“ბარსელონამ” 2014/2015 სეზონი უკვე დაიწყო, კლუბის ახალმა მწვრთნელმა – ლუის ენრიკემ უკვე ორი სავარჯიშო სესია ჩაატარა. სიუდად დეპორტივაზე კლუბის ახალი სამწვრთნელო შტაბი მუშაობას შეუდგა, ლუის ენრიკეს გარდა გუნდში კიდევ ექვსი ადამიანია:
ხუან კარლოს უნსუე: მეორე მწვრთნელი. ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ერთ დროს კლუბის მეკარე იყო და გუნდი 36 მატჩში დაიცვა. სპეციალისტი სამწვრთნელო კარიერის მესამე ეტაპს იწყებს. 2003-2010 წლებში იგი პირველი გუნდის მეკარეების მწვრთნელი იყო. 2010/2011 სეზონში “ნუმანსიას” წვრთნიდა, ხოლო 2011/2012 სეზონში კვლავ მეკარეების მწვრთნელის ამპლუას დაუბრუნდა. უკანასკნელ სეზონში იგი ლუის ენრიკესთან ერთად “სელტაში” მეორე მწვრთნელად მუშაობდა.
რობერტო მორენო: მეორე მწვრთნელი. მორენო ლუის ენრიკესთან ერთად უკვე მიყოლებით მეოთხე გუნდში იმყოფება. ის იყო სამწვრთნელო შტაბის წევრი ჯერ კიდევ “ბარსა ბ”-ში მუშაობისაა, შემდგომ კი, “რომასა” და “სელტაში”.
ჟოან ბარბარა: დამხმარე მწვრთნელი. “ბარსა ბ”-ს მეორე მწვრთნელმა “მინიესტადი” გაცვალა “კამპ ნოუში”. ბარბარა “საბადელისა” და “სალამანკას” ყოფილი ფეხბურთელია, იგი უკვე მუშაობდა მეორე მწვრთნელად ლუის ენრიკესთან ერთად “ბარსა ბ”-ში 2008-2011 წლებში.
რაფაელ პოლი: ფიზმომზადების მწვრთნელი. პოლი უკვე მუშაობდა ლუის ენრიკესთან ერთად, როდესაც ენრიკე “რომასა” და “სელტას” წვრთნიდა. “ბარსას” პირველ გუნდში მუშაობა მისთვის სამწვრთნელო კარიერის მესამე ეტაპი იქნება.
ხოაკინ ვალდესი: ფსიქოლოგი. ისევე, როგორც რომერო, ვალდესი ლუის ენრიკესთან ერთად ზედიზედ მეოთხე გუნდში იმუშავებს. “რომაში” და “სელტაში” მუშაობის გარდა, ვალდესი “ბარსა ბ”-ს ფსიქოლოგიც გახლდათ.
ხოსე რამონ დე ლა ფუენტე: მეკარეების მწვრთნელი. “ბარსა ბ”-ს ყოფილი ფეხბურთელი, 8 გუნდში მუშაობის შემდეგ, იგი კლუბში მესამე სეზონს ატარებს. მას შემდეგ, რაც იგი ტიტო ვილანოვასთან და ხერარდო მარტინოსთან მუშაობდა, ამჯერად ლუის ენრიკეს გუნდში მეკარეების მწვრთნელი იქნება.