“ბარსელონას” 25 წლის ინგლისელმა შემტევმა ენტონი გორდონმა ლა ლიგის სპეციალურ კითხვარში მიიღო მონაწილეობა და თანაგუნდელების შესახებ არაერთ საინტერესო კითხვას უპასუხა. განსაკუთრებული ყურადღება მან ლამინ იამალის ფეხბურთისადმი სიყვარულზე გაამახვილა.
გორდონს ჰკითხეს, რომელი თანაგუნდელი საუბრობს ყველაზე ხშირად ფეხბურთზე გასახდელში. ინგლისელმა პასუხი დაუფიქრებლად გასცა:
“ლამინ იამალს ფეხბურთზე 24 საათი შეუძლია საუბარი”.
19 წლის ფეხბურთელის შესახებ ნათქვამი ეს სიტყვები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ფეხბურთი მის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გორდონმა ისაუბრა სხვა თანაგუნდელებზეც. კითხვაზე, ვინ მიდის ყველაზე ადრე ჰანსი ფლიკის გუნდის ვარჯიშებზე, ინგლისელმა ანდრეას კრისტენსენი დაასახელა. მისი თქმით, დანიელი მცველი საწვრთნელ ბაზაზე ყოველთვის ყველაზე ადრე ჩნდება.
გორდონის აზრით, მომავალში საუკეთესო მწვრთნელი შესაძლოა ფრენკი დე იონგი გახდეს. ამის მიზეზად მან ნიდერლანდელი ნახევარმცველის ინტელექტი და მოედნის ხედვა დაასახელა.
ინგლისელმა შემტევმა ერიკ გარსიას გამჭრიახობაც გამოარჩია. მისი აზრით, უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩენის შემთხვევაში სწორედ ესპანელი მცველი შეძლებდა ყველაზე დიდხანს გადარჩენას.
გორდონმა ასევე აღნიშნა, რომ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის როლს ყველაზე კარგად ერიკ გარსია და პედრი მოირგებდნენ:
“ორივე ძალიან ჭკვიანია და ყველაფრის მართვას კარგად შეძლებდნენ”.
კულინარიულ შეჯიბრებაში გამარჯვებულად ინგლისელმა ვოიცეხ შჩესნი დაასახელა. მიზეზი საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა:
“უბრალოდ იმიტომ, რომ ჯგუფში ყველაზე უფროსია”.
გორდონმა თანაგუნდელების მუსიკალურ გემოვნებაზეც ისაუბრა და ამ მხრივ როდრი გამოარჩია:
“ვფიქრობ, ყველაზე ცუდი მუსიკალური გემოვნება როდრის აქვს, რადგან მუსიკას საერთოდ არ უსმენს. სხვა თანაგუნდელები მუდმივად ყურსასმენებით დადიან ან ტელეფონით უსმენენ მუსიკას. ის კი ყოველთვის მატჩებზეა კონცენტრირებული”.
ბოლოს ინგლისელ ფეხბურთელს ჰკითხეს, რომელი თანაგუნდელი დაივიწყებდა ყველაზე დიდი ალბათობით სახლის გასაღებს.
“ვფიქრობ, გავი ან ბალდე”, – უპასუხა გორდონმა სიცილით.




forum კომენტარები (0)