ინტერვიუ ხეისონ მურილიოსთან

ინტერვიუ ხეისონ მურილიოსთან

"ბარსელონას" კოლუმბიელმა ახალწვეულმა, ხეისონ მურილიომ, კატალონიურ Sport-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

- 5 წლის წინ, როდესაც "ლას პალმასში" იყავი, თქვი, რომ ერთ დღესაც "ბარსელონაში" ითამაშებდი. და დღეს შენ აქ ხარ. წინასწარმეტყველების გარდა სხვა სუპერძალაც გაქვს?

- ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომისა და ღმერთის დამსახურებაა. მიღწეულით სიამოვნებას ვიღებ და ყოველდღიურობით ვცხოვრობ.

- როგორი რეაქცია გქონდა როდესაც გაიგე, რომ შენით "ბარსელონა" დაინტერესდა?

- როდესაც უმტიტის ტრავმის შესახებ გავიგე, აგენტს ხუმრობით ვუთხარი: "რას იტყვი ჩემს "ბარსელონაში" გადაყვანაზე?" ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. 20 დღის შემდეგ აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ "ბარსელონაში" გადასვლის შანსი გაჩნდა.

- როგორი რეაქცია გქონდა?

- შოკში ვიყავი. "ბარსელონაში" თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი.

- შემდეგ კი ტრანსფერი გაოფიციალურდა...

- როდესაც მითხრეს, რომ ყველაფერი მოგვარებული იყო, განვლილი ცხოვრების მთელი თავდაუზოგავი შრომა თვალწინ დამიდგა. არა მხოლოდ პროფესიონალური კარიერის პერიოდი, არამედ ბავშვობაც. ჩემმა ოჯახმა ყველაფერი ჩემში ჩადო. ოცნებები ასრულდა და ახლა დროა დავამტკიცო, რომ "ბარსა" არ შემცდარა.

- პირველად ვის დაურეკე?

- შეყვარებულს. ვუთხარი, რომ პანიკას არ აყოლოდა... შემდეგ მშობლებსა და სხვა ნათესავებს სახლში ვუმასპინძლე და მათაც ვუთხარი. ყველას კარგი რეაქცია ჰქონდა. დედამ სიხარულისგან იტირა. მამაც ემოციებში იყო. ასეთი რეაქცია მხოლოდ მაშინ აქვს ადამიანს, როდესაც მართლაც რაღაც მნიშვნელოვანი ხდება.

- ტრანსფერში თავისი წვლილი ერნესტო ვალვერდესაც მიუძღვის...

- გამიმართლა, რომ მასთან საუბრისა და მადლობის თქმის საშუალება მომეცა. "ბარსელონაში" გადმოსვლა ადვილი არაა. თავდაუზოგავად ვიმუშავებ და მაქსიმუმს გავიღებ, რადგან ამ გუნდმა ჩემი შესაძლებლობების ირწმუნა.

- რამდენად შეესაბამება თამაშის შენი სტილი "ბარსელონასას"?

- დაზღვევა კარგად შემიძლია. ძალიან სწრაფი არ ვარ, მაგრამ თავს მაინც კარგად ვიცავ. უკნიდან ბურთით თამაში და თანაგუნდელებთან კომბინირება მომწონს.

- მოახერხებ შენი შესაძლებლობების 6 თვეში ჩვენებას?

- აქ მოსვლის დღიდან იმავე ვფიქრობ, რომ თავდაუზოგავად ვიმუშავო, გუნდში ჩემი ადგილი დავიმკვიდრო და რაც შეიძლება მეტი შანსი მივიღო. აქ იმისთვის ვარ, რომ ყველაფერი გავიღო. ვნახოთ, რა მოხდება 6 თვეში.

- გინდა დარჩენა?

- რა თქმა უნდა. "ბარსელონას" ფორმის ტარება ოცნება და პრივილეგიაა. ახლა ამ ოცნებაში ვცხოვრობ და მინდა მისგან სიამოვნება მივიღო.

- ახალ თანაგუნდელებთან ადაპტაციის გავლა რთულია?

