2016/17 წლების სეზონისთვის მზადების დროს, სატრანსფერო ბაზარზე მხოლოდ “ბარსელონას” არ უაქტიურია. ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიური გუნდის მეტოქეებმა არაერთი ტრანსფერი განახორციელეს. განვიხილოთ “სელტიკში”, “გლადბახსა” და “სიტიში” მომხდარი ცვლილებები.
სელტიკი
გასულ სეზონში 40 გოლის გამტან გრიფითსსა და სწრაფ ფორესტს, შოტლანდიელებმა კიდევ ერთი შემტევი, სკოტ სნიკლერი დაამატეს, რომელიც გლაზგოურ გუნდში “ასტონ ვილადან” გადავიდა. მის გარდა, ბრენდან როჯერსის გუნდის შეტევა “ფულემის” ყოფილი თავდამსხმელით, მუსა დემბელეთიც გაძლიერდა. სტეფან სცეპოვიჩმა გუნდი დატოვა და ის “ხეტაფეში” გადავიდა. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ “სელტიკმა” მთავარი ცვლილებები შეტევაში განახორციელა.
თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ გამოცდილი მცველის, კოლო ტურეს დამატება.
“სელტიკს” ასევე შეუერთდნენ კრისტიან გამბოა (განაპირა მცველი), კრისტოფერ აიერი (ნახევარმცველი), დორუს დე ვრი (მეკარე) და 3 ფეხბურთელი ახალგაზრდული გუნდიდან. ამის მიუხედავად, გუნდის ბირთვი უცვლელია – გორდონი კარში, ო’კონელი და ლუსტიგი დაცვაში, კაპიტანი სკოტ ბრაუნი ნახევარდაცვაში და საუკეთეესო ბომბარდირი გრიფითსი შეტევაში.
გლადბახი
ანდრე შუბერტის გუნდს 5 ფეხბურთელი გამოაკლდა და ამდენივე დაემატა. გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი გრანიტ ჯაკას “არსენალში” გადასვლაა. მიონხენგლადბახელებმა ის კრამერით შეცვალეს, რომელიც “ლევერკუზენიდან” დაიმატეს. გუნდმა ნახევარდაცვაში ასევე დაიმატა ტობიას შტრობლი და 18 წლის ლასზლო ბენესი.
გლადბახელთა დაცვას “ვერდერიდან” დანე ვესტერგაარდი და პსჟ-ს რეზერვებიდან მამადუ დუკურე გააძლიერებენ. რაც შეეხება გუნდის შეტევას, ის უცვლელი რჩება.
მანჩესტერ სიტი
გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ პეპ გვარდიოლა. “ბარსელონას” ლეგენდარულმა მწვრთნელმა “ქალაქელები” გასულ ზაფხულში ჩაიბარა, რასაც გუნდში რევოლუციური ცვლილებები მოჰყვა. კატალონიელმა სპეციალისტმა გუნდიდან არაერთი ფეხბურთელი გაუშვა. მათ შორისაა აქამდე გუნდის პირველი მეკარე ჯო ჰარტი, რომელიც ინგლისელებმა იტალიურ “ტორინოში” გაანათხოვრეს. ედინ ჯეკო, რომელმაც გასული სეზონი “რომაში” არენდით გაატარა, ახლა, იტალიური კლუბის საკუთრება გახდა. მის გარდა, “სიტი” რულის (“სოსიედადი”), ლეჟონს (“ეიბარი”) და იოვეტიჩს (“ინტერი”) შეელია.
გუნდი არენდით დატოვეს მანგალამ (“ვალენსია”), პაბლო მარიმ (“ჟირონა”), ზინჩენკომ (პსვ), მარლოს მორენომ (“დეპორტივო”), ნასრიმ (“სევილია”) და სუკულინიმ (“რაიო”).
“სიტიმ” კლაუდიო ბრავო, ნოლიტო, ლეუა სანე, ილქაი გიუნდოგანი, ჯონ სთოუნზი და გაბრიელ ჟეზუსი დაიმატა. ეს უკანასკნელი გუნდს იანვარში შეუერთდება, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს. ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერც “ბარსას” ყოფილ ნახევარმცველს, იაია ტურეს ვიხილავთ. ის გვარდიოლამ განაცხადს მიღმა დატოვა.