“ბარსელონას” წამყვანი ფეხბურთელები უკმაყოფილოები არიან კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობით, კერძოდ, სპორტული დირექტორის, რობერტ ფერნანდესის მუშაობით. ამ ინფორმაციას Cadena SER ავრცელებს.
ფეხბურთელები გუნდის ზაფხულის ტრანსფერებს სკეპტიკურად უყურებენ. ხელმძღვანელობით უკმაყოფილება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ლიონელ მესის კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია. არგენტინელს აშფოთებს ის, თუ როგორ პროექტს შესთავაზებს კლუბი.
სწორედ მსგავსი საკითხი აწუხებთ კატალონიური გრანდის სხვა ლიდერებსაც. ეს გუნდის კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ თავის ბოლოდროინდელ ინტერვიუში დაადასტურა.
ამ ზაფხულს, “ბარსელონამ” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი დაკარგა, რომელიც “პარი სენ-ჟერმენს” 222 მილიონ ევროდ შეუერთდა. კლუბმა, ჯერჯერობით, ნელსონ სემედუ, პაულინიო და მარლონი შეიძინა და დაიბრუნა ჟერარ დეულოფეუ.