- ფეხბურთელები გახსნილები და ბედნიერები არიან. აქ არიან ვარსკვლავები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ მოგებული. მათმა ბუნებრიობამ სასიამოვნოდ გამაკვირვა. რამდენიმე მათგანთან ნათამაშები მაქვს და ის ფაქტი, რომ მათ კარგ ფეხბურთელად ვახსოვარ, მსიამოვნებს. მათ წინააღმდეგ საკლუბო და სანაკრებო დონეზე თამაში ადაპტაციას მიადვილებს.

- იერი მინამ წინასწარ გითხრა, რა დაგხვდებოდა აქ?

- ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც მან მითხრა. კლუბის უკეთ გასაცნობად რჩევებს ყოველთვის ვიღებ.

- ცეკვა გიყვარს. იერიმ, პირველი გოლის შემდეგ, თავისი ცეკვით გაგვაკვირვა. შენც ხომ არ გაქვს რამე მსგავსი დაგეგმილი?

- ჩვენ ცეკვა ნამდვილად გვიყვარს. მომზადებული არაფერი მაქვს. მუშაობასა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაზე ვარ ფოკუსირებული. ვნახოთ, დადგება თუ არა ეს მომენტი. არასდროს იცი, რა რეაქცია გექნება ასეთ დროს.

- არ იქნებოდა ცუდი, ეს "ლევანტესთან" ესპანეთის თასზე გასამართ მატჩში რომ მოხდეს...

- "ხეტაფესთან" მატჩის განაცხადში უკვე ვიყავი და მზად ვარ, როდესაც მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის, გუნდს დავეხმარო. ყოველთვის უნდა შეეცადო მიღებული შანსი გამოიყენო.

- რომელი ტიტული სურთ "ბარსელონას" გასახდელში ყველაზე მეტად?

- "ბარსელონას" მიზანი ყოველთვის ყველაფრის მოგებაა, რადგან ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ჩემთვის, ასეთი მენტალიტეტი ძალიან კარგია.

- მესისთან ერთად ყველაფერი მარტივდება...

- გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ყოლა დიდი უპირატესობაა. მასთან ერთად ყოფნა დიდი პატივია. ახლა ეს პატივი მაქვს და მინდა ამით მაქსიმალური სიამოვნება მივიღო.

- ცრუმორწმუნე ხარ?

- რელიგიური ვარ და ყოველთვის ვლოცულობ. გარდა ამისა, თამაშის წინ, ყოველთვის ვურეკავ მშობლებსა და შეყვარებულს.

- შენი ტატუები ცრურწმენის ნაწილია?

- კი, კავშირშია. სხეულზე მშობლების სახელები და 8 ვარსკვლავი მაქვს გამოსახული, რაც ოჯახს განასახიერებს. ასევე ჩემი ქალიშვილის დაბადების თარიღი და შეყვარებულის ინიციალები. ხელზე მაქვს ასევე ჯვრის ტატუ, რადგან ძალიან რელიგიური ვარ.

- ოჯახი, შენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია...

- ჩემთვის, მთავარი ოჯახია. თუ ოჯახი თავს კარგად გრძნობს, შემიძლია სრულად საქმეზე ვიყო კონცენტრირებული. ბარსელონაში უკვე მოვეწყვეთ და ჩემი ქალიშვილი ჩემი პრეზენტაციით კმაყოფილი დარჩა.

- რა გინდა 2019 წელს მოხდეს?

- გუნდური მიზნების მიღწევა და პერსონალურად მაქსიმალური წარმატებები.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 9 იანვარი 2019 22:37
    1
    აბა წარმატებები ვუსურვოთ
    Gnidius
    სტუმარი [?]
    #2 9 იანვარი 2019 19:44
    1
    ტობიტოს გაანათხოვრებენ ბავშვია და კოჭებში შეატყვეს რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს. თორე გაისად პირდაპირ კიარ ათამაშებწნ გუნდში
    ფანი [?]
    #1 9 იანვარი 2019 17:14
    2
    წარმატებები ლომო <3