.jpg)
ყველა ბერდება. კარლეს პუიოლი 32 წლისაა, მარცხენა მცველები მაქსველი და აბიდალი შესაბამისად, 28-ის და 30-ის, სეიდუ კეიტამ და ჩავიმ 30-ს მუკაკუნეს, ხოლო ანრი კიდევ უფრო დიდია. გამოდის, რომ გაძლიერება საჭიროა. მარცხენა მცველის ძებნა გრძელდება და შარშანდელი ჭორები ლამის ბლაუგრანაში შესაძლო გადასვლის შესახებ, ამ ზაფხულს შესაძლოა რეალობად იქცეს. ამ პოზიციაზე საჩქარო არაფერია, აი ხავის შემცველის ძებნა კი უკვე უნდა დაიწყოს, რათა ერნანდესის წასვლა ინფარქტის ტოლფასი არ გახდეს.
გუნდის “ახალი გული”, სავარაუდოდ, “ბარსელონას” დნმ-ის მქონე ადამიანი, სესკ ფაბრეგასი გახდება. ის ახალგაზრდაა, კატალონიელია, ლიდერის თვისებები აქვს, კლუბის აღზრდილია და დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. სესკი უნივერსალური ფეხბურთელია. შესაძლოა, ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ თამამდ შემიძლია განვაცხადო, რომ ფაბრეგასი “არსენალის” ნახევარი სიმძლავრეა. ადამიანი, რომელიც წარმატებას განაპირობებს.
გასაგებია, რომ სესკის ტრანსფერის გაჩარხვა, ყველას პესპექტივას დაარტყამს, გარდა ჩავისა. ერნანდესი ძირითად შემადგენლობაში იქნება, გვერდით კი სესკი ეყოლება. ფაბრეგასს, წლების განმავლობაში უტრიალებდნენ კატალონიელები და საქებარი სიტყვაც ბევრი ითქვა მისი მისამართით. უფრო მეტიც, “ბარსელონასა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩებში არსებულ არაერთგვაროვან ეპიზოდებზეც კი თვალს ხუჭავდნენ კულეები. კატალონიაში არავინ მალავს იმ ფაქტს, რომ “უძღებ შვილს” როგორც ღვიძლ შვილს ისე მიიღებენ.
სესკი დიდხანს ფიქრობდა დათანხმებულიყო თუ არა, მაგრამ დაინახა, რომ “მანჩესტერსა” და “ჩელსისთან” მეტოქეობა “არსენალს” არ ძალუძდა და ნავთსაყუდელის გამოცვლა გადაწყვიტა. ინგლისში ამბობენ, რომ გუშინ ვენგერსა და ფაბრეგასს შორის სერიოზული და რთული საუბარი შედგა. ნათელია, რომ ფრანგი სპეციალისტი მზადაა მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და გარიგებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება სურს.
“არსენალი” თავის ჯილას 50 მლნ. ფუნტად აფასებს, “ბარსელონა” კი 30 მლნ.-ს გადახდასაა ყაბულს. საბოლოო ჯამში, 40 მილიონსა და იაია ტურეზე შეიძლება შეთანხმდნენ. კოტ დ”ივუარელი “ბარსელონური” ყოფით უკმაყოფილოა და ნისლიან ალბიონს დიდი ხანია უმზერს. ბლაუგრანას უკანახაზელს ძმასთან ახლოს ყოფნა სურს და აქედან გამომდინარე, “მეთოფეებს” ფულიან “სიტისთან” სერიოზული ბრძოლა მოუწევთ.
სესკს, სატრანსფერო ციებ-ცხელების დასრულება მუნდიალამდე სურს, რათა სამხრეთ აფრიკაში მხოლოდ ეროვნული გუნდის თამაშებზე იყოს კონცენტრირებული. “არსენალის” კაპიტანმა, ლონდონში გატარებული 7 წლის განმავლობაში მხოლოდ ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგო. “ბარსელონამ” კი მარტო გასულ სეზონში 6 ჯილდოთი შეავსო საკუთარი მუზეუმი. მოკლედ, დიდი სურვილის მიუხედავად, ვენგერს ფაბრეგასის შენარჩუნება გაუჭირდება. სესკის ტრანსფერის გაჩარხვა, მხოლოდ ფულისა და დროის ამბავია.
