workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რასინგი ბარსელონას ისტორიაში: 6 დაუვიწყარი მომენტი

რასინგი ბარსელონას ისტორიაში: 6 დაუვიწყარი მომენტი

bolt მოკლედ
სანტანდერის "რასინგი" უმაღლეს დივიზიონში 14-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ოთხშაბათს, 16 სექტემბერს, "სპოტიფაი კამპ ნოუზე" "ბარსელონას" დაუპირისპირდება. Mundo Deportivo-მ გაიხსენა ის ექვსი ისტორიული ეპიზოდი, რომლებმაც კატალონიური გრანდისა და კანტაბრიული კლუბის გზები წარსულში მჭიდროდ გადაკვეთა.

ესპანური ფეხბურთის კლასიკური წარმომადგენელი, სანტანდერის “რასინგი”, ქვედა ლიგებში გატარებული 14-წლიანი მძიმე პერიოდის შემდეგ პრიმერა დივიზიონში დაბრუნებით ტკბება. კანტაბრიელთა აღორძინება აშკარაა და ახლა ისინი იმ გამოცდილებას იღებენ, რომელიც ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:30 საათზე, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ბარსელონასთან” დაპირისპირების საშუალებას აძლევს. ამ ორ კლუბს წარსულში არაერთი გამორჩეული მომენტი აკავშირებს, რომლებიც Mundo Deportivo-მ ერთად შეკრიბა.

1. კანტაბრიული კვალი მადრიდულ 0-5-ში: ხუან კარლოსი და სანტანდერული ტალანტი

ხუან კარლოს პერეს ლოპესი (1945-2012) “რასინგისა” და “ბარსელონას” ნახევარმცველი და ორივე კლუბის კაპიტანი გახლდათ. ის “ელ სარდინეროზე” გაიზარდა, 70-იან წლებში კი კატალონიაში ხანგრძლივი ეპოქა შექმნა და მონაწილეობა მიიღო კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ მატჩში – 1974 წლის 17 თებერვალს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალ მადრიდის” 5-0 განადგურებაში.

იოჰან კრუიფის გადაცემის შემდეგ, მეორე ტაიმის მე-20 წუთზე, ხუან კარლოსმა ანგარიში 4-0 გახადა “ეშმაკური, პარაბოლური დარტყმით”, როგორც მაშინ Mundo Deportivo წერდა. ის სანტანდერული ოსტატობისა და “ბარსელონას” დამაკავშირებელი სიმბოლო გახდა. ამ უხილავი ჯაჭვის ბოლო წარმომადგენელი პაბლო ტორეა, წარსულში კი სანტანდერიდან “ბარსელონაში” ენრიკე ორისაოლა (მწვრთნელი 1961 წლის ჩემპიონთა თასის პირველ ფინალში), პედრო საბალია და ივან დე ლა პენია მოვიდნენ.

2. ტორიტო სუვირია: ანდერლეხტის 3-0 განადგურება “სარდინეროს ბეჭდით”

ის კანტაბრიელი არ იყო (არგენტინელი გახლდათ), თუმცა სწორედ “რასინგში” მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ბრწყინვალე თამაშმა მოიყვანა რაფაელ სუვირია კატალონიაში. 1973-1977 წლებში ის “ელ სარდინეროზე” ბრწყინავდა, “კამპ ნოუზე” გადმობარგების შემდეგ კი მებრძოლ მარცხენა მცველად გადაკვალიფიცირდა.

მან კლუბში 1982 წლამდე ითამაშა, მისი კარიერის პიკი კი 1978/79 წლების თასების მფლობელთა თასზე “ანდერლეხტთან” ისტორიული ქამბექი გამოდგა. ბრიუსელში 0-3 მარცხის შემდეგ, “ბარსელონამ” შინ ანალოგიური ანგარიშით უპასუხა: სუვირიას გოლმა მატჩი დამატებით დროში, შემდეგ კი პენალტების სერიაში გადაიყვანა, სადაც “ბარსელონამ” იმარჯვა. ეს ტურნირი ბაზელის დაუვიწყარ ფინალში დიუსელდორფის “ფორტუნას” ძლევითა და ტიტულით დასრულდა.

