workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ევრებე “ჩელსი”-“ბარსელონას” თამაშზე: “ბევრი შეცდომა დავუშვი”

ევრებე “ჩელსი”-“ბარსელონას” თამაშზე: “ბევრი შეცდომა დავუშვი”

სკანდალურად ცნობილი ნორვეგიელი არბიტრი ტომ ჰენინგ ევრებე 2009 წლის 6 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამართულ განმეორებით შეხვედრას იხსენებს. იმ მატჩში, ერთმანეთს “ჩელსი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდნენ და ევრებემ ბევრი შეცდომა დაუშვა. ამ გადაწყვეტილებების უმეტესობა კატალონიური გუნდის სასარგებლოდ იქნა მიღებული.

“საქმე ნერვებს არ ეხებოდა. თამაშის წინ საერთოდ არ ვნერვიულობდი. უბრალოდ, რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მივიღე. არასწორ პოზიციას ვირჩევდი. ასეთი რამ ხდება ხოლმე.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა ცუდი მომხდარიყო, მოხდა. ის საღამო, უბრალოდ, საჩემო არ იყო.

შემეშინდა თუ არა, როდესაც ბალაკი და დროგბა მიყვიროდნენ? არა, შიში იმ მდგომარეობის გამომხატველი სიტყვა არაა. განსაკუთრებულზე არაფერზე ვფიქრობდი. ვცდილობდი, თამაშზე კონცენტრირება მომეხდინა.

საკამათო ეპიზოდები ყველა მსაჯის კარიერაშია. მთავარია, ამ დროს, თამაშზე ფოკუსირება შეძლო. ასე რომ, ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.

“ჩელსიში” ფიქრობდნენ, რომ მეტოქის კარში 6-7 თერთმეტმეტრიანი არ დავნიშნე. ამ ციფრებში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დავუშვი. ეს უდავოა.

თამაშის შემდეგ, ასისტენტებთან ვისაუბრე და შევეცადეთ ეპიზოდები გაგვერჩია. თუმცა, ასეთ სიტუაციაში მთავარია გახსოვდეს, რომ გამოცდილი მსაჯი ხარ და კარიერის განმავლობაში ბევრი თამაში გაქვს ჩატარებული. მათ შორის, ბევრი კარგი თამაში. წინსვლა უნდა განაგრძო. იმ თამაშის შემდეგ, მინდოდა, მოედანზე რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი და მორიგ მატჩში მემსაჯა.

რამდენი მოკლე ტექსტური შეტყობინება მივიღე იმ ღამით? ძალიან, ძალიან ბევრი. მწერდნენ კოლეგები, ნათესავები, ჟურნალისტები და ყველაზე მეტად გულშემატკივრები, რომლებიც გამწარებულები იყვნენ. ვერაფერს იზამ. ასეთ დროს, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო. ის ღამე ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში გავატარე, დილით კი სახლში გავფრინდი.

რა თქმა უნდა ვხვდები, რატომ ვრცელდება ხმები, რომ “ბარსელონასგან” ფული ავიღე. თუმცა, ასე არაა. არანაირი ფული არ ამიღია. ყოველთვის ვცდილობ, თამაში უშეცდომოდ ჩავატარო და ასე მინდოდა იმ საღამოსაც. “ბარსელონას” არაფერი გადაუხდია. უბრალოდ, საკმარისად კარგად ვერ ვიმსაჯე.” – ციტირებს ევრებეს სიტყვებს Tribuna.

შეგახსენებთ, რომ 7 წლის წინ, ევრებემ “ჩელსის” კარში ერთი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და ერიკ აბიდალი მოედნიდან უსამართლოდ გააძევა, ხოლო “ბარსელონას” კარის მიმართულებით მან რამდენიმე აშკარა პენალტი არ დადო. საბოლოოდ, თამაში 1:1 დასრულდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონა” გავიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward