“ბარსელონა” მადრიდისკენ გეზს დღეს აიღებს, მაგრამ კატალონიელები მადრიდის “რეალთან” თამაშს არ აპირებენ. გუნდი მათზე არანაკლებ ძლიერ, “ხეტაფეს” დაუპირისპირდება…
ამ კვირაში, ორივე გუნდს ევროტურნირებზე ასპარეზობა მოუწია. “ბარსა” დანიაში “ჩემპიონთა ლიგის” მორიგი ტურის ჩასატარებლად ჩავიდა, სადაც ადგილობრივ “კოპენჰაგენს” დაუპირისპირდა. დანიიდან კატალონიელებმა მხოლოდ ერთი ქულის წამოღება შეძლეს. თავის მხრივ, “ხეტაფემ” მატჩი “ევრო ლიგაზე” ჩაატარა, სადაც საკუთარ მოედანზე, გერმანული “შტუტგარტი” მიიღო და ანგარიშით, 0–3 დამარცხდა. შიდა ჩემპიონატში “ბარსა” მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო მადრიდელები მხოლოდ მეთერთმეტეზე.
“ხეტაფეს” მწვრთნელი, მიშელ გონსალესი გუნდს 4–3–3 ტაქტიკით ათამაშებს ხოლმე. გუნდი ძირითადად ნახევარდაცვაზეა დამოკიდებული, რომელსაც თანაბრად ევალებათ შეტევების წამოწყება და თავდაცვა. გუნდს წინ ერთადერთი ფორვარდი, ადრიან კოლუნგა უდგას, რომელსაც ფლანგებიდან პრატნიორობას არისმენდი და ალბინი უწევენ. პედრო ლეონის წასვლის შემდეგ, ალბინი გუნდის ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, მაგრამ “ბარსელონასთან” მისი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას არავინ ელის.
დანიელ პარეხოს თამაშს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ მიგელ ტორესსა და ხაიმე გავილანის ამ მატჩის გამოტოვებას მოუწევთ.
სავარაუდო თერთმეტეული: უსტარი, მარიო, მანე, დიასი, რაფა, ბოატენგი, დანი პარეხო, ბორხა, არისმენდი, ადრიან კოლუნგა, ალბინი.
როგორც მოგეხსენებათ, ჩავი ერნანდესს ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს. ასე, რომ შესაძლოა იგი სასტარტო 11–ეულში ვერ ვიხილოთ. ტრავმირებულია “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელი ხეფრენი, რომელმაც შესაძლოა კიდევ რამდენიმე კვირა მოედნის მიღმა გაატაროს. კარგი ამბავი კი ის გახლავთ, რომ არგენტინელმა ლეო მესიმ 13 მატჩში, 15 გოლის გატანა შეძლო.
სავარაუდო თერთმეტეული: ვალდესი, პუიოლი, პიკე, ალვეში, მაქსველი, ბუსკეტსი, კეიტა, ინიესტა, პედრო, ვილია, მესი.
მადრიდელები თავის მოედანზე ძალიან კარგად ასპარეზობენ და “ბარსას” მარტივი გასეირნება ნამდვილად არ ელის. ერთადერთი რისი თქმაც დარწმუნებით შეგვიძლია არის ის, რომ “ხეტაფე” ერთადერთი ფორვარდით ითამაშებს.
“სევილიასთან” მატჩში, პედრომ მარცხენა ფლანგზე ითამაშა, ხოლო ვილიამ მარჯვნივ, რომელმაც საოცარი შედეგი მოგვიტანა. პეპმა დღეს შესაძლოა მესის სრული თავისუფლება მიანიჭოს, რითიც იგი “ხეტაფეს” დაცვის გარღვევას უფრო თავისუფლად და ადვილად შეძლებს.
სავარაუდო შედეგი: “ხეტაფე” 0–2 “ბარსელონა”