“ბარსელონაში” აღიარებენ, რომ ჯერ-ჯერობით, მარკო ვერატის გაფორმება, რომელიც ერნესტო ვალვერდეს შემადგენლობის გასაძლიერებლად კლუბის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, თითქმის შეუძლებელია.
სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ახალი გახსნილია და ახლა პრესეზონების დაწყების, ახალი კონტრაქტების, უამრავი შეხვედრებისა და უამრავი ახალი შეთანხმების პერიოდია. თუმცა, Sport-ის ინფორმაციით, მარკო ვერატისა და “ბარსელონას” შორის დაშორება იმაზე დიდია, ვიდრე მანძილი ბარსელონასა და პარიზს შორის – 1035 კილომეტრი.
რეალობა ისაა, რომ “ბარსელონასთვის” უკვე მერამდენე ზაფხულია, პსჟ გადაულახავ კედელს წარმოადგენს. უბრალოდ სახელები შეიცვალა. მარკო ვერატი ტიაგუ სილვას, მარკინიოსისა და დავიდ ლუიზის საქმის გაგრძელებაა. ნასერ ალ-ხელაიფი თავის სტრატეგიას ინარჩუნებს – ფრანგები ლიდერებს არ გაყიდიან!
“ბარსელონა” ყველანაირად ცდილოს, რომ პარიზულ კლუბთან მოლაპარაკებები წამოიწყოს. ასევეა მარკო ვერატიც, რომელიც იბიცადან პარიზშიც ჩავიდა შვებულების დროს, რათა კლუბის ხელმძღვანელობა დაერწმუნებინა.
პსჟ მზარდი და განვითარებადი პროექტია, რომელიც თავის საკვანძო მოთამაშეებს არ შეელევა, პირიქით – ნასერ ალ-ხელაიფი ეცდება, სატრანსფერო ფანჯარაზე ფილიპე კოუტინიო და კილიან მბაპე შეიძინოს და ვერატის ისიც კი უთხრა, რომ იფიქროს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. მარკომ განიხილა შემთხვევა, რომლის მიხედვითაც იგი პარიზელთა პრესეზონზე არ გამოცხადდებოდა – თუმცა შემდეგ უფრო დიპლომატიური ხერხი არჩია.
ჯერ-ჯერობით, “ბარსელონას” ყოველ წამოწყებაზე პარიზელთა პასუხი ერთი და იგივეა.
მიუხედავად იმისა, რომ Sport-ის აზრით, “ბარსელონა დროს კარგავს”, კატალონიელები ახალ გზებს ეძებენ ტრანსფერის გასაჩარხად.