დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ბარსელონამ”, კლუბის ლეგენდებისა და ამჟამინდელი ლიდერების შავი პიარისთვის ერთ-ერთ კომპანიას მილიონი ევრო გადაუხადა, კატალონიური კლუბი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
“გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ჩვენ კონტრაქტი გავაფორმეთ კომპანიასთან, რომელიც მე-3 პირების იმიჯის შელახვას ემსახურებოდა, საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” აცხადებს:
- კატეგორიულად უარვყოფთ ნებისმიერ კავშირს და მით უმეტეს კონტრაქტის გაფორმებას ისეთ კომპანიასთან, რომელიც ჩვენს კლუბთან დაკავშირებული პირების ან ორგანიზაციების შესახებ ნეგატიური ან დამამცირებელი ინფორმაციის გავრცელებას ეწევა;
- კომპანია I3 Ventures-ს, რომელიც ჩვენი კლუბის პარტნიორია, სოციალური ქსელების ხსენებულ ანგარიშებთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუ ასეთი კავშირები გამოიკვეთა, კლუბი ყველა საკონტრაქტო ურთიერთობას გაწყვეტს და საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართლებრივ გზებს მიმართავს;
- “ბარსელონა” ადასტურებს, რომ სარგებლობს სერვისებით, რომელთა არსიც სოციალურ ქსელებში ჩვენს ორგანიზაციაზე გავრცელებული პოზიტიური თუ ნეგატიური მესიჯების შესწავლაა;
- ამ სერვისებით სარგებლობის მიზანია როგორც კლუბის, ასევე მასთან დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების (სპონსორები, ფეხბურთელები, ბორდის წევრები, კლუბის წევრები, მხარდამჭერთა კლუბის წევრები…) რეპუტაციის გაფრთხილება;
- კლუბი ითხოვს გავრცელებული ინფორმაციაში გაშვებული უზუსტობების დაუყოვნებლივ გასწორებას და იტოვებს უფლებას, სასამართლოში უჩივლოს მას, ვინც “ბარსელონას” მსგავს ამბებში გახვევს.”