ხვალ, 11 ნოემბერს, ურუგვაის უმაღლესი ლიგის ფინალური დაპირისპირება გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს “ნასიონალი” და “პენიაროლი” შეხვდებიან და ეს გუნდები ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ.
თამაში მონტევიდეოში, “სენტენარიოზე” გაიმართება და ამ არენის თანამშრომლები ფინალისთვის “განსაკუთრებულად” ემზადებიან.
რამდენიმე დღის წინ, სტადიონზე როჯერ უოტერსის კონცერტი გაიმართა, რამაც მინდვრის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. როგორც ჩანს, სტადიონის ადმინისტრაცია მიხვდა, რომ პრობლემის დროულად და წესისამებრ გამოსწორება ვერ ესწრებოდა და ორიგინალურ ხერხს მიმართა – პრობლემურ ზონებში საფარი კი არ გამოცვალა, არამედ უბრალოდ შეღება.
პრობლემის ორიგინალურად გადაჭრის ამსახველი ვიდეო საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა ლუის სუარესმა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა: “შესანიშნავია, რომ ურუგვაული ფეხბურთის უმთავრესი დაპირისპირება ასეთ მოედანზე იმართება. თუ შეიძლება, გამოასწორეთ სურათი.”
ლუის სუარესი “ნასიონალის” სკოლის აღზრდილია. ამ კლუბის პირველ გუნდში ის 2005/06 წლების სეზონში, “გრონინგენში” გადასვლამდე თამაშობდა.
უემბლი უარესი იყო,არაუშავს 😂😂😂
ნეტა წვიმა მოვიდეს