დღეს, 22 საათსა და 45 წუთზე, მიმდინარე სეზონის გადამწყვეტი დაპირისპირება გაიმართება – ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალი” “ბარსელონას” უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი არბიტრი ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი იქნება.
“რეალის” განაცხადი: ნავასი, კასილია, იანესი; კარვახალი, რამოსი, ნაჩო, მარსელო, დანილო; კროოსი, ხამესი, კაზემირო, კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ასენსიო, ისკო; რონალდუ, ბენზემა, ბეილი, ვასკესი, მორატა.
“ბარსელონას” განაცხადი: ტერ შტეგენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, სილესენი, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, უმტიტი, ალენია.
სატურნირო ცხრილის ლიდერი, “რეალი”, “ბარსელონას” 3 ქულით უსწრებს. ამასთანავე, მადრიდულ კლუბს თადარიგში ერთი შეხვედრა აქვს “სელტას” წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ თუ ზინედინ ზიდანის კოლექტივი დღევანდელ მატჩში გამარჯვებას მოიპოვებს, ესპანეთის ჩემპიონის საკითხი დაიხურება. ფრეს შემთხვევაში, სხვაობა არ შეიცვლება და გარკვეული დროის განმავლობაში საჩემპიონო რბოლა არ შეწყდება. “ბლაუგრანას” წარმატება კი სიტუაციას საგრძნობლად დაძაბავს.
“სანტიაგო ბერნაბეუს” ფაქტორი “რეალის” გამარჯვების შანსს ავტომატურად ზრდის. “სამეფო კლუბმა” უკანასკნელი 10 მატჩიდან 9 მოიგო. 18 აპრილს მადრიდელებმა საშინაო არენაზე მიუნხენის “ბაიერნი” 4:2 დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საგზური მოიპოვეს.
რაც შეეხება “რეალის” თავდასხმის ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს, ის შესანიშნავ ფორმაშია. პორტუგალიელმა მე-100 გოლი გაიტანა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე. ორი მატჩის ჯამში მან “გერმანული მანქანის” კარი 5-ჯერ აიღო, რაც ამ მოსაზრებას ადასტურებს.
“ბარსელონა” ბოლო დროს, შედარებით მოკრძალებული შედეგებით გამოირჩევა. ლუის ენრიკეს შეგირდები საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებიან, რასაც რასაც პარიზში (0:4), ტურინში (0:3), მალაგასა (0:2) ლა-კორუნაში (1:2) ჩატარებული შეხვედრები ამტკიცებენ.
ბუნებრივია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, “იუვენტუსთან” ორი მატჩის ჯამში განცდილი მარცხი (0:3), გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. კატალონიურმა კლუბმა მორიგი “ქამბექის” შესრულება ვერ მოახერხა, რამაც მიმდინარე სეზონის წარმატებით დასრულების შანსი საგრძნობლად შეამცირა.
მნიშვნელოვანია, რომ გადამწყვეტ მატჩს “რეალის” წინააღმდეგ, “ბარსელონა” ნეიმარის გარეშე ჩაატარებს. თავდასხმის ერთ-ერთი ლიდერის არყოფნა წესითა და რიგით კატალონიურ კლუბზე უარყოფითად უნდა აისახოს, მაგრამ ბოლოს, როცა “ლურჯ-ბროწეულისფრები” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდელებს MSN-ს წარმომადგენელის (ლიონელ მესი) გარეშე დაუპირისპირდნენ, შეხვედრა მასპინძელთა კრახით დასრულდა (0:4).
2016/17 წლების სეზონში გამართული ერთადერთი “ელ კლასიკო” ფრედ 1:1 დასრულდა. კატალონიური კლუბი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ “კამპ ნოუზე” 1 ქულის მოპოვებაში “რეალს” სერხიო რამოსი დაეხმარა.
მწვრთნელები მატჩის წინ

“საკუთარი სტილის ერთგულება და “რეალთან” მატჩში ეფექტურად მოქმედებაა საჭირო. “სანტიაგო ბერნაბეუ” გამარჯვებისთვის საუკეთესო ადგილია. ეს გადამწყვეტი შეხვედრაა, რომელმაც, შესაძლოა, ჩემპიონატი დაასრულოს ან შანსი დაგვიტოვოს. ეს ჩვენთვის ფინალია.” – ლუის ენრიკე.
“გამარჯვების შემთხვევაში ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა არ გადაწყდება. ეს მხოლოდ ერთი შეხვედრაა, რის შემდეგაც კიდევ ექვსის ჩატარება მოგვიწევს. “ბარსელონასთან” მატჩი ყოველთვის განსაკუთრებულია, ეს დერბის ჰგავს. არასდროს არ იცი, თუ რა მოხდება ასეთ დაპირისპირებაში.
ბეილი ჩვენთან იქნება, მან კარგად ივარჯიშა. ხვალ ნახავთ, მოხვდება თუ არა ძირითად შემადგენლობაში. ყველა დაღლილია, მაგრამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის მოტივაცია გვაქვს.
“ბარსელონა” ის გუნდი არ არის, რომელიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” ზეწოლას იგრძნობს. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნამ მათზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.” – ზინედინ ზიდანი.

სავარაუდო შემადგენლობები

შეხვედრის პრომო
[media=https://www.youtube.com/watch?v=n7SH752_Xs8]