დიქტატორული დისციპლინითა და განსაკუთრებულად რთული სავარჯიშო რეჟიმებით გამორჩეული ელენიო ერერა, ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური სპეციალისტი იყო ფეხბურთის ისტორიაში, რომლის სავარჯიშო ბაზა, სამხედრო ბანაკს ჰგავდა, სადაც მკაცრი შეზღუდვები ვრცელდებოდა. არგენტინელ მწვრთნელი მუდამ გამარჯვების წყურვილით იყო აღსავსე.
ის სასტიკი მეთოდებით ხასიათდებოდა, გაწვრთნილი კოლექტივი კი – დაუნდობელი და ცინიკური იყო. სამწვრთნელო კარიერაში ორი ყველაზე წარმატებული პერიოდის მანძილზე: “ბარსელონასა” (1958-1960) და “ინტერთან” (1960-1968) ერთად, ერერას ექსცენტრიული პერსონა პრესიდან არ ქრებოდა. მის მიმართ ნათქვამი შეურაცხმყოფელი ფრაზები ლექსიკონში შეტანას იმსახურებენ. ნამდვილი ეგოცენტრული პიროვნება, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა სიამოვნებდა.
სიდ ლოუს წიგნზე დაყრდნობით (“შიში და სიძულვილი ლა ლიგაში”), როცა ერერამ თავისი მემუარები გამოაქვეყნა ჟურნალისტები წერდნენ: “ეს ერერა – ნამდვილი სატანაა! ახლა კი მან მემუარების წერაც დაიწყო. ღმერთმა გვაპატიოს. თითქოს მან, ისედაც საკმარისი ხმაური არ გამოიწვია, პრესას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მისი სიტყვები თითოეულ სახლში, ოფისსა და საზოგადო ადგილში არ გავრცელებულა! თითქოს ხალხი მისით გაოცებული ჯერ არასდროს ყოფილა!”
ელენიო ადასტურებდა, რომ თანამედროვე ფეხბურთის რამდენიმე ასპექტი განავითარა, მათ შორის – სამწვრთნელო ბანაკი და “კატენაჩოს” (იტალიური დაცვითი ფეხბურთი) სისტემა. არგენტინელმა, მწვრთნელის მეორეხარისხოვანი ფიგურისგან ძლევამოსილი და დიდებული პერსონა შექმნა. ის იყო პირველი ტაქტიკოსი, რომელმაც საკუთარ თავზე გამარჯვების პასუხისმგებლობა და ვარსკვლავური მოთამაშეების ანაზღაურების განკარგვა აიღო. გამოირჩეოდა განსაკუთრებული სამოტივაციო ტექნიკითა და თვალყურს ადევნებდა ფეხბურთელთა პირად ცხოვრებას.
კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ გამარჯვებაზე ნადირობისას ელენიომ ღრმად შეტოპა. “მადანაშაულებდნენ იმაში, რომ ტირანი ვარ და ფეხბურთელებს დაუნდობლად ვეპყრობი, მაგრამ უბრალოდ ვახორციელებდი იმას, რაც შემდგომში მრავალმა კლუბმა დანერგა: მძიმე შრომა, ფიზიკური ვარჯიშები, დიეტა და მატჩზე კონცენტრაცია” – ამბობდა ერერა.
მრავალი შეზღუდვა და თავშეკავება სწორედ ერერას პირადი ცხოვრების გადმონაშთი იყო – არასდროს ეწეოდა და იშვიათად სვამდა. როგორც მისი ქალიშვილი, ლუნა ამბობდა, მის პასტაში მხოლოდ ზეითუნის ზეთი და პარმეზანი იყო. ყოველ დილით იოგას სავარჯიშოებს ასრულებდა და საკუთარ თავს უმეორებდა: “მე ძლიერი და მშვიდი ვარ. არაფრის მეშინია და შესანიშნავი ვარ”. ერერა იმდენად სერიოზულად ზრუნავდა ჯანმრთელობაზე, რომ ბევრი სითხის მიღებასაც ერიდებოდა.
