უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ჩემი პრემიალურები, რომლებიც ნათამაშები დროითა და რაოდენობრივი მაჩვენებლებით იანგარიშებოდა, ფაქტიურად უფრო მეტი იყო, ვიდრე ხელფასი. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ვიბრძოდი, პრემიის მოსაპოვებლად მინიმუმ 45 წუთი უნდა მეთამაშა. ასე რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, “ატლეტიკოსთან” მატჩმა არაფერი მომიტანა, მაგრამ სწორედ ამ შეხვედრამ დაძრა პროცესი მკვდარი წერტილიდან და მისტერი იმაში დაარწმუნა, რომ მტკიცე ხასიათის მქონე ადამიანი ვიყავი და ასე ადვილად დანებებას არ ვაპირებდი.
“ატლეტიკოსთან” ორთაბრძოლის შემდეგ, მექსიკაში გავემგზავრეთ არაფრისმომცემ ტურნირზე. უკან დაბრუნებულებს, სამ დღეში “ვალენსიასთან” გვიწევდა “ნოუ კამპზე” თამაში. ასე იყო თუ ისე, ჩემი მდგომარეობის გამოსწორება მოსალოდნელი არ გახლდათ. ასე გაგრძელდა მე–9 ტურამდე, რომელშიც “მურსიას” ვხვდებოდით. ხერარდი და კოკუ კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო მე სათადარიგო სკამზე დავრჩი. მატჩი დაიწყო და შევატყე, რომ გუნდს თამაში არ გამოსდიოდა. შეხვედრის შუაწელს, რაიკაარდმა გამაფრთხილა, შეცვლაზე უნდა შეგიყვანოო და გასახურებლად გამიშვა. ხერარდის მაგივრად შესულმა, ათ წუთში გოლი გავიტანე. ამ მომენტიდან დაწყებული, ჰოლანდიელის გუნდში სათადარიგო ფეხბურთელი აღარასდროს ვყოფილვარ.
რაიკაარდის, როგორც ადამიანის დასახასიათებლად, შემდეგ ფრაზას გამოვიყენებდი: “ათი ბალი”. შეგირდებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. როგორც გამოჩნდა, სწორედ ამით “გაითხარა საფლავი”, რადგან ფეხბურთელების მიმართ ზედმეტად კეთილი და გამგებიანი იყო. მისი “ალტერეგი” გახლდათ ჰენკ თენ კატე – ადამიანი, რომელიც “ბარსელონას” მაშინდელი წარმატებების ფუნდამენტური ელემენტი იყო. “ბრაზიანი პოლიციელი” გასახდელში. რაიკაარდი ძალიან მეგობრული გახლდათ, ამიტომაც გუნდში ისეთი ადამიანიც უნდა ყოფილიყო, რომელიც ხმამაღალ სიტყვას იტყოდა და წესრიგს დაამყარებდა.
თენ კატესთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩემს წარმატებასა თუ წარუმატებლობას ძალიან განიცდიდა. ყოველი ვარჯიშის წინ მამხნევებდა: “ხავი, შენ მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი ხარ”.
რაიკაარდი მაიძულებდა მეტოქის კარში უფრო ხშირად დამერტყა: “არ შეიძლება პირველმა ტაიმმა ისე ჩაიაროს, რომ კარში ორი-სამი ზუსტი დარტყმა არ გქონდეს შერულებული. დარტყმა და გოლი – ეს კიდევ და კიდევ უნდა გააკეთო”.
უნდა ითქვას, რომ ჩემპიონატი ჩვენთვის მეტად ირაციონალურად წარიმართა: წარმატებულ თამაშებს, ხანდახან ისეთი წარუმატებელი შეცვლიდა ხოლმე, რომ ხალხს პირი ღია რჩებოდა. გუნდს, ჯერ არ ჰქონდა ნაპოვნი საკუთარი თამაში და გამარჯვებულის ფსიქოლოგიაც აკლდა.
დეკემბერში ბლაუგრანაში ქაოტური მდგომარეობა სუფევდა და კულუარებში მწვრთნელის შესაძლო შეცვლაზე ალაპარაკდნენ.
ჩვენდა საბედნიეროდ, პროგნოზები არ გამართლდა. სატრანსფერო ფანჯრის დროს, კლუბმა ედგარ დავიდსი იყიდა, რომელიც ბევრის აზრით, აღორძინების სიმბოლოდ იქცა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა, ადამიანს, რომელმაც ფეხზე დაგვაყენა, რონალდინიო ჰქვია. მან სიხალისე გადაგვდო, თავდაჯერებულობა შთაგვინერგა, იმაში დაგვარწმუნა, რომ ტიტულებისთვის ბრძოლა შეგვეძლო. “ქამბექის” ერთ-ერთი მიზეზი იმის გათვითცნობიერებაც იყო, რომ ჩვენს გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობდა.
დავიდსს, პატივს ვცემ, მაგრამ ცოტა ველური იყო, განდეგილივით იქცეოდა, მე უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ, რადგან ყველა კარგად ხედავდა ვინ და რა იყო. არ ვიცი, შესაძლოა ამის მიზეზი მისი სიმორცხვე იყო, ანაც ინტროვერტი ბრძანდებოდა (საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი), ანდა სულიერი ყურადღების დეფიციტს განიცდიდა. მოკლედ, გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან, საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა, რომელიც ვერავინ დაამტვრია. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც არავის ენდობიან და მათთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარება, ძალიან ძნელია.
ამ მხრივ, დავიდსს, ბოგარდი ჰგავდა. ალბათ ფიქრობდნენ, რომ ჩვენ მათთვის ზიანის მიყენება გვსურდა, ყოველ შემთხვევაში ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა. თანაც, მათი გადარწმუნება ვერავინ შეძლო. როდესაც რამეს ეუბნებოდი, ეგრევე წყენას ამჩნევდი, რასაც ბუზღუნი მოსდევდა. ნათელია, რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას, ძალიან ფრთხილი უნდა იყო და ყველა სიტყვა აკონტროლო. გასახდელს, არცერთმა მათგანმა არ შემატა არაფერი. რა თქმა უნდა, არსებობენ ცოტათი ჩაკეტილი ადამიანები, როგორებიც რივალდო და ანრი იყვნენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გუნდის ნაწილს არ წარმოადგენდნენ. აი, დავიდსსა და ბოგარდს კი, ჩვენი კოლექტივის წევრებად ყოფნა არ სურდათ.
გასახდელის შიდა ცხოვრებაში დავიდსის პასიურობას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, კარგი გუნდი ჩამოყალიბდა – გამოცდილებისა და ახალგაზრდული ჟინის არაჩვეულებრივ შეხამებას ჰქონდა ადგილი. ისეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, როგორებიც კოკუ, სავიოლა, ლუის გარსია და გაბრი იყვნენ, არა დღითი-დღე, არამედ საათობით იზრდებოდა. კარგად ჩანდა, რომ ყველანი შედეგზე იყვნენ ორიენტირებულნი.
არსებობს მოსაზრება, რომ გუნდი უფრო მაღალ საფეხურზე რომ ავიდეს, საკუთარი აღზრდილები უნდა ჰყავდეს, რომლებიც კოლექტივში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ასეთი მოთამაშეები ჩვენ ვიყავით: პუიოლი, ვალდესი, ინიესტა და მე. ასევე ახალგაზრდა როსი და ოსკარ ლოპესი. ძლიერი კოლექტივი შეიკრა.
შედეგად, კინაღამ პრიმერადივიზიონი მოვიგეთ. ორიოდ ტური დაგვაკლდა საიმისოდ, რომ “ვალენსიას” დავწეოდით, რომელიც ბოლო ტურებში გადაღლილი ჩანდა. საბოლოო ჯამში “ღამურები” ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ ჩვენ მომავალი წარმატებების მოსაპოვებლად დიდი მოცულობის სამუშაო ჩავატარეთ, ჩვენი ბედი უკვე მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნოდა.