელი შემტევი “ბარსელონაში” სხვადასხვა პერიოდში ორჯერ თამაშობდა. ის კლუბში 1990 წელს, მშობლიური სოფიას ცსკა-დან მოვიდა, 1995 წელს კი ერთი სეზონით “პარმას” მიაშურა და კატალონიაში ისევ დაბრუნდა, თუმცა ისეთივე წარმატებისთვის აღარ მიუღწევია. 

სტოიჩკოვი იოჰან კრუიფის “ოცნების გუნდის” ნაწილი იყო. მან “ბლაუგრანას” მაისურით 255 მატჩი ჩაატარა და 116 გოლის გატანა შეძლო. 

ალბერტ სელადესი (1998-99)

სელადესი “ლა მასიას” პროდუქტია – ის “ბარსას” ძირითად გუნდში 1995 წელს, 19 წლის ასაკში დაწინაურდა და იქ 4 სეზონი გაატარა. 

ალბერტი, ძირითადად, ლუი ვან გაალის გუნდში ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა. თანდათან, ის შემადგენლობიდან ამოვარდა, რამაც ვიგოს “სელტაში” ტრანსფერი გამოიწვია, მალევე კი “ბარსელონას” ყველაზე პრინციპული მეტოქის, მადრიდის “რეალის” რიგებში აღმოჩნდა. აქ მან მეტი ტიტული მოიგო, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში ფეხი მაინც ვერ მოიკიდა. 

ფილიპ კოკუ (1999-2004)

კოკუ “ბარსელონას” რიგებში 6 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და ნახევარდაცვის სამეულის რეგულარული წევრი იყო. მან გუნდის შემადგენლობაში სულ 291 შეხვედრა ჩაატარა. 

აღსანიშნავია, რომ როცა “ბარსელონური” კარიერა დაასრულა, ჰოლანდიელი ნახევარმცველი კატალონიური კლუბის ლეგიონერებს შორის, ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, რეკორდსმენი იყო. მისი შედეგი მოგვიანებით ლიონელ მესიმ გააუმჯობესა. 

ლუდოვიკ ჟიული (2004-07)

“ბარსამ” ფრანგი თავდამსხმელი “მონაკოდან” 2004 წელს დაიმატა. ჟიული გუნდს კარგად შეეწყო, მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა (მათ შორის “ბლაუგრანას” ტრიუმფით დასრულებული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში), მაგრამ, ბოლო სეზონში, შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მისი კონკურენტი ახალგაზრდული გუნდიდან დაწინაურებული ლეო მესი აღმოჩნდა და გასაკვირი არაა, რომ ლუდოვიკს გუნდთან დამშვიდობება მოუხდა. 

ანდრეს ინიესტა (2007-18)

“ბარსელონას” ლეგენდა და უდავოდ უდიდესი ფეხბურთელი, რომელსაც 8-ნომრიანი მაისური უტარებია. მიუხედავად იმისა, რომ ანდრესის “ბარსადან” წასვლიდან უკვე 2 წელი გავიდა, კატალონიელებმა ამ დანაკლისის შევსება ჯერ ვერ მოახერხეს და ალბათ, ინიესტას ღირსეული შემცვლელი ახლო მომავალში არც მოიძებნება. 

ესპანელი ნახევარმცველის ანგარიშზე 674 მატჩი, 57 გოლი და 32 გუნდური ტიტული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 4 და ლა ლიგის 9 ოქროს მედალია. 

არტური (2018-20)

ინიესტას მემკვიდრეობის გაგრძელების რთული საქმე არტურ მელოს დაევალა – ბრაზილიელი ნახევარმცველი მშობლიური “გრემიოდან” დიდი იმედებით და მოლოდინით გადმოიყვანეს. არტური “ბარსას” სწრაფად მოერგო და ძირითად შემადგენლობაში ადგილიც მალევე გაინაღდა, თუმცა, რეალურად, თავისი სიტყვა ვერ თქვა. 

არტურმა გაურკვეველი მწვრთნელების ხელმძღვანელობით გუნდში ორი სეზონი გაატარა, რომელთაგანაც ერთი ჩემპიონთა ლიგაზე კრახით, მეორე კი საერთოდ უტიტულოდ დასრულდა. სანამ მეორე დასრულდებოდა, კლუბმა “იუვენტუსთან” მისი მირალემ პიანიჩში გაცვლა შეათანხმა, რაზეც ახალგაზრდა ფეხბურთელი გაბრაზდა და გუნდიდან დამშვიდობების გარეშე წავიდა. 

მირალემ პიანიჩი (2020-…)

მემკვიდრეობის გაგრძელება თუ არა, გუნდის შემადგენლობის რამდენიმე სეზონით გაძლიერება მაინც 30 წლის ბოსნიელ ნახევარმცველს დაევალა. “ბარსელონამ” მისი დამატება გამოცდილებისა და წარმატებული კარიერის გამო გადაწყვიტა. 

პიანიჩი მონდომებულია: მისი თქმით, “ბარსას” მაისურის მორგებაზე ყოველთვის ოცნებობდა და მზადაა, გუნდს ყველანაირად დაეხმაროს. ვნახოთ, რამდენად შეძლებს ის იმედების გამართლებას – ფაქტია, რომ რონალდ კუმანი მისი გუნდში ყოფნის შემთხვევაში რიკი პუჩის განაცხადში შეყვანის აზრსაც კი ვერ ხედავს. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • nikusha
    20 სექ 2020, 14:18

    ციტატა: cezo45

    ციტატა: nikusha
    ხრისტო სტოიჩკოვი რა პოზიციის იყო ხომ ვერ მეტყოდით?

    რეალურად ყველაზე დიდი მაგიურობა 8 ნომერს ინიესტამ მიანიჭა. შემდგომ ხრისტომ, კოკუმ და ჟიულიმ


    სტოიჩკოვი თავდამსხმელი იყო და ოქროს ბურთიც აქვს მოგებული ბარსაში თამაშის დროს


    მადლობა. კი ეგ ვიცი რომ ოქროს ბურთი აქვს მოპოვებული

  • DyBaLa21
    20 სექ 2020, 12:54

    პიანიჩი ძაან კაი იანება დეიონგის გვერდით, მესი დაისვენებს ბურთის ამოტანისთვის არ მოუწევს მცველებს შორის ჩადგომა

  • cezo45
    20 სექ 2020, 11:57

    ციტატა: nikusha
    ხრისტო სტოიჩკოვი რა პოზიციის იყო ხომ ვერ მეტყოდით?

    რეალურად ყველაზე დიდი მაგიურობა 8 ნომერს ინიესტამ მიანიჭა. შემდგომ ხრისტომ, კოკუმ და ჟიულიმ


    სტოიჩკოვი თავდამსხმელი იყო და ოქროს ბურთიც აქვს მოგებული ბარსაში თამაშის დროს

  • nikusha
    20 სექ 2020, 10:43

    ხრისტო სტოიჩკოვი რა პოზიციის იყო ხომ ვერ მეტყოდით?

    რეალურად ყველაზე დიდი მაგიურობა 8 ნომერს ინიესტამ მიანიჭა. შემდგომ ხრისტომ, კოკუმ და ჟიულიმ