“განსაჯეთ იგი, თუ შესაფერის განწყობაზე ხართ. გენიოსი კლოუნი, რომელიც ზოგჯერ მასხარას ჰგავს, მაგრამ საჭირო დროს მასზე სერიოზულ პიროვნებას ვერ იპოვით. თაღლითია, ამავდროულად კი მისაბაძი მამა და ერთგული მეუღლე. პიროვნება, რომელიც ფარულად მიიწევს წარმატებისკენ. კომპეტენტური თავის საქმეში. ის დიდების მანიით იტანჯება და საკუთარი ჯანმრთელობის ფანატიკოსია. ასეთი პიროვნებაა ელენიო ერერა.”– წერს ჯანი ბრერა, გავლენიანი იტალიელი საფეხბურთო მიმომხილველი.
ერერა ბუენოს აირესში, ესპანურ ოჯახში დაიბადა. მამა, ფრანცისკო, პროფესიით დურგალი, განდევნილი ანდალუსიელი ანარქისტი იყო. დედა, მარია გავილან მარტინესი, დამლაგებელი. არსებობს ეჭვი მის დაბადების თარიღთან დაკავშირებით. ფრანგული, ესპანური და არგენტინული პასპორტების მიხედვით, ის 1916 წელს დაიბადა, მაგრამ მის ოფიციალურ საიტზე, წერენ რომ რეალურ თარიღს 6 წელი განზრახ დაუმატა. როგორც ჩანს, მისი დაბადების ნამდვილი თარიღი 1910 წლის 10 აპრილია.
1920 წელს, ერერას ოჯახი საუკეთესო ცხოვრების ძიებაში არგენტინიდან კასაბლანკაში გადაბარგდა, შემდეგ კი ფრანგულ კოლონიურ ქალაქში აღმოჩნდა. ელენიო ფრანგულ სკოლებში სწავლობდა, სადაც ადგილობრივებს, ებრაელებს, იტალიელებსა და ესპანელებს დაუმეგობრდა. სწორედ ამ დროს დაიწყო მან ფეხბურთის თამაში. “როშე ნუარსა” და “რასინგში” ასპარეზობის შემდეგ, ის პარიზში გაემგზავრა, რათა “ატლეტიკ სპორტ ჟენერალისა” და “სტედ ფრანსეზის” ღირსება დაეცვა. სამომავლოდ ის “ოლიმპიკში”, “რუბეში”, “რედ სტარსა” და “პიუტოში” გამოდიოდა.
ერერა კარგი მცველი იყო, მაგრამ არა გენიალური. მუხლის ტრავმამ მის ამბიციებს ხელი შეუშალა. 1944/45 წლებში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. “ნორმალური ფეხბურთელი ვიყავი. როდესაც ვარსკვლავები მწვრთნელები ხდებიან, მათ უბრალოდ არ იციან, როგორ ასწავლონ შეგირდებს ის, რასაც თავად მარტივად და გრაციოზულად, თითქმის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აკეთებდნენ. მე კი შემიძლია იმის გაგება, რომ ეს იოლი სულაც არ არის. სწორედ ამაშია ჩემი უპირატესობა”.
ფიზიკური არასრულყოფილებით გამოწვეული მუდმივი ტრავმებით, ერერამ დიდი გამოცდილება მიიღო. როცა პენსიაში გავიდა, გონება სხვადასხვა იდეებითა და თეორიებით ჰქონდა აღსავსე. 1945 წელს ელენიო “სტად ფრანსეზს” ჩაუდგა სათავეში. 3 წლის შემდეგ მან “რეალ ვალიადოლიდი” გაწვრთნა, მომდევნო ეტაპზე კი “ატლეტიკოსთან” ერთად (1949-1952) პრიმერა დივიზიონი ორჯერ მოიგო. მადრიდულ კლუბს მოჰყვა “მალაგა”, “დეპორტივო”, “სევილია”, “ბელენენსიში” და სხვა მრავალი კლუბი.
