ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონასთან” დაპირისპირება “მანჩესტერ სიტის” 12 წევრისთვის იქნება განსაკუთრებული. მათგან 3 ფეხბურთელია, 6 სამწვრთნელო შტაბის წევრი, ხოლო 3 კლუბის ხელმძღვანელობის წარმომადგენელი.
პეპ გვარდიოლა
ყველაზე მეტი რამ “ბარსელონასთან” პეპ გვარდიოლას აკავშირებს. ის კატალონიელთა ლეგენდარული კაპიტანი და მწვრთნელია. იოჰან კრუიფის ხელმძღვანელობით გაბრწყინებული გვარდიოლა ლეგენდარული ჰოლანდიელის იდეოლოგიის გამტარებელი გახდა, კლუბში მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შემდეგ კი, განსაკუთრებული ერა შექმნა.
ფერან სორიანო
ხუან ლაპორტას პრეზიდენტობის დროს, ის “ბარსას” ვიცე-პრეზიდენტი იყო. ამჟამად, სორიანო “სიტის” აღმასრულებელი დირექტორია და “ქალაქელებში” გვარდიოლას გადაბირებაში მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.
ჩიკი ბეგირისტაინი
გვარდიოლას ყოფილი თანაგუნდელი “ბარსელონაში”, რომელიც კატალონიელთა სპორტული დირექტორიც იყო. ის “სიტის” ამ კლუბში ფერან სორიანოს მისვლიდან რამდენმე თვეში შეუერთდა. “ბარსელონაში” მისი მუშაობის დროს, კატალონიელებმა ისეთი ვარსკვლავები შეიძინეს, როგორებიც რონალდინიო, დეკუ, დანი ალვესი და ტიერი ანრი არიან.
ესტიარტე, ტორენტი, პლანჩარტი, ბონავენტურა
გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბი, რომელიც პეპის “ბარსელონაში” მუშაობის დროს შეიქმნა და რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ჩამოაყალიბა.
როდოლფო ბორელი
“ლა მასია” ბევრმა იცის, მაგრამ ბორელი – ცოტამ. მას ისეთი ფეხბურთელების განვითარებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორებიც ლიონელ მესი და სესკ ფაბრეგასი არიან. ბორელი “სიტიში” 2012 წლიდან მუშაობს.
მიკელ არტეტა
“ბარსელონას” სკოლის აღზრდილს ესპანეთში, საფრანგეთში, შოტლანდიასა და ინგლისში უთამაშია. კარიერის დასრულების შემდეგ, მან მუშაობა გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბში დაიწყო.
იაია ტურე
კოტ დ’ივუარელი გვარდიოლას საყვარელ სათამაშო სტილში არ ჯდება. ის, 2007-2010 წლებში, “ბარსელონას” გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო, რის შემდეგაც “სიტიში” გადავიდა.
ნოლიტო
“ბარსელონას” აღზრდილი ფეხბურთელი, რომელმაც ყურადღება “ბარსა ბ”-ში კარგი თამაშით მიიქცია. კატალონიელთა პირველ გუნდში დებიუტი მას სწორედ პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის დროს ჰქონდა. “ბარსელონადან” ნოლიტო “ბენფიკაში” გადავიდა, შემდეგ კი, “სელტაში” გაიბრწყინა, რის შემდეგაც “სიტის” ყურადღება მიიპყრო.
კლაუდიო ბრავო
ჩილელმა მეკარემ “ბარსელონა” ხუთშაბათს დატოვა და იმ დღესვე ცნობილი გახდა, რომ მისი ახალი კლუბი ძველს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდება.