16 იანვარს, დიდებულმა მოთამაშემ, ბრაზილიელმა მხატვარმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. თქვენ უკვე ხვდებით, თუ ვისზეა საუბარი – ესაა რონალდინიო, რომელმაც თავისი ფორმის პიკში ჩვენთვის საყვარელი სპორტის ისტორიაში ოქროს კვალი დატოვა. მთელი საფხბურთო სამყარო ამ მაგიური ადამიანის წარსულს იხსენებს და კარგი იქნება, თუ პატივისცემის ნიშნად, ამას ჩვენც გავაკეთებთ.

ჯადოქარი ევროპას 20 წლის ასაკში, “პარი სენ-ჟერმენის” მოთამაშის ეგიდით ეწვია. ფრანგულ კლუბში გატარებული 2 წელი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ რონალდინიო ქომაგთა ფავორიტი გამხდარიყო, მაგრამ მოკლე დროის განმავლობაში მან გაელვება და საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება მოახერხა.
პარიზელთა შემადგენლობაში ჩატარებული რიგით მე-2 სეზონის შემდეგ, ევროტურნირებზე ასპარეზობის იდეით შეპყრობილმა რონალდინიომ კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა.
ვერავინ წარმოიდგენს, თუ როგორ განარისხა “ბარსელონას” ბოსები დევიდ ბექჰემის დაკარგვამ. ინგლისელის ნაცვლად 2004 წელს “კამპ ნოუზე” რონალდინიო გადაბარგდა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი შედგა. ბრაზილიელის მიერ ესპანეთში ჩატარებულმა ხუთმა სეზონმა შედეგად საფეხბურთო რევოლუცია მოიტანა.

მსოფლიომ იხილა დაუჯერებელი ტექნიკა, ნამდვილი მაგია, რომლის შემოქმედის სახიდან ღიმილი არასდროს ქრებოდა. არაორდინალური გოლები, შესანიშნავი გადაცემები, ერთდროულად მოტყუებული რამდენიმე მცველი და სხვა მრავალი… ბრაზილიელი ოსტატის შეჩერების მცდელობა ხშირად ყვითელი ბარათით მთავრდებოდა, ის კი მომღიმარი სახით გულშემატკივართა გაოცებას განაგრძობდა.
რონალდინიომ “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიწასთან გაასწორა და ანტაგონისტთა აპლოდისმენტები მიიღო. მისი დახმარებით, “ბარსელონამ” ახალ საფეხურს მიაღწია და მნიშვნელოვანი ტიტულები მოიპოვა (ესპანეთის ჩემპიონატი 2004/05 და 2005/06; ჩემპიონთა ლიგა 2005/06). ბრაზილიელი ფეხბურთელის საუკეთესო მომენტებს გაუთავებლად შეგვიძლია ვუყუროთ. FIFA-ს ვერსიით, წლის საუკიეთესო მოთამაშე ორჯერ რონალდინიო სწორედ კატალონიაში გახდა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=7FOyyZSYRFY]
რონალდინიოს საფეხბურთო მოედანს მიღმა გართობა უყვარდა და სავარაუდოდ, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ბრაზილიელის “ბარსელონური” კარიერა უფრო დიდი ხანი არ გაგრძელებულა. რონის წონის პრობლემა შეექმნა, ფრანკ რაიკარდი კი მას ძირითად შემადგენლობაში ჩვეული სიხშირით აღარ აყენებდა.

კარიერის რეანიმირების მიზნით ბრაზილიელი იტალიისკენ გაეშურა, სადაც ის 2008 წელს “მილანმა” გულთბილად მიიღო. ახალ გუნდში 28 წლის მოთამაშემ მოვლენები სასურველი სცენარით ვერ განავითარა. რონალდინიო ოპტიმალურ კონდინციას ვერ მიუახლოვდა და საერთო ჯამში მან “როსონერის” შემადგენლობაში 1 სეზონი დაჰყო.
ამჯერადაც ფიზიკური ფორმის პრობლემამ იჩინა თავი. გაუჩომ სისწრაფე საგრძნობლად დაკარგა და ის მოედანზე ბევრად უფრო “მძიმედ” გამოიყურებოდა, ვიდრე წარსულში – ასაკმა თავისი მოიტანა. თუმცა, ზოგ შემთხვევაში ბრაზილიელი მოედანზე ისეთ საოცრებებს სჩადიოდა, რომ მას ყველა ჩავარდნას პატიობდნენ.
[media=https://www.youtube.com/watch?v=mSM_3dv0alE]

რონალდინიომ მსოფლიო ჩემპიონატი 22 წლის ასაკში მოიგო, თუმცა თავის პირველ მუნდიალზე ახალგაზრდა ჯადოქარი სხვა ვარსკვლავების ჩრდილში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, დევიდ სიმენის კარში გატანილი საჯარიმო დარტყმით მან ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თავისი კვალი დატოვა.
2006 წლის მუნდიალზე სწორედ “ბარსელონას” ფორვარდი მიიჩნეოდა ეროვნული გუნდის ლიდერად, მაგრამ მაშინ, ალბერტო პარეირას შეგირდებმა ჩავარდნა განიცადეს მიუხედავად იმისა, რომ “სელესაოს” შემადგენლობაში ჰყავდა კაკა-რონალდინიო-რონალდო-ადრიანოს მაგიური კვადრატი.

მომავალში, რონალდინიოს კარიერა საკუთარ თავთან ბრძოლად იქცა – ლეგენდა ფორმის დაბრუნებას და ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას ცდილობდა, მაგრამ 2006 წლის შემდეგ ის მუნდიალზე არ გამოჩენილა.
რონალდინიომ სამშობლოსკენ აიღო გეზი და გარკვეული დროის განმავლობაში “ფლამენგოს”, “ატლეტიკო მინეიროსა” და “ფლუმინენსეს” შემადგენლობაში ითამაშა. ამას ემატება მექსიკურ “კერეტაროში” ჩატარებული 25 შეხვედრა. ყველა ხვდებოდა, რომ “ბარსელონას” გაუჩო აღარ დაბრუნდებოდა და გულშემატკივრების გული ნოსტალგიით აივსო.

რონალდინიო აქტუალობის შენარჩუნებას კარიერის მიწურულსაც ახერხებდა, მაგრამ ამის მიზეზი სტატისტიკური მაჩვენებლები ნამდვილად არ ყოფილა. მისი ღიმილი ხალხს ბრაზილიელის საოცარ წარსულ ახსენებდა. თითქოს, ის საოცარი გოლი “ჩელსის” კარში, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გონებაში დეტალურად აღიდგენს, გაუჩომ გუშინ გაიტანა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ამ დღიდან 12 წელზე მეტი დრო გავიდა.
რონალდინიო არაპროგნოზირებადი ფენომენი იყო, რის გამოც მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანდა. სამწუხაროა, რომ გაუჩომ მსოფლიოს ასეთი მოკლე დრო გამოუყო მისი თამაშით დატკბობისთვის. ფეხბურთის “სტაჟიანი” მაყურებელი ამ პატარა ეპოქას არასდროს დაივიწყებს – მარად მომღიმარმა ბიჭუნამ ჩვენი გონება დაიპყრო და იქ სამარადჟამოდ დაიდო ბინა…
ლეგენდინიო <3 როგორ მიყვარდა მისი თამაშების ყურება და მეყვარება მუდამ ალბათ ასეთი ფეხბურთელი აარასდროს დაიბადება იმიტორო ყველაფერი ეღტად ყველა ადამინიური და საფეხბურთო ტვისება ჰქონდა რონის <3
მისი პლასტიკა, დრიბლინგი, პასი, დარტყმა და რაც მთავარია ადამიანური თვისებების თაიგული სამარადჟამოდ შერჩება მის უდიდესობა – მსოფლიო ფეხბურთს, ნამდვილად მეგობრებო ამ შეუდარებელი პიროვნების სახელი და გვარი ჩვენთვის არის ლეგენდინიო!!! თქვენთან ერთად მეც მინდა, რომ მილიონობით გულშემატკივრისა და ახალბედა ფეხბურთელთათვის, ერთხელ კიდევ გასახარად და გაკვეთილად, ბარსამ და ბრაზილიის ნაკრებმა, აუცილებლად მოაწყოს მასთან გამოსამშვიდობებელი მატჩი. უფალი გფარავდეს ლეგენდავ!!!
რატო რატო რატო… რატო მოუკლო ასე. ეს რო მესის და რონალდოსავით შრომისმოყვარე ყოფილიყო კიდევ უფრო დიდ კვალს დატოვებდა.