მისი მეთოდები პირენეს ნახევარკუნძულზე უკვე ყველასთვის ცნობილი იყო. “შეხვედრის დაწყებამდე ის მოედანზე გამოდიოდა, რათა ხალხს ეყვირა და ჩვენი გამოსვლის მომენტში ძალა აღარ ჰქონოდა.” – იხსენებს ადრიან ესკუდერო, “ატლეტიკოს” ყოფილი მოთამაშე. ალფონსო აპარისიო ამბობდა: “ის ყოველ დღე გვავარჯიშებდა, როგორც გიჟებს. 3 საათის განმავლობაში. კვირაობით, ყველას განადგურება შეგვეძლო.”

1958 წელს “ბარსელონამ” “რეალის” დამხობის მიზნით, ელენიო მიიწვია. კატალონიელები 1952 და 1953 წლებში ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ “ბლაუგრანასთან” ხანგრძლვი და სასტიკი პოლიტიკური ბრძოლის შემდეგ, “სამეფო კლუბმა” ალფრედო დი სტეფანო გაიფორმა და გუნდთა ძალები გათანაბრდა. ამ კონფლიქტს, რომელსაც სახელმწიფოს ჩარევის გარეშე არ ჩაუვლია, დღემდე განიხილავენ. კატალონიელები ადასტურებენ, რომ საქმეში თავად ფრანკო ჩაერია, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქში ეს შეხედულება მიუღებელია.
2014 წლის ივლისში, რედაქტორმა ალფრედო რელანიომ ბიუროკრატიულ საგაზე ნათელის მოფენა სცადა და 4000-სიტყვიანი სტატია გამოაქვეყნა, რომლის გაგრძელება ბევრად უფრო ვრცელია. საბოლოოდ, მან აღნიშნა, რომ ფრანკოს როლი ამ ისტორიაში გადაჭარბებულია, გადამწყვეტი კი ტემპერამენტიანი პრეზიდენტის – სანტიაგო ბერნაბეუს ქმედუნარიანობა აღმოჩნდა, რომელიც კლუბს 1943-1978 წლებში აკონტროლებდა.
დი სტეფანოს “რეალში” ტრანსფერმა (1953) ყველაფერი შეცვალა. გუნდმა 1954, 1955, 1957 და 1958 წლებში ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა და აგრეთვე, ევროპის თასის პირველი სამი გათამაშება მოიგო (1955-1957). “ბარსელონა” ამ ტურნირზე გასვლასა და სამშობლოში გაბატონებასაც კი ვერ ახერხებდა. გუნდს ჰყავდა შესანიშნავი შემადგენლობა – ისეთი მოთამაშეები, როგორებიც ლუის სუარესი, ლადისლავ კუბალა, შანდორ კოჩიში და ზოლტან ციბორი იყვნენ. მიუხედავად ამისა, კლუბს არასრულფასოვნების შეგრძნება არ ტოვებდა, მაშინ, როცა მუდმივი ანტაგონისტი მწვერვალებს იპყრობდა.
“დი სტეფანო ისტორიაში საუკეთესოა. ალფრედო მთელი მატჩის განმავლობაში ყველა პოზიციაზე თამაშობს, პელე კი მხოლოდ წინ. თუ ბრაზილიელი პირველი ვიოლინოა, მაშინ არგენტინელი მთლიანი ორკესტრია.” – განაცხადა მოგვიანებით ერერამ.

ერთხელაც, არგენტინელმა სპეციალისტმა “ბარსას” ფსიქოლოგიური სისუსტე აღმოაჩინა და სიტუაციის გამოსწორება სცადა. საკუთარ მეთოდებში დარწმუნებულმა, ახალი რეჟიმი დაამყარა. სიდ ლოუს სიტყვებით, ელენიომ დღეში 3 სავარჯიშო სესიით დაიწყო. მოთამაშეებს პირველის მსვლელობის დროსაც კი გულისრევის შეგრძნება ჰქონდათ. “მუდამ მაღალი ინტენსივობა და კონცენტრაცია, – ამბობდა სუარესი, – ის კარდინალურად განსხვავდებოდა სხვა მწვრთნელებისგან. რთული სამუშაო გვქონდა, მაგრამ ბევრად ძლიერები, სწრაფები და აგრესიულები ვხდებოდით. მისი მიდგომა ძალიან სერიოზული იყო – არანაირი ხუმრობა სავარჯიშო სესიაზე.”
სუსტებს არ თანაუგრძნობდნენ. როცა მოთამაშე წუხდა, რომ ავად იყო, მას სავარჯიშოდ მაინც გზავნიდნენ. როდესაც ფეხბურთელი თაბაშირის ყალიბით გამოჩნდა, ერერამ იგი გატეხა. არაფერი არ რჩებოდა შეუმჩნეველი, რასაც მოთამაშეთა დესტაბილიზაცია შეეძლო.
ერერა თავისი შეგირდების ფსიქიკას იცნობდა. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, ლოუს სიტყვებით, ციბორი იტანჯებოდა იმის გამო, რომ თავის სახლს დიდი ხნის განმავლობაში უნდა განშორებოდა. ელენიო უნგრელს დაჰპირდა, რომ თუ ის 3-ჯერ შეძლებდა მეტოქის კარის დალაშქვრას, სახლში გაუშვებდა. ზოლტანმა იმ მატჩში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. “კატალონიელებს მოტივაციას ასე ვუმაღლებდი: “საკუთარი დროშის ფერებს დახედეთ და ქვეყნისთვის ითამაშეთ!”. სხვებს კი ფულზე ვესაუბრებოდი. ჩემ შეგირდებთან თავიანთ ცოლებსა და შვილებზე ვლაპარაკობდი. როდესაც გუნდში 25 ფეხბურთელია, ყველასთან ერთსა და იმავე თემას ვერ განიხილავ.”
ელენიო უცნაური მატჩისწინა რიტუალებით გამოირჩეოდა. მცენარეულ ჩაის ან ყავას სვამდა და სასმელს ასპირინს ურევდა. უილსონი წერდა, რომ ერთხელ სპეციალისტმა გუნდი შეკრიბა, თითოეულ ფეხბურთელს თვალებში ჩახედა და ჰკითხა: “როგორ უნდა გავიმარჯვოთ? რატომ მოვიგებთ ჩვენ დღეს?”. ამის შემდეგ მოთამაშეებმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და ერთხმად შეჰკივლეს: “ჩვენ გავიმარჯვებთ და ამას ერთად გავაკეთებთ!”. უილსონის თანახმად, სუარესს, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, სჯეროდა, რომ თუ ტრაპეზის დროს ვინმე ღვინოს დაღვრიდა, ის მომდევნო მატჩში აუცილებლად გაიტანდა. მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ერერა სპეციალურად ჰკრავდა ბოთლს ხელს ან დებდა ისეთ ადგილზე, რომ წაქცეულიყო.
შესანიშნავი დასაწყისი. შიდა ჩემპიონატში “ბარსელონამ” “რეალი” 4:0 დაამარცხა. სამწუხაროდ, ერერასა და რამდენიმე ფეხბურთელს შორის ურთიერთობა დაიძაბა. განსაკუთრებული სირთულეები შეიქმნა კუბალასთან, ლეგენდარულ თავდამსხმელთან მიმართებაში, რომელიც გუნდს 1952 და 1953 წლებში შიდა ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.