3. ლაურეანო რუისი: თანამედროვე ბარსელონას ჩანასახი

ლაურეანო რუისი შეუცვლელი ფიგურაა, როდესაც საუბარი “ბარსელონას” აკადემიურ ფეხბურთსა და იმ საფირმო სათამაშო სტილზე მიდის, რომლის კულტურაში დანერგვასაც მან საფუძველი ჩაუყარა – ჯერ კიდევ მანამ, სანამ “ლა მასია” ფეხბურთელთა რეზიდენციად ოფიციალურად გაიხსნებოდა.

1975/76 წლების სეზონში ის პირველ გუნდსაც წვრთნიდა, ასევე მუშაობდა სარეზერვო შემადგენლობასთან. ფეხბურთელობისას რუისი “რასინგსა” და “ხიმნასტიკა დე ტორელავეგაში” თამაშობდა, კარიერა კი სამწვრთნელო საქმიანობის დასაწყებად 28 წლის ასაკში დაასრულა. მან შეიმუშავა ვარჯიშის მეთოდოლოგია, დანერგა “რონდო” (კვადრატში ბურთის გათამაშება) და ფიზიკურ ძალაზე წინ ტექნიკური ოსტატობა დააყენა.

4. იოჰან კრუიფი: დრიმ თიმის უმძიმესი მარცხი

იოჰან კრუიფის “დრიმ თიმმა” ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი სწორედ “ელ სარდინეროზე” იწვნია. სინამდვილეში, ეს შედეგი კიდევ ერთი ნიშანი გახდა იმისა, რომ იმ ლეგენდარულ ფორმაციას, რომელიც დღემდე ერთადერთია ზედიზედ ოთხი საჩემპიონო ტიტულით, ეპოქა ეწურებოდა.

1995 წლის 11 თებერვალს “რასინგმა” “ბარსელონა” 5-0 გაანადგურა. იმ მატჩში საოცარი პერფორმანსი აჩვენა ესტებან ტორემ – პაბლო ტორეს მამამ. კანტაბრიული კლუბის მატიანეში ის 5-0 დღემდე მათ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ხმაურიან გამარჯვებად რჩება.

5. ანდრეს ინიესტა: 1-1, რამაც გვარდიოლას კაბინეტში საკვანძო ვიზიტი განაპირობა

არსებობს უსიამოვნო ანგარიშები, რომლებიც გუნდისთვის გადამწყვეტ ბიძგად იქცევა ხოლმე. სწორედ ეს მოხდა 2008 წლის 13 სექტემბერს, როდესაც “კამპ ნოუს” მწვრთნელად ახლად მისული პეპ გვარდიოლას გუნდი საკუთარ კედლებში “რასინგთან” ფრეს (1-1) დასჯერდა – იმ დღეს, როდესაც დიდ სცენაზე სერხიო ბუსკეტსის დებიუტი შედგა.

გვარდიოლას პროექტმა ლა ლიგაში საწყისი ორი ტურიდან მხოლოდ ერთი ქულა აიღო (“ნუმანსიასთან” 0-1 მარცხი და 1-1 “რასინგთან”). ამას მოჰყვა საკულტო ეპიზოდი: ახალგაზრდა და თავმდაბალი ანდრეს ინიესტა მწვრთნელის კაბინეტში პირადად შევიდა და პეპს უთხრა, რომ გუნდს მისი ბოლომდე სწამდა და ეს პროექტი აუცილებლად იმუშავებდა. მომდევნო კვირას ხიხონში “სპორტინგთან” მოპოვებული 6-1 ისტორიაში საუკეთესო “ბარსელონას” გარდამტეხ მომენტად იქცა.

6. ლეო მესი: მე-5000 გოლის ავტორი სანტანდერში

2009 წლის 1 თებერვალს, “ელ სარდინეროზე”, ლეო მესიმ გაიტანა გოლი, რომელიც სიმბოლურად რიგითი დარტყმა ნამდვილად არ ყოფილა: ეს ლა ლიგაში “ბარსელონას” ისტორიაში მე-5000 გოლი გახლდათ.

არგენტინელმა ეს იმ მატჩში გააკეთა, რომელშიც მეორე ტაიმში ნიკოლა ჟიგიჩის გოლით “რასინგი” დაწინაურდა. მესი იმ დღეს სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში, ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მე-80 წუთზე კი მარჯვენა ფეხით ულამაზესი დარტყმით კატალონიელებს 2-1 მოაგებინა. საინტერესოა, რომ 2018 წლის 18 აგვისტოს “ალავესის” კარში ლა ლიგის მე-6000 გოლიც მესიმ გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი