“ბარსელონას” ვარსკვლავი ნეიმარი Samba Gold-ის ჯილდოს მფლობელი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელია.
Samba Gold-ის გამარჯვებული Sambafoot-ის საიტის მომხმარებლების, ჟურნალისტებისა და წარსულში ცნობილი ფეხბურთელების მიერ ხმის მიცემის შედეგად დგინდება. გამოკითხვაში, რომელიც 2008 წლიდან ტარდება, ნეიმარმა სარეკორდო რაოდენობის ხმები მოაგროვა. მან 29.20% აიღო, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. მე-2 ადგილზე “ატლეტიკოს” მცველი მირანდა გავიდა, რომელმაც ხმების 16.39% აიღო. ამ ჯილდოსთვის 13%-იანი სხვაობაც სარეკორდოა.
ამ აღიარებით ნეიმარმა ტიაგუ სილვას ჰეგემონია დაამხო. “პარი სენ ჟერმენის” მცველი ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელად წინა 3 წლის განმავლობაში სახელდებოდა.
ნეიმარი სამბა გოლდის მფლობელი “ბარსელონას” პირველი ფეხბურთელი გახდა. აქამდე, კატალონიური გუნდის ფეხბურთელი სამეულში მხოლოდ ერთხელ მოხვდა. 2011 წელს, ხმების 15.56%-ით, მე-2 ადგილზე დანი ალვესი გავიდა.