“ბლაუგრანა” “ბარსას” გარეთ

“ბლაუგრანა” “ბარსას” გარეთ

“ბარსელონას” ტრადიციების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნაწილი “ბლაუგრანაა” – კატალონიელები ლურჯ-წითელ, ან ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმას დაარსებიდანვე ატარებენ და ეს ფერები კატალონიურ კლუბთან საუკუნეზე მეტია, ასოცირდება. 

რა თქმა უნდა, “ბარსა” მსოფლიოში ერთადერთი გუნდი არ არის, რომელიც ამ ფერებს ატარებს – ზოგი ასეთი კლუბი ესპანურ გრანდთან ისტორიულადაა დაკავშირებული, ზოგის შემთხვევაში კი, ეს უბრალო დამთხვევაა. 

ლევანტე

ლა ლიგაში მოთამაშე ვალენსიურმა კლუბმა ლურჯისა და წითელის კომბინაცია 1939 წელს მიიღო. “ლევანტე”, ამ ფაქტამდე, 30 წელი არსებობდა, ცვლილება კი კლუბ “ჟიმნასტიკთან” შეერთებამ გამოიწვია – გადაწყდა, რომ ახალი გუნდი “ლევანტესგან” სახელს, ხოლო “ჟიმნასტიკისგან” ფერებს მიიღებდა. 

ესტრემადურა

ამბობენ, რომ დასავლეთ ესპანური გუნდი “ბლაუგრანას” “ბარსელონასთან” კავშირის გამო ატარებს, მაგრამ ეს ჯერ არავის დაუსაბუთებია. წარსულში, “ესტრემადურას” ლურჯი იმდენად მუქი იყო, რომ გულშემატკივრებს ხშირად შავიც კი ეგონათ, ეს კი იმიტაციის მოტივს ნამდვილად არ ადასტურებს. 

ეიბარი

“ეიბარი” “ბარსელონასთან” “ნათესაობას” ოფიციალურადაც ადასტურებს – ცნობილია, რომ 1943 წელს, ბასკეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს “ბარსას” ფორმები გადასცა. საინტერესოა, რომ 1987 წლამდე, როცა ბასკები მეორე დივიზიონში პირველად დაწინაურდნენ, ისინი უბრალოდ “ბარსელონას” მაისურებს ყიდულობდნენ და მასზე თავიანთ ლოგოს ამაგრებდნენ. 

კრისტალ პალასი

ლონდონურმა კლუბმა, რომელიც ბოლო წლებში პრემიერ ლიგაში სტაბილურად თამაშობს, ასპარეზობა “ასტონ ვილას” მაისურებით დაიწყო. მომდევნო წლების განმავლობაში, მათი დიზაინი იცვლებოდა და გარკვეული პერიოდით, მადრიდის “რეალის” იმიტაციასაც წარმოადგენდა. 1973 წლიდან, მათ “ბარსელონას” ფერები გადაიღეს, რაც მწვრთნელ მალკოლმ ალისონის იდეა იყო. 

კანი

“სტად მალერბ კანის” ფორმა, “ლევანტეს” მსგავსად, ორი კლუბის შეერთების შედეგია. ფრანგები, ლურჯ-წითელი მაისურებით, ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის ზღვარზე თამაშობენ. 

ბაზელი

საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომლის თანახმადაც, “ბარსელონას” ფერების (რომლის წარმოშობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს) ინსპირაციას შვეიცარიული კლუბი წარმოადგენდა, რაც “ბარსას” პირველი პრეზიდენტის, ჰანს გამპერის შვეიცარიული წარმომავლობით არის ახსნილი. თუმცა, “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სამშობლოში გამპერის ფავორიტი არა “ბაზელი”, არამედ “ციურიხი” იყო და კოპირება რომ ნდომოდა, სწორედ მის დიზაინს აირჩევდა. 

კატანია, ბოლონია და ჯენოა

ნაცნობ ფერებს იტალიური კლუბებიც ატარებენ, თუმცა ამის მიზეზი “ბარსელონასთან” კავშირი ნამდვილად არ არის. “კატანიას” წითელი ვულკან ეტნასთან ასოცირდება, ლურჯი კი ხმელთაშუა ზღვასთან. 

“ბოლონია” იმ კოლეჯის ფერებს იყენებს, რომელშიც მისი ერთ-ერთი ფეხბურთელი ოდესღაც სწავლობდა, “ჯენოაზე” კი ის ვიცით, რომ ლურჯ-წითელი 1901 წელს გახდა – “ბარსელონას” დაარსებიდან მხოლოდ 2 წლის შემდეგ. 

პეტროჯეტი (ეგვიპტე)

1980 წელს სუეცში დაარსებული კლუბი კატალონიურ გრანდთან ფერებზე ბევრად მეტითაა დაკავშირებული: გუნდი, რომლის სახელიც მუდმივ ჩემპიონ “ალ აჰლისთან” შედარებით საზღვარგარეთ ნაკლებად ისმის, ჩრდილოეთ აფრიკაში “ეგვიპტური ბარსას” სახელითაა ცნობილი.  

სან ლორენსო

პაპ ფრანსისკეს საყვარელი გუნდის ფორმას რელიგიასთან უფრო დიდი კავშირი აქვს, ვიდრე “ბარსელონასთან”. არგენტინული კლუბის ფერები იდეალებისა და ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს. 

დეპორტივო კიტო, კევედო და… ბარსელონა

არგენტინის გარდა, “ბლაუგრანა” სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებშის წამყვან კლუბებშიც გვხვდება – მათ შორის, ეკვადორის. “დეპორტივო კიტოსა” და “დეპორტივო კევედოს” ფერები “ბარსელონას” იმიტაცია არ არის. 

ეკვადორში, “ბარსელონას” ყველაზე დიდი ნათესავი “ბარსელონაა” – კლუბი, რომელიც ნამდვილ “ბარსელონასთან” ფერების გარდა ყველაფრით ასოცირდება. გუნდს, რომელმაც ლიგის 15 ტიტულის მოგება შეძლო, 1925 წელს საფუძველი გაიაკილში რამდენიმე ახალგაზრდა კაცმა ჩაუყარა. მათ შორის კატალონიელი ემიგრანტებიც იყვნენ, რომლებმაც მშობლიური მხარე ოკეანის მიღმა ამ ფორმით წარმოადგინეს. 

სერო პორტენიო

პარაგვაული “სერო” 1912 წელს დაარსდა. ამ პერიოდში, სამხრეთ ამერიკული ქვეყანა ორი პოლიტიკური პარტიის მწვავე დაპირისპირებით იყო მოცული. კლუბის დამაარსებლებმა გადაწყვიტეს, ორივე პარტიის ფერები, ლურჯი და წითელი გამოეყენებინათ და ამით ეჩვენებინათ, რომ ფეხბურთი ერთიანობისა და მეგობრობის სიმბოლოა. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • JABSONA1710
    14 მაი 2020, 13:03

    მოსკოვის ცსკ გამოგრჩად . 😀

  • grizmann
    13 მაი 2020, 16:15

    ამ გუნდებიდან ჯენოა და ლევანტე მომწონს

  • iashkabarsa
    13 მაი 2020, 13:04

    საინტერესო სტატია იყო, მადლობა.