.jpg)
სესკის თაობაზე თუ ვაჭრობა მიდის, ვილია უკვე იყიდეს. ვის ადგილას მოვიდა დავიდი? რამდენიმე ვარიანტია. გვარდიოლამ თამამი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ზლატანი დაიმატა. რისკი ძალიან დიდი იყო, რადგან ეტოო ბევრს იტანდა და გუნდს კარგად ერგებოდა. იბრაჰიმოვიჩი, ჯერჯერობით ვერ შეეწყო ბლაუგრანას. არა, ის უდავოდ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ იტალიაში სხვებზე სწრაფად თუ ფიქრობდა და საკუთარ თავს გოლების ნახტომში, ქუსლით გატანის უფლებას აძლევდა, “ბარსაში” გადაწყვეტილებების მიღებაზე უფრო მეტ დროს ხარჯავს, ვიდრე მისი თანაგუნდელები.
ვილია უფრო სწრაფად ფიქრობს და აკეთებს, თანაც ნაკრებელ თანაგუნდელებთან კარგადაა შეთამაშებული. “ბარსელონას” შეტევის ხაზს ზედიზედ მეორედ მოელის გადახალისება. თავდაპირველად, მესი-იბრაჰიმოვიჩი და ანრი იყვნენ, შემდეგ კი არგენტინელის როლი შეიცვალა, ზლატანი არასტაბილურად თამაშობდა, ხოლო ფრანგი ფორვარდი ცალი ფეხით ამერიკაშია. გამოდის, რომ მომავალ სეზონში “ბარსას” თავდასხმის ხაზი მესი-ვილია-პედრო იქნება.
ორი ახალგაზრდა და ერთი გამოცდილი. “ინტერთან” მატჩებში კარგად ჩანდა, რომ ლეო ცენტრიდან შესვლას ვერ ახერხებდა, რადგან მეტოქის საჯარიმოდან ზლატანს ფეხი არ მოუცვლია. შვედი ფორვარდი ფლანგიდან-ფლანგზე მანევრირებას ვერ ასწრებდა. ვილია თამაშის ასეთ სტილს მიჩვეულია. მას ორივე ფრთაზე კარგად შეუძლია ბურთაობა, ლიონელის, დავიდისა და პედროს მიერ პოზიციების ცვლა კი ჩვეულებრივ მოვლენად შეიძლება იქცეს. და მომაკვდინებლად მეტოქეთათვის, რადგან ვილია ყველაზე სტაბილური ესპანელი ფორვარდია, ხოლო მესი მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე. მათ სესკიც დაუმატეთ, რომელიც გოლებს სტაბილურად იტანს. გამოდის, რომ პოზიციების დათმობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ, “რეალს” მაურინიო თუ ჩაუდგება სათავეში. თუმცა, მადრიდელთა წარმატებული გამოსვლის ალბათობა, ამ შემთხვევაშიც მცირეა, რადგან გვარდიოლა მესის, ვილიას, იბრაჰიმოვიჩისა და პედროსთვის გამონახავს მოედანზე ადგილს. აღარაფერს ვამბობთ, ბოიანსა და კანტერანოებზე.
ჟოან ლაპორტა მიდის, მაგრამ ხმაურიანი ტრანსფერები მაინც იჩარხება. მიზეზი, ალბათ, გვარდიოლასა და ჩიკის პოზიცია და ლაპორტას სამომავლო გეგმებია. ჟოანს ამ გარიგებებით, პოლიტიკური რეპუტაციის ამაღლება სურს. მწვრთნელისა და ტექნიკური დირექტორის მხარეს “სოსიოსები” დგანან და ახალი პრეზიდენტი ამ დუეტთან ურთიერთობას თუ დაძაბავს, მაშინ პოსტს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. აი, კიდევ ერთი მიზეზი სატრანსფერო აჟიოტაჟისა. სესკი მსოფლიოს პირველობამდე უნდა იყიდოს “ბარსამ”. ხოლო ვინ იქნება კლუბის სათავეში, ეს მეათეხარისხოვანია. გუნდის ბრძოლისუნარიანობის ეჭვქვეშ დაყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
www.soccer.ru