ყალბი რუსული ნომრებით, სატვირთო მანქანის საბარგულში ბუდაპეშტიდან გაქცევის შემდეგ, 1950 წელს კუბალა დევნილთა გუნდთან ერთად ესპანეთში გაემგზავრა. როდესაც ისინი მადრიდსა და ბარსელონაში თამაშობდნენ, ორივე კლუბის პრეზიდენტმა მოისურვა ლადისლავის გაფორმება, მაგრამ მან “ბარსელონა” აირჩია. უნგრელის ათლეტიზმმა და პლასტიკამ გუნდი შეცვალა. ამბობდნენ, რომ მან იმდენად ბევრი მაყურებელი მიიპყრო კატალონიელთა საშინაო არენაზე (60-ათასიანი “ლეს კორტსი”), რომ ყველა მსურველისთვის ადგილი აღარ რჩებოდა. ამან ხელმძღვანელობა ახალი სტადიონის აშენებაზე დააფიქრა.
კონფლიქტი იმიჯსა და ტაქტიკაზე იყო ორიენტირებული. ზოგიერთი პიროვნება ეჭვობდა, რომ თვითკმაყოფილ ერერას ქალაქში კუბალას მდგომარეობის შურდა. მოედნის ფარგლებს გარეთ ლადისლავი თავხედურ ცხოვრებას ეწეოდა. დილიდან იმ მომენტამდე შეუჩერებლად სვამდა, სანამ ტაქსისტი მას მატჩზე ან სავარჯიშო სესიაზე წასაყვანად არ მიაკითხავდა. უნგრელის სათამაშო სტილი მკვეთრად განსხვავდებოდა ერერას სწორხაზოვანი სწრაფი ფეხბურთისგან. გასაკვირი არაა, რომ ძალიან მალე მწვრთნელმა მოთამაშის გაშვების მიზეზის ძებნა დაიწყო.
სიდ ლოუს თქმით, ერთხელაც ერერამ ხელმძღვანელობას განცხადების გაკეთება სთხოვა, იმასთან დაკვშირებით, რომ კუბალამ ვარჯიშსა და თამაშზე დაავადების გამო თითქოს უარი თქვა.
პრიმერა დივიზიონი ერერამ თავის პირველივე სეზონში მოიგო. ამ ტრიუმფით გუნდმა ევროპის ჩემპიონთა თასის საგზური მოიპოვა. 1959/60 წლების სეზონში, “ბარსამ” ტურნირის ნახევარფინალს მიაღწია, სადაც კატალონიელთა მეტოქე დაუმარცხებელი “რეალი” აღმოჩნდა. დედაქალაქში გამართულ პირველ მატჩში, ელენიომ კუბალა მოედანზე არ გამოუშვა და გუნდი 1:3 დამარცხდა. განმეორებით შეხვედრაშიც ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა. ორმატჩიანი დაპირისპირების საბოლოო შედეგი – 2:6.
მომდევნო დღეს, ლა რამბლას ქუჩაზე (ბარსელონა), ერერა ქომაგებთან დავაში იყო ჩართული. საქმე ჩხუბამდე მივიდა და ის დაბრუნდა სასტუმროში, რომელშიც, როგორც ლოუ წერს, “რეალი” იყო დაბინავებული. სეზონის ბოლოს “ბლაუგრანამ” ზედიზედ მეორედ მოიგო პრიმერას ოქროს მედლები, მაგრამ ელენიომ კლუბი დატოვა. აღსანიშნავია, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მომდევნო ტიტული 1974 წელს მოიპოვეს.

1960 წელს ერერამ “ინტერთან” მომგებიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ყოველთვის, მილანში, კოლექტივი საკუთარი ქარიზმითა და დიქციით გამოაცოცხლა. “როცა ის იტალიაში ჩამოვიდა, წესიერად არავინ იცოდა კლუბების მწვრთნელთა სახელები. ეს ხალხს არ აინტერესებდა. სპეციალისტებს პრესაში არ მოიხსენიებდნენ, ისინი მხოლოდ მოედანსა და გასახდელში მუშაობდნენ. ელენიომ ყველაფერი შეცვალა.”
