ლიგის ფინალში ჯიუნეით ჩაქირი იმსაჯებს

ლიგის ფინალში ჯიუნეით ჩაქირი იმსაჯებს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა იმ მსაჯის ვინაობა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "იუვენტუსსა" და "ბარსელონას" შორის გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. ეს 38 წლის თურქი არბიტრი ჯიუნეით ჩაქირი იქნება.

ჩაქირი საერთაშორისო დონეზე 2006 წლიდან მსაჯობს. მან მონაწილეობა უეფა-ს ეგიდით ჩატარებულ 70 მატჩში მიიღო. მიმდინარე სეზონში, მან 4-ჯერ ევროპა ლიგაზე, ხოლო 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე იმსაჯა.

ჩაქირის თანაშემწეები მისი თანამემამულეები, ბაჰატინ დურანი და თარიქ ონგუნი იქნებიან. მე-4 მსაჯი შვედი იონას ერიკსონი იქნება, ხოლო დამატებითი არბიტრების ადგილებს თურქები, ჰუსეინ გიოჩექი და ბარიშ შიმშექი დაიკავებენ. სარეზერვო მსაჯი კი მუსთაფა ემრე ეისოი იქნება.

ჩაქირი "ბარსას" მატჩში მეოთხედ იმსაჯებს. კატალონიელებმა, წინა 3 შეხვედრიდან, ერთი მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. "იუვენტუსმა" კი, ჩაქირის მსაჯობით ჩატარებული 3 მატჩიდან 2 მოიგო და 1 წააგო.

ჩაქირს, ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს, მოედნიდან 3 ფეხბურთელი გაუძევებია და სამივე შემთხვევაში მან პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა. ერთხელ მოედანი მან ჯონ ტერის ("ბარსელონასთან"), ერთხელ სერხიო ბუსკეტსს ("ბენფიკასთან") და ერთხელაც ნანის ("რეალთან") დაატოვებინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.