არგენტინელმა დაუყოვნებლივ, მაღალი დონის დისციპლინა დაამყარა. მწვრთნელთან დაპირისპირება სახიფათო იყო. მოსმენის კულტურაზე მაღლა ინდივიდუალური შესაძლებლობა არასდროს იდგა. თავდამსხმელი ანტონიო ანჯელიო, რომელმაც 1958/59 წლების სეზონში 33 მატჩში 33 გოლი გაიტანა (სერია ა), გუნდიდან თავისი აგრესიული ხასიათის გამო გაუშვეს. არმანდო პიკი, მცველი, ერერასთან ერთადერთი დაპირისპირების გამო “ვარეზეში” აღმოჩნდა. უსაქმური, რომელმაც კლუბში საკუთარი ადგილი შეინარჩუნა, მარიო კორსო იყო და მან ეს პრეზიდენტის მხარდაჭერით მოახერხა.
მოთამაშე, რომელიც ერერას ყველაზე მეტად მოსწონდა ლუის სუარესი იყო. “ოქროს ბურთის” ლაურეატი “ბარსელონადან” “ინტერში” თავკაცთან ერთად გადაბარგდა.
“ინტერში” მოღვაწეობისას ერერა ქაღალდზე თავის იდეებს შავი, ცისფერი და წითელი მელნებით წერდა. ჩანაწერთა უმრავლესობა წიგნ “ტაკალაბალაში” არის ჩართული, რომელიც მისმა ცოლმა, ფიორა განდოლფიმ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა. გასახდელის კედლები სხვადასხვა სამოტივაციო ლოზუნგებით იყო გაფორმებული.
ერერა მუდამ უსვამდა ხაზს გულშემატკივართა მხარდაჭერის მნიშვნელობას და ქომაგთა ასოციაციებს აყალიბებდა. ჯონ ფუტის სიტყვებით, მის წიგნში “კალჩო”: იტალიური ფეხბურთის ისტორია”, ერერამ “ულტრასის” ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ის ფეხბურთელებს პირადად ხვდებოდა. მუდამ ეძებდა ინფორმაციას, რომელიც გუნდთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა.
ერერამ შექმნა “რიტირო”, პროფესიონალური სამწვრთნელო ბანაკი. ფეხბურთელები სასტუმროში რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ პერსონალითა და აუცილებელი აღჭურვილობით იყვნენ გარშემოცულნი. ბანაკის მიზანი მატჩზე კონცენტრაციის გაზრდა იყო.
ერერას ოფიციალური საიტის მიხედვით, ეს ყველაფერი მან “ბარსელონაში” მუშაობისას მოიფიქრა, როცა საავადმყოფოში მოტეხილობას მკურნალობდა და მე-16 საუკუნეში დაწერილ წიგნს კითხულობდა მისტიციზმის შესახებ. სწორედ ამ წიგნზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა “რიტიროს” კონცეფციები.
ეს ბანაკი ნამდვილად სასტიკი გამოცდა იყო. “ინტერი” ხშირ შემთხვევაში მთელ სასტუმროს ქირაობდა, რის გამოც გარეშე პირებისთვის ფეხბურთელთა მონახულება უბრალოდ შეუძლებელი იყო. კოლექტივი ტოვებდა მეგობრებსა და ოჯახებს, სანაცვლოდ კი სირბილსა და ტაქტიკურ სავარჯიშოებს იღებდა. როცა ინგლისელი თავდამსხმელი, ჯერი ჰიტჩენსი “ინტერიდან” წავიდა, მან თქვა, რომ ეს “სისხლიანი არმიის დატოვებას” ჰგავდა. სისუსტე შეუმჩნეველი იშვიათად რჩებოდა.
ამ სტატიის მთავარი თემა “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპეციალისტის პიროვნული თვისებებია, რის გამოც იტალიაში მიღწეულ წარმატებას არ განვიხილავთ. თუმცა, ხაზი აუცილებლად უნდა გაესვას 1964 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალს, სადაც “ინტერმა” ერერას ხელმძღვანელობით მადრიდის “რეალი” 3:1 დაამარცხა. მაცოლასა (2) და მილანის გოლებმა ფერენც პუშკაშისა და ალფრედო დი სტეფანოს ერას წერტილი დაუსვეს. ერერამ 1960 წელს განცდილი კრახის (2:6) შემდეგ, ნანატრი რევანში აიღო.
ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე, ელენიო ერერა უპირველესად თავისი პიროვნული ღირებულებებით ფასდებოდა. სპეციალისტი, რომელიც მოკლე დროის განმავლობაში “ბარსელონას” ესპანეთში გაბატონებაში დაეხმარა. სამწვრთნელო კარიერის ბოლო წლები მან სწორედ, კატალონიაში, გამორჩეული კლუბის სათავეში გაატარა (1979-81).

სპეციალურად, Barcamania.ge-სთვის…
ყოჩაღ ადმინ
zalian gtxovt finalshi chven nu gvigulshematkivrebt radgan ar gvina bavariis, seltasa da malagar bedi gaviziaroto,
isini tvlian rom barselonas fanebma visac ubaleshikds yvelam waago :-D:-D
დავიჯერო მართლა ჩვენი ბრალია?!:დ
აი მწვრთნელი მესმის. გაზულუქებულები რომ არიან და სირბილი ეზარებათ. სიარულით მოვიგებთო თამაშებს რომ ფიქრობდნენ იმიტომ შეგვრჩა კოპა წელს ხელში
Maladeeeeeeec avtor ramxela statiaa
zalian gtxovt finalshi chven nu gvigulshematkivrebt radgan ar gvina bavariis, seltasa da malagar bedi gaviziaroto,
isini tvlian rom barselonas fanebma visac ubaleshikds yvelam waago :-D:-D
მაგარი სახელი გაქვს გლეჯო :დდდდ
Iuventusis oficiakulma gveqda gancxadeba gamoaqveryna rnmelic barsas fanebs exebat
zalian gtxovt finalshi chven nu gvigulshematkivrebt radgan ar gvina bavariis, seltasa da malagar bedi gaviziaroto,
isini tvlian rom barselonas fanebma visac ubaleshikds yvelam waago :-D:-D
"პსჟ"-ს იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ვერატიმ თავის მომავალზე საბოლოო განცხადება გააკეთა.
არის ჭორები იმის თაობაზე, თითქოს ვერატი მომავალ სეზონში "ბარსელონაში" ითამაშებს, თუმცა ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა უარყო.
"კლუბის გადასაწყვეტია, დარჩები თუ არა ამ პსჟ-ში, თუმცა ვადასტურებ, რომ მე აქ ყოფნა მსურს და მომავალ სეზონშიც პარიზულ გუნდში ვითამაშებ.
ვფიქრობ, დიდი პროგრესი მაქვს და ამაში ხელი მწვრთნელმაც შემიწყო. მომავალ სეზონში პსჟ-სთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა მსურს", – აცხადებს ვერატი.
აუუუუუუ ამან ხო გაღუნა ტვინი რაა
ბრავო შოთას მაგარი სტატიაა და მაგარი ისტორია!!!
ა კაცი და ა მწვრთნელი, წელს ზოგიერთ თამაშებში როგორ არ გაანძრევდა ტრაკს მესი დავინახავდი, სულს ამოხდიდა სასტავს, სუარესმა ღიპი რო წამოიგდო, მატიე ხო გაიქცეოდა ბარსადან ვაფშე
ძალიან კარგი სტატიაა, კარგად დაწერილი. მადლობთ!